მოხუცი დები მართლაც იშვიათი გრძნობით ადიდებდნენ უფალს
მოხუცი დები მართლაც იშვიათი გრძნობით ადიდებდნენ უფალს
განვაგრძობთ საუბარს ბატონ პაატა ქურდოვანიძესთან.

- ბატონო პაატა, 1950-60-იან წლებში ქართველ ღვთისმსახურთ სამოღვაწეოდ შედარებით მშვიდი დროება დაუდგათ. როგორ გაგრძელდა თეკლათელ დედათა ცხოვრება?


- მართალია, ხელისუფლება მათ ძველებური აგრესიით არ დევნიდა, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოში სარწმუნოების წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლა არასოდეს შეწყვეტილა. ამ შედარებით "მშვიდობიან" წლებში მონასტრის ცხოვრება არავის აუფორიაქებია. ტარდებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება, გამშვენდა დარბეული ტაძარი. დედებმა გადამალული ზარებიც აახმიანეს, იმატა მრევლმა. დიპლომატიური ნიჭითა და სულიერი სიმტკიცით დაჯილდოებულმა იღუმენია ელენემ ხელისუფლებასთან ოფიციალური ურთიერთობაც აღადგინა.

1960-იანი წლების შუა ხანისათვის მონაზონთა უმრავლესობა უკვე გარდაცვლილი იყო, ახალ წევრთა მიღება კი იშვიათად ხდებოდა. როგორც იოანე ბერი იგონებს, "სქემიღუმენია ელენეს წინამძღვრობის ჟამს მონასტერს ქართველთაგან ახალი მოღვაწე არავინ შემატებია, გარდა ორი მოხუცებული მონაზვნისა, რომელნიც მათხოჯის დედათა მონასტრიდან გადმოვიდნენ. მათგან ერთს მონაზვნობის სახელი შუშანიკი ერქვა, გვარად შალამბერიძე იყო. ამ წმინდა მონაზონმა 1973 წელს მიამბო: ძალიან გვიმძიმდა მათხოჯის მონასტრის მიტოვება, მაგრამ მეტი გზა არ გვქონდა, ბოლოს სამი მონაზონიღა დავრჩით. ერთი ღრმად მოხუცებული და მთლად დავრდომილი იყო. ან როგორ შეგვემატებოდა ვინმე, როდესაც ჯერ საერო ხელისუფლება გვავიწროებდა, მერე კი ყაჩაღებმა აღარ დაგვაყენეს. ერთი ძროხაღა გვყავდა სარჩოდ, მაგრამ ქურდებისაგან შეწუხებულებმა გავყიდეთ. იმითაც ვერ ვისარგებლეთ, დაგვეცა ყაჩაღი და ის ფულიც წაგვართვა... ბოლოს ჩვენც დაგვემუქრნენ მოკვლით, ისედაც მოხუცებულნი და დაუძლურებულნი ვიყავით და მეტი რაღა ძალა დაგვრჩენოდა, ვაცნობეთ ჩვენი გაჭირვება პატრიარქ ეფრემს და მისი ნებართვით მივატოვეთ მონასტერი. დავრდომილი მონაზონი ნათესავებმა შეიფარეს, ჩვენ ორნი კი ამ მონასტერს შემოვეკედლეთო.

დედა შუშანიკისაგან ვიცი, რომ მონასტრის მიტოვებამდე მათ ტაძრის დიდი ხატი და სხვა სიწმინდეები საპატრიარქოსათვის ჩაუბარებიათ. ღვთისმშობლის ის ხატი ბევრჯერ მინახავს. იგი მოხატულია ფერადი საღებავით საბერძნეთში ათონის ქართველ ბერთა მიერ XX საუკუნის დასაწყისში, ფრიად ლამაზია და მას მხედრული წარწერა ამშვენებს. ეს წმიდა ხატი ეფრემ II-ის და დავით V-ის პატრიარქობის ჟამს დაბრძანებული იყო საპატრიარქოში, შემდეგ კი გადაასვენეს სიონის საკათედრო ტაძარში".

სიონში მეც მინახავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს დიდი ხატი, რომელსაც "მათხოჯის ღირს არსი" ეწოდება. იგი 1997 წელს საპატრიარქომ მათხოჯის წმინდა ნინოს ახალაღდგენილ მონასტერს დაუბრუნა.

- წარმოშობით უკრაინელი მონაზვნებიც ახსენეთ...

- თეკლათის დედათა მონასტრისათვის მნიშვნელოვანი იყო 1962 წელს ღრმადმორწმუნე უკრაინელი დების - აგაფია კორობჩენკოსა და ნატალია ჟუკოვსკაიას სამორჩილოდ ამოსვლა და კრებულში დამკვიდრება. მართალია, იმ დროისათვის ისინიც საკმაოდ ასაკოვანნი იყვნენ, მაგრამ ღრმად მოხუცი და დავრდომილი ქართველი მონაზვნების გვერდით მხნედ გამოიყურებოდნენ და რუდუნებით მოვლით მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებდნენ.

- თუ არიან შემორჩენილი დედა ელენეს ნათესავები?

- არ შეწყვეტილა ახვლედიანთა ამ დიდებული ოჯახის მოღვაწეობა. გიორგი ახვლედიანის შთამომავლები კვლავ შრომობენ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ. თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს დღევანდელი საქართველოს სულიერ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

დიდი ხნის ძიების შემდეგ საშუალება მომეცა, გავცნობოდი ელენე ახვლედიანის და-ძმის შთამომავლებს. ქალბატონი ეთერ ასათიანი ქუთაისში ცხოვრობს, დები - დალი და რუსუდან ასათიანები და მათი მამიდაშვილი ნუნუ ჩხენკელი თბილისში არიან დამკვიდრებულნი.

ქალბატონმა დალიმ მიამბო: "მამიდა სათნოებისა და კეთილშობილების განსახიერება იყო. უფლის მსასოებელი, ნებისმიერ ადამიანს გამორჩეული ყურადღებით ექცეოდა და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ, დედმამიშვილთა შვილიშვილებს, როგორი სიყვარულით მოგვეპყრობოდა. მუდამ მშვიდად მოუბარს მოწყენილს ვერ ნახავდით. დედა ელენე ბებიდად გვეკუთვნოდა, მაგრამHჩვენ მამიდას ვეძახდით. და-ძმებში იგი ყველაზე უმცროსი იყო.

დიდი ბაბუა ალექსი ღვთისმსახური ყოფილა. იგი მეუღლის (დემეტრაძის ქალი) მამულში, ბაღდადის რაიონის სოფელ როკითში ცხოვრობდა. დიდი და ტრადიციული ოჯახი ჰქონდა, ცხრა შვილი გაუზარდა ქვეყანას და ცხრავეს სათანადო განათლება მიაღებინა.

დედმამიშვილებში განსაკუთრებული ნიჭიერებით გიორგი გამოირჩეოდა, ხალხოსანი, ლიტერატორი, არაერთი ქართველი საზოგადო მოღვაწის პირადი მეგობარი, თვითონაც სახალხო საქმეებზე გადაგებული. მისი სამწერლო ფსევდონიმია "როკითელი".

მსმენია, რომ ჯერ კიდევ პატარა ყოფილა ელენე, მამამისისთვის მამიდაშვილს, დიდ გაბრიელ ქიქოძეს უთხოვია, - ეგ ქალი მონაზვნად აღზარდე, ჩემო ალექსიო. მეუფის თხოვნას წინ ვინ აღუდგებოდა და, ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო დედა ელენე ასეთი მადლით მოსილი.

მე და ჩემი და, ასაკის სიმცირის გამო, თეკლათში არ დავყავდით. უფროსები კი ყურადღებას არ აკლებდნენ, ხშირად აკითხავდნენ. ამ მიზეზით ბევრს ვერაფერს გიამბობთ, მაგრამ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. ბებია მარიამი (ელენეს და) ქუთაისელი ვასილ ასათიანის ცოლი იყო. ტკბილი ცოლქმრობა ჰქონდათ. თვალწინ მიდგას მათი ლამაზი კარ-მიდამო. ძველებური აივნით დამშვენებული სახლი, დიდი ბაღი, ეზოში მოლი, ასწლოვანი ცაცხვები. ეჰ, დრომ გააქრო ყველაფერი. თვალწინ მიდგას მამიდას ერთი სტუმრობა. საღამოს ლოცვის შემდეგ დებმა ერთობლივად იგალობეს. არ ვიცი, რა დღესასწაული იყო. ამ ხნობამდე მოვაწიე, ის საღამო კი განსაკუთრებულად ჩამრჩა მეხსიერებაში, იმგვარად ახლა აღარ გალობენ. მოხუცი დები მართლაც რომ იშვიათი გრძნობით ადიდებდნენ უფალს.

ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე: "საეკლესიო მუსიკა, გალობა ყველა ხელოვნებაზე აღმატებული ძალის ფენომენია. იგი ადამიანს უზენაესს მიაახლებს, მისი შინაარსი არა მხოლოდ ბგერების რიტმულ-მელოდიური მოდულირებაა, არამედ შემსრულებელს შინაგანად განწმენდს და ღვთისა და მოყვასის წრფელი სიყვარულით შთანერგავსო". უფალი გვამცნობს: "მცნებას ახალსა მიგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ" (იოანე 13,34). - ჭეშმარიტად. "მცნებაი ახალი" ხომ "ახალ გალობად" განიმარტება".

დედა ელენეს ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა მისი დის, მარიამის შვილიშვილმა ქალბატონმა ნუნუ ჩხენკელმა: "ომის წლები იყო, მგონი, 1942 წელი. ქიაჩელის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ერთ დილას, ყველასათვის მოულოდნელად, სენაკიდან დედა ელენე ჩამოვიდა. შეწუხებულმა, დაწვრილებით უამბო მამას, რაც უჭირდა. ერთი საზიარო ძროხა ჰყოლიათ მონასტერში. ამის გამო მთავრობას იმხელა გადასახადი დაუკისრებია, რომ სხვა გზა არ იყო, უნდა გაეყიდათ. არადა, იმ ძროხით ედგათ თურმე სული. ის ყოფილა მათი მარჩენალი. ჩვენგან ორიოდ სახლის იქით, მეზობლად ლავრენტი ბერიას დედა - მართა ჯაყელი ცხოვრობდა. კარგი ადამიანი, ღვთისნიერი, მოწყალე. იგი მახლობელ რუსულ ეკლესიაში წირვა-ლოცვას არ აკლდებოდა. მეზობლები ემადლიერებოდნენ. ეს ელენემ იცოდა.

- მიშველე, სტეფანე, როგორმე მიმიყვანე ქალბატონ მართასთან, იქნება იმან მაინც გვიხსნას ამ გასაჭირისგანო, - სთხოვა მამას.

მამა შეწუხდა, ლავრენტი ბერიას დედას დაცვა ჰყავდა, მასთან შეხვედრა ადვილი არ იყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ მაინც მოხერხდა ქალბატონ მართასთან ელენეს შეხვედრა. შესაბამისი შუამდგომლობის შემდეგ, მგონი, მონაზვნებს ძროხის გადასახადი შეუმსუბუქეს".

90 წელს მიღწეული, დიდად ნამოღვაწარი დედა ელენე 1965 წლის 16 მარტს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა და ბიძაშვილის - დიდსქემმონაზონ რიფსიმეს (რიფსიმე გიორგის ასული ახვლედიანი 93 წლის ასაკში, 1958 წელს აღესრულა) გვერდით დაკრძალეს.

- დედა ელენეს შემდეგ ვინ გაუძღვა წმინდა დედებს ცხონების გზაზე?

- ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ მონასტრის წინამძღვრად სქემმონაზონი მარიამი განაწესა. როგორც გადმოცემითაა ცნობილი, დედა ელენეს დაკრძალვაზე მობრძანებულ კათოლიკოსს იმ დღეს ახალი წინამძღვრის კურთხევის საეკლესიო ცერემონიალის ჩატარება ვერ მოუსწრია და ამიტომ დედა მარიამს წინამძღვრად მოიხსენიებდნენ და არა იღუმენიად.

90 წელს მიღწეული დედა მარიამი (მარიამ ანდრიას ასული ჭიჭინაძე) სულიერად გამობრძმედილი, მონასტრის წეს-განგების ზედმიწევნით მცოდნე, საღვთისმსახურო ლიტერატურაში განსწავლული, შესანიშნავი მედავითნე და მგალობელი იყო. იგი თეკლათში 16 წლის ასაკში დაემკვიდრა. დიდსქემოსან თებრონე ჯინორიას აღზრდილს, ჯერ კიდევ მორჩილების დროს გალობით იმდენად გაუთქვამს სახელი, რომ, როცა 1922 წლის იანვარში სამეგრელოს სამთავრო სახლის უკანასკნელი წარმომადგენელი - მაია ბატონიშვილი მიიცვალა, ოჯახს ფსალმუნებისათვის სამონაზვნე მარიამი მიუწვევია.

დედა მარიამი, მხცოვანების მიუხედავად, მხნედ გაუძღვა სამონასტრო საქმეებს, მაგრამ კრებულის წევრთა რიცხვი უკვე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, მონაზონთა უმრავლესობას სიარულიც კი უჭირდა. ამ მიზეზით თანდათან მოიშალა წინამძღვრის ტაძრისაკენ მსვლელობის რიტუალი. ნეტარხსენებული ეწინააღმდეგებოდა ასაკსა და მომძლავრებულ სენს, ცდილობდა წირვას დასწრებოდა, მაგრამ ბოლოს ორთავ თვალით დაბრმავდა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლოგინს მიჯაჭვულმა გაატარა.

- რამდენი მონაზონი იყო მაშინ მონასტერში?

- ჩვენ თავიდანვე ვახსენეთ, იოანე ბერმა მოგონებები რომ დაწერა დედათა მონასტერზე. ბოლო თავში ყველა ის ფაქტია აღწერილი, რაც კი თეკლათში მის თვალწინ მომხდარა.

"1973 წლის გაზაფხულზე, როდესაც პირველად ავედი თეკლათის მონასტერში, იქ მოღვაწეობდნენ:

1. მონასტრის წინამძღვარი - სქემიღუმენია მარიამ ჭიჭინაძე, ღრმად მოხუცებული და ორთავ თვალით ბრმა;

2. მონასტრის მღვდელმსახური - არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. დაბადებული 1902 წელს, ფრიად შერყეული ჯანმრთელობის მქონე;

3. დ/სქემმონაზონი მარიამ (ძაკუ) ძიძავა - ღრმად მოხუცებული და მძიმედ ავადმყოფი. გარდაიცვალა 1973 წლის შემოდგომაზე;

4. მონაზონი ანა (ანაპო) ძიძავა, დაი დ/სქემმონაზონ მარიამ ძიძავასი - იგი ამ დროს ორთავ თვალით ბრმა იყო;

5. მონაზონი მარიამი (შუშანიკ (საშიკო) შალამბერიძე), გადმოსული მათხოჯის მონასტრიდან, ამ დროისათვის ღრმად მოხუცებული და ავადმყოფი;

6. მონაზონი დომენიკა ხონელიძე - ღრმად მოხუცებული და მძიმედ ავადმყოფი;

7. მონაზონი ოლიმპიადა სანიკიძე - ღრმად მოხუცებული და მძიმედ ავადმყოფი, ლოგინს მიჯაჭვული, დაუხმარებლად წამოჯდომაც კი უჭირდა;

8. მონაზონი მარიამი (მარგარიტა, "ჭიჭე-მარია" - პატარა მარია) გიგინეიშვილი - ღრმად მოხუცებული, მაგრამ სხვებთან შედარებით ფეხზე მდგომი;

9. მორჩილი აგაფია ტიმოთეს ასული კორობჩენკო - მოხუცი და ავადმყოფი. ეროვნებით უკრაინელი, იცოდა უკრაინული და რუსული ენები, ქართულს ვერ ფლობდა;

10. მორჩილი ნატალია კორობჩენკო-ჟუკოვსკაია, ხორციელი დაი აგაფია კორობჩენკოსი. ისიც მხცოვანი და ავადმყოფი. თუმცა ეს ორივე დები სხვებთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ ასეთი ღრმად მოხუცებულების ფონზე;

11. თებრონე (ძაბია) ნოჩოს ასული ქვარაია, და არქიმანდრიტ კონსტანტინესი, ძმაზე ბევრად უფროსი ასაკით, მაგრამ მასთან შედარებით ჯანმრთელი, თუმცა ღრმად მოხუცებულობის გამო ისიც დაუძლურებული. იგი არ ითვლებოდა მონასტრის წევრად, მაგრამ მუდმივად ცხოვრობდა მონასტერში, ძმის სენაკში და უვლიდა მას. ლაპარაკობდა მხოლოდ მეგრულად და სხვა რომელიმე ენა არც იცოდა, არც წერა-კითხვა შეეძლო".

1973 წლის გაზაფხულზე თეკლათის დედათა მონასტერში მუდმივად 11 სული ცხოვრობდა. ამათგან ერთი იყო მღვდელმსახური, ერთი მონასტრის წევრთა სათვალავში არ იყო, ხოლო საკუთრივ მონასტერში მოღვაწე სულიერი დები, თავის წინამძღვრიანად, მონაზვნებიანად და მორჩილებიანად, სულ ცხრანი იყვნენ, ყველანი მოხუცნი და სნეულნი.

1921 წლისათვის, როგორც მოხუცებულ მორწმუნე ერისკაცთაგან და ძველ მონაზონთაგან მსმენია, ამ მონასტერში ასამდე მონაზონს უმოღვაწია. ძველ მონაზონთაგან 1973 წლის გაზაფხულზე მხოლოდ ექვსიღა დარჩენილა ცოცხალი, ვინაიდან დანარჩენი სამი მერე შეემატა კრებულს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოხუცებულ და სნეულ მონაზონთ ერში მყოფი ნათესავები ჰპირდებოდნენ - ჩვენთან წამოდით, უკეთესად მოგივლითო, მაგრამ ისინი ბოლომდე ერთგულნი რჩებოდნენ დადებული აღთქმისა და არ განეშორებოდნენ სალოცავს, ვიდრე მიცვალებამდე.
ბეჭდვა
1კ1