ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო.
დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.
მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.
მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა.
დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან ბარბაროსთა უგუნურების მსხვერპლი.
XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ქართლის მეფე დავით მეათეს, შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, მიუტოვებია ტახტი და მამადავითის ეკლესიაში ბერად აღკვეცილა. დავითი აქვე გარდაიცვალა და დაუკრძალავთ ფერიცვალების ეკლესიაში, მამადავითის დიდი ეკლესიის გვერდით.
1810 წელს, ტაძრის რეკონსტრუქციის დროს, უპოვიათ დავითის საფლავი, დავითის ძვლები ჭილოფში ყოფილა გახვეული; ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.
მეფე ერეკლე მეორეს შვილის, სოლომონის გარდაცვალებით მიღებული ტრავმის მოშუშებაში მამადავითის ეკლესია დახმარებია. შვილის სიკვდილის შემდეგ, ის ეკლესიაში განმარტოებულა. სანუგეშებლად მეფესთან ყოველდღე ადიოდა თურმე საქართველოს კათალიკოსი ანტონი; მამადავითის ეკლესიაში სალოცავად ხშირად ადიოდა თურმე საქართველოს უკანასკნელი მეფე, გიორგი მეთორმეტე.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რომ მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.
კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშუეთის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. მამა თომა გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი "სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა". ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.
კათალიკოს-პატრიარქ ანტონ მეორისა და მეფე გიორგი მეთორმეტეს დროს ტაძრის აგებისას და დედათა მონასტერის დაარსებისას შეკეთდა წმინდა დავითის სენაკ-მღვიმე. 20-ე საუკუნის 30-წლებში როცა ეს წმინდა ადგილი პანთეონად გადააქციეს, კეთილმოწყობის დროს წმინდა დავითის მღვიმე აგურის კედლით მთლიანად დაიფარა, დარჩა მხოლოდ მცირე სადგომი, რომელშიც მხოლოდ მილები იყო გამოყვანილი, საიდანაც შეიძლებოდა წყლის აღება. 2002 წლის აპრილში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით ამოშენებული კედელი გაიხსნა და გამოჩნდა მღვიმე , რომელშიც ამჟამად ყოველი მხრიდან წყალი მოჟონავს. იგი სენაკის ძირში მდებარე აუზში გროვდება.
მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი, 1915 წელს კი, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, დაიბადა აზრი, რომ მთაწმინდაზე ერის წინაშე განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პიროვნებათა სასაფლაო მოეწყოთ. 30-იან წლებში დიდუბიდან გადმოასვენეს მრავალი ძვირფასი ადამიანის ნეშტი და აქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარსდა.