უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა სავანე
უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა სავანე
ვისაც კი მოულოცავს კიევ-პეჩორის ლავრა, დამეთანხმება, თუ რა საოცარი მადლი და ღვთის წყალობა სუფევს ამ წმინდა ადგილზე.
კიევ-პეჩორის ლავრის დაარსება წმინდა ანტონის და წმინდა თეოდოსის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, 1051 წელს, იაროსლავ ბრძენის მმართველობის დროს, პატარა მღვიმეში, კიევის მახლობლად, დასახლდა წმინდა ანტონი - რუსეთში ბერობის დამაარსებელი. წმინდა ანტონი ბერად ათონის მთაზე აღიკვეცა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა მღვიმეში გააგრძელა. სულიერი ნუგეშის მისაღებად მასთან მრავალი ადამიანი მიდიოდა, მათ შორის დიდგვაროვანნიც. ვისაც ბერობა სურდა, სთხოვდნენ მასთან გამოქვაბულში დარჩენას. ბერებმა იქვე, მღვიმეში დააარსეს ეკლესია. ეს გამოქვაბული შორეული მღვიმის სახელით არის ცნობილი. ასე შეიქმნა წმინდა პეჩორის სავანე, რომელიც ღირსი გახდა ზეციური დედოფლის, ღვთისმშობლის მფარველობისა.

წმინდა ანტონის მიერ დაარსებულმა მღვიმემ სახელი იმდენად გაითქვა, რომ სალოცავად მისული ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. წმინდა ანტონის სული კი განმარტოებულ ცხოვრებას ითხოვდა. თავისივე დაარსებული მონასტრის საძმოს იღუმენად აკურთხა მაღალღირსი ვარლაამი, თავად კი შორიახლო ბორცვზე განმარტოვდა, სადაც გათხარა ახალი სენაკი. ამით საფუძველი ჩაუყარა მღვიმეების კომპლექსს, რომელიც ახლო მღვიმევის სახელით არის ცნობილი.

წმინდა ანტონი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ არ მიიღო იღუმენის წოდება და კვლავ ძმობის წევრების მოძღვრად დარჩა. მოძღვრის მიერ აღვლენილი ლოცვა მათ გულებს ზეციურ მადლს მატებდა და რწმენაში განამტკიცებდა.

წმინდა ანტონ პეჩორელის თანამდგომი იყო მისი სიყრმის მეგობარი, ღირსი მამა თეოდოსი. ღირსი თეოდოსი ყველას აღემატებოდა თავმდაბლობით და შრომით, რითიც უდიდესი სიყვარული მოიპოვა. ღირსი თეოდოსის ლოცვა-კურთხევით, პეჩორის სავანეში მიიღეს სამონასტრო წესდება, ტიპიკონი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანეს. დროთა განმავლობაში ეს განაწესი ყველა რუსულ სავანეში მიიღეს.

ამ დროისთვის რუსეთში გამოიკვეთა ორი სამონაზვნო ცხოვრების დასაწყისი, რომელიც წმინდა ანტონისა და ღირსი თეოდოსის სახელს უკავშირდებოდა. წმინდა ანტონის სახელს უკავშირდება განდეგილური ცხოვრება, ღირსი თეოდოსის სახელს კი საერთო ძმობის დაარსება, რომელმაც მონასტრის ძმობაში დაამკვიდრა მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ძმობის სიყვარული, საკუთარი ნების უარყოფა და წინამძღვრის, მონასტრის წესდების მორჩილება. ასეთი უდიდესი და მრავალფეროვანი იყო განგება ღმრთისა პეჩორის სავანეში, რომ ზუსტად აქ ჩაისახა განსაკუთრებული მოღვაწეობის სული რუსეთის ბერობისა. აი, როგორ ახასიათებს წმინდა პეჩორის სავანეს ღირსი ნესტორ მემატიანე: "უფლისა და დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით დაარსდა სავანე, არა სიმდიდრისგან, არამედ ცრემლით, მარხვით, ლოცვით, ზრუნვით. ბერების ძმობა ისე გაიზარდა, რომ გამოქვაბულთა სავანე მათთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა. ამიტომ დადგა დრო გარე მონასტრების მშენებლობისა. XI საუკუნის 60-იან წლებში პეჩორის ძმობა დაფუძნდა შორეულ გამოქვაბულთა სიახლოვეს. პირველ მონასტერთან 70-80-იან წლებში დაიწყო ათვისება ზემო ლავრის ტერიტორიისა. გამოქვაბულებს კი იყენებდნენ განმარტოებული ლოცვისათვის და ბერების საძვალედ. კიევ-პეჩორის ლავრის უდიდესი სიწმინდეა გამოქვაბულებში დაბრძანებული წმინდა მამების წმინდა ნეშტნი.

ახლო გამოქვაბულს, სადაც დაბრძანებულია წმინდა ანტონის წმინდა სხეული, ეწოდება ანტონის მღვიმე, შორეულს კი თეოდოსის მღვიმე. ზემო და ქვემო გამოქვაბულებში აშენებულია სამ-სამი ეკლესია. ყველაზე ძველი შორეულ გამოქვაბულებში მდებარე ხარების სახელობის ეკლესიაა (პეჩორის მღვიმეების შესახებ შემდეგ ნომრებშიც გიამბობთ).

* * *
კიევ-პეჩორის ლავრა მდინარე დნეპრის ახლოსაა. მონასტერი მაღალ ბორცვზეა. ზემო და ქვემო ლავრას ღრმა ხევი ყოფს. ზემო ლავრაში XI საუკუნეში გადმოვიდა მონასტრის ძირითადი ძმობა. ქვემო ლავრაში კი შორეული გამოქვაბულებია. ძველი სავანის თითოეული კომპლექსი რამდენიმე ტაძრისგან შედგება, მათ შორის ადმინისტრაციული და საცხოვრებელი ნაგებობებისგან.

ზემო ტერიტორიაზე, მიძინების ტაძართან, არის სენაკები, სტამბა, მონასტრის საავადმყოფო და სახელოსნოები. აქვეა ლავრის უდიდესი სამრეკლო და სატრაპეზო ეკლესიითურთ. დასავლეთით კი ახლო და შორეული მღვიმეებია. XI საუკუნეში აქ დავრდომილთა თავშესაფარი იყო. XVIII საუკუნეში მწირების მისაღები აშენდა, ასევე - ეკლესია და საავადმყოფო. ლავრას დიდი გალავანი ჰქონდა გარშემოვლებული. ნესტორ მემატიანის გადმოცემით: "მიწისქვეშიდან ამოსული პეჩორის სავანე გარშემორტყმული იყო ხის ღობით. XI საუკუნის ბოლოს კი აშენდა ქვის კედელი, რომელიც 1240 წელს დაანგრია ბათუ ყაენმა. გალავანი XVI საუკუნეში აღადგინეს. დღეს მონასტერს გარშემორტყმული აქვს ქვის მაღალი კედლები, რომლის მშენებლობა დაიწყო XVII საუკუნეში გეტმან მაზეპას დროს.

პეჩორის ლავრის ზემო ტერიტორია
ლავრას ოთხი შესასვლელი აქვს. დასავლეთით მდებარეობს წმინდა კარიბჭე ზედ დაშენებული სამების ეკლესიით, ჩრდილოეთით - ყოველთა წმინდანთა სახელობის ეკლესიაა. აღმოსავლეთი და სამხრეთი კარიბჭე მღიმეების, ლავრის მთავარი შესასვლელია, რომელიც დაფარულია წმინდა მამების ფრესკებით. ახლო და შორეული მღვიმეებიდან შესასვლელის მარცხენა მხარეს გამოსახულია მაღალღირსი ანტონი, რომელსაც ხელთ უპყრია ღვთისმშობლის მიძინების ხატი. შესასვლელის თავზე დაშენებულია ცხოველმყოფელი სამების სახელობის ეკლესია, რომელიც ააშენა XII საუკუნეში იაროსლავ ბრძენის შვილიშვილმა. ის ბერად აღკვეცეს ლავრაში და სამი წელი ლავრის მეკარედ იყო. მისი წმინდა ნაწილები ახლო მღვიმეშია დაბრძანებული.

ღვთის სასწაულით თათრების შემოსევას გადაურჩა სამების ტაძარი (1240 წ.). 1734 წელს ლავრის ხატმწერმა თეოქტისტე პავლოვსკიმ და იოანე მაქსიმოვიჩმა ახლად მოხატეს ტაძარი.

* * *
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის მთავარი ტაძარი კარიბჭის მოპირდაპირე ცენტრალური მოედნის შუაგულში დგას. ის ერთ-ერთი უძველესია კიევის რუსეთში. ნესტორ მემატიანის ცნობით, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია აშენდა წმინდა ანტონის, წმინდა იღუმენ თეოდოსის და ეპისკოპოს მიხეილის მიერ. გადმოცემით, ღვთისმშობელმა კონსტანტინოპოლიდან კიევში გამოგზავნა ბერძენი ხუროთმოძღვრები, რომლებსაც ტაძარში ღვთისმშობელი გამოეცხადათ - "მინდა ავაშენო რუსეთში, კიევში ეკლესია. გიბრძანებთ, წაიღოთ სამი წლის სამყოფი ოქრო და გაემგზავროთ. თავად მოვალ სანახავად. იქ მინდა დავიმკვიდრო ადგილი და ვუწოდო ჩემი სახელი. ღვთისმშობელმა გადასცა მათ მიძინების ხატი და დასძინა, - ის ადგილობრივი იქნეს". ტაძრიდან გამოსვლისას ხუროთმოძღვრებმა ცაში, ღრუბლებში დაინახეს დიდებული ტაძრის გამოსახულება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აშენების ადგილი ღვთის განგებით იქნა მინიშნებული.

KARIBCHEტაძრის ასაგებად ასი გრივნა ოქრო შესწირა კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა. მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა შიმონმა. ერთხელ, ჯვარცმის ხატთან ლოცვისას, უეცრად მოესმა ხმა, - აიღე ქრისტეს გვირგვინი, სარტყელი და გაემგზავრე რუსეთს. შიმონმა აღჭურვა ხომალდი, გავიდა ზღვაში და გაემგზავრა უცნობი ქვეყნისკენ. ხომალდი შემთხვევით მოხვდა გრიგალში. მან შესთხოვა ღმერთს გადარჩენა. დაინახა ზეცაში ულამაზესი ეკლესია და კვლავ ისმინა ხმა, რომელმაც უწინასწარმეტყველა, - უვნებელი დარჩებოდა, თუ მიიღებდა მონაწილეობას ამ ეკლესიის მშენებლობაში და თავადაც იქვე დაიმარხებოდა. გამოცხადებაში მითითებული იყო ტაძრის ზომაც. ზომის ასაღებად კი მაცხოვრის სარტყელი ებოძა. ღვთის განგებამ შიმონი პეჩორის ლავრაში, წმინდა ანტონთან მიიყვანა. ღვთის განგებით მითითებულ ადგილას 1075 წელს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა და დასრულდა პეჩორის ლავრის იღუმენის, ნიკონის დროს 1078 წელს. ბერძენმა ვაჭრებმა მოსაპირკეთებლად ტაძარს მოზაიკა შესწირეს. ტაძრის სახურავი მოოქრულია. გუმბაზე ოქროს ჯვარია აღმართული. ეკლესია აკურთხეს 1089 წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე. თორმეტი ხუროთმოძღვარი და ხატმწერი ალამაზებდა მონასტერს. 5 წელი ხატავდნენ ეკლესიას და გახდნენ უამრავი სასწაულის მოწმენი. აქ ისინი აღიკვეცნენ ბერებად და მონასტერში დარჩნენ. მათი უხრწნელი წმინდა ნაწილები ახლო მღვიმეებშია დაბრძანებული.

* * *
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ხუთი ეკვდერი აქვს - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის, სტეფანე პირველმოწამის, იოანე წინამორბედის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და ფერისცვალების სახელობისა. წმინდა იოანე წინამორბედის ტაძრის კანკელის აღსავლის კარის მთავარ ტრაპეზთან იყო უმდიდრეს ჩარჩოში ჩაბრძანებული ლავრის სიწმინდე - ღვთისმშობლის მიძინების ხატი. გადმოცემით, ეს ხატი 1073 წელს ჩამოაბრძანეს ბერძენმა ხუროთმოძღვრებმა. ხატზე გამოსახულია სარეცელზე მწოლიარე ღვთისმშობელი, რომლის წინ აღმართულია სახარება (იგი ფარავდა ხვრელს ფიცრის შუაგულში, სადაც ინახებოდა შვიდი წმინდა მოწამის წმინდა ნაწილები, რომელიც ტაძრის კურთხევის შემდეგ ხუროთმოძღვრებმა ჩაფლეს ეკლესიის საძირკველში). ღვთისმშობლის თავთან ექვსი მოციქული დგას. მათYშორის პეტრე, საცეცხლურით ხელში, ფერხთით - ხუთი მოციქული, მარცხნიდან - მოციქული პავლე. შუაში გამოსახულია მაცხოვარი. ხატი ჩარჩოში, ლითონის წრეში იყო მოთავსებული. გამძლე აბრეშუმის ზონრებით ჩამოუშვებდნენ ხოლმე სასწაულმოქმედ ხატს ცისკრის ლოცვისა და ლიტურგიის შემდეგ და მლოცველები ხატის სამთხვევად მიდიოდნენ.

კანკელის მარცხნივ, მთავარი ეკვდერის კანკელთან ინახებოდა ვერცხლის კიდობანი დიდი მთავრის ვლადიმირის მოკვეთილი თავით. ჩაბრძანებული იყო წმინდა ნაწილები კიევის პირველი მიტროპოლიტის მიხეილისა. 1107 წელს მისი წმინდა ნაწილები გადაიტანეს ახლო მღვიმეში, შემდეგ კი ლავრის დიდ ტაძარში.

მთავარი ეკვდერის სამხრეთ კედელთან პეჩორის იღუმენის ღირსი თეოდოსის წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. მის გასწვრივ - ყველა პეჩორელი მამის წმინდა ნაწილები. შორიახლოს, კედლის შვერილზე - წმინდა ანტონის ხატია. პირველმოწამე სტეფანეს ეკვდერის კანკელთან, ვერცხლის ლუსკუმაში ინახებოდა წმინდა მამის საჩვენებელი თითი. ამჟამად ეს სიწმინდე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

ამავე ეკვდერის მიწისქვეშეთში დასაფლავებულნი იყვნენ ეკლესიის და სახელმწიფოს მოღვაწენი, რუსეთის დიდი მთავარნი, კიევის მხედართმთავარნი, მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, არქიმანდრიტები.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკვდერში კანკელთან განთავსებულია ღვთისმშობლის ხატი - იგორისეულად წოდებული. ეს სახელი ხატმა იმიტომ მიიღო, რომ მის წინაშე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ლოცულობდა წმინდა კეთილშობილი დიდი მთავარი იგორი. ამავე ეკვდერში, კანკელის სამხრეთ კარებზე წმინდანაწილებიანი წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი ხატია.

ლავრის სამღვდელმთავრო შესამოსლის საცავში ინახება ძვირფასი თვლებით დამშვენებული წმინდა პეტრე მოგილას მიტრა, ძვირფასი ჯვრები, მათ შორის ოქროს ჯვარი ცხოველმყოფელი ხის ნაწილებით და მიწა უფლის სამარხიდან.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ლავრა დაარბიეს და შებილწეს. განადგურდა უნიკალური სიწმინდეები. 1930 წლის 1-ელ იანვარს მონასტერი დახურეს. ოკუპაციის დროს დაიკარგა ღვთისმშობლის მიძინების ხატი. 1941 წელს ფაშისტებმა ააფეთქეს და ნანგრევებად აქციეს დიდებული ტაძარი, რომელიც დარჩა როგორც სიმბოლო დამანგრეველი და უღმერთო რეჟიმისა.

1988 წელს, როდესაც მონასტერმა დაიწყო აღორძინება, პირველი ლიტურგია ჩატარდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 1998 წელს, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა პირველი აგური ჩადო ეკლესიის ახლად აღორძინებაში. ორი წლის შემდეგ, 2000 წლის 24 აგვისტოს კი უნეტარესმა ნანგრევებიდან აღდგენილი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აკურთხა. მას შემდეგ ლავრაში ღვთის დიდება არ შეწყვეტილა.
ბეჭდვა
1კ1