გულისხმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი
გულისხმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი
ფსალმუნი 49-ე
ორმოცდამეცხრე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
(გაგრძელება)
18. "იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი" - ეს სიტყვებიც კვლავ იუდეველთა სჯულის მოძღვრების მიმართაა წარმოთქმული უფლის მიერ: მპარავებთან და მეძავებთან გექნებათ ნაწილი იმის გამო, რომ ღვთის სიტყვას იპარავთ - ისე არ ასწავლით ადამიანებს, როგორც მე გადმოგეცითო. მართლაც, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, აბსოლუტურად გამიწიერებული იყო საღვთო სწავლება და თავად მესია, რომელიც ადამიანთა სულების სახსნელად უნდა მოსულიყო, უკვე იუდეველ სწავლულებს ადამიანებისთვის წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც მიწიერი მხსნელი ისრაელის სახელმწიფოსი. ამიტომაც წარმოთქვამს უფალი მათ მიმართ, მეძავებთან და მპარავებთან გექნებათ ნაწილი იმის გამო, რომ ღვთის სიტყვა მოიპარეთ, ის ჭეშმარიტება გამოაკელით, რაზეც იყო აგებული საღვთო სწავლებაო.

19. "პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა" - ისევ და ისევ ისრაელიანთა სჯულისმეცნიერთ მიმართავს უფალი დავითის პირით: თქვენმა პირმა უკეთურება განამრავლა და თქვენი ენა ზაკვას თხზავდა. სწორედ უკეთურებაა, როდესაც საღვთო სწავლებას რაღაცას შევმატებთ ან მოვაკლებთ, თუნდაც მცირედს, რადგან ამით საღვთო სწავლებას არსს ვუცვლით.

20. "შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცდური" - თქვენი განსჯა ასეთია: როდესაც თქვენ თავად თქვენს ძმებს, დედათქვენისა და მამათქვენის შვილებს განსჯით, ბოროტს უზრახავთ. ბოროტს როგორ უზრახავდნენ? - ერთი მხრივ, იმით, რომ თავიანთი განდიდება უნდოდათ ფარისეველთ, სჯულისმეცნიერთ, გინდ სადუკეველთ - იმდროინდელ იუდეურ სასულიერო ელიტას, მაგრამ ასევე ისინი თავიანთ ძმებს ბოროტს იმით უზრახავდნენ, რომ ჭეშმარიტებას არ ასწავლიდნენ, ჭეშმარიტება დაფარეს. როგორც სახარებაში ბრძანებს მათ მიმართ უფალი: ჭეშმარიტება დაფარეთ ადამიანთა თვალთაგან, თქვენ არა შეხვალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლასო.

21. "ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმნე; ჰგონე უშჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა" - ამ ყველაფერს იქმოდით და "მე დავიდუმნე" - არაფერი მოვიმოქმედე, არ განგსაჯეთ, მაგრამ თქვენ გგონიათ, მეც თქვენსავით უსჯულო ვარ და მეც უსჯულოებას ვასწავლი, თქვენს სწავლებებზე დავტოვებ კაცობრიობასო? - მიმართავს იუდეველთა სჯულისმოძღვართ უფალი ისევ და ისევ დავითის პირით. არა, გამხილებთ და თქვენს წინაშე და ყველა ადამიანის წინაშე წარმოვადგენ იმ ჭეშმარიტებას, რომ თქვენ სიცრუეს ასწავლიდით მათო. მართლაც, როდესაც უფალი მოვიდა, ამხილა იუდეველთა ფარისევლები და სჯულის მეცნიერნი იმის გამო, რომ არ ასწავლიდნენ ადამიანებს საღვთო მცნებას ისე, როგორც სიმართლე, ჭეშმარიტება იყო. უფალმა ახალი სჯული მისცა კაცობრიობას - ჭეშმარიტად როგორ უნდა ერწმუნათ.

22. "გულისხმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა" - მაგრამ ვიცით, რომ უფალი მარტო კი არ ამხილებს ადამიანებს, არამედ აძლევს სწავლებასაც, თუ როგორ უნდა გადარჩნენ თავად ისინი, რომლებიც არასწორად ასწავლიდნენ სჯულს. ამიტომაც მიმართავს დავითის პირით იუდეველთა სჯულის მეცნიერთ: მოისმინეთ, "გულისხმა-ყავთ" - გაიგეთ, რას გეუბნებით თქვენ, რომელთაც დაგივიწყებიათ ღმერთი" - ე.ი. ღმერთი დაგივიწყებიათ თქვენ და გაიგეთ, მიხვდით, რასაც გეუბნებით. ეს იმ დრომდე ქმენით, ვიდრე სიკვდილი წარგიტაცებთ - ვიდრე ამ ქვეყნიდან გახვალთ, რადგან ამის შემდეგ თქვენი მხსნელი აღარავინ იქნებაო. თუ ადამიანი უშჯულოებაში მოკვდა, მისი მხსნელი ვეღარავინ იქნება.

23. "მსხვერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი" - "ქების მსხვერპლი" - ღვთისადმი აღვლენილი მარადიული ლოცვა-ვედრება, მარად უფალთან გონებით ყოფნა, ჭეშმარიტი მსხვერპლია, ასევე ეს არის გზა, რომლითაც ადამიანი იხილავს ღვთის მარადიულობას დაFღვთის მაცხოვარებას, ანუ ცოცხალ, მარადიულ ღმერთს.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის მოსვლის, განკაცებისა და მეორედ მოსვლის შესახებ. ასევე გადმოცემულია სწავლება, თუ რისთვის იყო დადგენილი ძველი აღთქმის სწავლება. არა იმისთვის, რომ ეს თავად უფალს სჭირდებოდა, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამიანებს სჭირდებოდათ. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ამაღლდა რა ადამიანის გონება საღვთო სწავლებაში - ნაბიჯი გადადგა ადამიანის გონებამ ზეაღმატებულისაკენ, უკვე უფალი გვასწავლის, ჭეშმარიტად როგორი მსხვერპლი უნდა შევწიროთ მას - ქების მსხვერპლი. ესეც უფალს კი არ სჭირდება, არამედ ისევ და ისევ ჩვენთვის, ჩვენი სულისთვისაა საჭირო.
ბეჭდვა
1კ1