ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად ვყავ
ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად ვყავ
სამოცდამეთექვსმეტე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

ფსალმუნის სათაურია "დასასრულსა, იდუმისთვის, ფსალმუნი ასაფისათვის". იდუმი და ასაფი ხშირად არიან მოხსენიებულნი ფსალმუნთა სათაურში. თანამედროვე ადამიანთა ნაწილი, რომელიც კრიტიკულად უდგება ეკლესიის ტრადიციებს და გადმოცემებს, თვლის, რომ ზოგიერთი ფსალმუნი იდუმისა და ასაფის დაწერილია. ცხადია, ასე არ არის. იდუმი და ასაფი იყვნენ იერუსალიმის ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელები. რა თქმა უნდა, ეს ფსალმუნიც და სხვა ფსალმუნებიც, სადაც იდუმი და ასაფი არიან მოხსენიებულნი, დავით წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი, მაგრამ იმისათვის, რომ მათ ეს ფსალმუნები ეგალობათ და ხალხისთვის გალობით გადაეცათ.

თავად ფსალმუნში არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის მოსვლისა და მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის შესახებ. მასში ასევე აღწერილია იმდროინდელი კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ვიგულისხმოთ ყველა იმ ადამიანის სულიერი მდგომარეობაც, რომელიც უფალს არის განშორებული. ფაქტობრივად, ფსალმუნი არის სულიერ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის ლოცვა და გვასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სულიერი განსაცდელის დროს, რა უნდა ქნას იმისათვის, რომ უფალი დაიბრუნოს.

1. "ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად ვყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედა მე" - ჩემი ბაგეებით ვლოცულობ და უფალმა მომხედა მეო, ბრძანებს დავითი. უფალი ყველა ადამიანს სწყალობს, ყველა ადამიანისთვის უნდა წყალობა, მაგრამ ღვთის წყალობას იღებს ის, ვინც ევედრება უფალს - საღვთო წყალობის მიმღებნი შევიქმნებით მაშინ, თუ ჩვენს გულებს და ჩვენს ბაგეებს ღვთისკენ მივმართავთ.

2. "დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ, წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა" - როდესაც გასაჭირში ჩავვარდი, ღმერთი გამოვიძიე, არა მარტო დღე, ღამეც ვლოცულობ, ღამითაც ვიხსენებ უფალსო. ღამე ღვთის გახსენება ნიშნავს დაუცხრომელ ლოცვას. როდესაც ასე ვლოცულობ, არა დავეცე, მაგრამ "წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა" - სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი იმ მდგომარეობის გამო, რაშიც მე ვიმყოფები. აქ უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის მოსვლამდე ძველი აღთქმის კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა. სწორედ ამ მდგომარეობას აღწერს დავითი, როდესაც ადამიანებმა, რჩეულმა ერმაც კი, ნელ-ნელა დაუტევა უფალი.

3. "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნვედ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი" - როდესაც ღვთის საქმეები გავიხსენე, რომლებიც უფალმა ადრე ქმნა, როგორ შეეწეოდა თავის ერს, სულიერად გავიხარე და იმედი მომეცა იმისა, რომ უფალი ახლაც ასე იზამს, როგორც ყოველთვის, ახლაც შეეწევა კაცობრიობას. მაგრამ როგორც კი ჩემი თავისთვის ვიზრუნე, ღვთის გარეშე დავრჩი და სულმოკლე მექმნა სულიო. როდესაც ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზე, ვფიქრობთ, რომ თავად შეგვიძლია შევეწიოთ ჩვენს თავს, ამით უფრო და უფრო მეტ განსაცდელში ვვარდებით. ხოლო თუ უფალს მივენდობით, მაშინ, რა თქმა უნდა, განსაცდელიდან უფალი გამოგვიყვანს.

4. "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" - სახმილავში აქ ღამე იგულისხმება, - უძილო შეიქმნა ჩემი თვალები, იმდენად მწუხარე იყო ჩემი სული, ღამითაც ვერ დავიძინე, თვალი ვერ მოვხუჭე. შეძრწუნებული ვიყავი და ვერაფერს ვიტყოდი - შეძრწუნებილი ვიყავი ჩემი სულიერი მდგომარეობით და არაფერს ვამბობდიო. წმინდა მამები გვასწავლიან, - როდესაც სული შეძრწუნებულია ჩვენი სულიერი მდგომარეობით და არაფერს ვამბობთ, აქ სიკეთე არაფერია, პირიქით, მოძღვართან უნდა ვთქვათ, შევინანოთ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.

ბეჭდვა
1კ1