როგორ შეიქმნა 50-ე ფსალმუნი
როგორ შეიქმნა 50-ე ფსალმუნი
დავით წინასწარმეტყველი, ვის მიერაც დაიწერა "ფსალმუნთა" წიგნი, ისრაელის მეფე იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1055-1015 წლებში. მისი მეფედ კურთხევა ღმერთის ნებით მოხდა - თავად უფალმა გამოარჩია წმინდა გულისა და საოცარი სულიერი თვისებების გამო.

მეფე-წინასწარმეტყველი წმინდა და მართალი ცხოვრებით გამოირჩეოდა, მაგრამ ისიც ჩავარდა მძიმე ცოდვაში, რაც გახდა მიზეზი 50-ე ფსალმუნის დაწერისა.

ერთხელ დავით მეფემ ბანაობისას იხილა თავისი ქვეშევრდომის ურიის ცოლი - ბერსაბე. მეფე მისი მშვენიერებით მოიხიბლა. ქალი იმდენად მოეწონა, რომ განიზრახა, ცოლად შეერთო. ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, ქმრიანი ქალის ცოლად მოყვანა იკრძალებოდა, მაგრამ დავითმა ასეთ ხერხს მიმართა: ბერსაბეს ქმარი ომში გაიწვია, მთავარსარდალს კი წერილი მისწერა - წინა ხაზზე გაუშვიო.

მასთან სამოელ წინასწარმეტყველი მივიდა და უთხრა: "როგორც მეფემ და წინასწარმეტყველმა ერთი საკითხი უნდა განსაჯო: კაცს ცხვრების ფარა ჰყავდა. ერთხელ სტუმარი ეწვია, მან კი ერთი ცხვარიც ვერ გაიმეტა, რომ დაეკლა და პატივი ეცა მისთვის. მის მეზობელს ერთადერთი ცხვარი ჰყავდა. ის წაართვა და სტუმარს დაუკლა. რას იმსახურებს ასეთი კაცი?" დავითმა მიუგო: "სიკვდილს იმსახურებს! მომიყვანე, რომ ახლავე სიკვდილით დავსაჯო". სამოელ წინასწარმეტყველმა კი უთხრა: "შენ ხარ სწორედ ეს კაცი. ურიას ერთი ცოლი ჰყავდა და ისიც წაართვი და მიითვისეო".

წინასწარმეტყველის შეგონება და მხილება იმდენად მძაფრი იყო, რომ დავით მეფე უდიდესმა სინანულმა შეიპყრო.

ამ დაცემისთვის დავითი მკაცრად დაისაჯა - ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდა. ამის შესახებ წინასწარ ეუწყა სამოელ წინასწარმეტყველისგან. სინანულითა და სულიერი მწუხარებით შეპყრობილმა მეფე-წინასწარმეტყველმა სწორედ ამ დროს დაწერა 50-ე ფსალმუნი, რომელშიც უდიდესი, განსაცვიფრებელი სინანულია გადმოცემული. მას სინანულის საგალობელსაც უწოდებენ, რადგან ყველაზე მეტად გამოხატავს მონანული სულის მდგომარეობას და ხელს უწყობს ადამიანს სინანულის გამძაფრებაში.

50-ე ფსალმუნს განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უჭირავს ღვთისმსახურებაში. იგი თითქმის ყველა სახის კერძო თუ საზოგადო ლოცვებშია ჩართული, თუმცა, წმინდა მამათა სწავლებით, თითოეულ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობაც აქვს. შეგვიძლია, სხვადასხვა საჭიროებისას განსაკუთრებულად წარმოვთქვათ შესაბამისი ფსალმუნი. მაგალითად, წმინდა არსენ კაბადოკიელს შედგენილი აქვს ფსალმუნთა კითხვის წესი სხვადასხვა საჭიროებისთვის. თუ რომელი ფსალმუნი შეიძლება წარმოვთქვათ ამა თუ იმ შემთხვევაში, ამას სულიერი მოძღვარი გვირჩევს.

რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საჭიროებისას შესაბამის ფსალმუნთა კითხვას? შესწევს თუ არა მათ რაიმე განსაკუთრებული ძალა? - ამ საკითხს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- როდესაც რაიმე ცოდვა გვაწუხებს და 50-ე ფსალმუნს წარმოვთქვამთ: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...", - გონება უფრო ადვილად მიჰყვება ფსალმუნის სიტყვებს, რადგან რასაც განვიცდით, საგალობელში ყველაფერია გადმოცემული. ასეთი ლოცვა გაცილებით იოლია და ღვთისგანაც მეტად შეიწირება.

ასევეა სხვა ფსალმუნთა შემთხვევაში. წმინდა მამათა გამოცდილებით ვიცით, რომელ ფსალმუნს რომელ ცოდვასთან ან სათხოვართან დაკავშირებით უფრო ადვილად მიჰყვება გონება. სწორედ ამის გამოა სასურველი, თუკი შესაბამის ფსალმუნს წარმოვთქვამთ, თორემ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფსალმუნის წაკითხვა შეიძლება. უფალი ამის სანაცვლოდაც შეგვეწევა.
ბეჭდვა
1კ1