პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება
პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება
პოჩაევოს ლავრის მოლოცვა დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი. ამჯერად სალომე ვაშალომიძის თვალით ნანახს და გულით განცდილ შთაბეჭდილებებს გადმოგცემთ:

- პოჩაევოს ლავრა უკრაინაში, ტერნოპილის რაიონში მდებარეობს. კიევიდან 480 კმ-ზე. კარიბჭეში ფეხშედგმულს ამაღლებული სულიერი განწყობა დამეუფლა. ლავრაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დავესწარით საღამოს მსახურებას, ვემთხვიეთ ღვთისმშობლის ნაფეხურს, ღამე მონასტრის სასტუმროში გავათენეთ, დილით მონასტრული ტიპიკონით 5 საათზე ავდექით, მოვილოცეთ წმინდა იღუმენ იობის მღვიმის ტაძარი და მის წმინდა სხეულს მივეახლეთ, ასევე დაგვახურეს მისი წმინდა ქუდი, მღვიმეში დაბრძანებულია ამფილოქე პოჩაევოელის უხრწნელი სხეული. დილის 6 საათზე დაიწყო საღმრთო ლიტურგია წმინდა სამების ტაძარში, სადაც ვეზიარეთ უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადავედით, სადაც ამბიონზე კანკელიდან აღსავლის კარის წინ ჩამოდის პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ყველა მორწმუნე ავედით ამბიონზე და ვემთხვიეთ.

პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ისტორია
600-ზე მეტი წლის წინ პოჩაევოს მთაზე ცხოვრობდა ორი მონაზონი. ერთხელ ერთ-ერთი ლოცვის შემდეგ მთის წვერზე ავიდა მთაზე და მოულოდნელად დაინახა მწვერვალზე მდგარი ღვთისმშობელი. მას გარს ცეცხლის ალი ერტყა, მონაზონმა დაუძახა მეორეს. ამ სასწაულს ასევე უმზერდა მწყემსი იოანე ბოსოი. ისიც ავიდა მთაზე. მათ ადიდეს უფალი. შემდეგ ღვთისმშობლის ნადგომზე სამუდამოდ აღიბეჭდა დედა ღვთისას მარჯვენა ფეხისგული. ეს მოხდა 1340 წელს.

1559 წელს კონსტანტინოპოლიდან მომავალმა მიტროპოლიტმა ნეოფიტემ ვოლინის ოლქი გაიარა, პოჩაევოს მახლობლად ანა გოისკა მოინახულა და მისი თხოვნით, ცოტა ხანს იქ გაჩერდა. გამგზავრებისას ბერძენმა მღვდელმთავარმა ლოცვა-კურთხევის ნიშნად ანას კონსტანტინოპოლიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაუტოვა.

ხატმა სასწაულის აღსრულება დაიწყო - გაბრწყინებულს ხედავდნენ. ანამ მას აუნთო ჩაუქრობელი კანდელი. ამ ხატმა მისი კოჭლი ძმა ფილიპე განკურნა. ანამ ხატი პოჩაევოს მონაზვნებს გადასცა. ღვთისმშობლის მიძინების სახელზე კლდეზე ტაძარი აღაშენეს და მასთან მონასტერიც დააარსეს. საარსებო თანხა ანა გოისკამ გამოუყო. სწორედ იმ დროიდან იწოდება ეს ხატი პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატად.

ანას გარდაცვალების შემდეგ პოჩაევოს მთა მის ძმისწულს ერგო, ის მართლმადიდებლობის მოძულე იყო. მონასტერი გაძარცვა და დაეპატრონა ხატს, 20 წელიწადი შინ ჰყავდა დატყვევებული. ერთხელ სიწმინდის აბუჩად აგდება განიზრახა. მოიწვია სტუმრები, ცოლი მართლმადიდებელი მღვდლის სამოსით შემოსა, მან კი ღვთისმშობლისა და მისი ხატის გმობა დაიწყო. მკრეხელს არაწმინდა სული ეკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ განიკურნა, რაც ხატი ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1644 წელს.

5 წლის შემდეგ ხატი ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, რომელიც ცოლ-ქმარმა დომაშევსკებმა ააგეს სავანეში. ხატმა კვლავ სასწაულთმოქმედება დაიწყო. მან უამრავი სასწაული აღასრულა, თითქოს იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო.

ერთი პოჩაევოელი მონაზონი საპყრობილეში იტანჯებოდა, იგონებდა პოჩაევოს, მისი საკვირველი ეკლესიებითა და სიწმინდეებით, ღვთისმსახურებითა და საგალობლებით. განსაკუთრებით წუხდა, რომ ახლოვდებოდა მარიამობის დღესასწაული, ის კი ტყვეობაში რჩებოდა და თვალცრემლიანი ევედრებოდა ღვთისმშობელს, დაეხსნა. მოხდა სასწაული: ამ დროს უეცრად გაქრა საპყრობილის კედლები და თავისდა გასაკვირად, აღმოჩნდა ხალხით სავსე მონასტრის კედელთან.

1675 წელს თურქებმა სავანეს ალყა შემოარტყეს. მონასტერი ხის იყო, რაც აძნელებდა დაცვას. მთელი იმედი დედა ღვთისაზე ჰქონდათ დამყარებული. იღუმენმა ბრძანა ღვთისმშობლის დაუჯდომელი ეგალობათ, როდესაც დაიწყეს გალობა: "ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა", ტაძრის თავზე თვით თურქებმა შეამჩნიეს საკვირველი ჩვენება - ღვთისმშობელი მოკაშკაშე ნათებით, პოჩაევოსთვის თავისი ომოფორი გადაეფარებინა. თან ახლდა უამრავი საომრად აღჭურვილი ანგელოზი, ხელთ მოელვარე მახვილები ეპყრათ. თურქები უკუიქცნენ, პოჩაევოს დამცველები დაედევნენ და საბოლოოდ დაამარცხეს ისინი.

* * *
დიდი ხნის შემდეგ ერთი პოჩაევოელი მონაზონი გაბრიელი გავლით იყო კონსტანტინოპოლში, იქ ერთ თურქს ესაუბრა. თურქმა ჰკითხა:

- ცოცხალია თქვენი ქალღმერთი?

- ცოცხალია და მარად ცოცხალი იქნება, - მიუგო მონაზონმა, მიხვდა დასმულ კითხვას.

- მძვინვარეა თქვენი ქალღმერთი! - აღელვებულმა შესძახა თურქმა, - იქ მამაჩემი და ბევრი ჩვენიანი დაიღუპა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ამ უბედურებას ვერასოდეს დავივიწყებ.

1721 წელს პოჩაევო, თავის ხატთან ერთად, უნიატების ხელში გადავიდა. მათ მიერ დარღვეული სამების ტაძრის ნაცვლად მიძინების დიდი ტაძარი ააგეს. სასწაულები ხატთან არ წყდებოდა.

1831 წელს პოჩაევო კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნდა. ერთხელ მონასტერს ბრმა გოგონა, ანა აკიმჩუკოვა ესტუმრა 70 წლის ბებიასთან ერთად. ილოცა პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან და ჩამოიბანა თვალები ღვთისმშობლის ნაფეხურიდან მომდინარე წყლით, მეყსეულად განიკურნა და მიეცა ჩინი. სასწაულით განცვიფრებულმა ანას უნიატმა ბებიამ მართლმადიდებლობა მიიღო.

პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატთან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება!

გფარავდეთ ყველას მისი მადლი უკუნისამდე! ამინ.

პოჩაევოს ლავრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის იღუმენი წმინდა იობი
იღუმენი იობი 1551 წელს დაიბადა. ნათლობის სახელი იყო იოანე. 10 წლისა წავიდა მონასტერში. 12 წლის ასაკში კი აღიკვეცა მონაზვნად და იობი უწოდეს.

დაიწყო წმინდანის ცხოვრების ახალი ეტაპი, მრავალი განსაცდელითა და წინააღმდეგობით ზიდავდა თავის ჯვარს. მონასტრის აღმშენებლობაში მონაწილეობდა. ცხოვრობდა მღვიმეში, ღამეებს ლოცვაში ათენებდა, დილით კი მსახურობდა და გამოირჩეოდა მდუმარებით. ერთხელ ქურდები შევიდნენ მის კელიაში, აიღეს, რაც უნდოდათ. ამ დროს დარჩათ ფულით გატენილი საფულე. წმინდანმა აიღო, დაედევნა ქურდებს, - კელიაში დაგრჩათო. ქურდები გაოცდნენ, დააბრუნეს ნაქურდალი და იძახდნენ, - ეს კაცი ნამდვილად ღვთის შვილიაო.

მონასტერში ცხოვრების დროს წმინდა იობი წიგნებს წერდა. მის დროს გამოქვეყნდა მრავალი წიგნი.

 

KARIBCHE

პოჩაევოს ლავრა

მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, წმინდა იობმა იცოცხლა 100 წელი და მიიცვალა მშვიდად, კვირა დღეს, 1651 წლის 28 ოქტომბერს. 1659 წლის 8 აგვისტოს ლავრაში მოღვაწე მამებმა გახსნეს წმინდანის საფლავი. უამრავი ხალხი ესწრებოდა გადმოსვენებას. მისი სხეული უხრწნელი აღმოჩდა და დააბრძანეს ლავრის წმინდა სამების ტაძარში. ამ დროს წმინდანის სხეულთან აღესრულა მრავალი სასწაული, განიკურნა ხალხი ფიზიკური და სულიერი სნეულებისაგან.

ჯვართამაღლების დღესასწაულის წინ აქ ცოტა ხნით საცხოვრებლად ჩამოვიდა თავადის ასული დომაშევსკა. მან უეცრად გაიგონა მსახურთა უიშვიათესი გალობა, რომელიც გამოდიოდა ტაძრიდან. ასევე ეკლესიის ფანჯრებიდან იფრქვეოდა ცეცხლივით სინათლე. ჯერ იფიქრა, - ალბათ, რომელიმე მონაზონმა ღამე ლოცვაში გაათენაო, მაგრამ შემდეგ შევიდა ტაძარში და დაინახა წმინდა იობი ორ წმინდანთან ერთად ლოცულობდა. ამის დანახვაზე შიშით გოგონამ გონება დაკარგა, მაგრამ უფლის წმინდანმა უთხრა: - ნუ გეშინია, ქალწულო, წადი და დაუძახე იღუმენსო. ამ დროს იღუმენი ავად იყო. ანამ უთხრა, - ის სიკვდილის პირასააო. წმინდა იობმა მისცა ანას აბრეშუმის ნაჭერი და გაგზავნა სნეულ იღუმენთან. ანა წავიდა, კელიის კართან დადგა და დაუძახა იღუმენს. სნეულმა გადაისახა პირჯვარი, გამოართვა ანას წმინდა იობის გაგზავნილი ნაჭერი, დაიფარა და იგრძნო, რომ გამომჯობინდა. ადგა და წავიდა ტაძარში. მამები გაოცდნენ, როცა იხილეს განკურნებული იღუმენი.

- მამაო, როგორ მოხვედით აქ? - ეკითხებოდნენ იღუმენს.

- ჩვენმა მამა იობმა ილოცა ჩვენთვის და განმკურნა, - უპასუხა იღუმენმა.

1842 წლის 14 სექტემბერს წმინდანის უხრწნელი სხეული გადააბრძანეს მღვიმის ტაძარში, იქ, სადაც ის მოღვაწეობდა.

წმინდანის ხსენება აღინიშნება წელიწადში სამჯერ: 19 მაისს - იობ მრავალვნებულის ხსენების დღეს; 10 სექტემბერს - მისი სხეულის გადაბრძანების დღეს და 10 ნოემბერს.

მრევლს მოგვეცა საშუალება, მივახლებოდით მის წმინდა სხეულს, რის შემდეგაც დაგვახურეს მისი წმინდა ქუდი. შევედით მის მიერ გამოთლილ 2-მეტრიან მღვიმეში, რომლის შესასვლელი ძალიან ვიწროა, შესვლა მხოლოდ დაწოლილს შეგიძლია. მღვიმეში საოცარი მადლი იგრძნობოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როცა გაიგეს, ქართველები ვიყავით, გაუხარდათ, - ძალიან ბედნიერი ერი ხართ, ღვთისმშობლის კურთხეულიო. მართლაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ დედა ღვთისას კურთხევას! გფარავდეთ მისი დედობრივი ლოცვა!

* * *
პოჩაევოს ლავრას კიდევ ერთი დიდი წმინდანი ჰყავს, წმინდა ამფილოქე პოჩაევოელი, რომელიც სნეულთა კურნების მადლით გამოირჩევა და რომლის უხრწნელი სხეული ასევე მღვიმის ტაძარშია დაბრძანებული.

წმინდა ამფილოქე პოჩაევოელი ცხოვრობდა 1894-1971 წლებში. ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მის მშობლებს 10 შვილი ჰყავდათ.

წმინდანი იხსენებდა, რომ რწმენის პირველი გაკვეთილები ღრმადმორწმუნე და ღვთისმოშიში მშობლებისაგან მიიღო. წმინდანს უფლისაგან მიმადლებული ჰქონდა კურნების ნიჭი, ის ასევე კურნავდა ისეთ სნეულებს, რომლებიც სიკვდილის პირას იყვნენ მისული და ექიმებს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. წმინდა ამფილოქე უანგაროდ კურნავდა სნეულთ. ამის გარდა, ლოცვით განდევნიდა არაწმინდა სულებს ადამიანებისაგან.

წმინდა ამფილოქე ყოველთვის ამბობდა: დღე - მორჩილება; ღამე - ლოცვა!

ის მძიმედ მარხულობდა და ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ტაძარში პარაკლისებს კითხულობდა. მისი კელიიდან ყოველთვის კანდელის შუქი გამოდიოდა.

წმინდა ამფილოქეს მძიმე დროში მოუწია მოღვაწეობა. დევნიდნენ ქრისტიანებს; გეგმავდნენ ლავრის ათეისტურ მუზეუმად გადაკეთებას; აკონტროლებდნენ ყველა მონაზონს, მომლოცველებს და მორწმუნეებს. მიუხედავად ამისა, ის მტკიცედ იდგა და ამბობდა: - არ გეშინოდეთ კრიტიკული წუთების, არ გეშინოდეთ არაფრის და არავის გარდა უფლისა!.

1962 წლის შემოდგომა იდგა. ის ხელმოტეხილი გოგონას დასახმარებლად მიდიოდა. უეცრად მოახლოებული საშიშროება იგრძნო, მობრუნდა. მორჩილი დაინახა. მან აცნობა, ლავრის წმინდა სამების გასაღები მილიციამ წაიღოო. მოხუცი მივიდა ტაძარში, სადაც უამრავი ხალხი დახვდა. მივიდა მილიციელთან და ხელის სწრაფი მოძრაობით გამოართვა ყველა ტაძრის გასაღები. მილიციელმა ვერაფერი უპასუხა. წმინდა ამფილოქემ მორჩილს გადასცა გასაღებები და უთხრა: - დაიჭირე და არავის მისცე! ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო.

წმინდა ამფილოქე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს. წმინდანის მდგომარეობა ძალიან რთული იყო საავადმყოფოში ყოფნისას, მაგრამ ყველაფერს ითმენდა.

გავიდა 3 თვე მისი საავადმყოფოში ყოფნისა. პალატაში შევიდა ექთანი, რომელმაც მიუტანა ხალათი და ჩუსტები და შეიყვანა მთავარი ექიმის კაბინეტში. ოთახში ისხდნენ სხვა ექიმებიც, მას ჭამა შესთავაზეს. შემდეგაც ჰკითხეს: - შეგიძლიათ განკურნოთ სულიერად დაავადებული ავადმყოფები?

- შემიძლია, - მიუგო მოხუცმა.

- მაშინ განკურნეთ ისინი, - შესთავაზა ექიმმა.

- კეთილი, - მიუგო წმინდანმა და ითხოვა, გაეშვათ მონასტერში ან გაეგზავნათ ვინმე წმინდა სახარების, ჯვრისა და ოლარის მოსატანად, რათა შესძლებოდა წყლის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება და უწმინდური სულების განდევნა. თან დაამატა, რომ ორ კვირაში აქ არც ერთი ავადმყოფი აღარ იქნებოდა (საავადმყოფოში 500-ზე მეტი ავადმყოფი იყო).

- არა, - მიიღო პასუხად, - ლოცვის გარეშე განკურნეთ.

- ასე არ შეიძლება განკურნება, - მიუგო წმინდანმა.

- რატომ?

წმინდანმა უპასუხა: - როცა ჯარისკაცი მიდის ომში, მას აძლევენ იარაღს. ჩვენი იარაღი არის წმინდა ჯვარი, წმინდა სახარება და წმინდა წყალი!

წმინდანი დააბრუნეს პალატაში, სადაც მან განაგრძო თავისი ჯვრის ტვირთვა.

წმინდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა - ბრმებს თვალებს უხელდა, ყრუ-მუნჯები ლაპარაკს იწყებდნენ, განგრენით დაავადებულ კიდურს ამრთელებდა...

1971 წლის 1-ელ იანვარს წმინდანი მიიცვალა. როგორც მისი ცხოვრების მანძილზე, ასევე მას შემდეგაც მის წმინდა სხეულთან მიახლებისას აღესრულება მრავალი სასწაული.

2002 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მისი უხრწნელი სხეული ამოაბრძანეს საფლავიდან, დააბრძანეს პოჩაევოს ლავრის მღვიმეში. სქემიღუმენი ამფილოქე მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2002 წლის 12 მაისს წმინდანად შერაცხა. დღესასწაულის დროს პოჩაევოს ცაზე თეთრი ჯვარი გამოისახა. მას შემდეგ მის საფლავთან სასწაულები არ წყდება.

* * *
გავიხსენებ მის მიერ მოხდენილ კიდევ ერთ სასწაულს: ერთ ქართველ ქალს ძილში გამოეცხადა წმინდა იოსები (იოსები ერქვა წმინდა ამფილოქეს იღუმენად კურთხევამდე), რომელიც მას არასოდეს ეხილა და არც გაგონილი ჰქონდა მის შესახებ. წმინდანმა ურჩია წაეყვანა მისი სნეული შვილიშვილი მის საფლავზე.

ქალმა გაიკითხა და დარწმუნდა, რომ მართლაც არსებობდა ასეთი წმინდა მამა უკრაინაში. წაიყვანა შვილიშვილი, რის შემდეგაც ბავშვი განიკურნა. ქალმა შეუკვეთა ლოცვა ლავრაში, გადაუხადა პანაშვიდი სქემიღუმენს (მაშინ წმინდანად ჯერ კიდევ არ იყო შერაცხული) და წირვის შემდეგ შეუკვეთა ტრაპეზი ყველა მომლოცველისთვის.

წმინდა მამაო ამფილოქე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

* * *
ლავრიდან წავედით სულიწმინდის მონასტერში, სადაც მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორის ერთ-ერთი არის წმინდა შიო მღვიმელის წმინდა ნაწილი, - მითხრა სალომემ.

შემდეგ გახლდით წმინდა ანას (ღვთისმშობლის დედის) წყაროზე, სადაც დედათა მონასტერია. მონასტერში არის განსაბანელი, წყლის ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 4 გრადუსია, ჩავედით წყალში და განვიბანეთ. მიუხედავად სიცივისა, არავინ გამხდარა ავად, პირიქით, წმინდა წყალი სნეულთ კურნავს.

სულიერად ამაღლებულნი დავბრუნდით კიევში. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ მოვილოცო ეს წმინდა ადგილები, იქ მიღებული მადლი დღესაც მასაზრდოებს. ბედნიერი ვარ! მადლობა უფალს, რომ გაგვხადა ღირსი მისი წმინდა ადგილების მოლოცვისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2020
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია "მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო.
15.05.2020
მამკოდის მამათა მონასტერი საკმაოდ შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. როცა მონასტრისკენ სავალ გზას დავადექით,
19.12.2019
წმიდა ნიკოლოზი ღრმა სიბერეში, 342 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა.  დაკრძალეს იქ, სადაც მოღვაწეობდა – ქალაქ მირონ-ლუკიის (დღევანდელი ანტალია) საკათედრო ტაძარში.
08.12.2019
გივი ჩიღვინაძე
ახლახანს მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის აღდგენა დაიწყო.
06.12.2019
როგორც კი ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის კარიბჭეს შეაღებთ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ლამაზად მოწყობილი ეზო, კარ-მიდამო.
19.10.2019
როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება,
01.10.2019
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი ცაგერის რაიონში მდებარეობს. VII საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის საფლავიც იქვე, ტაძარში, გამშვენებულ ლუსკუმაშია ჩაბრძანებული.
17.09.2019
ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.
23.08.2019
ქვემო რაჭაში,  ამბროლაურის ისტორიულ ცენტრში იმერეთის მეფეთა ყოფილი საზაფხულო  რეზიდენციის ტერიტორიაზეა აღმათულია მაჩაბლის ისტორიული კოშკი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.