ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დედაო ქრისტესო, ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დედაო ქრისტესო, ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა
კიევის ღვთისმშობლის ხატი
ეს ხატი პეჩორის ლავრის ჯვართამაღლების ეკლესიაშია დაბრძანებული. ამ ხატის ისტორია ასეთია: 1970 წელს კიევში მოღვაწე მღვდელმა ტიმოთე შადუროვმა ორი მორწმუნე ხანშიშესული მანდილოსნისგან იყიდა სახლი, რომლის სხვენში ინახებოდა ძველი საეკლესიო ნივთები. ყოფილმა მფლობელებმა ნება მისცეს უვარგისი ნივთების გადაყრისა, ერთი ჯვალოს ნაჭრის გარდა, რომელზეც, მათი აზრით, დაწერილი იყო ხატი. მოძღვარმა ჯვალოზე ხატის კვალიც ვერ აღმოაჩინა. ის გადასცა სქემოსან ანანიას. მან კი მორჩილ ტაისიას დაავალა, მდინარეში ჩაეშვა, რადგან, ტრადიციის მიხედვით, ძველ ხატებს არ წვავდნენ, მდინარის დინებას ატანდნენ.

მდინარის პირას ტაისიას მილიციელი გამოეცხადა. მორჩილი უკან დაბრუნდა. რაღაც ძალა აკავებდა და ჯვალოს არ აგდებდა. ნახევარი წლის შემდეგ, ანანიას თხოვნით, ტილო ჩარჩოში ჩასვეს. 1972 წელს ტაისია მონაზვნად აღიკვეცა გაბრიელას სახელით. ამავე წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ღვთისმშობლის და ყრმა იესოს გვირგვინებზე ორი ჯვარი გამოისახა. მთელი წლის განმავლობაში ტილოზე მთლიანად გამჟღავნდა ხატის ყველა დეტალი. პირველად გამოსახულება შავ-თეთრი იყო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ფერი შეიცვალა. როცა ხატი განახლების სტადიაში იყო, მოიწვიეს ხატმწერ-რესტავრატორი. შეხედა ამ სასწაულს და უარი თქვა ჩარევაზე. ამბავი ხატის განახლებისა სწრაფად გავრცელდა. მღვდლები, მონაზვნები, მორწმუნეები მიდიოდნენ დედა გაბრიელას სახლში. სამღვდელოებამ ხატს უწოდა "მხსნელის" სახელი.

დედა გაბრიელამ სიკვდილის წინ, ახლობლების რჩევით, 1992 წელს ხატი ლავრას გადასცა. ამ ხატის დღესასწაული აღინიშნება 1/14 ოქტომბერს.

სვენის კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის ხატი
ეს უძველესი ხატი დაწერილია პეჩორის ლავრაში. გადმოცემით, მისი ავტორი იყო ღირსი ავლიპი, პეჩორის სავანის მღვდელმონაზონი. ხატზე ღვთისმშობელი მაღალ სამეფო ტახტზეა დაბრძანებული და მუხლებზე უზის ყრმა მაცხოვარი, რომელიც ღვთიური მარჯვენით აკურთხებს წმინდა ანტონის და თეოდოსის. წმინდა მამებს ხელში უჭირავთ გაშლილი გრაგნილები სასულიერო, სამოძღვრო რჩევებით. ხატი დაწერილია ცაცხვის დაფაზე. თანამედროვე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ხატი უკავშირდება ვლაქერნის ტაძარს, როცა ღვთისმშობელმა დაულოცა ხუროთმოძღვრებს გზა კიევისკენ და მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი.

1288 წლამდე ხატი დაბრძანებული იყო ლავრაში, სადაც სახელი გაითქვა მრავალი სასწაულით. ჩერნიგოვის დიდმა მთავარმა რომან მიხეილის ძემ პეჩორის სიწმინდე გადაიტანა მის მიერ დაარსებულ ბრიანსკის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში. ხატი ამ ტაძარში 1925 წლამდე ბრძანდებოდა. ეს სავანე მდინარე სვენის შორიახლოსაა, ამიტომაც მას სვენის მონასტერი უწოდეს. სვენის სახელობისაა ხატიც. 1288 წელს დიდი მთავარი რომან მიხეილის ძე ბრიანსკში ყოფნის დროს დაბრმავდა. როცა გაიგო პეჩორის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ამბავი, იმედმოცემულმა მაცნეს პირით შეუთვალა პეჩორის მონასტერს, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი მისთვის მიეცათ. პეჩორის არქიმანდრიტმა ლავრის სიწმინდე ბრიანსკში გაატანა. გზაში დაუღამდათ და ღამის გასათევად დაბანაკდნენ. დილით ხატი მდინარე სვენის საპირისპირო მთაზე აღმოჩნდა, დიდ მუხაზე იდგა. ამ სასწაულმა მიაღწია დიდ მთავრამდე. ის, სასულიერო პირთან ერთად, ხატის თაყვანსაცემად მთაზე გაემართა. მხურვალე ლოცვით მიმართა მთავარმა ღვთისმშობელს: "ო, სასწაულმოქმედო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, დედაო ქრისტესო - ჩვენი ღვთისაო. ისმინე ხმა ლოცვისა ჩემისა და მომეც თვალთ სინათლე, რათა ვიხილო შენი სასწაულმოქმედი სახე. ყოველივეს, რასაც მე დავინახავ აქედან, ვუძღვნი შენს სახლს. აგიგებ ტაძარს და სავანეს ამ ადგილას, რომელიც შენ შეგიყვარდა". მთავარმა ლოცვა დაამთავრა და დაინახა ბილიკი, სადაც მისივე თხოვნით დაიდგა ჯვარი. 1930 წლმდე (მონასტრის დაკეტვამდე) იგი იმყოფებოდა წიგნების საცავში მლოცველთა თაყვანისსაცემად. ლავრის დახურვის შემდეგ ხატის შენარჩუნება შეძლო მონაზონმა, რომელმაც ლავრის არქიმანდრიტს სპირიდონს გადასცა. მამა სპირიდონი ხატს სიცოცხლის ბოლომდე შინ ინახავდა. ანდერძის თანახმად, ხატი ისევ დაბრუნდა კიევ-პეჩორის ლავრაში, ღირსი პეჩორელი მამების სახელობის ტაძარში.

სვენის პეჩორის ღვთისმშობლის ხატის ხსენებაა 3/16 მაისი.

წმინდა თეოდორეს ღვთისმშობლის ხატი
ძველი თქმულებით, ეს ხატი დაწერილი იყო ლუკა მახარებლის მიერ. უცნობია, თუ ვინ და როდის ჩამოიტანა რუსეთში. XII საუკუნის დასაწყისში ხატი იმყოფებოდა გოროდეცის სამლოცველოში. ის თავიდანვე სასწაულმოქმედ, პატივსაცემ ხატად ითვლებოდა. ვლადიმირის დიდმა მთავარმა იური II ვსევოლოდის ძემ გოროდეცის მოპერანგების დროს მოინდომა მისი ქალაქში გადაბრძანება, მაგრამ ხატი ადგილიდან არ დაიძრა. მაშინ მთავარმა იქ წმინდა სავანის დაარსება გადაწყვიტა. 1164 წელს ამ ადგილზე დააარსეს გოროდეცის მონასტერი და თეოდორე სტრატილატოსის ტაძარი. მტრის შემოსევის დროს სავანე დაიწვა, მაგრამ ხატი გადარჩა. ის ფიჭვის ხეზე მდებარე იხილეს. 1239 წლის 16 აგვისტოს ალექსანდრე ნეველის უმცროსი ძმა, ვასილი, შეეცადა, აეღო ხატი, მაგრამ ის მაღლა, ჰაერში ავიდა. მან მოიწვია სამღვდელოება და წირვა გადაიხადა. მერე ხატი ჩამოიტანეს ხიდან და კოსტრომის მიძინების ტაძარში მიაბრძანეს.

ქალაქის მოსახლეობამ წინა დღეს იხილა, როგორ მოჰქონდა მდიდრულ აბჯარში გამოწყობილ მეომარს ხატი - ასე გამოიხატებოდა ხატზე წმინდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატოსი. მის პატივსაცემად კოსტრომაში ააგეს ტაძარი. ხატს კი, ასე სასწაულებრივად პოვნის გამო, დაარქვეს თეოდორეს სახელი.

მთავარმა იაროსლავმა (ნათლობით - თეოდორე) ამ ხატით აკურთხა ჯვრისწერისას შვილი, მთავარი ალექსანდრე ნეველი. ეს ხატი იყო სალოცავი ალექსანდრესი და მუდამ თან დაჰქონდა. 1263 წელს, ურდოდან დაბრუნებისას, ალექსანდრე შეუძლოდ გახდა და განისვენა გოროდეცის თეოდორეს მონასტერში. სიკვდილის წინ სქემაში აღიკვეცა ალექსის სახელით. მთავარმა ვასილი იაროსლავიჩმა მდინარე ზაპრუდნაიასთან, სადაც ხატი იხილა, დააარსა მონასტერი, რომელიც 1724 წელს გაუქმდა.

1260 წელს, როცა კოსტრომას თათრები შემოესივნენ, მთავარი და ხალხი სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცულობდნენ. ღვთისმშობელს მფარველობას სთხოვდნენ. არნახულ ბრწინვალებას აფრქვევდა ხატი, ვერ გაუძლო მტერმა ღვთისმშობლის ბრწყინვალებას და გაიქცა. ამ ხატთან არის დაკავშირებული მიხეილ რომანოვის ტახტზე ასვლის თარიღი, 1613 წელი. მოსკოვში გამგზავრებისას მიხეილ თეოდორეს ძემ წაიღო თან ხატის ასლი და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დააბრძანა. კოსტრომაში ბრძანდებოდა ორიგინალი, ხოლო გოროდეცის თეოდორეს მონასტერში მისი ასლი.

თეოდორეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იმყოფებოდა ჯვართამაღლების ტაძარში, დაწერილია XIX საუკუნის დასაწყისში. ის 1988 წელს ლავრას ხარკოვის მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა (რუსნაკმა) შესწირა. თეოდორეს ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება 14/27 მარტს, მიხეილ რომანოვის ტახტზე ასვლის დღეს, და 16/29 აგვისტოს, როცა ის მთავარმა ვასილ კოსტრომელმა იხილა.

ბერძნული ღვთისმშობლის ხატი
ბერძენი იმპერატორის, ანდრონიკე III პალეოლოგის ოჯახის სიწმინდე, სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, თავის წმინდა ნაწილებთან ერთად, ანდრონიკეს კიევ-პეჩორის ლავრის ჯვართამაღლების ეკლესიაში ინახება. იმპერატორმა ეს ხატი 1347 წელს შესწირა მორეაში, მონემვასიის მონასტერს, სადაც XIX საუკუნის დასაწყისამდე იმყოფებოდა. 1821 წელს თურქები თავს დაესხნენ საბერძნეთს და ააოხრეს. მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა აღაპიმ საეკლესიო განძეულობა, გარდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა, მტერს დაუტოვა. მან გარდაცვალებამდე ხატი უანდერძა თავის ნათესავს, რუსეთის კონსულს ნ. ვლასოპულოს. მისმა შვილმა კი 1839 წელს ათონიდან გაგზავნა ოდესაში წერილი, რომ ხატი სანკტ-პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზ პირველისთვის გაეგზავნათ. პეტერბურგში ანდრონიკეს ღვთისმშობლის ხატი ზამთრის სასახლეში იყო დაბრძანებული, 1877 წლიდან კი სამების ტაძარში. შემდეგ გადაიტანეს ტვერის გუბერნიის ქალაქ ვიშნი ვოლოჩოკის ყაზანის დედათა მონასტერში. იქ იმყოფებოდა 1917 წლამდე. 1984 წელს ხატი მოიპარეს. 1991 წელს მოხუცმა კიეველმა ქალბატონმა მონაზონ რაფაელის მიერ შესრულებული სასწაულმოქმედი ხატის ასლი (ამას ადასტურებს ხატისAწარწერა. აქვეა მეორე წარწერა, რომ ხატი ეკუთნოდა მარია ემელიანის ასულს) შესწირა აღდგენილ ლავრას.

2001 წელს ლავრის სახელოსნოში გაკეთდა ფიგურული სახატე (კიოტი). მის ჩარჩოში მოთავსებული იყო მოციქულების წმინდა ნაწილები. ხატის დღესასწაულია 1/14 მაისი.

ბეჭდვა
1კ1