საკათედრო ტაძარის - "სობოროს" კურთხევიდან 150 წელი შესრულდა
 საკათედრო ტაძარის - "სობოროს" კურთხევიდან 150 წელი შესრულდა
2021 წლის აპრილში ქუთაისის საკათედრო ტაძარის - "სობოროს" კურთხევიდან 150 წელი შესრულდა. ტაძრის ისტორიის შესახებ გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ლორთქიფანიძე.
-XVII საუკუნეში ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი საბოლოოდ დაანგრიეს.
საქართველოს ისტორიულად, პოლიტიკურად და სარწმუნოებრივად ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი, საკათედრო ტაძრის გარეშე დარჩა, რამაც განაპირობა ქუთაისის ახალი კათედრალის ,,სობოროს"" მშენებლობა. 1871-1917 წლებში იმერეთის, ხოლო 1917-1923 წლებში ქუთაისის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო. აღნიშნულ ტაძარში მოღვაწეობდნენ და ერს ლოცავდნენ იმერეთის ეპისკოპოსები: წმინდა გაბრიელი (ქიქოძე), ბესარიონი (დადიანი), ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), გიორგი (ალადაშვილი, შემდგომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი) და ქუთათელი მიტროპოლიტები: ანტონი (გიორგაძე) და წმინდა ნაზარი (ლეჟავა).
ქუთაისში ახალი საკათედრო ტაძრის აგება ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კონსტანტინე ბელიავსკის სურვილით გადაწყდა. იმევე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი.
იმერეთის მიტროპოლიტის დავითის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით, ახალი საკათადრო ტაძრის საძირკველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხეს.
ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, დიდი ნიკო ნიკოლაძე თავის ჩანაწერებში იგონებს: "1851 წელს ქუთაისში ახალი საკათედრო ტაძრის აშენების იდეა გაჩნდა. მამაჩემმა ქუთაისს თითქმის პირველი ქვიტკირის სახლის შენება დაიწყო ჩვენი ეზოს სიახლოვეს, იმ ალაგის პირდაპირ სადაც სახელოვანი მხატვარი გაგარინის გეგმით დაიწყეს გელათის ტაძრის მსგავსი ეკლესიის შენება."
ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ვკითხულობთ: "ქუთაისის ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი. აგებული იყო თეთრი თლილი ქვით. ტაძარს ჰქონდა გუმბათი და სამრეკლო. გუმბათის თავზე აღმართული იყო დიდი ბრინჯაოს ჯვარი. ტაძარი ნაკურთხი იყო 1871 წლის 17 აპრილს, გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ."
ეკლესიის კურთხევასთან დაკავშირებით 1871 წელს ჟურნალ "დროებაში" დაიწერა: "...აკურთხეს ქუთაისის სობორო (წმინდა ალექსანდრე ნევსკის), დიდი ცერემონია იყო, რაც ქუთაისის გუბერნიაში მამასახლისებია ყველანი აქ იყვნენ... ახალ სობოროსთან აუარებელი ხალხი იყო მოგროვილი და მთელი ქუთაისის წარჩინებული პირები. წირვის შემდეგ, იქვე სუფრა გაუშალეს მამასახლისებს".
იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ქუთაისის ახალი საკათედრო ტაძარი 1871 წლის 17 აპრილში, წმინდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხა. ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის (ლეჟავა) ინიციატივითა და საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1920 წლიდან ქუთაისის საკათედრო ტაძარი ალექსანდრე ნეველის ნაცვლად წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელს ატარებდა.
ტაძრის არსებობის ხანმოკლე პერიოდში, მასში არაერთი გამორჩეული და ღირსეული სასულიერო პირი მოღვაწეობდა. შესაბამისად მათი ცხოვრება მცირე თუ დიდი ხნით დაკავშირებული იყო ქუთაისის სობოროსთან. ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი იოანე გამრეკელი, შემდეგ დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე.
XX საუკუნის 20-იან წლებში, ბოლშევიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში დახურეს ასობით ეკლესია, სამეფო მონასტრები და კაცთაგან მივიწყებულად აქციეს ისინი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ანტირელიგიური მოძრაობა მტკივნეულად შეეხო ისტორიულად მნიშვნელოვან უძველეს ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც.
1923 წელს, ქუთაისის საკათედრო ტაძარი კომკავშირს გადაეცა და საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმმა 1924 წლის 30 იანვარს განაჩენი გამოუტანა, სადაც ჩაიწერა: ,,დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო). მასალა გამოყენებული იქნეს ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად. იმ ადგილზე გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილზე დაიდგეს ამხანაგ ლენინის ძეგლი."

1900 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში) დაკრძალეს იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), ხოლო 1918 წლის 24 სექტემბერს, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) საკათედრო ტაძრის ინტერიერში დაიკრძალა. აღნიშნული ტაძარი საბოლოოდ 1924 წელს დაანგრიეს და დიდი მღვდელმთავრების განსასვენებელიც დაიკარგა.
აღნიშნული ტაძრის ტრაგიკულმა ბედმა (დანგრევამ) 2012 წლის 20 თებერვალს დამაწერინა პატარა ლექსი, სადაც გამოვხატე ჩემი პატივგება ქუთაისის სობოროს მიმართ.
აქ ნაზარი წერს სულის ძახილით
სისხლის წვეთები კალამს მიჰყვება
არ შეეგუო ტაძრისა ნგრევას!
ამაოდ შვრება, თავად ბერდება …

ნუ მოუძლურდი ქართულო სულო!
ნუ დაიზარებ ამბორს ტაძრისთვის!
ეს შენ შეგამკობს, შენ სულს უკვდავყოფს
დარდს ჯობს მიეცე სინანულისთვის...

სჯობს შენდობა თქვათ მამათმთავარო
მგრეველთა მისთვის...
ხიდი გასტეხეს!...
უფლის კენსვლის თვის
უფლისკენ სვლისთვის...
სამწუხაროდ, ქუთაისის საკათედრო ტაძარი ათეისტების მიერ განადგურდა...


ფოტოზე: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი სობოროს სამღვდელოებასთან და მგალობლებთან ერთად XIX ს-ის 80 წლები სხედან: (მარცხნიდან): იღუმენი გრიგოლი ჩხაიძე, დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, მღვდელი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი, მღვდელი ნესტორ შვანგირაძე. დგანან: (პირველი რიგი მარცხნიდან): დიაკონი ივლიანე შოთაძე, სტაროსტა დიმიტრი ნაიტაკი, მთავარდიაკონი იოსებ შარაბიძე, მგალო ბელთა გუნდის ხელმძღვანელი ივლიანე წერეთელი, გაბრიელ ეპისკოპოსის მესენაკე მარკოზ სხირტლაძე, დიაკონი ტიმოთე მესხი, ბესარიონ კუხიანიძე, დიაკონი ისიდორე სვანიძე. მეორე რიგი: მგალობლები - რაჟდენ ტოგონიძე, გრიგოლ ჟაში, თომა დემეტრაძე, ოლიფანტე ჭიპაშვილი, ივლიანე ნიკოლაძე, იაკინთე კანდელაკი.
ბეჭდვა
1კ1