იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე
იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე
ფსალმუნი 71-ე
გაგრძელება
9. "მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ" - აქ ნაწინასწარმეტყველებია წარმართთა მოქცევა. "ჰინდონში" არ იგულისხმება მხოლოდ ინდოეთის ერი, არამედ აღმოსავლეთის ხალხები. ვიცით, რომ როდესაც მაცხოვარი განკაცნა, პირველად სწორედ აღმოსავლეთიდან, სპარსეთიდან ჩამოვიდნენ მოგვები და თაყვანი სცეს უფალს; "ხოლო მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ" - თავად მტრებიც კი, ისინი ვინც ჭეშმარიტების მტრები იყვნენ, ვინც ავიწროებდნენ ისრაელის ერს ჭეშმარიტების თაყვანისცემის გამო, ისინიც მიწასა ლოშნიდნენ, - განერთხონ მაცხოვრის წინაშე, ანუ მათაც აღიარონ მაცხოვარიო.

10. "მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას" - ქვეყნიერების ყველა კუთხეში იქნებიან ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები, არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ მეფეებიც კი თაყვანისცემენ უფალსო, წინასწარმეტყველებს დავითი.

11. "და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. მთელი ქვეყნის მეფეები თაყვანისცემდენ უფალს და წარმართები მონებდენ მას, აღასრულებდნენ ღვთის მცნებებს, - უმეტესობა ქრისტიანებისა იქნება სწორედ წარმართობიდან და არა იუდეველობიდან მოქცეული. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში.

12. "რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე" - აქ იგულისხმება სულიერად დაგლახაკებული და დაუძლურებული ძველი აღთქმის კაცობრიობა, რომელსაც არსაიდან მწე, შემწე არ ჰყავდა, არსაიდან ხსნა არ ჰქონდა, სწორედ ესენი გამოიხსნა უფალმა თავისი ყოვლისშემძლეობით და თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით.

13. "ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს" - სულიერად დაგლახაკებული ადამიანები გამოიხსნას და მათი სულები აცხოვნოს უფალმაო. აქაც უნდა ვიგულისხმოთ უპირატესად სულიერად დაგლახაკებული კაცობრიობა, ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფებოდა კაცობრიობა ძველი აღთქმის პერიოდში.

14. "აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე" - სიცრუისაგან და "აღნადგინებისაგან", - ვალებისაგან იხსნას უფალმა თავისი სახელით და თავისი დიდებით კაცობრიობა, - ის აურაცხელი ცოდვა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ ჩადენილი, თუ მაცხოვრის იგავურ თქმას გამოვიყენებთ, ზოგს "ერგასეული, ხოლო ზოგს ხუთასეული", თავისი გამომხსნელი მსხვერპლით ყველას მიუტევა უფალმაო. ვინც აღიარებს ქრისტეს გამომხსნელ მსხვერპლს და აღასრულებს მის მცნებებს, ყველას მიეტევება ცოდვები.

15. "და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას" - როდესაც მაცხოვრის შობის შემდეგ ჰეროდემ მოწყვიტა ყრმები ბეთლემსა და მის შემოგარენში, ყრმებს შორის არავინ გადარჩენილა იმ ასაკისა, რა ასაკისაც მაცხოვარი იყო, გარდა მაცხოვრისა და იოანე ნათლისმცემლისა. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი - "ცხოვნდეს", გადარჩეს, ცოცხალი იყოს მაცხოვარი და მიეცეს მას ოქროი. ისევ და ისევ მოგვების მსხვერპლშეწირვაა აქ მოხსენიებული. მისთვის, მისდამი, ქრისტეს მიმართ ილოცოს მთელმა ქვეყნიერებამ სამარადისოდ, ყოველდღიურად "აკურთხევდენ", განადიდებდენ მასო.

16. "იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი" - მთელ ქვეყანაზე იყოს ქრისტეს სარწმუნოების სიმტკიცე და ლიბანის ნაძვის ნაყოფზე (ლიბანის ნაძვი სიმბოლურად არის ნათქვამი) უფრო მეტად აყვავდეს და განდიდნეს, ქალაქები აყვავდება, ყველგან იქნება მაცხოვრის თაყვანისცემა, ისევე როგორც "თივაი ქვეყანასა", როგორც უამრავია ველური ყვავილი სამყაროში, ასევე უამრავი იქნება ქრისტეს მადიდებელიო.

17. "იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა, ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას" - ისრაელიანები ელოდნენ, რომ მესია, მაცხოვარი იქნებოდა ღვთისგან რჩეული, რომელიც გაბატონდებოდა ისრაელის ერზე და შემდეგ მთელ მიწიერ სამყაროს, მსოფლიოს დაუმორჩილებდა ისრაელის ერს. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში წინასწარმეტყველურად ბრძანებს, რომ ქრისტე არ არის ჩვეულებრივი კაცი, ანუ მზის და მთვარის შექმნამდე იყო მისი საყდარი, მზის და მთვარის შექმნამდე იყო უფალი და სწორედ ის, თავად უფალი განკაცდა და სწორედ ქრისტე, განკაცებული უფალი არის ის, ვინც იქნება კაცობრიობის მხსნელი და მის მიმართ "იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი და ყოველი თესლები ნატროდიან მას" - ყველა ტომი იქნება კურთხეული ქრისტესგან იმის გამო, რომ დედამიწაზე არ დარჩება არცერთი ადგილი და ტომი, სადაც მაცხოვრის თაყვანისმცემელი ადამიანები არ იცხოვრებენ.

18. "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრელისაი, რომელმან ყვის საკვირველი მხოლომან" - ისრაელის ღმერთი, ამ ეპითეტით ხშირად იხსენიება უფალი - კურთხული არს უფალი, რომელმაც ესევითარი საკვირველებები ქმნა, საკვირველება იმისა, რომ თავად მოვიდა, თავად განკაცნა კაცობრიობის გამოსახსნელად.

19. "და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ" - მისი სახელი კურთხეულ არს უკუნისამდე - სამყაროს აღსასრულამდე და უკუნითი უკუნისამდე, სამყაროს აღსასრულის შემდეგაც, სამარადისოდ. ასევე კურთხეულ იყო მისი სახელი სამყაროს შექმნამდეც და მისი დიდებით აღვსილია ქვეყანა, ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე და მარადისობაში.

ბეჭდვა
1კ1