სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო
სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო
ფსალმუნი მეხუთე
მეხუთე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

1. "სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმაყავ ღაღადებაი ჩემი" - დავით წინასწარმეტყველი უფალს შესთხოვს - ჩემი სიტყვა ყურად იღე, უფალო, შემისრულე ის, რასაც გთხოვ; მაგრამ არა მხოლოდ ჩემი სიტყვა, არამედ გულისნადებიც შეისმინე და შემისრულეო. საზოგადოდ, როდესაც ნებისმიერ ფსალმუნს წარმოვთქვამთ, მხოლოდ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს კი არ ვიმეორებთ, არამედ ჩვენც იმასვე შევთხოვთ უფალს, რასაც დავით ფსალმუნთმგალობელი. ის, რასაც დავითი ფსალმუნში ამბობს, ყველა ადამიანისთვის, ყველას მაგივრადაა ნათქვამი.

2. "მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო" - ფაქტობრივად, გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში გამოთქმული აზრი. მეუფეო ანუ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო - ზუსტად ის სიტყვებია, თომა მოციქულმა რომ მიმართა მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს. ამდენად, შესაძლოა ისინი წინასწარმეტყველურადაც არის მიმართული ქრისტესადმი.

ვიცით, რომ ნებისმიერი კაცის თხოვნისა და ვედრების აღსრულება შეუძლია უფალს. როცა დავითი წარმოთქვამს: "რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალოო", - ამით ამბობს: მხოლოდ შენ გევედრები, ღმერთო, მხოლოდ შენ ძალგიძს ჩემი სათხოვარის აღსრულებაო.

3. "განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ" - განთიად ანუ მზის ამოსვლამდე ვილოცებ შენ წინაშე, უფალო, შენი გულისთვის ძილს არ მივცემ თავს და მაშინ შეისმინე ჩემიო, - მიმართავს შემოქმედს დავითი. ამ დროს - განთიადისას ადამიანის გონება ყველაზე მეტადაა მობილიზებული ლოცვისთვის. უფალიც მეტად შეისმენს ჩვენს ლოცვას და წყალობაც მეტად მოგვეცემა.

4. "რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან" - წარმართნი კერპებს "ღმერთებს" უწოდებენ, მაგრამ შენ მათ არ ჰგავხარ, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ. მათგან განსხვავებით, შენ არ გსურს, ვერ იტან უსჯულოებას.

როდესაც წმინდა მამები წარმართთა "ღმერთებზე" საუბრობენ, ბრძანებენ: როგორ შეიძლება, სამართლიანობა განსაჯოს იმან, ვინც თვითონ უსამართლოაო. წარმართული რელიგიების "ღმერთები" კი, ვიცით, ადამიანებზე მეტი უსჯულოებით გამოირჩეოდნენ. ვერც უკეთურებისა და უსჯულოების მოქმედი ადამიანი დაიმკვიდრებს შენთანო, - მიმართავს ჭეშმარიტ ღმერთს დავით წინასწარმეტყველი.

5. "არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი"
- უფალი ყველგან ხედავს, მთელ სამყაროში მყოფობს - ხილულშიც, უხილავშიც, სასუფეველშიც, თვით ჯოჯოხეთშიც კი და ადამიანი ვერსად ნახავს ისეთ ადგილს, ღვთის ყოვლისმხედველ თვალს რომ აერიდოს; როდესაც დავითი ბრძანებს: "არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა", - გულისხმობს, რომ უკეთურების მოქმედი ადამიანი მარადისობაში ვერ დაიმკვიდრებს ადგილს, იქ ვერ დადგება "წინაშე თუალთა" უფლისათა, სადაც ღმერთი თავის მრავალმოწყალებას სრულად წარმოაჩენს. სწორედ უსჯულოებათა მოქმედ ადამიანთა მიმართაა ნათქვამი: "მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანიო". ვიცით, რომ უფალში არ არის არავითარი ვნება - მრისხანება, სიძულვილი თუ შფოთი. ამდენად თავად უფალი კი არ შეიძულებს უკეთურების მოქმედს, არამედ თვით ასეთი ადამიანი სცილდება უფალს თავისი საქციელის გამო, აკლდება მის მრავალმოწყალებას - ამ უდიდეს მადლს და თავადვე ხდება მოძულებული.

6. "წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" - უფალი კი არ წარწყმედს ადამიანს, არამედ თავისივე საქციელი, თავისივე ცოდვები. უდიდესი სიცრუე ადამიანში ის არის, რომ თავს მართალ კაცად მიიჩნევს, ამბობს, ცოდვები არ მაქვსო - ცოდვებს ღვთის წინაშეც არ აღიარებს. შესაძლოა ადამიანმა იცრუოს, მაგრამ ამის გამო სინანულში ჩავარდეს, აქ კი ისეთებზეა ლაპარაკი, რომლებიც მარადიულად რჩებიან სიცრუეში.

დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში ასევე ბრძანებს: "კაცი მოსისხლეი და მზაკვარი სძაგს უფალსო". მოსისხლეა კაცი, რომელიც სულ იმას ცდილობს, სხვას რამე ავნოს. შესაძლოა, ამას შეგნებულად არ იქმოდეს, მაგრამ თავისი საქციელით სხვებს მუდამ ზიანს აყენებდეს. მზაკვარი კი ისეთი ადამიანია, რომელიც წინ აღუდგება ჭეშმარიტებას.

7. "ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა" - მართალია, მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი მრავალმოწყალებით შევიქმენ ღირსი, შევიდე შენს წმინდა ტაძარში და თაყვანი ვცე მას არა კადნიერებით, ამპარტავნებით, არამედ ღვთისმოშიშებითა და კრძალვით.

8. "უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი"
- შენი სიმართლით მიძღოდე, უფალო, რათა ჩემ წინაშე აღძრულმა მტერმა (რომელშიც უპირველესად დაცემული ანგელოზები უნდა ვიგულისხმოთ) ვერაფერი მავნოს თავისი ხრიკებით, რათა ჩემი გზა არა მათ, არამედ შენ წინაშე წარემართოს, - შესთხოვს უფალს დავით წინასწარმეტყველი.

9. "რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარე ზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს" - აქ მეფსალმუნე კვლავ უბრუნდება სიცრუის მოქმედ ადამიანებს. წმინდა მამები ფსალმუნთა ამ მუხლის განმარტებისას ბრძანებენ: როგორც სამარიდან ამოდის სიმყრალის სუნი, ასეთივე სიმყრალეა ღვთის წინაშე ცრუ კაცის პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა.

10. "საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვითა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო" - მეორედ მოსვლის ჟამს ყველა ადამიანი განისჯება. გარდაცვალების შემდეგ დროებითი სასჯელით განვისჯებით, მაგრამ საბოლოო განსჯა მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება. უსჯულონი თავიანთი ზრახვების გამო დაეცნენ და მათი უსჯულოების სიმრავლის გამო განიშორეო, - მიმართავს უფალს დავითი. როცა ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მოიპოვებს და ჯოჯოხეთს იმკვიდრებს, ეს მისი უღმერთობის სიმრავლის გამო ხდება. უსჯულოების სიმრავლე კი ნიშნავს, რომ ადამიანს სინანული არ ჰქონდა. სინანული უსჯულოებას ამცირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კაცს მარადიულად უმრავლდება იგი. უსჯულოების სიმრავლით - უსინანულობით განამწარებს ადამიანი უფალს. განამწარებს არა იმით, რომ რაიმეს ვნებს, არამედ იმით, რომ მის მიერ სიკეთისა და სასუფევლისთვის შექმნილი კაცი საკუთარი ნებით აღუდგება წინ ღვთის ასეთ მოწყალებას და შემოქმედის წინააღმდგომი ხდება.

11. "და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი" - ვინც ღვთის სიყვარულით, მოშიშებითა და დიდებით იცხოვრა, "უკუნისამდე იხარებდეს" - დაუსრულებელ, მარადიულ სიხარულში იქნება, იმის გამო კი არა, რომ არ შეუცოდავს, რამედ ცოდვათა გამო სინანული და ღვთის იმედი ჰქონდა, სასოებდა უფალს, რომ სინანულის სანაცვლოდ მიუტევებდა ცოდვებს.

12. "რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩვენ" - ადამიანი მარტო თავისი საქმეებით ვერ ცხონდება; ცხონებისთვის აუცილებელია ღვთის კურთხევა, ცხონების მოსაპოვებლად კი თაყვანი უნდა სცეს უფალს, მიენდოს მის გულმოწყალებას და ცხოვრება საკუთარი ცოდვების გამო სინანულში განლიოს, რადგან შეუძლებელია, არ სცოდოს.

"ჭურში" კი უნდა ვიგულისხმოთ სათნოებათა სიმრავლე - შენი მრავალმოწყალებით სათნოებათა სიმრავლით აღავსე, უფალო, მართალნიო, - შეღაღადებს დავითი შემოქმედს.

ყველა ფსალმუნს ერთი არსი აქვს - გვასწავლის, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს უფალთან. კერძოდ მეხუთე ფსალმუნი კი გვასწავლის, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, რომ უფალთან დაიმკვიდროს და როგორი ცხოვრებით ვერ შეძლებს ამას.
ბეჭდვა
1კ1