დიდუბის და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრები
დიდუბის და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრები
დიდუბის ტაძარი
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ამჟამად ეკლესიაა აღმართული, კეთილმსახური მწყემსი ფარას აძოვებდა. მას დაესიზმრა ანგელოზი, რომელმაც აუწყა ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული და უთხრა: მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დილას ამ ადგილას მწყესმა თანასოფლელებთან ერთად ერთი ბრმა წაიყვანა. ღვთისმშობლის დიდებულმა ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - ბრმას თვალები აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. ამ ადგილას მაშინვე აღუმართავთ ნიში სასწაულთმოქმედი ხატისათვის. უფრო მოგვიანებით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგიათ. დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანაგრევების სახით მოუღწევია. ახალი ეკლესიის მშენებლობა 1874 წელს დაწყებულა დეკანოზ ბესარიონ ზედგენიძის თაოსნობით. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით) თანახმად უძეველესი ქართული სამშენებლო წესისა, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ.

KARIBCHE

მეტეხის ტაძარი

სიტყვა "მეტეხი," ნიკოლოზ ჩუბინაშვილის აზრით, ბერძნული "მეტოქისაგან" წარმოსდგება, რაც ნიშნავს "ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში". "მეტეხი" გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.

XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია.

1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1