მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა
მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა
ასურეთიდან ღვთისმშობლის კურთხევით იბერიაში ჩამობრძანებულმა წმინდა იოანე ზედაზნელმა თავისი სულიერი შვილები დალოცა და საქადაგებლად გაუშვა. ზოგი ქართლში წავიდა სამოღვაწეოდ, ზოგიც - კახეთს. წმინდა დავითი კი, თავის მოწაფე წმინდა ლუკიანესთან ერთად, ტფილისის დასავლეთით, ერთ მთაზე დასახლებულა. იქ, ტყეში, ერთ მღვიმეში დაუბრძანებია მაცხოვრის ხატი, წმინდა ნაწილნი - ღირსი იოანესგან კურთხევის ნიშნად ბოძებულნი, მოუდრეკია მუხლნი და მადლობა შეუწირავს ღვთისთვის. თბილისი მაშინ სულ ერთი ციცქნა ქალაქი იყო, სოფლის შფოთი-ხმაურიც ვერ აღწევდა ღირს მამებამდე. მაგრამ თვითონ ღირსი მამები ყოველ ხუთშაბათს დაუტევებდნენ ხოლმე მღვიმეს და ტფილისში ჩამოდიოდნენ საქადაგებლად. თავიანთი წმინდა ცხოვრებით და ღვთის სიტყვის ქადაგებით მრავალი სული მიიზიდეს და გააქრისტიანეს. მაზდეანებს, ცეცხლის მსახურებს, სამწყსო ნელ-ნელა აკლდებოდათ. შეწუხდნენ მოგვნი და მამა დავითის ქადაგების შესაჩერებლად მოისყიდეს ერთი მრუში დედაკაცი. როცა ღირსი მამა საქადაგოდ მოვიდა, მასთან ის დედაკაცი მიიყვანეს და უთხრეს: "მატყუარა ხარ და მრუში, ამის დასტურია ის, რომ ეს ქალი შენგან ბავშვს ელოდებაო". ქალიც ურცხვად აბრალებდა შვილის მამობას. მაშინ წმინდა მამამ ილოცა, ღმერთს შეწევნა სთხოვა. შემდეგ დედაკაცთან მივიდა, მუცელზე რკინის კვერთხი დაადო და ხმამაღლა თქვა: "შენ, ჩვილო, გიბრძანებ იესო ქრისტეს სახელით, გამოაჩინე ამ საქმის ჭეშმარიტება, გვაუწყე, მე ვარ შენი მამა?" ჩვილმა დედის მუცლიდან მყისვე ამოსძახა: "მამაჩემი მჭედელია და არა დავით მოღვაწეო". განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ჩაქოლა. სანამ მოკლავდნენ, დედაკაცს ასცხადებია მამა დავითის ნათქვამი: "ქვასა შობო" და საშინელი ტკივილით მართლაც ქვა უშვია. როგორც ამბობენ, ამ ადგილას არის აგებული ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

ამ ამბის შემდეგ ღირს მამას განსაკუთრებით უშვილონი ევედრებიან და შვილიერებას სთხოვენ. როგორც წმინდა კირიონი (საძაგლიშვილი) მოგვითხრობს, მამა დავითი შევედრებია უფალს და იქ შვილიერების მომცემი წყაროს წყალი აღმოცენებულა. წმინდა კირიონის დროს წყაროს წყალი ქაშვეთის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მოედინებოდა. ძველ საქართველოში გამორჩევით ამიტომაც უყვარდათ ქაშვეთის ტაძარი. ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს უამრავი მლოცველი მოდიოდა აქ საკლავ-საწირავით. დაილოცებოდნენ ქაშვეთში და შემდგომ შეუდგებოდნენ ხოლმე ფეხით მთაწმინდის აღმართს.

მამა დავითი ძველ სამყოფელში აღარ გაჩერებულა. გასულა მტკვრის გაღმა და ერთი ხანობა თბილისის აღმოსავლეთით, ნავთლუღისკენ, ჯოჯოს მთაზე დასახლებულა. მალე გარეჯის უდაბნოში გადასულა... ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს აღწერაში ბრძანებს, წმინდა დავითისეულია უდაბნო და ქვაბ-მღვიმენი ქეჩუთის მთებში, დმანისის ხეობაში, მდინარე მაშავერის ნაპირასო...

ზაფხული იყო, გარეჯის უდაბნოს რომ მიადგნენ მამა დავითი და მამა ლუკიანე. სიცხითა და გზით დამაშვრალებმა კლდის ეხს შეაფარეს თავი. დაიცხრეს წყურვილი დაგუბებული წვიმის წყლით და დასხდნენ დასასვენებლად. უდაბნოს უმკაცრესმა პირობებმა აღაფრთოვანა წმინდა დავითი და თავის მოწაფეს უთხრა: "ძმაო ლუკიანე, ვხედავ, რამეთუ კეთილ არს ადგილი ესე, დავადგრეთ აქ და ღმერთი, როცა ნახავს ჩვენს გულმოდგინებას, მოგვივლენს საღმრთო ძალას, განმაძლიერებელს ჩვენი უძლურებისაო". ლუკიანემ შეჰკადრა დიდ მოძღვარს: "მამაო, ჭეშმარიტია შენი სიტყვა, მაგრამ ვხედავ, რომ ამ უდაბნოში არც წყალია და არც საზრდელი. ვაითუ, დავუძლურდეთ და ვეღარ შევძლოთ დათმენა ჭირთა და იწროებათა ამის უდაბნოისაო". წმინდა დავითმა გაამხნევა სულიერი შვილი. მღვიმეში დასახლდნენ და შეუდგნენ მოღვაწეობას.

ამასობაში მოახლოვდა ზამთარი. გადახმა მცენარეულობა, მოაკლდათ მამებს საჭმელი (ისინი ხომ მხოლოდ ბალახით იკვებებოდნენ). ლუკიანემაც იწყო წუხილი. ძმაო ლუკიანე, - გაამხნევა იგი წმინდა დავითმა, - განა არ იცი, რომ ყოველივე წარმავალია? რატომ წუხხარ ბალახისათვის, რომელიც პირუტყვთა საჭმელია, უფალი კაცთათვის შემსგავსებული საზრდელით გამოგვკვებავსო. ღირსმა მამამ სიტყვა დაასრულა თუ არა, მათთან სამი ირემი მივიდა ნუკრებთან ერთად და მათ წინაშე თვინიერად გაჩერდა. წმინდა დავითმა მათი მოწველა უბრძანა მოწაფეს. ლუკიანემ აღასრულა მოძღვრის ბრძანება. ღირსმა მამამ ჯვარი გადასახა და რძე ყველად იქცა. მამებმა შეჭამეს ყველი და ადიდეს უფალი. ამის შემდეგ ირმები ყოველდღე, ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, მოდიოდნენ და კვებავდნენ ღირს მამებს.

მამა დავითის მღვიმის ქვემოთ, გამოქვაბულში, ერთი საზარელი ქვეწარმავალი ბუდობდა. ბოროტი მხეცი ერთხელ მიეტევა ირმებს და ნუკრი მოსტაცა. შეშინებული ირმები მამა დავითთან გაიქცნენ. ღირსმა მამამ აიღო რკინის კვერთხი და მხეცის ბუნაგს მიადგა. "ჰოი, ბოროტო, რატომ ავნე ჩემს ირმებს და ნუკრი შეუჭამე?! აწ დაუტევე ეს ადგილი და წადი აქედან, რამეთუ ეს უდაბნო ღვთისთვის მოღვაწეთა ქალაქად უნდა იქცესო", - მიმართა გველს წმინდა დავითმა. გველში ჩასახლებულმა ეშმაკმა კაცის ხმით უთხრა წმინდანს: "თუ გინდა, რომ წავიდე, ამოდი შენც ჩემთან ერთად ამ მთის თავამდე და შემდეგ, სანამ მდინარეს არ გადავლახავ, თვალი არ მომაშორო, მეშინია, ვაითუ ღმერთმა დამწვას შენი გამწარებისთვისო". წინ მამა დავითი წავიდა და უკან გველი გაჰყვა. ის იმდენად საზარელი იყო, რომ წმინდა ლუკიანე შიშით პირქვე დაემხო. გაშორდა გველი მამა დავითს, საცაა, მტკვარშიც შევიდოდა. "დავით", - მოესმა წმინდანს ანგელოზის ხმა. მიიხედა უკან, თვალი მოაშორა გველს და ისიც ციდან ჩამოვარდნილმა ცეცხლმა ერთიანად დაწვა (ამ ადგილას ახლაც სახლისოდენა მომწვარი ადგილია, სადაც ბალახი არასოდეს იზრდება). ძალზე დამწუხრდა მამა დავითი, შეჰღაღადა ღმერთს: "ჰოი, უფალო, რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო"... უფლის ანგელოზმა დაამშვიდა: "ნუ წუხხარ, მამაო, მისი დაღუპვისათვის, ეგ მდინარეში შეცურდებოდა, ჩამოვიდოდა ზღვაში და ბევრ ნავსა და მენავეს დაღუპავდა".

რამდენიმე დღის შემდეგ ირმის ნაკვალევს მოჰყვნენ მონადირეები. განცვიფრდნენ ცხვარივით მშვიდად მდგარი ირმების ნახვაზე, რომელთაც ლუკიანე წველიდა და მამა დავითს სთხოვეს, თქვენთან დავრჩებითო. ღირსმა მამამ გააფრთხილა, - უდაბნოში არც საზრდელია და არც სასმელი. სჯობს, სოფელში ემსახუროთ ღმერთსო. მაგრამ მათ მხოლოდ წმინდა დავითის გვერდით სურდათ ყოფნა. მაშინ წმინდა დავითმა უბრძანა, გამოეკვეთათ თავიანთთვის მღვიმეები და ლაკვანები ანუ ქვევრები წვიმის წყლის შესაგროვებლად. ისინი დაემორჩილნენ ღირსი მამის ბრძანებას. მალე უდაბნო ხალხით აივსო. მამა დავითის საძმოს მცირე ხანში მონაზონი დოდოც შემოუერთდა, რომელმაც შემდგომ მოძღვრის კურთხევით მონასტრის პირდაპირ კლდის რქაზე ახალი მონასტერი ააშენა. უამრავი ადამიანი მიიზიდა გარეჯის უდაბნოს მშვენიერებამ, ანუ აქ დამკვიდრებულმა ღვთის მადლმა. მონასტრის ერთხელ მხილველს უკან, ცოდვილ სოფელში, დაბრუნება აღარ სურდა. მათ შორის იყო ბარბაროსი ბუბაქარი, რომელმაც სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად მოიყვანა ოსტატნი და მონასტრის ძმობას კლდეში ეკლესია გამოუკვეთა.

წმინდა დავითმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. მონასტრის უკვე საკმაოდ დიდი კრებული წმინდა ლუკიანეს ჩააბარა და თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა. მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოჩანს. იხილა რა ღვთის ქალაქი, წმინდა დავითი ქვე დაემხო, მადლობა შესწირა უფალს: "მადლობელი ვარ, უფალო, რომ მეც, შენი უღირსი მონა, ღირს მყნავ მოწევნად და ხილვად შენი წმინდა ქალაქისა, სადა დასდგნენ ფერხნი შენნი. აღარ ვიკადრებ ჩასვლას ქვემოთ და შენი წმინდა ნაფეხურების დათრგუნვას. ჩემთვის საკმარისია ის მადლიც, რომელიც იერუსალიმის ოდენ ხილვით მომეცა". კარგა ხანს იყო ქვე დამხობილი. ძმებმა გზის განგრძობა სთხოვეს. მაგრამ წმინდა დავითი უღირსად იტყოდა თავს და ვერ შეჰბედა იერუსალიმში შესვლა. მხოლოდ სთხოვა ძმებს: "თქვენ წადით და ჩემთვის, ცოდვილისათვის, ილოცეთ უფლის საფლავზეო". მარტო დარჩენილმა დიდი ლოცვისა და ცრემლთა ღვრის შემდგომ იმ ადგილიდან, სადაც მუხლმოდრეკით იდგა, სამი ქვა აიღო, იმხელა რწმენით, თითქოს ქვანი უფლის საფლავისგან არიან გამოკვეთილნიო, დიდის კრძალვით ჩააწყო კალათაში და უკან, გარეჯისკენ, გამობრუნდა. "ამას სიწრფოებისა და სარწმუნოებისა ზედა გაკვირვებულმან ღმერთმან" ინება თავისი მონის დიდი სიმდაბლისა და ღრმა სარწმუნოების გამჟღავნება. იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: მოვიდა იერუსალიმში საკუთარი მონაი ჩემი დავითი და თავისი სარწმუნოებით წაიღო მადლი იერუსალიმისა. ხოლო შენ წარავლინე მალემსრბოლნი, რათა დაეწივნენ მას. დავითს კალათაში სამი ქვა უძევს, შენმა ხალხმა ამ ქვებიდან ერთი დაუტოვოს და უთხრას: "ამას გიბრძანებს შენ უფალი - შენი რწმენისთვის მიგეღო მადლი ჩემი წმინდა ქალაქის იერუსალიმისა. ხოლო მე სათნოდ მიჩნს, ორი ნაწილი უკანვე, იერუსალიმში, დავაბრუნო, რათა სრულიად არ იყოს განშორებული მადლისაგან. ხოლო მესამედი მადლისა შენთვის მომინიჭებია. წაიღე იგი უდაბოში, წმინდა ჰყავ შენი მისვლით, შენი სხეულის იქ დადებით (ანუ გარეჯას დაიმარხეო), რომლისა სარწმუნოებით შემხებელთა ჰპოვონ კურნება სულთა და ხორცთა. ხოლო ეგ ქვა წაიღე უდაბნოში, ვითარცა ევლოგია, სახსენებლად და მისათხრობლად სარწმუნოებისა შენისა". პატრიარქმა სასწრაფოდ დაადევნა თავისი ხალხი წმინდა დავითს. მიეწივნენ ღირს მამას, თაყვანი სცეს, მოუთხრეს ყოველივე. კრძალვით, სიმდაბლით გამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. ღვთის სახიერებით გაკვირვებული წმინდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. მიუხედავად პატრიარქის კაცთა ვედრებისა, ღირსი მამა აღარ მიბრუნდა იერუსალიმს, სადაც უკვე განთქმულ იყო მისი სახელი, დაბრუნდა გარეჯას და მიჰფინა მადლი იერუსალიმისა თავის მონატრებულ სულიერ შვილებს. მალე მამა დავითის კვალდაკვალ იერუსალიმიდან მისი თანამგზავრნი მობრუნდნენ, რომელთაც ძმებს მოუთხრეს ყოველივე, რაც ენახათ და გაეგონათ. ამის მსმენელი ქართველნი უფრო და უფრო ეტანებოდნენ უდაბნოს. გამრავლდა ღვთის ცხოვარი და მისი მწყემსი, ღირსი დავითი, ყოველდღე მოიხილავდა მათ, ნუგეშს სცემდა: ზოგს კლდიდან გამომავალ მწარე წყაროს დაუტკბობდა, ზოგს ნუგეშს სცემდა უტკბესი ქადაგებით.

გავიდა დრო და ეუწყა მამა დავითს უფლისა მიერ განსვლა თვისი ხორცითგან, მოიხმო ძმანი უდაბნოსანი, აკურთხა ყოველნი, უკანასკნელად ნუგეში სცა ქადაგებით, ეზიარა უხრწნელთა და უკვდავთა წმინდა საიდუმლოთა და სული თვისი ჩააბარა სანატრელ იესოს. მრავალმოღვაწე გვამი მისი სულიერმა შვილებმა დიდი მწუხარებით მიაბარეს მიწას. მადლი და კეთილსურნელი წმინდა მამის საფლავიდან აღმომავალი ორკერძოვე - სულით და ხორცით - კურნებას მიანიჭებდა და მიანიჭებს მასთან მიმთხვეულს. წმინდა ილარიონ ქართველს მშვენიერ ახალ ლარნაკში ჩაუსვენებია ღირსი მამის უხრწნელი სხეული და ისევ დაუკრძალავს...

KARIBCHE


მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მადლის ქვა მონასტრის ძმებმა წმინდანის საფლავზე დააბრძანეს და მისი მადლით მრავალი იკურნებოდა. აქ სამგზის მოლოცვა, როგორც მოწმობს "ქართლის ცხოვრება", უდრიდა ერთხელ იერუსალიმში წასვლას და იქაურ სიწმინდეთა მოლოცვას. მადლის ქვა დიდხანს იყო მამა დავითის საფლავზე დაბრძანებული და შემდგომ გადამალეს, ალბათ მტრის შემოსევისას. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ 1811 წელს შეიტყვეს: იმ წელიწადს დავითგარეჯის წინამძღვრად ნამყოფმა არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილმა) განაახლა ფერისცვალების ეკლესია, რომელშიც განისვენებენ წმინდა ნაწილნი მამა დავითისა. საჭირო გახდა ცნობილი ორი სვეტის გაუქმება. ერთი მათგანი იყო კანკელის კარების ახლოს, აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო მეორე - აგურითა და კირით ნაშენი. პირველ სვეტში აღმოჩნდა კედელი, საკმაოდ ვრცელი, გაჯით გალესილი ნიშით. ნიშში ჩანდა ფრესკა, სადაც წმინდა დავითი და წმინდა დოდო იყვნენ გამოსახულნი, რომელნიც ერთმანეთს ამბორს უყოფდნენ ხელზე, ვითარცა დიდი ხნის უნახავნი. მასზე წარწერაა: "ხატი წმიდა დავითის მოსვლისა იერუსალიმით". ხოლო როცა საჭირო შეიქნა ამ კედლის დაქცევაც მხატვრობითურთ, გამოჩნდა კიდევ ერთი კედელი სხვა პატარა ნიშით. ეს ნიშიც გაჯით იყო გალესილი. სწორედ აქ იპოვეს წმინდა ქვა. ეტყობოდა, რომ მის წინ ნთებულიყო წმინდა სანთელი. ქვა ბატის კვერცხზე მომცროა, 69 მისხალს იწონის. მოგრძოა, ბოლომომრგვალებული. ბოლოზე ეტყობა სისხლის მუქი (დიდი ხნის მიმხმარი) კვალი. ქვა იმავე ეკლესიაში დაკრძალეს, ოღონდ სხვა ადგილას. მისი სამყოფელი მხოლოდ რამდენიმე უხუცესმა მამამ იცოდა. წმინდა დავითის ხსენების დღეს გამოიღებდნენ ხოლმე ქვას სამალავიდან თაყვანისსაცემად და მერე ისევ შეინახავდნენ. 1857 წელს მონასტერს თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს, ააოხრეს წმინდა სავანე. დაანგრიეს მამა დავითის ლუსკუმა, წაიღეს საღვთო ჭურჭელი, ძვირფასი ხატები და საკვირველმოქმედი ქვა, რომელიც წმინდა ტრაპეზის ქვეშ პატარა კოლოფში ინახებოდა. ტყვედ წაიყვანეს მღვდელმონაზონი მიტროფანე (ნაცვლიშვილი) და სამი მორჩილი. ლეკეთში დაბრუნებულებმა გაიყვეს ნაძარცვი, ხოლო მადლის ქვა, რომლის მნიშვნელობა და ფასი არ ესმოდათ, ერთ-ერთი სახლის ჭერში შეინახეს. მამა მიტროფანეს დაუმახსოვრებია ეს ადგილი, ტყვეობიდან გამოსყიდვის შემდეგ ლეკთა შეუმჩნევლად ჩამოუღია მადლის ქვა და მოწიწებით დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრისთვის, იოანე ჯორჯაძისთვის, გადაუცია.

1878 წელს ერთი თათარი მიახლოებია მღვიმეს, რომელშიც გამოწანწკარებდა "დავითის ცრემლად" წოდებული წყარო. იგი წმინდა დავითმა ლოცვით გამოითხოვა ღვთისგან. რაკი წყაროს ურჯულოს ხელი შეეხო, დაშრა. მეტად შეწუხდნენ მამანი. წინამძღვარმა, მამა სოფრონიმ (აბელიშვილმა), დაუყოვნებლივ მოიხმო ყველა. აიღეს მადლის ქვა და გაემართნენ მღვიმისკენ. გადაიხადეს მამა დავითის პარაკლისი, განბანეს მადლის ქვა წყლით, რომელიც აიაზმად ასხურეს მღვიმეს. წყლით სხურების დასრულებამდე, სასიხარულოდ მამათა, კვლავ აჩუხჩუხდა წყარო.

1886 წლის 3-4 თებერვალს თათარი მწყემსები შესულან "დავითის ცრემლის" მღვიმეში და შუადღის ლოცვა აღუვლენიათ. წყარო კვლავ დამშრალა. მონასტრის მამებს ისევ მოუბრძანებიათ წმინდა ქვა, აღუვლენიათ პარაკლისი და წყარო კვლავ წამოდინებულა...

წმინდა ქვა ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგანძურია და ყოველი ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს გამოაბრძანებენ თაყვანისცემისთვის.

წმინდა დავითის ლოცვით გაწმენდილი გარეჯის უდაბნო მრავალი ღირსეული მამის შესაკრებელი გახდა. სამ მათგანს ვახსენებთ მხოლოდ:

* * *
გარეჯის უდაბნოს მშვენება იყო ზენონ ალავერდელი. მღვდელმთავარი სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედი ყოფილა: ამბობენ, ერთ კაცს თვალისჩინი ნელ-ნელა მოაკლდა და საბოლოოდ დაბრმავდაო. ხოლო ნეტარი იგი მისი ახლობელი იყო, მის კეთილ გულს ეწყალებოდა ბრმა. ერთხელ ილოცა მისთვის, დაადო ხელები თავზე და დიდი ხნის ლოცვის შემდეგ ორივე ხელით ჯვარი გადასახა. ღვთის მადლით და მღვდელმთავრის ლოცვით ბრმას თვალნი აეხილა. როცა ის გარდაიცვალა, ერთმა მკერავმა თქვა: "მისი სიკვდილის ღამეს ვიხილე მე, ვითარცა შარავანდი რაიმე დიდი ლამპრისა, მისი კელიის სახურავიდან ზეცად აღმავალი. მაშინ ვიფიქრე, დიდი სანთელია-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ უფლის ანგელოზებს აჰყავდათ ზეცად მისი ნათლით შემოსილი სული". ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი დაკრძალეს ნათლისმცემლის მონასტერში. 14 წლის შემდეგ მისი საფლავის გვერდით კვეთდნენ კლდეს ვინმე დიდებულის საფლავისთვის. იარაღი მოუხვდათ მის კუბოზე. გატყდა ფიცარი და კუბოდან კეთილშვენიერი სურნელება ამოვარდა, "სანთელი შევიღეთ და ვხედავდით და ვერ განვსძღებოდით სუნნელებითა მით საკვირველითა ჰამოითა", - ჰყვება წმინდა გაბრიელ მცირე.

გარეჯაში მოღვაწეობდა ქართლის კათოლიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი. ბესარიონ კათალიკოსმა წმინდა ონოფრე მაჭუტაძესთან და სხვა მამებთან ერთად განაახლა დავითგარეჯა მე-17 საუკუნის მიწურულს. იმდენი მწიგნობარი ძმა შემოუკრებია, რომ მას "ბესარიონის ძმათა კრებულს" ეძახდნენ. თითქმის 30 წელზე მეტი უხელმძღვანელა მათ. ერთ მღვდელს გაგონილი ჰქონდა მის საღმრთო მოქალაქეობაზე, ერთხელ მის სენაკში მოუხდა ღამის გათევა. იმ ღამეს მღვდელს თავი მოუმძინარებია, რადგან სურდა შეტყო დიდი მამის ცხოვრების წესი. მან, ნეტარმა, პირველად წიგნი დიდხანს იკითხა, შემდეგ ჩააქრო სანთელი, დაილოცა ზეპირად ლმობიერი და შემუსვრილი გულით. შემდგომ სანთლის ანთება მოისურვა. არც ცეცხლი ჰქონდა, არც კვეს-აბედი. მეყსეულად სანთელი აინთო. ამის მხილველი მღვდელი განკვირდა. როცა გათენდა და მცირე ხნით სენაკში მარტო დარჩა, ნახა, რომ მარტო ნაცარი იყო. ზედ ჯვრის სახედ ხელით განევლო და ის ანთებულიყო.

წმინდა იოსებ კათალიკოსი (ჯანდიერი) ჯერ კიდევ გარეჯას მოღვაწეობდა. ერთ დღეს, უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, მერცხალი შემოფრინდა ეკლესიაში და არ დასცხრა წივილისგან. პირველად სულგრძელ იქმნა წმინდა მღვდელმთავარი, იქნებ გაჩუმდესო. და ვინაიდან აღარ დასცხრა და წირვაზე მოიწია ჟამი საიდუმლო ლოცვების წარმოთქმისა, ახედა ზევით და უთხრა: "ჰოი, მერცხალო, იცოდე, ჩვენი საღმრთო სიტყვები უმეტესია, ვიდრე შენი ღაღადებაო". ეს რა თქვა, წამსვე მერცხალი ძირს ჩამოვარდა და სული წარხდა. შეეწყალა მღვდელმთავარს ფრინველი, აიღო მკვდარი მერცხალი ხელში, ჯვარი დასწერა და მსახურს უბრძანა, დაედო ეკლესიის გარეთ. როცა წირვა დასრულდა, უცბად მერცხალი გაცოცხლდა და გაფრინდა. მისი მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს და მის წმინდანებს.

მრავალი სასწაულიც უნახავს წმინდა სავანეს.

წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: ერთხელ, წმინდა დოდო გარეჯელის ხსენების დღეს, გარეჯელ ბერებს ნათლისმცემლის მონასტერში მწუხრ-ცისკრის ლოცვა აღუვლენიათ, წირვა აღუსრულებიათ და დოდოს მონასტრისკენ წასულან. გზად ვიღაცებისთვის მოუკრავთ თვალი და ავაზაკნი ჰგონებიათ. შეშინებულებს დიდი წვალებით და ოფლთა ღვრით მიუღწევიათ წმინდანის საფლავამდე. ამ დროს საფლავიდან ამომავალი მირონის სურნელი უგრძნიათ. აუნთიათ სანთლები და პარაკლისი გადაუხდიათ. სამ საათს დარჩნენ მონასტერში და ამ ხნის განმავლობაში სურნელის ფრქვევა არ შეწყვეტილა. სამი დღის შემდეგ მამები ისევ დაბრუნებულან წმინდა დოდოს მონასტერში, მაგრამ სურნელება აღარ უგრძნიათ. მირონის მოფრქვევით წმინდა მამამ გვანუგეშაო, - ბრძანებს წმინდა გაბრიელი, - რადგან, ჯერ ერთი, იმ დღეს მისი დღესასწაული იყო, მეორეც, დიდად შევშინდით და გავწვალდითო.
ბეჭდვა
1კ1