განახლებული ჭელიშის უდაბნო
განახლებული ჭელიშის უდაბნო
ნიკორწმინდელი მღვდელმთავრის, მეუფე ვახტანგის (ლიპარტელიანი) ლოცვა-კურთხევით და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დახმარებით მიმდინარეობს ჭელიშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. სასიხარულოა, რომ უკვე აღდგა ნანგრევებად ქცეული ტაძარი, ასევე სამრეკლო. ბაზილიკური სტილის ტაძრის გარშემო ახლო მომავალში მამათა მონასტერი დაფუძნდება.

შეგახსენებთ, რომ ჭელიშის უდაბნოს რაჭაში, მდინარე შარეულას მშვენიერ ხეობაში დღესაც დგას ნანგრევებად ქცეული ჭელიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი და ახლად შეკეთებული სამრეკლო. მონასტერი, როგორც განმარტოებით მდგარი, მოიხსენიება ჭელიშის უდაბნოდაც. აქ, მთელი ათი საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა. სავანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის. გადმოცემით მიწისქვეშა გვირაბიც კი არსებულა გამოქვაბულებამდე. მისი საფუძვლიანად შეკეთება მოხდა XVI საუკუნის მეორე ნახევარში, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (საყვარელიძე) ძალისხმევით. 1637 წელს, ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. ჭელიშის მონასტრის უკანასკნელ ბერს ლევანტი მეტრეველს 1937 წლამდე უცხოვრია უდაბნოში.

KARIBCHE KARIBCHE

ჭელიში რომ დიდი კულტურის ცენტრი იყო, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. ერთი ასეთი წიგნთაწიგნია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭიორში. ამ ოთხთავის მინაწერი და მასში დაცული ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენებს მრავალ ძვირფას ჭედილ და მინანქრიან ნივთებს, რომელიც გაუკეთებია ჭელიშისთვის დანიელ ხარბაშურის გაზრდილს ნიკოლოზს.

ამავე მონასტერში ინახებოდა უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა, წმინდა ამბროსიმ, (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი. სხვადასხვა დროს, ჭელიშის უდაბნოს ადგილ-მამულს თავიანთი გლეხებითურთ ძვირფას ნივთებს სწირავენ დიდგვაროვნები: პაატა წულუკიძე, ნიკოლოზ ყიფიანი, ნიკოლოზ იაშვილი, გიორგი მაჩაბელი და სხვები. მეფე ერეკლე მეორემ კი ზარები შესწირა მონასტერს.

KARIBCHE KARIBCHE
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1