ტორონტოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საკუთარ შენობაში აღავლენს წირვა-ლოცვას
ტორონტოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საკუთარ შენობაში აღავლენს წირვა-ლოცვას
2021 წლის 12 თებერვალს კანადაში, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის სახელობის ტაძრის მრევლმა და ემიგრაციამ დიდი ხნის ოცნება აისრულეს და ტაძრის შენობა შეიძინა. ამის შესახებ "საპატრიარქოს უწყებანი" გვამცნობს.
ტორონტოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო 2010 წელს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მეუფე დიმიტრის იმ პერიოდში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მინდობილი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ქართული სამრევლოების წინამძღოლობა.
პარალელურად, მრევლმა დაიწყო ფიქრი ტაძრის შეძენაზე, რადგან შენობის დაქირავება საკმაოდ ძვირი იყო, ხოლო უკვე ნაქირავებ ფართში არაფრის შეცვლის და გადაკეთების უფლება არ ჰქონდათ. სამრევლოს არ გააჩნდა არც მიწის ნაკვეთი, ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის თავშეყრა კი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
საბოლოოდ, 2020 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით, დახმარებითა და მხარში დგომით ტაძრის ძებნის პროექტი სასიკეთოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული პანდემიის გამო, სახელმწიფომ ტორონტოს ეკლესიებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა, ზუსტად ამ დროს, 2020 წლის ზაფხულში, გასაყიდად გამოჩნდა ერთ-ერთი ძველი ტაძრის შენობა (1872 წელს აშენებული).
ტორონტოს ქართული ტაძრის სამრევლომ და ხელძღვანელთა საბჭომ, მეუფე საბას კურთხევით, გადაწყვიტეს, შენობის შეძენა, სესხის აღება და ყიდვის განაცხადის შევსება. მოხდა ისე, რომ შენობის ფასი 25%-ით შემცირდა, წარმოუდგენლად შემცირდა სესხის პროცენტიც (რაც, პრაქტიკულად, არ ხდება). გარკვეული პრობლემები უკავშირდებოდა ტაძრის დაზღვევასაც, რადგან პანდემიის გამო, არსებული ეკლესიების 95% ან დაიხურა, ან ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდნენ, გაეყიდათ შენობა-ნაგებობები და მათი დაზღვევა შეუძლებელი იყო. თუმცა ეს პრობლემაც მოგვარდა და ხანგრძლივი, შრომატევადი პროცედურების გავლისა და დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ შენობა ქართულმა ეკლესიამ გადაიფორმა.
სამომავლოდ, იგეგმება, ტორონტოს ქართულ ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლას, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "ივერიონს" შეექმნათ ისეთი პირობები, რომ ტაძარი ქართული მართლმადიდებლური კულტურის ცენტრად გადაიქცეს და აქ სხვა ეროვნების მართლმადიდებლებმაც მოიყარონ თავი.
"წინ ბევრი შრომა და ბრძოლა გველოდება ამ ეკლესიის შენობის შესაკეთებლად, დასასუფთავებლად და დიდი საქმის მშვიდობით დასასრულებლად. ფინანსურად უნდა გავძლიერდეთ, რადგან სესხის დაფარვის მძიმე გრაფიკი გვაიძულებს მეტ შრომას, ბევრ თავდადებასა და თავშეწირვას. ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია, რათა კანადაში მყოფმა და დაბადებულმა ქართველმა ბავშვებმა არ დაივიწყონ უფალი, ქართული ენა, მამული და სარწმუნოება, რაც ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოდან წამოსულთა და უსამშობლოოდ დარჩენილთათვის. ვსასოებთ უფალს და ვიტოვებთ იმედს, რომ ეს მძიმე შრომა ემიგრანტთა საქართველოს სიყვარულის გაძლიერებასა და სამშობლოში დაბრუნების უდიდეს საქმეს მოემსახურება", - ამბობს ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თომა ბეკურიშვილი და გულითად მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის.
ვულოცავთ ამ ღვთივსათნო და მეტად მნიშვნელოვან საქმეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას, ტორონტოს ქართული ტაძრის წინამძღვარსა და სამრევლოს თითოეულ წევრს, კანადაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერე და წინსვლა.
ბეჭდვა
1კ1