კიევის გერბზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლება
კიევის გერბზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლება
თბილისიდან კიევში თვითმფრინავით ორსაათ-ნახევარში ჩავფრინდი. მგზავრები ხელახალ რეგისტრაციას გავდივართ და თითოეულ მათგანს საგანგებოდ გვეკითხებიან, ვინ სად მიდის. თუ მათი ინტერესი ვერ დააკმაყოფილე, შეიძლება აეროპორტში კარგა ხანს მოგიწიოს ლოდინი. მკითხეს, ვისთან და სად მიდიხართო. კიევ-პეჩორის ლავრაში, მომლოცველი ვარ, ჩვენი მოძღვარი, მამა კახაბერი აეროპორტში მელოდება-მეთქი. გასვლის ნება მომცეს. კიევში თვალში მომხვდა გზების განახლება. ყვითელი ავტობუსებიც დაქრიან. ალაგ-ალაგ შეხვდებით მცირე ზომის საცხობებს, სადაც დიდი რუსული ასეოებით აწერია "ქართული პური". ჩანს, ჩვენებურ ლავაშს უკრაინელებიც მიირთმევენ. საექსპორტო ქართულ მინერალურ წყლებსაც უხვად შეხვდებით მაღაზიებში. აქ ქართველებმაც ნახეს თავშესაფარი. კიევში საკმაოდ ბევრი ეკლესია-მონასტერია. ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს წმინდა ვლადიმირის ტაძარი, სადაც წმინდა ბარბარეს უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როცა ცხადში ვნახე წმინდა ბარბარეს წმინდა სხეული (ამ ტაძრის შესახებ შემდეგ ნომრებში გიამბობთ). შთამბეჭდავია ასევე "ვედენსკის" სახელობის მამათა მონასტერი, სადაც ღირსი დიმიტრის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. ამბობენ, წმინდა დიმიტრი ყველა ადამიანის გულით თხოვნას შეისმენს და უსრულებსო. ფურცელზე წერენ თხოვნას და წმინდა დიმიტრის ურწნელი სხეულის გვერდით დებენ. საქართველოდან უამრავი წერილი ჩავიტანე და წმინდა დიმიტრის ვთხოვე მათი შესრულება.

კიევში მრავალი ქართველია სასწავლებლად ჩამოსული. სალომე ვაშალომიძე სამედიცინოზე სწავლობს. სალომემ გზადაგზა მიამბო ასევე კიევის წარსული.

- კიევი მეხუთე საუკუნეში დაარსდა და ის სავაჭრო გზა იყო კონსტანტინოპოლსა და სკანდინავიას შორის. ლეგენდის თანახმად, კიევს სამი ძმა - კია (უფროსი), შეკა და ჰორივა, ასევე მათი და მართავდნენ. კიევის გერბზე გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც ქალაქის მფარველად ითვლება. კიევი "მწვანე ქალაქია", სადაც ორი ბოტანიკური ბაღი და უამრავი პარკია. შედარებით უფრო ძველ, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წარმოდგენილია ბევრი ბორცვი და მდინარე. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. 1934 წლიდან კიევი უკრაინის დედაქალაქია. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა,ომის შემდგომ მალევე აღადგინეს.

კიევის რუსეთის კულტურა გამოირჩეოდა განვითარების მაღალი დონით. იგი ეყრდნობოდა სლავი ხალხების თვითმყოფ კულტურას. მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიური კულტურის გავლენაც. ჩვენამდე მოღწეულ კიევის რუსეთის ლიტერატურის ძეგლებს შორის უძველესია ოსტრომირის სახარება. კულტურულ-ლიტერატურულ საქმიანობას ძირითადად საეკლესიო პირები ეწეოდნენ (კიევის მიტროპოლიტი ილარიონი, მემატიანეები: ნიკონი, ნესტორი, სილვესტრი და სხვები). იწერებოდა მატიანეები, ჰაგიოგრაფიული თხზულებები, მოგზაურობათა აღწერები, პატრიოტული ეპოსი, დიდი ადგილი ეჭირა ბერძნულიდან თარგმნილ ლიტერატურას. კიევის რუსეთის ლიტერატურულ ტრადიციებზე შეიქმნა ბრწყინვალე ძეგლი "ამბავი იგორის ლაშქრობისა".

კიევის რუსეთის ეპოქის სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ჩამოყალიბდა სამხრეთ-სლავური ტომების მხატვრული შემოქმედების ტრადიციებისა და უცხოურ გავლენათა (ბიზანტია, ბალკანეთისა და სკანდინავიის ქვეყნები, ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი) გარკვეული ზეგავლენით. კიევის რუსეთის ხელოვნებაში დიდხანს შემორჩა ძველი სლავური ხუროთმოძღვრების ტრადიციები. IX საუკუნის II ნახევრიდან მატიანეებში იხსენიება ხის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც 5 და ზოგჯერ 13 გუმბათითაც იყო დაგვირგვინებული. ქვის პირველი ეკლესია (X ს-ის დასასრული) აიგო ქვისა და აგურის მონაცვლეობით დანაყილი აგურისა და კირის ხსნარით. ამგვარადვე იყო ნაშენი ქალაქის სიმაგრეები კიევში, კიევ-პეჩორის მონასტერი, ძველი ლადოგა (ყველა XI-XII სს), აგრეთვე სამნავიანი მაცხოვარ-ფერისცვალების ეკლესია ჩერნიგოვში (1036) და ხუთნავიანი სოფიოს ტაძარი (1037). ბიზანტიური საკულტო ნაგებობის ტიპი — ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ძველმა რუსმა ოსტატებმა თავისებურად გაიაზრეს და შექმნეს ადგილობრივი ხასიათის ორიგინალური ხუროთმოძღვრული სტილი. კიევის სოფიოს ეკლესიაში შემორჩენილია ბიზანტიელ ოსტატთა მიერ შესრულებული ფრესკები და მოზაიკა. ამ ეპოქის მინიატურა გამოირჩევა ფერადოვნებითა და შესრულების სიფაქიზით. XI საუკუნეში ვითარდება ხატწერა. XI საუკუნის II ნახევარში დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ეკლესიის ახალი ტიპი - სამნავიანი, ექვსსვეტიანი სადა ნაგებობა, რომელიც ხშირად გარშემოსავლელის გარეშე იყო. აგებენ ერთგუმბათიან ტაძრებსაც (კიევ-პეჩორის მონასტრის მიძინების ტაძარი, 1073-1078, დაინგრა 1941). XII საუკუნის დასაწყისში ნოვგოროდის ტაძრები სამ ან ხუთგუმბათიანია. ამ ხანების რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია იურის მონასტრის ტაძარი.

***
კიევი მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძნების სახელობის კიევ-პეჩორის ლავრით. ლავრა 1051 წელს დაარსდა. მისი წინამძღვარი იღუმენი ანტონი გახლდათ. მონასტერში თავიდან გათხრილი იყო მღვიმეები, მოგვიანებით ააშენეს ხის ტაძარი. ეს ადგილი ღთისმშობელმა აკურთხა. წმინდა ანტონს გადასცა დედა ღვთისამ ოქრო მონასტრის ასაშენებლად. 1688 წელს მონასტერმა ლავრის სტატუსი მიიღო. 1073 წელს დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა და იკურთხა 1089 წელს. XIX საუკუნეში პეჩორის ლავრაში შედიოდა 6 მონასტერი: მთავარი ტაძარი, საავადმყოფოს ტაძარი, ახლო მღვიმე, შორი მღვიმე, გალასეევის მონასტერი და კიტაევოს მონასტერი. ახლო მღვიმეში დასვენებულია პეჩორელი ბერების 80 უხრწნელი სხეული, ხოლო შორეულ მღვიმეში - 45. მონასტერში დაბრძანებულია ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ბერძნული ხატი. ლავრაში დაცული უძველესი და უძვირფასესი სახარებები, ხატები და ლიტერატურა 1718 წლის ხანძრის დროს განადგურდა. 1918 წლის 25 იანვარს (ძვ.სტ.) მონასტრიდან გაიყვანეს და მოკლეს კიევის მიტროპოლიტი ვლადიმირი. დიდი განსაცდელი დაუდგა მონასტერს, გაანადგურეს და დაწვეს ტაძრები, გუმბათებიდან ჩამოაგდეს ჯვრები, გადაასახლეს ან დახოცეს ბერები და მორწმუნენი. მოკლეს 500-მდე ბერი და ერისკაცი. 1961 წელს მონასტერი დახურეს. 1988 წლის ივნისში, რუსეთის გაქრისტიანებიდან 1000 წლის თავზე, ლავრის ქვედა ნაწილი დაუბრუნდა მონასტერს. 1992 წელს უკრაინის წინამძღვრად დაინიშნა მიტროპოლიტი ვლადიმერ დენისენკო. ლავრამ მის ხელში აღორძინება დაიწყო. განახლდა ტაძრები, აღდგა სასულიერო სემინარია-აკადემია. თავიდან მოქმედებდა სატრაპეზოს, წმინდა ანტონის და ფეოდოსის სახელობის ტაძრები. ლავრის 950 წლისთავზე, 1995 წლის 9 დეკემბერს, კიევის პრეზიდენტის ბრძანებით აღდგა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს 2000 წლის 24 აგვისტოს. მას შემდეგ ლავრაში მშენებლობა არ წყდება. ლავრაში 3 სასტუმროა მომლოცველებისათვის. არის ასევე სატრაპეზოები, ლავრის ბიბლიოთეკა, ხატწერის სახელოსნო, საცხობი, სადაც სეფისკვერს და პურს აცხობენ. ლავრის ზედა ტერიტორიაზე არის მუზეუმები, ძველი ბერების კელიები, საავადმყოფო. დღეს კიევ-პეჩორის ლავრაში მრავალი მომლოცველი ჩამოდის და ყველას ამაღლებული განწობილება ეუფლება.
ბეჭდვა
1კ1