შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ლოცვასა ჩემსა
შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ლოცვასა ჩემსა
ფსალმუნი მე-60
ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1 "შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ლოცვასა ჩემსა" - დავითი და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანიც, როდესაც ამ ფსალმუნს წარმოვთქვამთ, ვევედრებით უფალს: ღმერთო , ჩვენი ლოცვა შეისმინე, ჩვენი ვედრება ყურად იღე, ჩვენს ლოცვას მოხედე, - რაც სათხოვარი გვაქვს შენდამი, აგვისრულეო.

2. "კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვყავ მოწყინებისა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე" - ამ მუხლში გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში დაწყებული სათხოვარი, - ქვეყნის დასასრულიდანაც გევედრები, ადგილიც კი არ იქნება დედამიწაზე და სამყაროში, სადაც არ აღვავლენ შენს ლოცვას, სადაც ადამიანები არ აღავლენენ შენს ლოცვას, უფალო. ხოლო როდესაც ჩემი გული მოწყენილია, კიდევ უფრო მეტად აღვავლენ შენდამი ლოცვას, იმისათვის, რომ საღვთო სიყვარულმა დაისადგუროს ჩემს გულში. "კლდესა ზედა აღმამაღლე..." - როგორც პეტრე მოციქულს ეუბნება მაცხოვარი - პეტრე, შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი, ანუ ქრისტეს სარწმუნოება, ქრისტეს რწმენა არის ის კლდე, რაზეც უნდა იყოს აშენებული ადამიანის სულიერი მდგომარეობა. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ევედრება უფალს, კლდესა ზედა აღმამაღლეო, - ჩემი სარწმუნოება ქრისტეს რწმენაზე დაამყარე და მიძღოდე მე, უფალოო.

3. "და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირისა მტრისასა" - ჩემი შესავედრებელი, ჩემი სასოება, ჩემი იმედი იყავ, როგორც გოდოლია მტრისთვის წინააღმდეგობა, გოდოლში მყოფ მეციხოვნეებს მტერი ადვილად ვერ დაამარცხებს, ასეთივე სულიერი სიმტკიცე მომეცი, რომ ჩემმა მტრებმა ადვილად ვერ დადამარცხონო, - შესთხოვს დავითი უფალს. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სულიერი მტერი - დაცემული ანგელოზი.

4. "დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავიფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა" - შენს სამკვიდრებელში დავიმკვიდრო უკუნისამდე, უფალო, - არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ საუკუნეთა აღსასრულამდე, სამარადჟამოდ შენს სამკვიდრებელში, შენთან დავიმკვიდრო და შენი მფარველობით ვიქნე დაცულიო.

5. "რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა" - ვიცი, რომ შენ, ჩემი ღმერთი, ისმენ ჩვენს ლოცვას და შენს მოშიშებს სამარადისო სამკვიდრებელს მიანიჭებ, უფალო. ვიცით, რომ ჩვენი სამშობლო არის ზეცა და არა მიწა. მიწაზე ყველა ადამიანი დროებით ვართ, იმისათვის, რომ მარადიული და ჩვენი ნამდვილი სამშობლო დავიმკვიდროთ. სწორედ ამას ამბობს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებს, შენი სახელის მოშიშებს, ანუ შენი მცნებების აღმსრულებლებს სამარადისო სამკვიდრებელს მიანიჭებო.

6. "დღითი-დღე შესძინნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღემდე ნათესავითი ნათესავად" - აქ დავით წინასწარმეტყველი, როგორ ღვთისგან დადგენილი მეფე, თავის თავზეც ამბობს, მაგრამ უპირველესად მისი თესლიდან გამოსულზე - ქრისტეზე ბრძანებს, რომ სამარადისო დიდება შესძინე მას და ნათისავიდან ნათესავში, ანუ თაობიდან თაობაში მისი დიდება და მეუფება სამარადისოდ იყოსო.

7. "დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი ვინ გამოიძიოს იგი?" - ღვთის წყალობა და ჭეშმარიტება სამარადისოდ, უკუნითი უკუნისამდე იქნება სამყაროში და ვინც გამოიძიებს ღვთის ჭეშმარიტებას, ის დაიმკვიდრებს უფალთან.

8. "ესრეთ ვუგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე" - ასე სამარადისოდ, ამ სიტყვებით, ამ გრძნობით და ამ გონებით სამარადისოდ განგადიდო შენ, უფალო, უკუნითი უკუნისამდე და არა მარტო დროის დასრულებამდე, არამედ სამარადისოდ ეს ლოცვები აღვავლინო შენს წინაშე, როდესაც სამარადისოდ დავიმკვიდრებ შენთან, უფალოო.

P.S. ფსალმუნი დავით წინასწარმეტყველის უფლისადმი შესხმული ქებაა და უფლის მიმართ წარმოთქმული ვედრება დავითისა. ფაქტობრივად, ფსალმუნი ერთი ამოსუნთქვითაა ნათქვამი.
ბეჭდვა
1კ1