ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან
ფსალმუნი XXXVII
ოცდამეჩვიდმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

14. "და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი" - ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: ყრუ-მუნჯივით გავხდი ბოროტისგან მოწოდებული აზრების მიმართ. უფალს ძალუძს ადამიანის ზრახვები, ყველა გულისნადები იხილოს, მაგრამ დაცემულ ანგელოზებს ეს არ შეუძლიათ. როდესაც ისინი რაიმე უკეთურ აზრს გვაწვდიან, ჩვენი მოქმედებით ხვდებიან, მივიღეთ თუ არა იგი. როგორც ჩვენ ვერ ვიგებთ, რატომ არ გვცემს პასუხს ყრუ, რადგან მისი სიყრუის შესახებ არაფერი ვიცოდით, ასევე ვერ ხვდებიან დაცემული ანგელოზები, ისმინა თუ არა კაცმა მათი, თუ ადამიანი არ უსმენს, ყურადღებას არ აქცევს ბოროტისგან მოწოდებულ აზრებს.

15. "არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ჩემო" - ბოროტის წინაშე ყრუ-მუნჯს ვგავარ, მაგრამ შენ წინაშე, უფალო, მეტყველი ვარ, მარადის გადიდებ - შენ გესავ, შენი იმედი მაქვს და შენ გევედრებიო.

16. "რამეთუ ვთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძვრასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს" - ვამბობ და მსურს, მტერმა - ბოროტმა სულმა ვერასოდეს გაიხაროს ჩემზე, არასდროს გაუხარდეს ჩემი დაცემა. დაცემული ანგელოზები ხომ სწორედ ადამიანთა დაცემის, ცოდვაში ჩავარდნის გამო ხარობენ. მცირე ცოდვაში ჩავარდნასაც კი "მდიდრად იტყოდენ" - დიდად წარმოაჩენენ.

17. "რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის" - ჩემი სალმობა, ჩემი ტკივილი, ჩემი წყლულები - ცოდვები ყოველთვის ჩემთან არის და სასჯელისთვის მზად ვარ, რადგან ვიცი, ჩემი ქმედებების, საქციელის გამო არ ვარ ღირსი სასუფევლისა.

18. "რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის" - ჩემი უსჯულოება მე ვთქვი, ჩემი ცოდვებისთვის "ვიზრუნე" - ცოდვები ჩავიდინე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეშმაკს მივეყიდე, არამედ ჩემი უძლურების გამო.

19. "აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ" - ფსალმუნის ამ მუხლში კვლავ ძველი აღთქმის პერიოდი, ძველაღთქმისეული კაცობრიობის მდგომარეობა იგულისხმება - ჩვენი მტერი ჩვენზე ძლიერია. განძლიერებულნი და გამრავლებულნი არიან ისინი, ვინც ჩვენ, კაცობრიობა მოგვიძულაო, - ბრძანებს დავითი. მაცხოვრის მოსვლის შემდგომ ბოროტი დაუძლურებული და დასუსტებულია. მას აღარ შესწევს ძალა, ყველაფერი მოიცვას. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაცემულ სულს ადამიანზე მოქმედება, თუ თვითონ ადამიანი დაჰყვება თავისი ნებით მის ნებას, თუ თვითონ გადაწყვეტს ბოროტების ქმნას. ცხადია, არც ძველი აღთქმის პერიოდში შეეძლო ბოროტს ადამიანის ნების გარეშე მოქმედება, მაგრამ ახალ აღთქმაში გაცილებით ნაკლები ხელმწიფება აქვს კაცობრიობაზე.

20. "და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა და განაგდეს საყუარელი იგი ვითარცა მკუდარი მოძაგებული" - "რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ" - ეს სიტყვები შეიძლება თავად მაცხოვრის სიტყვებად მივიჩნიოთ. უფალი ყველას კეთილს უქმს. ისრაელის ერს დასაბამიდან სიკეთეს უყოფდა, აუარებელი სასწაული ქმნა მათ აღსაზრდელად, გამოსახსნელად და გადასარჩენად, მაგრამ ამ ერმა ბოროტი მიაგო სიკეთისა წილ. ფსალმუნის ბოლო სიტყვებს კი დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ყველაზე საყვარელი - უფალი მოძულებული მკვდარივით გადააგდესო.

21. "ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან" - მაგრამ მე ნუ დამაგდებ - ნუ განმეშორები და ნუ მიმატოვებ ჩემი ერის გამო, იმის გამო, რასაც ახლა სჩადიან და რაც მაცხოვრის მოსვლის დროს უნდა ქმნანო, - შეღაღადებს დავით წინასწარმეტყველი უფალს.

22. "მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო" - შემეწიე, ჩემი ცხოვრების ღმერთო; ჩემი სიცოცხლე და ყველაფერი, რაც მაბადია, შენია და შენს ხელშია. "ჩემი ცხოვრების ღმერთო" - ამ სიტყვებს სახელად უწოდებს უფალს.
ბეჭდვა
1კ1