ზესტაფონს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი შეემატა
ზესტაფონს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი შეემატა
თითქმის ერთი თვეა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ზესტაფონში კიდევ ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი შეემატა. პირველი მსახურებაც სწორედ 21 სექტემბერს, ღვთსმშობლის შობის დღესასწაულზე ჩატარდა. წირვა-ლოცვა მარგვეთის ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა. ტაძარი და ტაძრის ეზო მართლაც საოცარი სილამაზით გამოირჩევა...

გვესაუბრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მამა კირიონ მუშკუდიანი.

- როდის დაიწყო ტაძრის მშენებლობა და როგორ მოხერხდა ტაძრის აგება?

- ამ ადგილას, სადაც ამჟამად ტაძარია აღმართული, ადრე ლენინის ძეგლი იდგა. ეს ადგილი მდინარის სანაპიროსთან მდებარეობს და მოსახლეობისგან მოშორებულია, ალბათ ამიტომაც იქცა ძეგლის უკან მდებარე ტერიტორია უკეთურების, ცოდვილი საქმეების ბუდედ - ხდებოდა საქმის გარჩევა, სიძვა, მომხდარა მკვლელობაც... საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ ლენინის ძეგლიც აიღეს და დარჩა ტრიალი ადგილი. 1992 წელს ამ ადგილას ავარია მოხდა და გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი - ლევან შარაშენიძე. ორ ძმას ეს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ლევანის ბიძამ, თამაზ შარაშენიძემ დაიწყო ამ ადგილას ტაძრის აგება, რომელიც იმ დროს ფეროშენადნობთა ქარხანაში ერთ-ერთი განყოფილების დირექტორად მუშაობდა, თუმცა წამოწყებული მშეებლობის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა. რამდენიმე წლის მანძილზე მშენებლობა შეჩერებული იყო და ნახევრად აგებული ტაძარი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. როდესაც მეუფე სპირიდონი ეპისკოპოსად აკურთხეს, გააგრძელა ტაძრის მშენებლობა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ტაძრის დასრულება ვერც მეუფე სპირიდონმა მოახერხა. სამი თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, ზურაბ ბუცხრიკიძე, რომელმაც სამ თვეში დაასრულა ტაძრის მშენებლობაც და ეზოს კეთილმოწყობაც.

თავის დროზე ტაძარი დააპროექტა სამების ტაძრის დამპროექტებელმა არჩილ მინდიაშვილმა. ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე მეც გახლდით. სწორედ იმ დღეს მოგვცა კურთხევა პატრიარქმა, რომ ტაძარი გვეკურთხებინა. თვითონ გამოვლა ვერ მოახერხა, მაგრამ დაგვპირდა, აუცილებლად ჩამოვალ ტაძრის მოსალოცადო. მეორე დღეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე ვაკურთხეთ, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე კი პირველი წირვა აღავლინა მეუფე ვახტანგმა. ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება მსახურება, ვმსახურობთ ოთხი სასულიერო პირი - მღვდელმონაზონი მაკარი, დეკანოზი კირიონი და მღვდლები იოანე და სერაფიონი.

- საზოგადოდ რა მნიშვნელობა აქვს ყოველი ახალი ტაძრის აგებას? ამ მხრივ 21-ე საუკუნე საქართველოსთვის მართლაც გამორჩეულია, ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენს ქვეყანას უამრავი ეკლესია-მონასტერი შეემატა...

- ისტორიას თუ გადავხედავთ, ერის სულიერ ამაღლებას ყოველთვის თან სდევდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. ერი მაშინ აშენებს ტაძრებს, როდესაც სულიერად იზრდება და ძლიერდება, როდესაც ერი სულიერად ეცემა, ეკლესია-მონასტრებს ანგრევს და სიწმინდეებს შეურაცხყოფს. ამის მაგალითი არცთუ შორეულ წარსულში გვქონდა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მართლაც საოცარი სისწრაფით იმატა აღდგენილი თუ ახალაშენებული ეკლესიებისა და მონასტრების რიცხვმა. საქართველოში 2500-ზე მეტი ტაძარია და მათი რიცხი უფრო და უფრო იზრდება. ამ მხრივ გამონმაკლისს არც მარგვეთის ეპარქია წარმოადგენს. ჩვენს ეპარქიაშიც არაერთი მოქმედი ეკლესია-მონასტერია. არ დარჩენილა სოფელი, რამდენიმე თუ არა, ერთი ეკლესია მაინც რომ არ იყოს. ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ადამიანები ეკლესიისკენ შემობრუნდნენ და სულიერი ცხოვრების მოთხოვნილება უჩნდებათ. ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობის უმეტესობა დადის ეკლესიაში, მაგრამ ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებსაც ეკლესიური ცხოვრების დაწყების სურვილი აქვთ. ჩვენ, ღვთისმსახურები, მოვალენი ვართ, ეს სურვილი კიდევ უფრო აღორძინდეს და გაძლიერდეს ადამიანებში. ერთ-ერთმა მოღვაწე მამამ მითხრა: მამაო, ჩვენ ვაშენებთ და მლოცველებიც მოვლენო. ყველაფერი ღვთის ნებითა და დაშვებით ხდება. უფალმა შეიძლება ერთი ადამიანის ცხონებისთვისაც კი ინებოს ტაძრის აგება და ამოქმედება. ტაძრები ხომ ადამიანთა სულების გადასარჩენად იგება. რაც მეტი ტაძარი გვექნება, მით მეტი ადამიანი მივა ეკლესიაში და მით მეტი სული გადაჩება. ბევრი ადამიანისთვის ეკლესიის წიაღში მისვლას ტაძრის ფიზიკური სიახლოვეც უწყობს ხელს.

ზოგიერთები თვლიან, რომ ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვის დაცვა, აღსარების ჩაბარება... ერთგვარ მოდად იქცა და ბევრი ამის გამო დადის ეკლესიაში. ეკლესიაში სიარულის მოდა არ არსებობს. როდესაც კაცი ეკლესიაში მიდის, მას უფალი მოუწოდებს. თავიდან ბევრი გაუცნობიერებლად დგამს ამ ნაბიჯს, პირადად მეც ასე მივედი ეკლესიაში, თუმცა ნელ-ნელა, მოძღვრის დახმარებითა და ღვთის მადლით, ყველაფერს აცნობიერებს და სულიერ საფეხურებზე ადის.

ბეჭდვა
1კ1