"მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი"
"მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი"
ფსალმუნი 62-ე
გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

დავით წინასწარმეტყველმა ეს ფსალმუნი დაწერა იმ დროს, როდესაც საულისგან იდევნებოდა და უდაბნოს აფარებდა თავს. დავითის ყველა ფსალმუნი ლოცვაა, მაგრამ ამ ფსალმუნში განსაკუთრებით არის გამოხატული ადამიანის ლოცვითი მდგომარეობა.

1. "ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ; სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა; რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?" - ღმერთო, შენდამია ჩემი არსობა, ჩემი გონება და სასოება მომართული. როგორც ადამიანს უწყლობის დროს სწყურია და წყლის გარდა აღარაფერზე ფიქრობს, ასევე სწყურია ჩემს გონებას შენდამი ფიქრი, ჩემი გონება სულ შენით არის დაკავებული. ყველა საქმეში, თითოეულ ქმედებაში ჩვენი გონება ღვთისადმი უნდა იყოს მიმართული, ჩვენი ყველა ქმედება ღვთის წინაშე უნდა "გავატაროთ" - გამოვიძიოთ, იქნება თუ არა ეს სათნო ღვთისათვის, ჩვენი ქმედებით ღვთის სადიდებელს ვაკეთებთ თუ ჩვენი სულის წარსაწყმედელს. შემდეგ დავით წინასწარმეტყველი ამბობს: როდემდე იქნება ჩემი ხორცი, ჩემი სხეული უდაბნოში, ამ ურწყულ ადგილებშიო. თუ დავითი ხორციელად იმყოფებოდა ასეთ უდაბურ და ურწყულ ადგილებში, ჩვენი სული ძალიან ხშირად ვარდება ასეთ მდგომარეობაში. ეს მაშინ ხდება, როდესაც უფალს დავშორდებით, ღვთის წყალობას დავშორდებით. უფალი კი არ გვაკლებს წყალობას, ჩვენ არ ვართ მიმღებელნი ღვთის წყალობისა. თუ ადამიანი უდაბნოში გავა, წყაროიანი ადგილების ბრალი კი არ არის, რომ მას უდაბნოში წყალი არ აქვს, არამედ თავად იმ ადამიანისა, რომელიც განშორდა ამ ადგილებს, ამ წყალობას. როდესაც ადამიანი შორდება უფალს და უდაბნო ხდება მისი გული, უფალი კი არ აკლებს წყალობას მას, არამედ თვითონ განეშორება ამ წყალობას.

2. "ესრეთ წმინდასა შენსა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალა და დიდებაი შენი" - ვიცით, რომ სოლომონის ტაძრის აშენდებამდე არსებობდა მოძრავი კარავი, სადაც იყო წმინდა და წმინდათა წმინდა. სწორედ იქ წარვდგე შენ წინაშე, უფალოო, - მიმართავს დავითი უფალს, ანუ იქ, სადაც შემოქმედს ყველაზე მეტად განადიდებდნენ და ყოველთვის მსხვერპლს შესწირავდნენ. ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ შემდეგიც - შენ წინაშე წარვდგე, უფალო, შენს სიწმინდეში, სადაც სამარადისოდ გადიდებენ, ანუ სასუფეველში წარვდგე და გეჩვენო, რათა ვიხილო "ძალა და დიდებაი შენი". ღვთის ძალი და დიდება კი ყველაზე მეტად სწორედ სასუფეველში, ზეცაში გამოჩნდება. ამით დავითი თავისი მომავალი ცხონების შესახებ წინასწარმეტყველებს.

3. "რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხოვრებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებენ შენ" - შენი წყალობა ყველაზე აღმატებულია, უფალო, უმჯობესია, უდაბნოში ვიყო და არავითარი მიწიერი სახსარი არ მქონდეს, ოღონდ შენს წყალობაში ვიყო, ვიდრე ყველაფერი მქონდეს მიწიერი და შენი წყალობა არ გამაჩნდეს. თუ შენი წყალობა მექნება, თუგინდ მიწიერი არაფერი მქონდეს, ჩემი ბაგენი მაინც შენ გადიდებენ, უფალოო.

4. "ესრეთ გაკურთხევდე შენ ცხოვრებასა ჩემსა და სახელითა შენითა აღმიპყრნე ხელნი ჩემნი" - მთელი ცხოვრება ასე გაკურთხო, ასე ვილოცო შენდამი, ასე გადიდო შენ, უფალო, და შენი სახელით "აღვიპყრა ხელი ჩემი". როდესაც ხელს აღვაპყრობ, ვლოცულობ, შენი სახელით გავაკეთებ ამასო. თუ ჩვენ ღვთის გამო და ღვთის სახელით არ ვაკეთებთ კეთილ საქმეებს, მიწიერი იქნება ეს თუ სულიერი, არარაობაა.

5. "ვითარცა ცრემლითა და საპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" - უფალო, შენით განძღეს ჩემი სული და ჩემი ბაგეები მუდმივ გალობას აღგივლენენ შენ, - თუ უფალი დაიმკვიდრებს ჩემს სულში, უფალი აღავსებს ჩემს სულს, აღარაფერი მენდომება მიწიერი და ჩემი ბაგენი განუწყვეტელ გალობას აღუვლენენ ღმერთს.

6. "უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ" - ჩემს სარეცელზე - ღამით, ძილშიც კი მოგიხსენო და ცისკარზეც, დილით ადრეც გევედრებოდე, - არასდროს, არც დილით, არც ღამით, არ დამავიწყდები შენ, უფალო, და ყოველთვის მოგიხსენებო. სწორედ ამისკენ უნდა იყოს ჩვენი გონება მიმართული, რომ ძილშიც კი არ დავივიწყოთ უფალი, ჩვენი გონება იმდენად უნდა იყოს უფლისადმი მიმართული, რომ სიზმარშიც კი არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სათნო არ არის ღვთისთვის.

7. "რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე" - შენ ხარ ჩემი შემწე, შენს საფარველქვეშ ვარ - შენი საფარველის ფრთებით ვარ დაფარული და შენთან ვიხარებ მარადის. თუ ჩვენი სული უფალთან დაიმკვიდრებს, სამარადისოდ ვიხარებთ. როდესაც წმინდა მამები თავიანთ გულში უფალს შემოუშვებდნენ და თავიანთ გულს განწმენდდენ ყოველგვარი მიწიერი ზრახვებისგან, სასუფევლის სიხარულს აქვე, დედამიწაზევე განიცდიდნენ.

8. "მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი" - უფალო, შენ მოგყვება ჩემი სული და "შემეწია მარჯუენე შენი", - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს. თუ ჩვენი სული უფალს მიჰყვება, მაშინ ღვთის მარჯვენა შეგვეწევა, ყველგან დაგვიცავს უფალი.

9. "ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი, შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა" - ვინ იძია ცუდად ჩვენი სული? - დაცემულმა ანგელოზებმა, მაგრამ თუ ჩვენ ღვთის მადიდებლები ვიქნებით, როგორც არ უნდა იძიონ დაცემულმა სულებმა ჩვენი სული, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი სულის დარუპვას, ისინი ამას ვერ შეძლებენ, არამედ თავადვე იქნებიან დანთქმულნი ქვესკნელსა ქვეყანისათა, არა ხილულ ქვესკნელში, არამედ უხილავ ქვესკნელში - ჯოჯოხეთში.

10. "მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყვნენ იგინი" - მახვილით, ღვთის სიტყვით დაეცნენ და განადგურდნენ დაცემული ანგელოზები - მათ ადამიანებზე ხელმწიფება წაერთვათ და "ნაწილად მელთა იყვნენ იგინი". მხატვრულ მეტყველებაში მელა ტყუილის, სიცრუის სიმბოლოა, ე.ი. სიცრუის ნაწილად იქცნენ ისინი, მხოლოდ ტყუილით აღადგენენ თავიანთ ენას და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით ცდილობენ ადამიანების დაღუპვას და განადგურებასო.

11. "ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა" - მეუფეში წმინდა მამები გულისხმობენ ქრისტეს. ვიცით, რომ ქრისტე მეუფეა ქვეყნისა, ზეცისა და ქვესკნელისა, ანუ ხილულისა და უხილავისა; უფალს არ აქვს მწუხარება, სიხარული, ნეტარება, ანუ ის მიწიერად გამოხატული განცდები, რომლებსაც ჩვენ გამოვხატავთ ხოლმე. ხშირად უფლის მისამართითაც ვამბობთ ამ სიტყვებს. ეს არის მხოლოდ ადამიანური გონების წარმოდგენით და არა რეალობა, რადგან უფალი არ განიცდის ცვალებადობას, მაგრამ აქ საუბარია იმ სიხარულზე, რომ ადამიანები იქნებიან ღვთის მადიდებელნი, ის ადამიანები, რომელთა ფუცონ მას, ანუ ვინც ქრისტეს აღიარებს, ვინც მის სახელს დაიფიცებს. ჩვენ ვიცით, რომ ნათლისღება ერთგვარი ფიცის დადებაა უფლის წინაშე, ნათლისღების დროს ფიცსაც ვდებთ, რომ შევუდგებით ქრისტეს და ვიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას. სწორედ ქრისტიანი ადამიანები განადიდებენ სამარადისოდ უფალს და ამით დაიყოფა "სიცრუის მეტყველი პირი" - დაცემული ანგელოზების პირი დამუნჯდება, სიტყვის მიგებაც კი აღარ შეეძლებათ უფალთან იმის გამო, რომ მათ, რომლებიც ადამიანებზე უწინარეს იყვნენ შექმნილნი ღვთის სადიდებლად, უარყევს თავიანთი ადგილი და განეშორნენ უფალს, ხოლო ადამიანები, რომლებიც შემდგომად შეიქმნენ, უფალთან მათი ადგილი დაიმკვიდრეს და მათ მაგივრად განადიდებენ უფალს.

ბეჭდვა
1კ1