სტუმრად ბაღდათის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში
სტუმრად ბაღდათის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში
"კარიბჭის" რედაქცია ამას წინათ მოსალოცად ქუთაისს გაემგზავრა. მოვილოცეთ გელათი, მოწამეთა, ბაგრატი. მეგზურობას და მასპინძლობას არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) გვიწევდა. მამა მაკარის ნაქადაგებ ღვთის სიტყვას ჩვენი ჟურნალის მკითხველი კარგად იცნობს. ქუთაისის შემდეგ ბაღდათს ვესტუმრეთ, მერე წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში შევჩერდით. მამა მაკარი ამ მონასტრის წინამძღვარი ბრძანდება. კეთილმოწესე კი მონაზონი ნინო (ნოდია) გახლავთ. ვისარგებლებთ შემთხვევით და მამა მაკარის უღრმეს მადლობას გადავუხდით დაუვიწყარი და გულთბილი მასპინძლობისთვის. მამა მაკარის და მონასტრის წევრებს ვთხოვე ესაუბრათ წმინდა თამარის სავანის შესახებ.

- თურქებმა 1510 წელს იმერეთი რომ დაიპყრეს, აქ თხმელის ხისგან პატარა ციხესიმაგრე ააშენეს და ამიტომ დაერქვა თხმელის ციხე, - მიამბობს მამა მაკარი, - შემდეგ ააშენეს ქვის გალავანი. მეფე სოლომონ პირველმა დაუნგრია ციხე თურქებს. თურქებმა რუსეთ-თურქეთის ზავით დანგრეული უკან დაიბრუნეს. მაგრამ იქ აღარც თურქები იდგნენ და აღარც ქართველები. XIX საუკუნეში აქ ვარციხის კონიაკის მწარმოებლის - ანანოვების საზაფხულო რეზიდენცია იყო, კომუნისტების დროს კი სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებები. ვანისა და ბაღდათის ეპარქიის შექმნის შემდეგ ეს შენობა ჩვენს ეპარქიას გადასცეს და მონასტერი დავაფუძნეთ. 13 წელია, რაც მონასტერი არსებობს. აქ ორი ტაძარია - წმინდა თამარ მეფის (მოხატა ზურაბ მოდებაძემ) და წმინდა ანტონი დიდის სახელობისა (მოხატა მამა იაკობ აბულაძემ). ვიდრე ვანში აშენდებოდა მღვდელმთავრის რეზიდენცია, მღვდელმთავარი აქ იყო. ვანის რეზიდენციაშიც მონასტერია, იქ რამდენიმე დედა ცხოვრობს. ჩვენს ეპარქიაში ერთი მამათა და ორი დედათა მონასტერია. ორ წელიწადში გვექნება კიდევ ორი მონასტერი.

დედების ძირითადი საქმიანობა მონასტრის ეზოს, ყვავილების მოვლაა, ასევე ხელსაქმე, ქარგვა, სკვნილების გაკეთება. ეპარქიისთვის სეფისკვერებს აქ აცხობენ.

- მამაო, რა არის მონასტრის მთავარი დანიშნულება?

- პირველ რიგში ის არის, რომ ადამიანები, რომლებსაც სურთ ღმერთი მეტად შეიცნონ, ამ ქვეყანას განეშორონ და მეტად მოიცალონ საკუთარი სულისათვის, თავი უფალს მიუძღვნან. ეს არ ნიშნავს, რომ ერში მყოფმა არ უნდა მიუძღვნას თავი უფალს. ერში მყოფი ადამიანი თავს უძღვნის უფალს ფიზიკური შრომით, ხოლო მონასტერში მყოფი - უფრო მეტად სულიერი შრომით, ვნებებთან ბრძოლით, გულის განწმენდით, იესოს ლოცვით, ეს არის უმთავრესი. წმინდა მამები გვეუბნებიან, - დაჯექი შენს სენაკში და სენაკი თავად გასწავლის, როგორ მოიქცეო. თუ სენაკიდან ადამიანი არ გადის და ცდილობს, ის აღასრულოს, რასაც წმინდა მამები გვასწავლიან, უპირატესის ლოცვა-კურთხევას მოჩილად აღასრულებს, აუცილებლად დაიკვიდრებს ცათა სასუფეველს. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება დღეს უფრო საერო ყოფაზეა მიჯაჭვული. ზოგიერთი ამბობს, დღეს აღარ არის ის დრო, რომ მონასტრებში წავიდეთო. უფალი ყოველთვის ერთი და იგივეა. უფალი არ ყოფილა სხვანაირი პირველ და მომდევნო საუკუნეებში, არც დღეს შეცვლილა. ადამიანები უფრო მიეჯაჭვნენ საერო ყოფას და ამის გამო უჭირთ მონასტერში წასვლა. ძველ დროში არ იყო იმდენი სხვაობა მონასტრულ და საერო ყოფას შორის. იყო მარტო სულიერ ღვაწლში სხვაობა. დღეს ყოფა-ცხოვრებაშიც არსებითი სხვაობაა. ამიტომ უკვე ერში მყოფ ადამიანს უჭირს. დღეს ამიტომაც არ არის იმდენი ბერ-მონაზონი, რამდენიც შუა საუკუნეებში იყო. მორწმუნეებიც კი მიჯაჭვულები არიან საერო ყოფას და ვერ გამოდიან საერო ყოფიდან. მთელი მსოფლიო არის გადასული გართობაზე, მათ შორის მრევლიც. საზოგადოების თვალით შეიძლება ზოგი გართობა არ იყოს სათაკილო. არანაირი გართობა ღვთისთვის სათნო არაა. იმ დროს, როდესაც ვერთობით, ვაკლებთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ყოფნას უფალთან. რაც უფრო მეტია გარშემო გასართობი, მით უფრო სცილდება ადამიანი უფალს.

 

KARIBCHE

 

ღმერთმა დაგლოცოთ.

მონასტერში უხუცეს ბერს, იღუმენ ზაბულონს (ნოდია) შევხვდი. ის მონასტრის კეთილმოწესის, დედა ნინოს ხორციელი მამაა:

- როგორც კი გაიხსნა დედათა მონასტერი, მეუფე ანტონთან ერთად აქ დავფუძნდი. წარმოშობით აბაშის რაიონიდან ვარ. მაშინ მეუფე ანტონი ჩვენთან მსახურობდა. აბაშის რაიონში ერთი ტაძარი იყო და მეც იქაური მრევლი ვიყავი. ვაჟი გარდაცვლილი მყავს. ჩვენს ოჯახს განსაცდელებმაც შეუწყო ხელი, გვეფიქრა მონასტრულ ცხოვრებაზე. უფალმა ასე დაუშვა. ჩანს, შინაგანი სურვილიც გვქონდა ღვთის გზაზე დადგომისა. მონასტრული ცხოვრება მამა-შვილმა ერთდროულად გადავწყვიტეთ. ორი-სამი წელიწადი ბრძოლა მქონდა, რომ საბოლოოდ დავრჩენილიყავი მონასტერში. თავიდან სვეტიცხოველში ვიყავი. მონასტერში ვიპოვე ღმერთი. გაჭირვებული კი არა, დალხინებული უნდა მოდიოდეს ადამიანი მონასტერში. თუმცა უფალმა თავად იცის, ვინ რა გზით მოიყვანოს თავის სავანეში.

მონაზონი თეოდორა:

- დედაო, როგორ მიდის ადამიანი მონასტერში?

- უფალს ყველა ადამიანი სხვადასხვა გზით მიჰყავს მონასტერში. ზოგიერთს გაცნობიერებული აქვს, რისთვის მიდის მონასტერში. მიდიან ცხოვრებისგან გაწვალებულებიც, მაგრამ ამ კატეგორიას, ვფიქრობ, უჭირს მონასტერში გაჩერება.
KARIBCHE
მარჯვნიდან - დედა თეოდორა, მორჩილი ირმა და მორჩილი მართა

ერში გარეგნულად ხილული ბრძოლებია, მონასტერში კი სულიერი. ამიტომ უჭირთ მონასტერში გაჩერება. მონასტერში ადამიანი უფალთან ახლოს უნდა იყოს. ერშიც არის გადარჩენის გზა და უფრო მეტადაც შეიძლება ცხონდეს კაცი, მაგრამ მონასტერში მეტი საშუალებაა, მიუახლოვდე უფალს.

- როგორი სახით მოდის მონასტერში განსაცდელები?

- განსაცდელები თანდათან იზრდები. წმინდა მამები სულიერ განსაცდელს თვლიან განსაცდელად და არა მიწიერს და ხორციელს. მონაზვნობა არის სულიერ ხარისხზე ძალითი ძალად ასვლა. ამას უნდა მოღვაწეობა, რომ სულიერი სრულყოფილებისკენ იარო. რაც უფრო მაღლა ადიხარ სულიერ საფეხურებზე, უფრო მეტი სულიერება მოდის.

- თქვენ რა იცოდით მონასტრული ცხოვრების შესახებ და რა დაგხვდათ რეალურად?

- ოჯახიდან წინააღმდეგობები კი მქონდა. მონასტერში რომ წამოვედი, მწირი ცნობები მქონდა მონასტრული ცხოვრების შესახებ. ჩემი მოძღვარი მირჩევდა, წამეკითხა წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება. დედებთანაც მქონდა ხშირი ურთიერთობა. თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რა იყო მონასტრული ცხოვრება. ვიცოდი, რომ განსაცდელები მონასტერშიც დამხვდებოდა. მაგრამ ვამბობდი, რაც არ უნდა ბრძოლა მქონდეს, მონასტერში მივდივარ და ვრჩები-მეთქი. უკვე ათი წელია, აქ ვარ. ცხრა წელი ვიყავი მორჩილი. მონატერში დედები დამხვდნენ. თავიდან აქ მეუფე ანტონის რეზიდენცია იყო.
მონაზვნობა იგივე მორჩილებაა. კარგი მონაზონი ხარ მაშინ, თუ კარგი მორჩილი ხარ. პატივი არ უნდა მოითხოვო, იმდენად უნდა მიდიოდე სრულყოფილებისკენ.

- რა არის მონასტერში მთავარი?

- საერთოდ მონასტრულ ცხოვრებაში მთავარია მორჩილება, იმიტომ, რომ იქ არის წინამძღვარი, რომელსაც აქვს ყველაფერი განაწილებული. შენ გაქვს შენი ადგილი. ის უნდა გააკეთო, რაც გევალება. დიდება უფალს. ჩვენი მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მაკარი, კეთილმოწესე - მონაზონი ნინო (ნოდია). მონასტერში ოთხი მონაზონი და ორი მორჩილი ცხოვრობს. ხუთი წელია, რაც დაიწერა მონასტრისთვის ტიპიკონი და ვცდილობთ, შევასრულოთ. დილით 5.30 საათზე ირეკება ზარი და ცისკრის ლოცვისთვის ვემზადებით. 6 საათზე ვიწყებთ ლოცვას. 10 საათზე ტრაპეზი გვაქვს. მანამდე ვასრულებთ პირად კანონებს. თუ ვინმეს რაიმე პირადი საქმე გვაქვს, ლოცვიდან ტრაპეზამდე ვასრულებთ. მერე უკვე გავდივართ საერთო მორჩილებებზე. შვიდგზის ლოცვებს ვკითხულობთ. საღამოს ვლოცულობთ. 8 საათზე ვიკრიბებით და შემდეგ შევდივართ კელიებში. კანონად გვაქვს მოცემული მდუმარება და იესოს ლოცვა. ვცდილობთ, ასე გავაკეთოთ. რამდენიმე თვეა, მამა მაკარის ლოცვა-კურთხევით, იესოს ლოცვით ვართ დაკავებულნი.

დაგლოცოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ უფრო გავრცელდეს თქვენი სიტყვა, ქადაგება.
ბეჭდვა
1კ1