მხოლოდ ჭეშმარიტად აღმსარებელ ერზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა
მხოლოდ ჭეშმარიტად აღმსარებელ ერზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა
ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!
ამა წლის 17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, უდიდესი მოვლენა მოხდება ჩვენი ერის ცხოვრებაში: თბილისში, მახათას მთაზე დაიწყება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა. ჩვენს აპოკალიფსურ დროში, როცა მრავალთა გულებში სიყვარული განელდა, ღვთის სადიდებლად აშენებული თითოეული ტაძარი აუღებელი გოდოლია ერის სარწმუნეობის გალავანში ჩატანებული. ნეტავი იმას, ვინც ერთ პატარა ქვას დადებს ღვთის ტაძრის ასაშენებლად, ამით ხომ დასაბამს დაუდებს საკუთარი სულის აშენებასაც. ამ წმინდა ტაძრის ყოველი მაშენებელი და შემომწირველი ხომ ყოველ წირვა-ლოცვაზე განსაკუთრებულად მოიხსენიება. უდიდესი წყალობა მოიწია ჩვენზე, ქართველებო, უფლის დედას, ცისა და ქვეყნის შემოქმედის დედას, სახლი უნდა ავუშენოთ. ღვთისმშობლის სახლის კირითხურონო! მაშ, მივიდეთ 17 აპრილს მახათას მთაზე, და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ღვთის სადიდებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და კეთილი ადამინების ერთობლივი ძალისხმევით, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანე დაფუძნდება. მონასტრის მშენებლობა 17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე დაიწყება.

გვესაუბრება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი).

- ღვთის განგებით საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ეს არის უდიდესი პატივი, მაგრამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც. ღვთის მცნებებისადმი ერთგულებისას ღვთისმშობელი გვიცავს ყოველგვარი განსაცდელისაგან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საღვთო წყალობა დასასჯელად შეიძლება გადაგვექცეს. ქართველმა ერმა უნდა გააცნობიეროს თავისი ხვედრი, ღირსეული პატივი მიაგოს თავის ზეციურ მფარველს, რაც იქნება საწინდარი ერის მთლიანობისა და მშვიდობისა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის ათონის მთაზე ქართულ მონასტერში, "ივერონში", ითვლება წმინდა მთის მფარველად. ამ ხატის თაყვანისცემა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცებს ყოველ მართლმადიდებელს. ამ ხატის მადლით ათონის მთა მეათე საუკუნიდან მოყოლებული ითვლება მსოფლიოში მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უმთავრეს ბურჯად. ივერიის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემის აღორძინება საქართველოში კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეკლესიას სულიერი სრულყოფის გზაზე.

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მშენებლობაში მონაწილეობა, გარდა ფიზიკური წვლილისა, გულისხმობს სულიერ ღვაწლსაც. მშენებლობის პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სულიერი სრულყოფილებისათვის, რადგანაც მხოლოდ ჭეშმარიტად აღმსარებელ ერზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 2012-04-12 13:08:00
ბეჭდვა
1კ1