"უფალო, რად განმრავლდნენ მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა?"
"უფალო, რად განმრავლდნენ მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა?"
ფსალმუნნი XII და XIII
ფსალმუნებს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ფსალმუნი მეთორმეტე
1. "ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?" - როდემდე დამივიწყებ და მიიქცევ პირსა ჩემგან, უფალო? - ბრძანებს დავითი. ცხადია, უფალი არ ივიწყებს ადამიანს; არამედ ამ სიტყვებით დავითი მიმართავს ღმერთს: როდემდე ვიყო ცოდვაშიო. ევედრება, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოყვანის ღირსი გახადოს.

2. "ვიდრე ვისთვის დავიხსნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა?"
- ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: როდემდე ვიყო, უფალო, ჩემს ბოროტ ზრახვაში? ჩემს გულში დღე და ღამე სალმობა ანუ სინანულია ცოდვათა გამო და ამ სინანულით მანამდე მიხსენი, ვიდრე ბოროტი "ამაღლდებოდის სრულიად" - სრულად დაიპყრობდეს ჩემს გონებასო.

3. "მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თვალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ" - მომხედე, უფალო, და შეისმინე ჩემი. მწამს, ჩემს ვედრებას შეისმენ. განანათლენ თვალნი ჩემნი, რათა არ მოვკვდე ცოდვით. სიკვდილამდე მიხსენ ცოდვისგანო.

4. "ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა"
- ვინ არის ადამიანის მტერი? - დაცემული ანგელოზი, ეშმაკი. ამ მუხლში დავითი ბრძანებს: არ თქვას ეშმაკმა, მოვერიე და ვძლიე მასო. საბოლოოდ არ დამცე ცოდვით, ხოლო თუ შევიძრა, ცოდვით დავეცე, მაშინ გაიხარებს ბოროტი და დაცემული ანგელოზიო.

5. "ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა, და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა" - შენი იმედი მაქვს, უფალო, რომ შემეწევი, განმკურნავ და მომიტევებ ცოდვებს, შენი მაცხოვარებითა და სახიერებით - სიკეთით იხარებს ჩემი გული: როდესაც ცოდვებს მომიტევებ, ამის შემდეგღა გაიხარებს ჩემი გული. ამიტომაც მხოლოდ შენი იმედი მაქვს. ვიცი, ცოდვილი ვარ, მაგრამ სიხარული იმის გამო ისადგურებს ჩემს გულში, რომ მწამს, ჩემს სინანულს შეიწირავ და მომიტევებ ცოდვებსო, - ბრძანებს დავითი. შემდეგ კი ამბობს: კეთილისმყოფელ უფალს ვუგალობ, რომელიც, თუ სინანულში ვიქნებით, მოგვიტევებს ცოდვებს. "ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა" - ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი შემდეგს ბრძანებს: ყოვლისმპყრობელი და ყველაზე აღმატებული უფლის სახელს ვაქებდე იმის გამო, რომ ასეთი მრავალმოწყალეა - მიუხედავად ჩემი ცოდვილობისა და დაცემულობისა, მაინც შემეწევა, შემიწყალებს და მიხსნის საუკუნო წარსაწყმედელისგანო.

P.S. ამ ფსალმუნში გადმოცემულია დავით წინასწარმეტყველის ცოდვათა გამო სინანული. მეფსალმუნე ამასთანავე გვაუწყებს, როგორ უნდა მოვინანიოთ ცოდვა და როგორ იხსნის უფალი ადამიანს ცოდვისგან.

ფსალმუნი მეცამეტე
1. "თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და ბილწ იქმნეს იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი" - უგუნურებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ღვთის ძალას არ აღიარებენ. ასეთნი ფიქრობენ თავიანთ გულში - ღმერთი არ არსებობსო, რადგან ვერ შეიმეცნეს უფალი, ამგვარი ფიქრით კი განირყვნენ და ღვთის შიშის უქონლობის გამო ყოველგვარი უსჯულოება ჩაიდინეს. უგუნური კაცი იმასაც ფიქრობს - არავინ არის ისეთი, ვინც სიკეთეს იქმსო, ამით კი უფრო და უფრო ზეაღმატებულ უსჯულოებას სჩადის - სიკეთის ქმნას შეურაცხყოფს.

2. "უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმისმყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა"
- უფალი ყოვლისმხილველია. მან მოხედა ზეცით ადამიანებს, მათ, ვინც გამომეძიებელია ღვთისა, ვინც გულისხმისმყოფელია - გულს უხსნის და ჭვრეტს უფლის არსებობას.

3. "ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე"
- მათ კი, ვინც არ გამოიძია უფალი, არ გამოიძია ის სიტკბოება, რომელიც ადამიანში ღვთის სიყვარულით მოდის, დაუტევეს უფალიო.

4. "არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს" - ვერ გულისხმაყვეს დაცემულმა ანგელოზებმა და ვერც იმ ადამიანებმა, რომელნიც სჩადიან უსჯულოებას, ფიქრობენ, რომ ამ უსჯულოებაში სამარადისოდ დარჩებიან და მომკითხავი არავინ ეყოლებათ. უფლის მოსვლამდე დაცემული ანგელოზი, ეშმაკი "ჭამდა" - მთლიანად ჰყავდა დაპყრობილი ადამიანი, ჯოჯოხეთისკენ მიაქანებდა ყოველ სულს. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ უფალი ოდესმე გამოიხსნიდა მათ. მაგრამ უფალი მოვიდა ადამიანთა გამოსახსნელად - თავად განკაცნა ღმერთი, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღსდგა.

5. "მუნ შეეშინა შიში, სადა არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა"
- ფაქტობრივად, გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. გამოხსნის შემდეგ ადამიანს უკვე ღვთის შიშისა და სიყვარულის დაკარგვის უნდა ეშინოდეს, რათა არ მოაკლდეს უფლის მრავალმოწყალებას.

6. "ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს" - ფსალმუნთა განმარტებისას არაერთხელ ვთქვით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი დაგლახაკებული, დავრდომილი იყო სულიერად, თავისთავად არ შეეძლო გამოეხსნა თავი ეშმაკის კლანჭებისგან. სწორედ ამას ბრძანებს წინასწარმეტყველი: სულიერად დავრდომილი იყო კაცი, მაგრამ უფალია შემწე და მფარველი მისი.

7. "ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?"
- სვამს კითხვას დავით წინასწარმეტყველი. რა თქმა უნდა, სიონით მოსულმა უფალმა - იგი იერუსალიმში, ისრაელში გამოეცხადა ადამიანებს, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღსდგა - გამოიხსნა კაცობრიობა.

8. "რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუეი ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი" - უფლის ერი ეშმაკის ტყვეობაში იყო და რაჟამს გამოიხსნა ადამიანები მისი მონობიდან, მაშინ "იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი" - მაშინ აღსრულდება იმ მამამთავართა, იმ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ უფლის მიერ ადამიანთა გამოხსნას და იხარებდნენ, რომ ქრისტემ აღასრულა ის აღთქმანი, რაც მათ იწინასწარმეტყველეს. კაცობრიობის გამოხსნით თავადაც სამარადისო სიხარულს დაიმკვიდრებენ უფალში.

P.S. მეცამეტე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია და მოგვითხრობს უფლის განკაცების შესახებ - იმის შესახებ, თუ როგორ გამოიხსნიდა უფალი ადამიანთა მოდგმას - როგორ იყო კაცობრიობა ამ დრომდე ეშმაკს დამონებული და როგორ გამოიხსნიდა მათ უფალი ცხოველმყოფელი მსხვერპლით.
ბეჭდვა
1კ1