გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინა", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე
როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: "საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში" (კ. კეკლიძე. "ქართული ლიტერატურის ისტორია". ტ.I. თბ. 1960. გვ.153). VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, კლარჯეთში დაარსდა და განახლდა მთელი რიგი სავანეები, რომლებიც იქცნენ ქართული განათლების კერებად, კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად შუა საუკუნეებში.

***
გიორგი მერჩულის თხზულების - "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელის" მიხედვით, ეს სავანეები რიცხვით თორმეტი ყოფილა. ამიტომ არის, რომ ძველ-ქართულ წყაროებში ისინი კლარჯეთის "ათორმეტ" სავანედ, და თავიანთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სინად არის ცნობილი. თუ რამდენად დიდი იყო კლარჯეთის სავანეთა მნიშვნელობა ქართული განათლებისათვის VIII-X საუკუნეთა მანძილზე, ეს შეიძლება დავასკვნათ იმ მოღვაწეთა ჩამოთვლით, რომლებიც ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ: წმ. გრიგოლ ხანძთელი - მეთაური საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობისა IX-X საუკუნეებში, "კეთილად განმგებელი მოღუაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი"; საბა იშხნელი, გრიგოლის დეიდაშვილი, მეორედ აღმშენებელი და ეპისკოპოსი იშხნისა; თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლისაგან ფარულად ტაოდან დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გაემგზავრნენ და იქაც გასწიეს სამონაზვნო საქმიანობა; სწორედ ეს ოთხნი გაეშურნენ პირველად ოპიზას და დაიწყეს სამონასტრო მშენებლობა, "ვითარცა სულმა ერთმა ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებულმა"; თევდორემ და ქრისტეფორემ აფხაზეთის გზაზე სამცხეში დაიმოწაფეს ექვსი წლის არსენი, რომელიც შემდგომად გახდა "ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდარისა გვირგვინი დაუჭნობელი"; გაპარული მოწაფეების მოსაბრუნებლად აფხაზეთში წასულმა გრიგოლმა ქართლში დაიმოწაფა ჭაბუკი ეფრემი, რომელიც შემდეგ აწყურის ეპისკოპოსი გახდა; სოფრონ შატბერდელი, იოანე ზოსიმე შატბერდელი-სინელი, ილარიონ პარეხელი, ქართველ ჰინმოგრაფთა პლეადა და სხვანი. ამ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, გიორგი მერჩულე, რომელიც კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია X საუკუნეში და რომლის ნაწარმოები "ცხორება გრიგოლ ხანძთელისა" აქ, კლარჯეთში, ხანძთაში არის დაწერილი.

KARIBCHE

ქართლის დიდებულების შთამომავალი, ნერსე ერისთავის ოჯახში აღზრდილი გრიგოლი ახალგაზრდობაშივე ეკურთხა მღვდლად. მან ფარულად დატოვა ქართლი და 780 წლის ახლო ხანებში კლარჯეთში გაემგზავრა, დაარსა იქ "ათორმეტ სავანედ" ცნობილი სასულიერო კერები და 830-იანი წლებიდან მათ არქიმანდრიტად მოიხსენიება. მთელი ქართლის მასშტაბით მას გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის არა მარტო სამონასტრო საქმეებში, არამედ საერო ხელისუფალთა და მეფეთა წინაშეც, რისი დასტურიც იყო არსენ ქართლის კათალიკოზთან დაკავშირებული ცნობილი ინცინდენტი.დღესაც, ჩვენი ცნობიერის ყველაზე დაბინდულ-დახავსებულ კუნჭულში სუსტად, მაგრამ მაინც გაისმის 102 წლის წმიდა მამის, "უდაბნოთა ქალაქთმყოფელის", გრიგოლ ხანცთელის მიერ გარდაცვალების წინ (861 წელი) წარმოთქმული სიტყვები: "შვილნო, სულისა სიბრძნითა გულისა ტკივილითა სძლეთ და ნუ შეძრწუნდებიან გონება თქუენი, რამეთუ მე ესრეთ აღგითქუამ: არა დაგაკლოს თქუენ ქრისტემან აქა და საუკუნესა მას... ...და ეგრეთვე ვამცნებ შემდგომითი შემდგომად შვილთა ჩემთა, რათა დაიმარხონ წმიდა ესე მოძღვრებაი. და უკუეთი ჟამმან ჭირისაგან წესი ცვალოს, რომელ სულისა ფრიად არა სავნებელ იყოს, შენდობა იყავნ ჟამსა მას და არა სამარადისოდ, არცა შუებისა მრავლისა მიდევნებითა". სრულიად საქართველოს სატკივარიც საუკუნეებით ადრე წარმოთქვა ხანცთასა და შატბერდთან, "გარემო მათ მახლობელთა უდაბნოთა, რომელ არიან ოპიზა და ფრთენი მისნი, ბერთა და მახლობელნი მისნი, მიძნაძორო და წყაროსთავი თანამკვიდრით მათითურთ" გამომშვიდობებისას "ზეცისა კაცმა და ქუეყნისა ანგელოზმა" – გრიგოლ ხანძთელმა: "აწ დაღაცათუ ხორცითა განგეშორები, ხოლო სულითა შენთანა ვარ შეწევნად შენდა"...

...გიორგი მერჩულეს აღწერილი აქვს, თუ როგორ იმოგზაურეს კლარჯეთის "ათორმეტ" სავანეთა მხარეში IX საუკუნის 30-იან წლებში აშოტის მემკვიდრეებმა - მეფე-კურაპალატმა ბაგრატ I-მა და მისმა ძმებმა (ადარნესემ და გვარამ მამფალმა) წმ. გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების თანხლებით. ამ მოგზაურობიდან 11 საუკუნის შემდეგ ჩვენ საშუალება მოგვეცა მივყოლოდით "ჩუენთა დიდთა წინაპართა" ნაკვალევს და არტანუჯიდან იმავე მარშრუტით მოგვენახულებინა: 1. შატბერდი; 2-6. "ბერთა და მახლობელნი მისნი" (დოლისყანა-ჯმერკი-დაბა-ბერთა, აგრეთვე პარეხი); 7. ოპიზა; 8. ხანძთა; 9. მერე; 10. მიძნაძორო; 11. წყაროსთავი; 12. ბარეთელთა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობის დროს ნახსენები არ არის პარეხი და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განეკუთვნება "სინათა" რიცხვს).

ბეჭდვა
1კ1