დედაქალაქს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი შეემატა
დედაქალაქს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი შეემატა
შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, რომ ჩვენს დედაქალაქში, კახეთის გზატკეცილზე, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი აიგო. ღვთის სახლის აგებით ირგვლივ სიმშვიდემ დაისადგურა, მოსახლეობა ღვთისკენ შემოაბრუნა და ლოცვითი განწყობა შეუქმნა. ამ ადგილას ტაძრის აგების იდეა და სურვილი ახლა უკვე ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ კახაბერ ფირანიშვილს ეკუთვნის. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ტაძრის მშენებლობა და შვიდ თვეში დასრულა - თავად წმინდა გრიგოლ ხანძთელმა იზრუნა იმისათვის, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულებულიყო. როცა საღვთო საქმე კეთდება, ბოროტი უფრო მეტად იბრძვის. "უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა ტაძრის მშენებლობაში, - თქვა მამა კახაბერმა, - თუნდაც ერთი აგურის დადებაში. ეს ადგილი სულ ხეებით იყო სავსე, მომეწონა და დავიწყეთ ფიქრი, აქ აგვეშენებინა ტაძარი. ეს არის უდიდესი ხილული სასწაული. როგორც მშობლის ხელში იზრდება ბავშვი, ისე გაიზარდა ეს ტაძარი ჩემს ხელში. საძირკვლიდან დაწყებული, გახსნამდე აქ ვშრომობდი.

რამდენიმე ხანში დაიწყო ტაძრის მოხატვა. იმედი მაქვს, მომავალში მთელი ტაძარი მოიხატება.. თავიდან მცირე მრევლი გვყავდა, მადლობა უფალს, დღეს შედარებაც არ შეიძლება. ტაძარში მსახურობს კიდევ ერთი მღვდელი შალვა ჯაჯანიძე. გვყავს მედავითნეები, მგალობელ ქალთა გუნდი, სტიქაროსნები. ჩვენს ტაძარში მრავალი დაწერილი ხატია დაბრძანებული. გვყავს მართლაც ოქროსხელიანი ხატმწერი თეოდორე ჯაფარიძე - ყველა ხატი გაცოცხლებულია, იმდენად კარგი ხატმწერია. თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობას ვუხდი მას. ვცდილობთ, კეთილმოვაწყოთ ტაძრის ეზო, გაკეთდეს გალავანი. ახლახან დავამთავრეთ სამრეკლოს მშენებლობა. მადლობა უფალს, რომ გვერდით მიდგას ჩემი მრევლი, ერთმანეთის თანადგომით გაგვაქვს წუთისოფელი. არ არსებობს ისეთი დღე, რომ ჩემი მრევლისთვის არ მოვიცალო, არ გავიზიარო მათი სიხარული და მწუხარება. უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მრევლის წევრები ჭეშმარიტ მართლმადიდებლებად, მორწმუნე ქართველებად აღვზარდო. სულიერებაში ყველა პატარაა და მათ გაზრდა სჭირდება.

უწმინდესი ბრძანებს, რომ იყო დრო ნგრევისა, ახლა არის ჟამი შენებისა. მადლობა უფალს, რომ მრავლდება და შენდება ტაძრები. ეკლესია-მონასტრები არის სახლი ღვთისა, სადაც თითოეული სულიერებაში უნდა იზრდებოდეს. ეს არის ხომალდი, რომელიც ყოველ კაცს მეორე ნაპირზე, სამშვიდობოზე გაიყვანს. ტაძარი არის ცოცხალი სხეული, მისი თავი და თავი თვითონ ქრისტეა. ქართველები ძალიან ბევრის მომსწრეები ვართ. ხშირად საკუთრი ხელით ვანგრევდით ტაძრებს, სამრეკლოებს. მადლობა უფალს, ბევრი ტაძარი შენდება და მომავალშიც აშენდება.

ბავშვობიდან მიყვარს წმინდა გრიგოლ ხანძთელი. ამ წმინდანმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერის განვითარებაში. როცა უწმინდესს გავუმხილეთ ჩვენი სურვილი, დიდი სიხარულით გვაკურთხა. უწმინდესის უდიდესი სურვილია ქართველი წმინდანების სახელზე აშენდეს ტაძრები. იმდენად დიდი იყო მისი უწმინდესობის კურთხევა და იმდენად შეგვეწია წმინდა გრიგოლ ხანძთელი, რომ შვიდ თვეში აშენდა და გაიხსნა ტაძარი. დღესაც კი ვგრძნობ მის გვერდით დგომას და მხარდაჭერას. მადლობა უფალს, ხალხი დაგვიდგა გვერდით.

***
ბებიაჩემის დამსახურებაა, მე რომ ტაძარში მივედი. ბებია მორწმუნე ქალი იყო, მღვდლის შვილიშვილი. მას დავყავდი ტაძარში და თან მელაპარაკებოდა ეკლესიაზე. ბებიისგან ვიგებდით ღვთის სიტყვას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე, რომ აღდგომას, შობას და სხვა დღესასწაულებზე აუცილებლად ტაძარში უნდა ვყოფილიყავით. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. წარმოშობით ყაზბეგიდან, სნოდან ვარ. ღვთის მადლით, დავიწყე გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სიარული. მამა გიორგი სამსონიძე იყო და არის ჩემი მოძღვარი. ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში, მესამე კურსზე ვიყავი, როცა უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი. თერთმეტ თვეში მღვდლად მაკურთხა. ბავშვობის ოცნება რეალობად მექცა.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამიშვეს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, მამა გურამ გურამიშვილთან, შემდეგ უკვე მრევლის თაოსნობით და გვერდში დგომით ავაშენეთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი. ტაძარი აკურთხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა.

***
რასაც ერისკაცობაში ვერ ვიღებდი და მაკლდა სულიერებაში, ვცდილობ, ეს ნაკლოვანება შევუვსო ჩემს მრევლს და სულიერი ცხოვრების წინსვლაში მივეხმარო. ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს პარაკლისებს ვატარებ, რის შემდეგაც მრევლს კითხვა-პასუხით ვესაუბრები. ვფიქრობ, მარტო აღსარებით არ უნდა შემოიფარგლოს მოძღვრისა და მრევლის დამოკიდებულება. აღსარებაში ვერ მოასწრებ იმის თქმას, რაც შენ სულიერად თუ ხორციელად გტკივა, ამიტომ მოძღვართან ურთიერთობა ამ ფორმით არის საჭირო და მეტი დოზითაც, რადგან დღეს ხსნა მხოლოდ ეკლესიის წიაღშია. მოძღვარმა სულიერად უნდა დაანაყრო ადამიანი. თითოეული სულიერი შვილის სულზე ძალიან დიდია მოძღვრის პასუხისმგებლობა. ერთია, კურთხევა გასცე, მეორე კი მწყემსო შენი მრევლი, მესამეა ის, რომ თითოეულს მისცე ის, რასაც საჭიროებს, ანუ სულიერება, უფლის სიტყვა, სიბრძნე. ყველაფერი ერთად აღებული ერთი მოძღვრისთვის მძიმეა, მაგრამ მადლობა უფალს, რადგან უფლის გზაზე ვდგავარ და ეს ჯვარი ვიტვირთე, ამას უფალი შემაძლებინებს. ვფიქრობ, როგორც მოძღვარმა უნდა დაუთმოს თავის სულიერ შვილებს უფრო მეტი დრო, ასევე სულიერ შვილსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოძღვართან უფრო მეტი ურთიერთობა, რათა მოძღვრისგან მეტი სულიერი საკვები მიიღოს და უფრო მეტად იყოს გათვითცნობიერებული დედაეკლესიის წიაღში.

ღმერთმა ამრავლოს ყველა, ვინც დედაეკლესიის წიაღშია. ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი, ძალიან კეთილ საქმეს ემსახურებით".

ბეჭდვა
1კ1