შენი არს დღე და შენი არს ღამე
შენი არს დღე და შენი არს ღამე
გაგრძელება
73-ე ფასლმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე


16. "შენი არს დღე და შენი არს ღამე. შეენ დაამტკიცე ნათელი და მზე" - დღე, ღამე, სინათლე, მზე, მთვარე ყოველივე შენი შექმნილია, ყველა ამ სასწაულის შემოქმედი შენ ხარ, უფალოო.

17. "შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე" - მთელი ქვეყნიერების საზღვარი, მთელი ქვეყნიერება, თავად დრო - ზაფხული, გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ყველაფერი შენი შექმნილია უფალოო.

18. "ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი" - გავიხსენე, რომ ეს ყველაფერი შენი შექმნილია, მაგრამ მიუხედავად ამ სასწაულებისა დღეს ჩვენი გამოხსნა აღარ არის იმის გამო, რომ უგუნურმა ერმა აყვედრა უფალს და განარისხა სახელი მისი, ანუ ისრაელი განუდგა უფალს და ამის გამო დაუტევა უფალმა ისრაელის ერი.

19. "ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად" - მხეცებში შეიძლება ვიგულისხმოთ მტერი, დაცემული ანგელოზები, ასევე მიწიერი მტერი. გლახაკებში აქ იგულიხმება ისრაელის ერის ის ნაწილი, ის ადამიანები, რომლებმაც ღვთის სწავლება მიიღეს. სწორედ მათ ნუ დაივიწყებ, უფალო და ნუ მისცემ მტერს მათ სულსო.

20. "მოხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უსჯულოთანი" - მოხედენ შენ აღთქმას, რომელიც მიეცი კაცობრიობას, რომ მოვა მხსნელი, გამოიხსნება ისრაელი, გამოიხსნება კაცობრიობა, - ამ აღთქმას ნუ დაივიწყებ, უფალო, რადგან სიბნელით არის სახლი უსჯულოთანი აღვსილიო. მართლაც, მთელი დედამიწა სიბნელით იყო აღვსილი, როდესაც უფალი მოვიდა.

21. "ნუ მიიქცევი დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდნენ სახელსა შენსა" - ნუ მიიქცევიან, ანუ ნუ იქნებიან სირცხვილეული გლახაკნი და დავრდომილნი, რომლებიც აქებდნენ უფალსა. "გლახაკებში" და "დავრდომილებში" იგულისხმება ის ადამიანები, რომლებმაც ღვთის სიტყვა მიიღეს. სწორედ მათთვის ევედრება დავით წინასწარმეტყველი უფალს, მათგან ნუ მიიქცევი, მათ შეეწიეო.

22. "აღდეგ, ღმერთო. საჯე შჯაი შენი. მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე" - უფალო, შენი მსჯავრით განსაჯე ყოველივე, ანუ მოიხსენე ის ყვედრება, რასაც უგნურები ყოველდღე იქმან შენს წინააღმდეგ და განაგე, - შენი მადიდებლები დაიცვა და შენი მოწინააღმდეგეები განაქარვო.

23. "ნუ დაივიწყებDხმათა მონათა შენთასა; ამპარტავნებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის" - შენი მონების, შენი მორჩილების ხმას ნუ დაივიწყებ, მათ ვედრებას მოხედენ, რადგან აღმაღლებულნი არიან შენი მოწინააღმდეგეები და ისინი შენს მადიდებლებს შეავიწროვებენ, ამიტომ ნუ დაივიწყებ შენი მადიდებლების ლოცვის ხმას, რათა შეეწიო და ამპარტავანთა ხელიდან დაიხსნაო.

ბეჭდვა
1კ1