მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა
მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა
ფსალმუნი 44-ე
(გაგრძელება)
ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

12. "და თაყუანი-სცე მას და ასულმანცა ტვიროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი" - უფალს თაყვანი სცა სხვადასხვა ერმა, ტვიროსის ასულმაც კი თაყვანი სცა. ვიცით, რომ ტვიროსელები და სიდონელები, ფინიკიელები კერპთმსახურების მწვერვალზე იყვნენ. მათ შორის ხდებოდა საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა. მათაც კი შეუძლიათ თაყვანი სცენ უფალსო. ე.ი. ღვთის წინაშე წარსული არასოდეს არის დამაბრკოლებელი იმისათვის, რომ ადამიანი და ერები გახდნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები და მიმდევრები; თუკი "ტვიროსის ასული" მოექცევა, მობრუნდება ღვთისკენ, მაშინ კაცობრიობაში არ დარჩება არც ერთი ერი, რომელიც ღვთის სიტყვას არ მოისმენდა და რომელშიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები არ იქნებიანო - წინასწარმეტყველურად ბრძანებდა დავითი. მართლაც, ვიცით, რომ ღვთის სიტყვა, მოციქულებიდან დაწყებული, ქადაგებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. არიან ერები, რომელთა უმეტესობა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელია, ზოგიერთ ერში მცირედნი არიან ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარნი, მაგრამ მთელ მსოფლიოში ვერ ნახავ ვერც ერთ ერს და ქვეყანას, სადაც მართლმადიდებლობა არ იყოს შესული, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებიც არ ჰყავდეთ.

13. "ყოველი დიდებაი - ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად" - "მეუფის ასულში" ისევ და ისევ ეკლესია იგულისხმება. ეკლესიის ყოველი დიდება შემკული და შემოსილია სხვადასხვა სულიერი დიდებითო.

14. "მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მოგერთუნენ შენ" - რა უნდა მივართვათ უფალს? - "ქალწულნი" - ღვთის სადიდებელი უბიწო საქმეები და ასევე მოყვასნი მისნი - ჩვენი კეთილი საქმეები და ჩვენი ღვთისსათნო ცხოვრება.

15. "მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა" - სიხარულის გალობას როდესაც შევწირავთ უფალს, შეყვანებული ვიქნებით "ტაძარსა მეუფისასა" - ზეციურ იერუსალიმში, მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში.

16. "მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა" - მამების წილ შენი შვილები დაამკვიდრეო. ეს სიტყვები ისევ და ისევ ეკლესიისადმია. ვიცით, რომ ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნებამდე ერები ძირითადად იყვნენ წარმართები, რომელთაგანაც წარმოიშვნენ ხორციელად ეკლესიის წევრები. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავითი, როდესაც წარმოთქვამს - "მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი" - წარმართების ნაცვლად უკვე შენი შვილები დამკვიდრდნენო. რა თქმა უნდა, ეკლესიის შვილები აღმატებულნი შეიქნენ თავიანთ წარმართ წინაპრებზე, ანუ იმ წარმართებზე, საიდანაც მოდის მართლმადიდებელი ეკლესია ფიზიკურად - ე.ი. წარმართ წინაპრებზე უკეთესი და ზეაღმატებულნი ეკლესიის შვილები შეიქნენ, რომლებმაც ღვთის სწავლება, ქრისტიანული სარწმუნოება მიიღესო. "და დაადგინე იგი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა" - აქ არის მინიშნება მოციქულებსა და ეკლესიის მამებზე, რომლებიც დაადგინა უფალმა "მთავრად ქვეყანასა ზედა" - ქვეყნის მმართველების მმართველებიც კი გახდნენ. როდესაც ქრისტიანული სახელმწიფოები წარმოიშვა, სხვადასხვა ქვეყანამ მიიღო ქრისტიანობა და ხელისუფლებაც ქრისტიანობის მიმდევარი იყო, მღვდელმთავრებისა და ეკლესიის მამების რჩევებს თავად უზენაესი ხელისუფლებაც ითვალისწინებდა, მათ სიხარულით ემორჩილებოდნენ.

17. "მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთვის ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე" - უფალო, შენი სახელი ყოველთვის იქნება მოხსენებულიო, - მიმართავს დავითი უფალს. როგორც ვთქვით, განკაცდა რა მაცხოვარი, არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი ერი, მცირე ნაწილიც კი კაცობრობისა, სადაც ღვთის სიტყვა არ განცხადებულიყო. მიიღებს თუ არა ღვთის სიტყვას, ეს თავად ადამიანის თავისუფალი ნებაა, მაგრამ ღვთის სიტყვა ყველგან იქნა დათესილი. ერებმა ამის გამო აღგიარეს შენო, - წარმოთქვამს დავითი უფლის მიმართ. უფალმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანამდე მისულიყო ღვთის სიტყვა. საუკუნეთა დასასრულამდე და საუკუნეთა აღსასრულის შემდეგაც კი განგადიდებს შენ ამისთვის კაცობრიობა, უფალოო.

P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში არის ნავარაუდევი მაცხოვრის განკაცებისა და ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შესახებ, ასევე უფლის მიერ კაცობრიობის სასუფეველში მიყვანების შესახებ.
ბეჭდვა
1კ1