აქებდით მას ცანი და ქუეყანანი
აქებდით მას ცანი და ქუეყანანი
სამოცდამერვე ფსალმუნს განგვიმარტავს მამა მაკარი აბესაძე

27. "შესძინე უსჯულოებაი უსჯულოებასა ზედა, და ნუ შევლენან იგინი სიმართლესა შენსა" - მათ უსჯულოებას უსჯულოება დაემატა და შენს სიმართლეში ვერ შევლენო. რა თქმა უნდა, თუ იუდეველები, ებრაელები თავიანთ ცთომილებას არ შეინანებენ და უფლისკენ არ მიბრუნდებიან, მის სიმართლეში ვერ შევლენ. ვერც ერთი კაცი, ვინც არ აღიარებს ხორციელად მოსულ ქრიტეს, ღვთის სიმართლეში ვერ შევა.

28. "აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაი და მართალთა თანა ნუ დაიწრებიედ" - ყველა ადამიანი, ვინც ღვთის მოწინააღმდეგეა, "ცხოველთა წიგნიდან" აღიხოცება. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ყველა ადამიანი იშვება რა, ჩაწერილია ცხოვრების წიგნში და თავიანთი ცხოვრების, თავიანთი ცოდვების გამო აღიხოცებიან ადამიანები ცხოვრების წიგნიდანო.

29. "გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე" - დავითიც და თითოეული ჩვენგანც ამ სიტყვების წარმოთქმით ვაღიარებთ - გლახაკი ვარ, დავრდომილი ვარ და თუ ღვთის მაცხოვარება არ შემეწია, თვითონ არ შემიძლია ვცხონდე და გამოვიხსნა ჩემი თავი ნებისმიერი განსაცდელიდანო.

30. "ვაქებდე სახელსა ღმერთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა" - განკაცებული ღვთის სახელს ვაქებდე გალობით და ქებით განვადიდო და ყოველი ქება აღუვლინო მასო.

31. "და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონდენ რქანი და ჭლიკნი"
- ქება და ლოცვა, ღვთის მცნებების და საქმეების აღსრულება, ეს შესაწირავი, რომლის შესახებაც წინა მუხლებში ვისაუბრეთ, უფალს უფრო სათნო ეყოფა, ვიდრე ხბოებისა და საკლავების შეწირვა, ის, რაც ძველ აღთქმაში იყო. ჩვილი ხბოების შეწირვა ყოვლად დასაწველი მსხვერპლი იყო, რაც ძველ აღთქმაში უმაღლეს მსხვერპლად ითვლებოდა. სწორედ მასზე აღმატებულია ქების აღვლენა და ლოცვა ღვთისადმიო, წინასწარმეტყველებს დავითი.

32. "იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხოვნდეს სული თქუენი" - გლახაკებში აქ იგულისხმება ძველი აღთქმის კაცობრიობა, რომელიც სულიერად დაგლახაკებული იყო, იმის გამო, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ უფალთან მისასვლელი გზა, ადამიანებისთვის დაკეტილი იყო სასუფევლისაკენ მისასვლელი გზა და სულიერად მთელი კაცობრიობა იყო დაგლახაკებული. ამ დაგლახაკებულმა კაცობრიობამ იხილა განკაცებული ღმერთი და განიხარა. თუ ამას გამოვიძიებთ, ანუ თუ ქრისტეს მივიღებთ, მისი ჭეშმარიტი მსახურები გავხდებით, მაშინ "ცხოვნდეს სული ჩვენი" -Dდავიმკვიდრებთ სასუფეველს, მოვიპოვებთ სულის ცხონებას.

33. "რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არა შეურაცხ-ყვნა" - სულიერად დავრდომილი კაცობრიობისა ესმა უფალს, მოვიდა, განკაცნა, რათა გამოეხსნა, აღედგინა და სულიერად აღემაღლებინა დავრდომილი კაცობრიობა.

34. "აქებდით მას ცანი და ქუეყანანი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა" - უფალს ყველა აქებს, არა მარტო მოაზროვნე არსებები - ანგელოზები, ადამიანები, არამედ თავად უსულო სამყაროც. როგორ აქებს უფალს უსულო სამყარო? - სამყარო ისეთი მრავალფეროვანია, ისე გონივრულად არის შექმნილი სამყაროში ყველაფერი, რომ თავისთავად განადიდებს თავის შემოქმედს, ისევე, როგორც, მაგალითად, თუ არქიტექტორი ააშენებს ლამაზ, გამორჩეულ შენობას, უკვე ამ შენობის მხილველნი განადიდებენ მის არქიტექტორს, მის შემქმნელს.

35. "რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ დაიმკვიდრონ იგი" - სიონში იგულისხმება ეკლესია. ეკლესია არ არის მარტო ახალაღთქმისეული, ეკლესია ის ადგილია, სადაც უფალს განადიდებენ, არა მარტო შენობები, არამედ ადამიანების კრებული, რომელიც არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდიდან. აღაშენოს, განაძლიეროს სიონი, ეკლესია უფალმაო, - თუ ძველი აღთქმის ეკლესია იყო მოსამზადებელი იმისათვის, რომ ადამიანებს განკაცებული უფალი მიეღოთ, უკვე ახალი აღთქმის განახლებული სიონი, განახლებული ჰურიასტანის ქალაქები, გამშვენებული ეკლესიაა, სადაც დაიმკვიდრებენ მართალნი. უკვე ამ ეკლესიას ევალება არა ადამიანების მომზადება ქრისტეს მისაღებად, როგორც ძველ აღთქმაში, არამედ ძალუძს, ადამიანები თავად უფალთან მიიყვანოს და სასუფეველში დაამკვიდროს.

36. "და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაემკვიდროს მას შინა" - ზოგიერთი წმინდა მამა განმარტავს, რომ მონებში მოციქულები იგულისხმებიან, მათ ნათესავებში - მოციქულთა სულიერი ნათესავები, ისინი, ვინც მოციქულების სიტყვა მიიღო. სწორედ მოციქულთა ქადაგებას მიყოლილი ადამიანები დაიმკვიდრებენ ეკლესიაში, იქ დამკვიდრებულნი კი უფალთან დაიმკვიდრებენ სამარადისოდო. ვინ იქნებიან ისინი? - ვისაც უყვარს სახელი შენი, უფალოო. ეკლესია არის მაცხოვნებელი ადამიანებისა, მაგრამ ეკლესიაში დაიმკვიდრებენ მხოლოდ ისინი, ვისაც უყვარს უფალი. შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ეკლესიაში დამკვიდრებული, ძალიან ბევრი თითქოსდა ცდილობდეს ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ თუ ადამიანს გული ღვთის სიყვარულით არ აქვს ანთებული, მიუხედავად იმისა, ის აღასრულებს თუ არა იმ წესებს, რასაც ეკლესია გვასწავლის, მისთვის ეს ვერ იქნება მაცხოვნებელი, ისევე როგორც იუდეველებისთვის, რომლებიც აღასრულებდნენ მოსეს დადგენილ წესებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ გარეგნული აღსრულება ამ წესებისა და როდესაც უფალი მოვიდა, არ მიიღეს იგი.

ბეჭდვა
1კ1