ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო
ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო
სამოცდამერვე ფსალმუნს განგვიმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

11. "ვყავ სამოსელად ძაძაი და ვექმენი მათ იგავ" - ძაძაში აქ იგულისხმება ადამიანური ბუნება, რომელიც უფალმა შეიმოსა, რადგან ძაძა და კაცი უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. გაცილებით მეტი საერთოა დახეულ, გამოუსადეგარ სამოსსა და ადამიანს შორის, ვიდრე ადამიანურ ბუნებასა და ღვთაებრივ ბუნებას შორის. შემდეგ დავითის პირით უფალი ბრძანებს: "ვექმენ მათ იგავ"-ო, - როგორც იგავი, ისე იყო უფალი დაფარული ისრაელიანების თვალში - გარეგნულად, კაცობრივი სახით განეცხადა, ხოლო შინაგანად იყო ღმერთი, ისევე როგორც იგავია მცირე მოთხრობა, მასში მცირე ცხოვრებისეული ეპიზოდია გადმოცემული, სინამდვილეში კი უდიდესი სწავლებებითაა დატვირთული.

12. "ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა" - ბჭეებთან მსხდომარენი ჩემ გამო ბჭობდნენ და ინახზე მსხდომარენი ღვინოსა სმიდენ, ჩემ გამო გალობდნენ. ეს არის წინასწარმეტყველება, რომ მთელი მსოფლიო ისაუბრებდა ქრისტეს შესახებ, არ იქნებოდა არც ერთი ადგილი მსოფლიოში, ვისაც ქრისტეს შესახებ არ ეცოდინებოდა. ზოგნი გალობდნენ მის გამო და ადიდებდნენ მას, ზოგნი ბჭობდნენ და ამ ბჭობაში ზოგნი კეთილად ბჭობდნენ მის შესახებ, ზოგნი კი ბოროტადო, წინასწარმეტყველებს დავითი.

13. ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ჩემი, ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისათა" - აქ არის, ერთი მხრივ წინასწარმეტყველება. უფალი გვეუბნება; მე ვილოცებ შენდამი, ღმერთო, ჟამსა შეწყნარებისასაო. კაცობრიობის შეწყნარების ჟამი როდის დადგა? - როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა. ჩვენ ვიცით, რომ ჯვარცმის დროს უფალი ლოცულობდა ჯვარმცმელებისთვის ღვთის წინაშე. უფალმა თავის ჯვარცმას უწოდა შეწყნარების ჟამი. სწორედ იმ დროს გამოიხსნა უფალმა კაცობრიობა თავისი სიმართლით, თავისი მოწყალებით, თავისი ჭეშმარიტებითა და მაცხოვარებით. შემდეგ სიტყვებს უკვე დავითი წარმოთქვამს და თავისსა და ადამიანების ზოგად მდგომარეობას აღწერს.

14. "მიხსენ მე თიხისაგან, რათა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა" - წყალთაგან - ამქვეყნიური ამაოებებისა და ჩემი მოძულეებისაგან განმარინე, მტრებისგან - დაცემული ანგელოზებისაგან მიხსენიო, შესთხოვს დავით წინასწარმეტყველი უფალს.

15. "ნუ დამთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქავნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირსა მისსა" - აქ იგულისხება სულიერი მორევი წყალთა, სულიერი უფსკრული. დავითი და თითეული ჩვენგანიც ამ სიტყვების წარმოთქმით ვევედრებით უფალს: ნუ დაგვნთქავს სულიერ მორევში და ნუ შთავარდებით სულიერ უფსკრულში, ნუ იქნება ისე, რომ ჯოჯოხეთში შთავვარდეთ, ჯოჯოხეთმა პირი დახშას და არ გამოვიხსნათ იქიდანო.

16. "ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა" - დავითი და თითოეული ჩვენგანიც შევთხოვთ უფალს, რომ ისმინოს ჩვენი და "მოიხილოს" ჩვენ ზედა, რამეთუ მისი წყალობა დიდია, მრავალია მისი მოწყალება, თუ ის მოიხილავს ჩვენკენ. მოხილვა ნიშნავს, რომ უფალმა ჩვენ წყალობა გვიყოს. ღვთის თვალი ყოველთვის ჩვენკენაა და ყოველთვის გვაძლევს წყალობას, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ მიმღებელნი ამ წყალობისა. ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი ამ წყალობაზე ჩვენი საქციელით, ჩვენი ცხოვრების წესით.

17. "ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი"
- ისევ გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - უფალი პირს ნუ მიიქვევს მათი მონებისგან, თითოეული ჩვენთაგანისგან, იმიტომ რომ "ჭირსა", გასაჭირში, განსაცდელში ვართ და თუ უფალი ამ დროს შეისმენს ჩვენსას, გამოხსნილნი ვიქნებითო.

18. "მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე" - ჩემს სულს მოხედე, განარიდე სულიერი განსაცდელების, ჯოჯოხეთისა და ჩემი მტრებისაგან, დაცემული ანგელოზებისგან მიხსენი მეო.

ბეჭდვა
1კ1