ძალიან დიდი ნუგეშია, როცა შენი რწმენის პასუხს ღვთისგან ხედავ
ძალიან დიდი ნუგეშია, როცა შენი რწმენის პასუხს ღვთისგან ხედავ
ძამის ხეობისკენ მიმავალს ისე შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ბერმონაზვნების ქალაქში მოგზაურობ. ყოველ ნაბიჯზე მონასტრებია, ყოველ ნაბიჯზე დედების თუ მამების ხმატკბილი გალობა ისმის... ამ ხეობაში მდებარე მამათა მონასტრის, სარკინეთის ხილვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იქ მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ანუბი (მენაღარიშვილი) გველოდა. მამა ანუბმა გაგვაცნო თუ როგორ დაარსდა სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი.

-თავიდან აქ არაფერი არ იყო, მხოლოდ პატარა შენობა იდგა. ღმერთმა ინება და ყველაზე მეტად რაც გვჭირდებოდა და გვსურდა - მონასტრის დაარსება შევძელით . საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები კვეთდნენ კლდეში ტაძრებს, ჩვენ მოვინდომეთ გაგვეცოცხლებია ისტორია, რაც შევძელით კიდეც. ძალიან დიდი ნუგეშია, როცა შენი რწმენის პასუხს ღვთისგან ხედავ და გამოდის ის, რაზეც სპეციალისტები გეუბნებიან, შეუძლებელია გამოვიდეს. ღვთის წყალობით, ჩვენი მღვდელმთავრის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და მამა საბას (ჟღენტი) ძალიან დიდი შრომით და ძალისხმევით გამოვიდა ის, რასაც თავად ხედავთ. აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო რთულ კლდეში შევძელით გამოგვეკვეთა ტაძარი ისე, როგორც ჩვენმა წინაპრებმა გამოკვეთეს,- ვარძია, დავით გარეჯი, თავკვეთულა, ვანის ქვაბები და ასე შემდეგ. ჩვენი კლდე, ძალიან ძნელად სანგრევი აღმოჩნდა, თუმცა ღვთის შეწევნით, თავდაუზოგავი შრომით და მოთმინებით, ყველაფერი გამოვიდა. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და 2011 წლის 20 ოქტომბერს ტაძარი გაიხსნა და დაიწყო მონასტრული ცხოვრება. 

სარკინეთის ტაძრის მოხატვა დაიწყო დაახლოებით 2015 წელს  მეცენატის ლევან ახვლედიანის მიერ. მისი ფინანსური დახმარებით, ხატმწერმა ვასილ ზანდუკელმა მოხატა ჩვენი ტაძარი. ხატწერა მართლაც გამორჩეულია... ტაძრის იერსახე მთლიანად შეცვალა. შეიძლება ითქვას, ხატწერამ  აქაურობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. ვასილის დიდი შრომით ბევრი უნიკალური ფრესკა შეიქმნა. მათ შორის  წმინდა შიო მღვიმელის მიცვალება, ფარსმან მეფის გვირგვინის დადგმა შიო მღვიმელის მიერ... თუმცა, შეიძლება ითქვას რომ მხატვრობის "გვირგვინი" საქართველოს დიდების ფრესკაა, რომელიც ავსებს სარკინეთის ტაძარს. 

სამწუხაროა, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ მონასტრის შესახებ. დროთა განმავლობაში, მომლოცველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ყველამ უნდა ნახოს , რომ "შეუძლებელ კაცთაგან, ღვთისსთვის შესაძლებელ არს". აქაურობას ალბათ ყველაზე მეტად ეს დატვირთვა აქვს.

KARIBCHE

ტაძარი წმინდა შიო მღვიმელის სახელობისაა. პირობითად აქაურობას სარკინეთი დაერქვა, რადგან შიო მღვიმელი მცხეთაში, სარკინეთის მთებში მოღვაწეობდა, იქ სადაც დღეს შიო მღვიმის მონასტერია. ისე ამ სოფელს ელბაქიანთ კარი ჰქვია.

-რამდენი ხართ მონასტერში?

-ამჟამად ექვსნი ვართ. ჩვენი ორი ბერი ათონზე, ვათოპედის მონასტერში ერთი წლით არიან წასულები, მორჩილებას გადიან, სწავლობენ ენას, ცდილობენ გაძლიერდნენ მონასტრულ ცხოვრებაში.

-მამაო, დღეს როგორ ცხოვრობთ?

-როგორც ყველა მონასტერში ალბათ ჩვენი ტიბიკონიც იგივეა. ლოცვას შუაღამისას 4 საათზე ვიწყებთ. ვცდილობთ შეძლებისდაგავარდ ყოველდღე აღვასრულოთ წირვა. დრო გვაქვს დასვენებისთვის, პირადი კანონებისთვის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის. დღეში ორჯერ არის ტრაპეზი. დანარჩენი ფიზიკურად გვიწევს შრომა. რასაც ახლა უყურებთ აქ გაკეთებულს, ძირითადი ნაწილი ჩვენი ხელებითაა შექმნილი. არცერთმა ჩვენგანმა იცოდა რაიმეს კეთება, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ჩვენი ხელით შეგვექმნა ღვთის სახლი იმდენად დიდი იყო რომ ეს წინააღმდეგობაც მარტივად გადავლახეთ. წლები გავიდა, მონასტერი ნელ-ნელა მოეწყო, ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების თანადგომით დღეს უკვე ყველა პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა მონასტრულად იცხოვრონ და უფალი განადიდონ. გვაქვს სენაკები, დიდი სატრაპეზო, სტუმრებისთვის მისაღები სახლი, ჩვენი მეურნეობა. ვამუშავებთ მიწებს, გვაქვს ხელოვნურად მოწყობლი ტბა და გვყავს თევზები.

KARIBCHE KARIBCHE

-თქვენ როგორ მოხვედით მონასტერში, როგორ დაიწყეთ ბერული ცხოვრება?


- მონასტრული ცხოვრება ბავშვობიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა. მონასტერში დავდიოდი. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. მოძღვარი ბერი მყავდა და მისი ცხოვრება გახდა ჩემი ცხოვრების მაგალითი. ამ გადმოსახედიდან ბავშური იყო ჩემი სურვილებიც და შეხედულებებიც. ბერული ცხოვრების სურვილი პირველად 12 წლის ასაკში გამიჩნდა, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო მწიფდებოდა და არ ნელდებოდა. 16 წლის ვიყავი როცა ძამის ხეობაში რადგან ბავშობიდანვე ვიცოდი ეს ადგილი, ბევრი მსმენოდა აქ არსებული მონასტრული ცხოვრების შესახებ. შეიძლება ითქვას მე გამიმართლა და პირველივე დღეებიდან მეუფე იობის მორჩილებაში აღმოვჩნდი.ფაქტიურად სულიერ აკადემიაში მოვხვდი. მეუფე იობს გადამდები შემართება აქვს, მისმა პირადმა მაგალითმა და ცხოვრების წესმა განაპირობა ჩემი და მრავალი აქ მოღვაწე ბერის სურვილი მონასტრული ცხოვრებისა. შეიძლება ითქვას რომ ბავშვობიდან ძალიან აქტიურად ვკითხულობდი თქვენს ჟურნალს "კარიბჭეს". დღეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მიიტან ადამიანების გულებამდე სწორი ცხოვრების მიმართულებას,თქვენ ამას მუდმივად ახერხებდით.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1