წილკნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
წილკნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
წილკნიას და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი):

"წილკნის ეპარქიაში არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა. წილკნელად ვიწოდებოდი, მაგრამ არ შემეძლო წილკნის საკათედრო ტაძარში მსახურების შესრულება, რადგან იგი მაშინ მოქმედი არ იყო. ამიტომ მეც, ჩემი წინამორბედი მღვდელმსახურების მსგავსად, მომეცა ლოცვა-კურთხევა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეწირა. როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის ასამოქმედებლად, ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი დღე ჩემი ცხოვრებისა, რამეთუ ღვთის განგებამ სწორედ წილკნის ღვთისმშობელთან დააკავშირა მრავალი წელი ჩემი შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისა.

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი იქცა ჩემთვის იმ მყუდრო ნავსაყუდლად, სადაც უფალი წარმავალი ქვეყნიური შფოთისა და ამაოებისგან მიცავდა და სადაც უწმინდესი დედოფლის წმინდა კალთას ამოფარებულს, სულიერად მზრდიდა და მიფარავდა, - ბრძანებს მეუფე ზოსიმე, - მღვდელმთავრობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მარტო პატივი და დიდება, ის ჩემთვის უმეტესად დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. არ მეგონა, თუ ის ამოდენა საფიქრალს და საზრუნავს შემძენდა.

რომ არა ღვთის შეწევნა, ძნელად თუ შეძლებდა ვინმე ამ სიმძიმის კეთილად ზიდვას. ყველა შენ შემოგყურებს, შენგან ელის ნუგეშსა და დახმარებას და ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა თავადვე გჭირდება ნუგეში და თანადგომა... ზოგჯერ, როცა თითქოს არსაიდან ჩანს შველა, მაგრამ გულით მსურს მოყვასის დახმარება, მთელი გულით უფალს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად, რათა შეეწიოს გასაჭირში მყოფ ძმას.

ისიც არ აყოვნებს ამის აღსრულებას და უფრო ცხადად ვრწმუნდები იმაში, რომ მარტო არა ვარ, რომ უფალი ჩემთან ერთად ეზიდება ჩემს მძიმე ჯვარს...

დღეს ზედმეტად გამიწიერებულია კაცი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი უმეტესად ქვეყნიურ საზრუნავებსა და სიამოვნებასაა გამოკიდებული. ბევრის ცხოვრებაში ღმერთს აღარ აქვს ადგილი... მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა რწმუნდება, რომ მარტო ქვეყნიურ წარმატებას არ მოაქვს ნამდვილი სიხარული..."


ბეჭდვა
1კ1