მონასტერში მოსული ადამიანი თანდათან სწავლობს სულიერი ბრძოლის ხერხებს
მონასტერში მოსული ადამიანი თანდათან სწავლობს სულიერი ბრძოლის ხერხებს
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ერკეთში, მთის მწვერვალზე მდებარეობს მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი.
აქვეა მთავარანგელოზთა უძველესი ტაძარი, რომელიც დაახლოებით IX-X საუკუნეებისა გახლავთ. შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წლის წინ ამ მადლიან ტაძართან დაარსდა მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერი. ღვთის შეწევნით, მონასტერში 13 მონასტრის წევრი ცხოვრობს. იღუმენია გახლავთ დედა მარიამი (ფოჩხუა). დედა მარიამი დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მთავარანგელოზთა მონასტრის დაარსების წინაპერიოდს:
- თავიდან ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდით მე და მორჩილი ფოტინე (ახლა უკვე მონაზონი ანტონინა (გალოგრე)). ღვთის მადლით, გამრავლდა მონასტრის დების რიცხვი და დღეს ცამეტნი ვართ: მონაზონი ანტონინა, ოთხი სამონაზვნე - მარიამი (გორგოშიძე), ბარბარე (ჯიშკარიანი), თეოდორა (შევარდნაძე) და თეოდორა (ანანიძე). მონასტერში ასევე ცხოვრობს შვიდი მორჩილი.

- დედა მარიამ, რატომ აირჩიეთ მონასტრული ცხოვრება?

- მონასტერში ძირითადად ადამიანები ღვთის სიყვარულის გამო მიდიან. სურთ, ღვთის გზა აირჩიონ, უფლის სამსახურში იყვნენ და თავიანთი ქალწულებრივი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნან.

მე მყავს ხორციელი შვილი, პატარა ნინო. მამამისი რუსეთში ისე გარდაიცვალა, რომ ღვიძლი შვილი არ უნახავს. ღვთის მადლით, ამის მერე მივედი ეკლესიის კარებთან. თავიდანვე ძალიან მიზიდავდა მონაზვნური ცხოვრება. პირველად ვნახე მეუფე იოსები 2001 წლის დიდ მარხვაში. მოვუყევი ჩემს ცხოვრებაზე, როგორ დავქვრივდი და დავრჩი მარტო ორი წლის შვილთან ერთად. ღვთის მადლით, 2001 წლის ხარების დღესასწაულზე გადავწყვიტე, სამუდამოდ დამეტოვებინა საერო ცხოვრება და შევდგომოდი უფლის გზას. ამაში ჩემი სულიერი მამა და მოძღვარი, მასწავლებელი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები დამეხმარა. მეუფემ ძალიან დიდი თავმდაბლობა, უდიდესი სიყვარული მაჩვენა. ჩამაგონა უწმინდესის უდიდესი სიყვარული. მე ცოდვილი ვცდილობ, უწმინდესს, ჩვენს მეუფეს, ჯვარი არ დავუმძიმო. ასე თანდათან, სასწაულებრივად შევუდექი მონაზვნური ცხოვრების გზას.
- მონასტერში ღმერთს უფრო მეტად უახლოვდებით?

- რა თქმა უნდა. მონასტერში ცხოვრება მართლაც გმირობის ტოლფასია.Aაქ ბრძოლა გიწევს უხილავ ძალასთან, ბოროტ სულთან და ამ ბრძოლის ტექნოლოგიას თანდათან სწავლობ, როგორც ჯარისკაცი. როგორც ის სწავლობს და იწვრთნება საომარი მოქმედების დროს,Aასევეა მონასტერში მოსული ადამიანი, რომელიც სწავლობს სულიერი ბრძოლის ხერხებს, რათა მათ გაიმარჯვონ ბოროტის შემოტევებზე.

- თქვენ მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებით. ალბათ, პასუხისმგებლობაც დიდია...

- ღმერთმა ინება, რომ გავმხდარიყავი დედობის ღირსი. მყავს ხორციელი შვილი, სულიერი შვილები. რა თქმა უნდა, პასუხს ვაგებ არა მარტო ჩემს თავზე, ღვთის წინაშე რომ წარვდგები, არამედ თითოეული მონასტრის წევრზე. მთავარია, მონასტრის დედები და დები გამართლდნენ, ღვთის წინაშე როცა წარდგებიან და ცხონდნენ. მეუფის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წევრებისგან აღსარებას ვიბარებ.

- თქვენს მონასტერში თუ გაქვთ სიწმინდეები?

- მონასტერში დაბრძანებულია უძველესი, დაახლოებით XVIII საუკუნის მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. იკარგებოდა ხოლმე პერიოდულად და მერე, ღვთის მადლით, ისევ ბრუნდებოდა მონასტერში. სოფლის ერთმა მკვიდრმა ნაჯახით გააპო მთავარანგელოზის ხატი, თან უთქვამს, რა უნდა დამემართოსო. მის ოჯახში მერე დიდი ტრაგედია დატრიალდა. უფალმა ამ ქვეყნიდან ოჯახის ახალგაზრდა წევრი გაიყვანა. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ამ ხატს რესტავრაცია გაუკეთა. ბატონ ავთანდილს ჰქონდა გამოცხადება მთავარანგელოზისა - უნდა ამოსულიყო მონატერში. როცა შეხედა ამ ხატს, შეიცნო. ამის შემდეგMხატს რესტავრაცია გაუკეთდა. ორი წლის რესტავრაციის შემდეგ ხატი კვლავ დაბრუნდა მონასტერში.

KARIBCHE

ერკეთის მონასტრის დედები
მონასტრის მთავარი მფარველი მთავარანგელოზ მიქაელის ხატია.Mმონასტრის სიწმინდეებიდან გამოვყოფ ასევე უძველეს სახარებას, რომელიც უკანასკნელმა მღვდელმა გადაარჩინა: როცა აქაურობა ცეცხლს მისცეს, მღვდელმა თურმე სახარება წყალში ჩადო, შემდეგ გააშრო და სათუთად ინახავდა ოჯახში. შვილებს დაუბარა, სახარება მაშინ გამოეჩინათ, როცა არ იქნებოდა დევნა, ნგრევა. სასწაულია, მიუხედავად ათასი განსაცდელისა, სახარებას ერთი ფურცელიც არ აკლია. გვაქვს უძველესი ვაზის კარი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია და საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდა ჩვენს მონასტერს.

ჩვენს მონასტერს, მთავარანგელოზთა ტაძარს უნიკალური მდებარეობა აქვს. როცა მტერი შემოდიოდა, პირველ ცეცხლს გონიოს ციხეზე ანთებდნენ, რომელიც ჩანდა ჯუმათის მამათა მონასტრიდან. იქიდან ანთებული ცეცხლის კვამლით აგებინებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს ერკეთის მონასტერს. ჩვენს მონასტერში მობრძანდა სამოცამდე წმინდა ნაწილი. მათ შორისაა წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინასი, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარესი, ქალწულმოწამე მარინესი და წმინდა მკურნალი პანტელეიმონისა. ოცდახუთამდე წმინდა მამის წმინდა ნაწილია ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ლავრიდან, ასევე არის სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც 1870 წელს რომიდან ჩამოაბრძანეს. ეს სიწმინდეები ერთ-ერთ კათოლიკე მღვდელს ეკუთვნოდა, შემდეგ სასწაულებრივად ინახებოდა ერთ-ერთი მართლმორწმუნე მართლმადიდებლის ოჯახში. სიწმინდეების ჩასაბრძანებელში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები. ამდენმა დიდმა სიწმინდემ სასწაულებრივად ინება ერკეთის დედათა მონასტერში დავანება. ეს წმინდანები არიან ჩვენი მონასტრის მფარველები და მეოხნი.

***
მონასტის ახლოს არის წყარო, რომელსაც მაკურნებელ წყაროდ მიიჩნევდა მოსახლეობა. თავდაპირველად, უწყლობის გამო, მონასტერში შემოსაყვანად ვეძებდით სასმელ წყალს. ამ წყაროზეც იყო საუბარი, მაგრამ წყალი იმდენად ცოტა იყო, რომ გადავიფიქრეთ. თითქოს უფალმაც დაფარა წყარო, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არ გამოგვეყენებინა. გვინდოდა, გაგვეკეთებინა მთავარანგელოზ მიქაელის საბანელი. გადავიღეთ ფოტოები და ფოტოებზე აღმოჩნდა კლდეში გამოკვეთილი უძველესი საფეხურები პატარა წყლის აუზით და სადინარით.Aამის დანახვა ყველას გაგვიხარდა. ჩანს, ეს ყველაფერი იქ მოღვაწე წმინდა მამების, ჩვენი წინაპრების მიერ იყო გამოკვეთილი. წყაროს წყლის მიღებისას უამრავი სასწაული ხდება. რწმენით მოსული ადამიანები წმინდა წყლის დალევის შემდეგ კურნებას იღებენ. უშვილო ოჯახები დღეს შვილის მოლოდინში არიან.

***
მონასტერს სამრეკლო არ ჰქონდა და, ღვთის მადლით, უფალმა ესეც მოგვცა. ძალიან ამშვენებს ჩვენს მონასტერს. ასევე შენდება ერთსართულიანი ნაგებობა, სადაც იქნება მოძღვრის მოსასვენებელი და საკვირაო სკოლის ოთახები, სატრაპეზო - მომლოცველებისთვის. როცა გაითხარა ნაგებობისთვის საძირკველი, მიწა ჩაიშალა და აღმოჩნდა მიწის ქვემოთ ნაკვეთი მრგვალგუმბათოვანი, დაახლოებით 5-6 კვადრატულმეტრიანი ოთახი. ეს შეიძლება იყოს განმარტოებული ბერის სალოცავი ადგილი. ესეც ძალიან გვახარებს, რამეთუ უფალმა ეს მადლიანი ადგილი არ დამალა ჩვენდა ნუგეშად და ჩვენს გასაძლიერებად. სოფლის მკვიდრის, ბატონ ნიკოლოზ შაქარიშვილის დაფინანსებით და თანადგომით შენდება დიდი კომპლექსი, სადაც განთავსდება საპატრიარქო, სამღვდელმთავრო მისაღები, წინამძღვრის და დედების სენაკები. აქ იქნება ბიბლიოთეკა, ხელსაქმის ოთახი, დიდი სატრაპეზო, მისაღები, მცირე ზომის ტაძარი. ზამთრის სუსხიან ამინდში აქ ჩავატარებთ ხოლმე მსახურებას. დედები ქარგავენ, ქსოვენ, სანთელს ქნიან, მუშაობენ თექაზე. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა. მონასტერი ცისკრის ლოცვებით იწყებს ცხოვრებას. იკითხება შვიდგზის ლოცვები, ასევე შვიდი პარაკლისი, სადაც ვიხსენიებთ მონასტრის ახლობლებს და ვლოცულობთ ასევე სრულიად საქართველოსთვის, რათა ქვეყანაზე იყოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მეუფეების ლოცვით, ღმერთმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ერთობა და სულიერი გაბრწყინება.
ბეჭდვა
1კ1