მაცხოვნე მე, ღმერთო!
მაცხოვნე მე, ღმერთო!
სამოცდამერვე ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცება და ჯვარცმა, ასევე გადმოცემულია მაცხოვრის მოსვლამდელ პერიოდში კაცობრიობის მდგომარეობა. არის ადგილები, სადაც დავით წინასწარმეტყველი კაცობრიობის სახელით საუბრობს. ასევე გვხვდება ადგილები, სადაც უფალი დავითის პირით წინასწარმეტყველურად გვაუწყებს თავისი განკაცებისა და ჯვარცმის შესახებ. ფსალმუნის სათაურიც, "დასასრულსა, ცვალებისათვის", მიანიშნებს, რომ ფსალმუნი ეხება ძველის შენაცვლებას ახლით, ანუ მაცხოვრის განკაცებას და ძველი სჯულის ახლით შეცვლას.

ფსალმუნს განმარტავს არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)

1. "მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდადმე" - ღმერთო, შემეწიე, რათა ჩემს სულში წყალი შევიდეს, წყალია შესულიო. წყალში აქ იგულისხმება ის სულიერი მდგომარეობა, სულიერი განსაცდელები და მიწიერი ამაობები, რაც მაცხოვრის მოსვლამდელ კაცობრიობას ჰქონდა - ადამიანებს არ შეეძლოთ ცხონება და ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. მთლიანად ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ არ შეიძლება ყოფილიყო მოქცეული კაცობრიობა, რადგან იმ დროსაც უფალი განაგებდა ყველაფერს, მაგრამ როგორც ოკეანე მოიცავს წყლის ქვეშ ყველაფერს, ასევე იყო ძველი აღთქმის კაცობრიობა მოცული სულიერი და მიწიერი განსაცდელებით. ყველაზე მეტი განსაცდელი იყო ის, რომ ადამიანები ვერ შედიოდნენ სასუფეველში. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ახალი აღთქმის მიწიერებისკენ მიდრეკილი ადამიანებიც, რომლებიც სულიერებაზე არ ზრუნავენ. ვისაც სულიერება არ აქვს, მიწიერების წყლით, ამქვეყნიური ამაოებებით არის დაფარული.

2. "დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი; მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე" - აქ აღწერილია ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა იმყოფებოდა მაცხოვრის მოსვლამდე. დავითი ძველი აღთქმის კაცობრიობის პირით ბრძანებს: უფსკრულში, ზღვის სიღრმეებში და დათმენებში ვარ დანთქმულიო, ანუ აღწერილია ის განსაცდელები, ის შეჭირვება, რასაც დაცემული ანგელოზები მოუვლენდნენ ადამიანებს მაცხოვრის მოსვლამდე, მაცხოვრის ჯვარცმამდე და აღდგომამდე. თუმცა დღესაც თითოეული ჩვენგანი ასე უნდა ვხედავდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ზუსტად ასეთივე მდგომარეობაში ვიმყოფებით სულიერად და თუ ჩვენ უფალს არ მოვუწოდებთ შეწევნისთვის, სამუდამოდ ამ დღეში დავრჩებით.

3. "დავშვერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა" - საუკუნეები გავიდა მაცხოვრის მოსვლამდე, მანამ, სანამ კაცობრიობა ასეთ, სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფალი არ ტოვებდა ადამიანებს, უვლენდა მათ წინასწარმეტყველებს და კაცობრიობამ, ადამიანებმა იცოდნენ, რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც მათ იხსნიდა. ეს იყო სასოება ღვთისადმი, რაც ჰქონდა დავითს და ყველა ღვთის მადიდებელ ადამიანს. სწორედ ამ სასოების გამო ვღაღადებ, ამ სასოების გამო დაშვრა თვალნი ჩემნი და "დამხდა ხმაი ჩემი" - ანუ ამ სასოების გამო ვაკეთებთ ყველაფერსო, ბრძანებს დავითი ყველა მართალის პირით.

4. "განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ" - ჩვენზე მეტად გამრავლდა, უფალო, ჩვენი მტერი, დაცემული ანგელოზები, ისინი გვდევნიან, ისინი განძლიერდებიან ჩვენს ზედა. კაცობრიობას, ადამიანებს არაფერი დაუშავებია ეშმაკისთვის, მაგრამ ის დაუცხრომლად ებრძოდა და დაუცხრომლად ცდილობდა, წარეტაცა ადამიანთა სულები. სწორედ ამას აღწერს დავით წინასწარმეტყველი და შესთხოვს უფალს: "შენ მიუზღევდი მათო".

5. "ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაიფარნეს" - ღმერთო, შენ იცი ჩემი უგუნურება, ჩემი შეცოდებები. შენს თვალს არაფერი დაემალება, მიმართავს დავითი უფალს და თითოეული ჩვენგანიც ასე უნდა ვღაღადებდეთ უფლის მიმართ. ჩვენი უგუნურება, ჩვენი უვიცება სრულყოფილად მხოლოდ უფალმა უწყის. მთელი სამყაროსთვის, თავად ანგელოზებისთვისაც რომ იყოს დაფარული, ღვთის წინაშე დაფარული მაინც არაფერია.

ბეჭდვა
1კ1