ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ
ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ
წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებები
21 სექტემბერს (ახ.სტ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ბეთანიელი წმინდა მამების წმინდა იოანესა (მაისურაძე) და წმინდა იოანე-გიორგის (მხეიძე) ხსენებას. ვფიქრობთ, Gვენს მკითხველს დააინტერესებს წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებების გაცნობა, რომელშიც ბევრ საინტერესო ამბავს იხილავს.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. არს ქართლში სოფელი, რომელსაც ეწოდების ერედვი. სოფელსა ამას შინა სცხოვრობდა ანდრია მაისურაძე და ჰყავდა ძე, რომელსაც ერქვა ვასილი. იყო ესე ვასილი ათთორმეტი წლისა, ოდეს წარმოგზავნა თბილისში ოჯახში ვისიმესა მსახურად.

ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა - მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდა თოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ცოლი ავად ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა. ამისა შემდგომად, ვისაც უნდოდა ბეთანიაში ბერობა, მოდიოდნენ ნელ-ნელა, სამუშაო ბევრი იყო, მუშაობდნენ მაგრად, მადლი ღვთისაო გვაიძულებდა, თუ არა სპირიდონ ბერი ხელფასს არავის გვაძლევდა. არაფერი ნოყიერი საჭმელი არა გვქონდა, კარტოფილი, ხანდიხან ლობიო და ჩაი, ხოლოდ ისიც უნდა კრიპუსკით. ზოგიერთები მარხულობით თავს იკლავდნენ და ისინი რა სუქან საჭმელს მოითხოვდნენ.

ეხლა ისინი მოვიხსენოთ, თუ ვინ იყვნენ ბეთანიის მონასტრის შემომწირველნი: კოწია მუხრანიშვილი - 20 ფუთი ჟესტი, სოფელ ღვევიდან, ამირანიანთ ოჯახი წყლულეთიდან, თეზელაშვილები ნახშირგორიდან, ქალბატონი ბებუთოვის ცოლი - სახლისათვის მუხები, სოფელ პრიუტიდან ალექსანდროვის ოჯახი - რუსები, საერთოთ, თუ კი ვისთანმე მივიდოდით, ყველანი მოწყალენი იყვნენ, თბილისიდანაც - დეპოს მუშები, მათ შორის უფრო ივან ივანიჩი და ტოკმაჩოვ მიხაილი, ზოგიერთები ბენათიისა სახელზე მოგვინგროებდნენ ფულს და მოგვცემდნენ. ეს ჩამოთვლილი ხალხი ზოგი ფულით, ზოგი პურით გვეხმარებოდნენ... ანდრია და ძმა მისი აკურისელები, ფანჯაკიძეები. ისე კიდევ, ეგზარქოსოს ნება-დართვით თბილისში, გორში, ცხინვალში, ხაშურში, სურამში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში და ამ ქალაქების სოფლებში, კიდევ ბეთანიდან მანგლისის გზაზე აგვქონდა ხატი, ჯვარი, ქოხი გვქონდა და დღე-ღამე იქ ვიყავით ზაფხულობით, მგზავრებს ვთხომდით ფულს. კვირაში ხუთი მანეთი, ექვსი შვიდი მანეთამდე გროვდებოდა.

ეხლა კიდევ ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა; რომელიც სოფელ ერედვი ვახსენე თავში და ანდრია მაისურაძე და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი ბერი სპირიდონი რო ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან რო მიდიოდა, იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი ღრმათ, დავიწერე პირიჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე. ცოტა იყო თუ ბევრი ვიარე და მოვედი ბეთანიაში, გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი ჩვენთან, უნდა იმუშავოო. იმ დროს აშენებდნენ სახლსა. რასაკვირველია, მივედი. ვასო, აი, ის დიდი ქვა როა, მომაწოდე, აი, ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე. მეც - ხმა ამოუღებლათ. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას, ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა, იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს. ბეთანიაში რო მივედი, თოთხმეტი წლისა ვიყავი. მაშინ ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხეილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი - გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ. გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთ თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლოზ დაუშვილი, ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი.

ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა, ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო. არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზედ სახურავზე ხეები იყო ამოსული. იყო დიდი, ქართული კრამიტითა. გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი იყო, ტაძარი შუაზე იყო გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით იყო. ტაძრის ნაწილობრივ გვერდებიც ჩამოშლილი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდი - კედლებზე მხატვრობა დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძისა და სხვანი, როგორც ვიცით, ხუნდებიან და სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა. ეს გაჯი დელისიდან მოგვქონდა. გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. ეგრეთვე, მინამ დაიხურვებოდა, დიდი მწუხარება იყო ბერი სპირიდონის გულში. რასაკვირველია, გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა. თქვენ წარმოიდგინეთ, თითო-ოროლა შაურით მოკრეფილმა რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი იყო, დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. ეხლა როგორც უყურებთ, ესრეთ შევქმნენით. შიგნით იატაკი დავაგეთ. თითი-თითო, მოთხნილი ფიცრით უმადლო ნიკოლოზის სამღვდელოებამ არაფერი დაუმადლია, არც მენშევიკების სამღვდელოებამ, ერთი ჰეკტარი მიწა არი იქვე, კორებზე, ისიც კი ჩამოართვეს, ჰო, ისიც ბეთანიის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა, ვიმუშავეთ ჩვენ, მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ. ეზო გავნწმიდეთ. ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჰშჭირდა. ჩნდებოდა საფლავები: ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებდით პადვალაში. ჰო, ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მეთქვა. ჯვარი რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს. მეც ვეხმარებოდი, ვასო. ეს მუშები იყვნენ რუსები.

ეს ბეთანიის შეკეთება იმისთვის მოვიგონე და ავწერე, რომ ბეთანიას მოვიდა დიმიტრი გორდიევი, მკვლევარი; შევეკითხე: დიმიტრი პეტროვიჩ, ბეთანიის მონასტრის განახლების ისტორია როგორ იცით-მეთქი. ასე მითხრა: ვინმე იტალიელსა განუახლებიაო; მე შევეკითხე: ვინ გითხრა-მეთქი? დავითაშვილმაო; ჩამოვედი თბილისში და სიძველეთა დაცვის კომიტეტის დირექტორს შევეკითხე, დათიკო ლომაძეს, იმ ლომაძემაც აგრევე მითხრა, იტალიელმაო; ვინ გითხრათ ასეთი ტყვილი-მეთქი? - დავითაშვილმაო. მერე მე უთხარი: ბეთანიის მონასტერი არც ისე დიდი ხნის განახლებულია-მეთქი, თბილისიდან არც ისე შორს არის, თორო კარქა არ იცით განახლების ისტორია; მერე ლომაძემ მითხრა: აბა, ჩემო ივანეო, რამდენათ შენ იციო ბეთანის მონასტრის ამბავიო, დასწერეო, მეც გავიჭირვე და დავწერე. ჩვენი შრომა და წვალება რათ უნდა მისჩემდეს იტალიელს. ჰო, ბეთანიის მონასტრის ისტორიაში დიდი დახმარება მიუძღვით კირიონ ეპისკოპოსს, ექვთიმე თაყაიშვილს, არისტო ქუთათელსა, სათავადაზნაურო შკოლის მასწავლებელსა.

ეხლა როდესაც გაკეთდა ყველაფერი, სხვადასხვა მიზეზების გამო დასტოეს მონასტერი და წავიდნენ სხვაგან. დავრჩით სპირიდონ ბერი და მე, ვასილი, და მეც უკვე კენჭში გასავლელი ვარ, ვეთხოვები ახლა მეც ბეთანიის მონასტერს, რჩება მარტო სპირიდონ ბერი და ერთიც ცალთვალა დავითი, მეგრელი მოხუცებული. მომცა სპირიდონ ბერმა ათი მანეთი და დამწერა ჯვარი და განმიტევა ლოცვა-კურთხევით. მეც დავიწერე პირიჯვარი, ვენთხვიე ხელზე და ვაკოცე მონასტრის კედლებს და წავედი. ბეთანიის მონასტერში მოვედი მე, ვასო მაისურაძე, ათას რვაას ოთხმოცდა ექვსში, ეხლა უკვე მივდივარ ათას ცხრაას სამში. ეხლა მივდივარ ცხინვალში, კენჭის ამოსაღებლათა. შევედი როგორც სხანი. ეხლა მივიდა რიგი. უნდა ბერმა ამოიღოს კენჭი. ყველანი ინტერესით იყურებიან, აბა ბერს ერგება თუ არა? მერგო ჯარში წასასვლელი კენჭი, ყველას გაუხარდა, ყველამ გაიცინა. ახლა გაშინჯვამ მოიწია, გამშინჯეს, დამიწუნეს, არ ვიყავი ჯანმთელი, მომცეს სრული თავისუფლობის ბილეთი, თეთრ ქაღალდზე დაწერილი. ახლა ვინაიდან სპირიდონ ბერმა შეხედა, რომ აღარავინაა მონასტერში, მაშინ გლეხი კაცი შემოუშვა საცხოვრებლათ წყლეთიდან, გიორგი თხელაშვილი... მე, ვასო მაისურაძე, ცხრაას სამში წავედი მთაწიდას ე.ი. ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა. ეს 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაუჭირდა, წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელმონაზონის სიცოცხლე.

ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ესე იგი ბილეთი, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოტში და მივდივარ ტრაპიზონის მხრივა. შემიღონდა გული, რომ დავტიე სამშობლო, მეტირება, ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოდს. როგორც უნდა ვსთქვათ, ახალგაზდა ვარ, ოცი წყლისა ვარ, მარტო ერთი ქართველი პარახოდში, მენანება სამშობლოს დატოვება. მეხუთე დღეა ბოსფორში რო შევდივართ. პირველი საელჩო სახლია, რუსეთის მარჯვნივ, ახლა ბევრი სხვა სახელმწიფო ელჩების სახლებიც არიან, თითონ სულთანის საზაფხულო სახლიც. მივცურავთ ჩვენი დიდი პარახოდითა, ყველანი პარახოდის ბანზე არიან ამოსულები, იყურებიან აქეთ-იქით, შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს. დიდი გრძელი სანავთ სადგომი, მოსაწონი, ახლა ჩამოვდივართ პარახოდიდან, გვიშინჯამენ პასპორტებსა, გვკითხამენ, სად მიდიხარო. პანტელეიმონის პოდვორიაში. ეს პოდვორია ათონის მთაზე, რუსი მონასტერი არი და მისია. წამიყვანეს, ჩამაბარეს ამ რუსის პოდვორიას. ამ პანტელეიმონის მონასტრის პოდვორიაში ჩამოსულიყო ათონიდან ვენედიქტე იღუმენი, გვარათ ბარკალაია, თანა ჰყამდა ბერი დანიელი. შეშჩიოდა ოსმალოს და რუსეთის საელჩოს რაიმე ყურათ ღება მიექციათ მისთვის, რომ ათონზე რო ივერის მონასტერია, იცნონ საქართველოს მონასტრათ. რასაკვირველია, ეს მე არ ვიცი, რა პასუხს აძლევდნენ; ეს ჩივილი პირველი არ იყო ვენედიქტე ბარკალაიასი. მთელი საქართველო შესძრა, რუსეთის მთავრობა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. ეხლა რო მე, ივანე ბეთანის მორჩილმა ვნახე სტამბოლში, ეს იმისი უკანასკნელი შეჩივლა იყო და არც ახლა რამეს მიახწია და ჩამოვიდა ათონში და ათონიდან უკანასკნელი სასოდაკარქულმა წამოვიდა საქართველოში. ესრეთ დასრულდა ვენედიქტეს ჩივილი ათონის ივერის მონასტერზე.
ბეჭდვა
1კ1