ეს ადამიანი დედამიწაზე დააბიჯებს, შრომობს, მაგრამ არავინ იცის, რომ სულით ის ღმერთში ცხოვრობს
ეს ადამიანი დედამიწაზე დააბიჯებს, შრომობს, მაგრამ არავინ იცის, რომ სულით ის ღმერთში ცხოვრობს
"უდაბნო შუამთისა არს კერძოსა კახეთისასა, მდგომარე პირსა თურდოს ხევისასა, მარჯვენის საკახეთოსა გზისა, კალთასა ზედა ტყიანისა ცივის მთისასა... აღაშენა ამას ადგილსა ზედა ახალი ესე შუამთის მონასტერი დედოფალმან თინათინ, მეუღლემან ლეონ კახთა მეფისამან, მეთექვსმეტესა საუკუნესა შინა", - წერდა 1864 წელს შუამთის მონასტრის არქიმანდრიტი ტარასი. სახელწოდება ახალი შუამთის მონასტერს ძველი შუამთის მონასტრისგან მიუღია, რომელიც მისგან 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ძველი შუამთის მონასტერი ცივის მთის ორ ხევს შორის, ბორცვზეა გაშენებული, ასეთი მდებარეობის გამო ეწოდა მას "შუამთა".

ახალი შუამთის მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: გურიის სამთავროდან კახეთში, სატახტო ქალაქ გრემს მიმავალ ახალჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანს (1520-1574) და დედოფალ თინათინს, მამია გურიელის ასულს, ამალითურთ იმ ადგილას დაღამებიათ, სადაც ამჟამად მონასტერია. ამალა გურიიდან კახეთს მოაბრძანებდა ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან ჰქონდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შვინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გრემისკენ გზის გაგრძელება მოუნდომებიათ, დედა ღვთისას ხატი ადგილიდან ვერ დაუძრავთ მანამდე, ვიდრე დედოფალმა ამ ადგილზე ეკლესიის აგება არ აღუთქვა.

თინათინ დედოფალმა საკუთარი ღვაწლით ააგო მონასტერი ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე და იქ დაასვენა მამისგან მზითვად ბოძებული ხატი, რომლის ზურგში ორმოცდაოთხი წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. მოგვიანებით მეფე-დედოფალს ხატი ძვირფასი პერანგით შეუმოსავს. XV საუკუნის მიწურულისთვის ძველ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება, რომელიც V საუკუნიდან დაიწყო, ძნელბედობისას შეწყდა და ეკლესია-მონასტრებით ოდესღაც მდიდარი კუთხე ფაქტობრივად სასულიერო კერის გარეშე დარჩა. XVI საუკუნის 40-იან წლებში, დედოფლის მიერ აგებული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერი ახალ სასულიერო კერად იქცა. მონასტრის დასაფუძნებლად დედოფალს სავარგულები თავადი მაყაშვილისგან შეუძენია; პირველ წინამძღვრად არქიმანდრიტი გაბრიელ მაყაშვილი იქნა დადგენილი.

თინათინ დედოფლის შემდეგ ახალი შუამთის მონასტერს კახეთის მეფეთაგან ყურადღება არ მოჰკლებია, ვინაიდან ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებული სიწმინდე იყო და მის თაყვანისცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში.

1603 წელს თინათინისა და ლევანის ასულმა, მონაზონმა თეკლამ, ეკლესიის ჩრდილოეთით მთავარანგელოზთა სახელზე ეკვდერი ააშენა და მას მრავალი შეწირულობა უბოძა.

მეფეთა მიერ ახალი შუამთისთვის მიცემული სიგელ-გუჯრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა 1637 წლის სიგელი, სადაც მეფე თეიმურაზი უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო შემოსავალს - დადგენილ ბაჟს იმ ვაჭართაგან, რომელნიც კახეთის სამეფოში ივაჭრებდნენ, ხახულის ღვთისმშობელს სწირავდა: "რაცა ივაჭრონ, მივიდენ და მათი სამართლით ხატს მიართუმიდენ მეფობისა ჩვენისა წარსამართებელად და ცოდვათა ჩვენთა მოსატევებელად. წესი ესე არა მოეშალოს შემდგომად ჩვენსა სხვათა მეფეთა და დედუფალთაგან... აწ ვინცა და რამანცა კაცმან მოგიშალოს ჩვენგან სასოებით მოძღუანებელი ესე, შენ, ყოვლადპატიოსანო და ყოვლად წმიდაო ხახულისა ღმრთისმშობელო, მისგან იძიე შური ჯუარისმცუმელთა ძისა შენისათა, შემცაედების ძრწოლა კაინისი, შიშთუილი იუდასი, კეთრი გეზისი, დანთქმა დათან და აბირონისი და ნურა რათამცა სინანულითა ნუ იქმნების დახსნა სულისა მისისა".

გასაკვირი არ არის, რომ ახალი შუამთის მონასტერს უმდიდრესი საგანძური და წიგნთსაცავი ჰქონდა. თინათინ დედოფალს წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეშიც. 1535 წელს მისი ბრძანებით გადაუწერიათ გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი "სვინაქსარი", რომელსაც დართული ჰქონდა ანდერძი: "აღვწერე წიგნი ესე სვინაქსარი ბრძანებითა პატრონისა დედოფლისა თინათინისაითა". შუამთის წიგნთსაცავში დაცული ბიბლიოგრაფიული იშვიათობების შესახებ 1888 წელს ჟურნალ "მწყემსის" ერთ-ერთი ნომერიც იუწყებოდა. იქ აღწერილი იყო ეგზარქოს პალადის კახეთში მოგზაურობა. ეგზარქოსს შუამთის მონასტერიც მოუნახულებია და მის წიგნთსაცავში მრავალ საღვთისმეტყველო წიგნს შეხვედრია; იქვე უნახავს იმ დროისთვის ძალიან საინტერესო საერო ხელნაწერი "შესავალი პორფირისა არისტოტელეს კატეგორიათა თეორიაში". ის ბერძნულიდან ქართულ ენაზე IX საუკუნეში უთარგმნია "შესანიშნავ ადგილობით მწერალს" პეტრე კავკასიძეს.

საუკუნეების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ გაღებული შეწირულობა ახალი შუამთის მონასტრის საგანძურს წარმოადგენდა. ხახულის ღვთისმშობლისადმი უდიდესი სასოება მეფე ერეკლეს უხვი შემოწირულობით გამოუხატავს. მისი ღვაწლით და განგებით XVIII საუკუნის II ნახევარში განახლდა მონასტერი. ამის თაობაზე მოგვითხრობს ტაძრის დასავლეთ შესასვლელის თავზე გაკეთებული წარწერა: "ეკლესია ყოვლად შობისა, აღშენებული სანატრელად ხსენებულის დედოფლის თინათინის, დაძველებული და დაქცეული და განძარცული კუალად მეფემან სრულიად ქვემოისა საქართველოისამან მეორემან ჰერაკლემ ბრძანებითა და საფასითა წარგებითა გუმბათით მოკიდებით სამხროებით განვაახლე". მეფე ერეკლეს ოჯახში ძნელბედობის ჟამს არაერთხელ ყოფილა დაბრძანებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრიდან მოურიდებიათ, რათა სიწმინდე ურჯულოებს ხელში არ ჩავარდნოდა. ერეკლე მეფეს ხატისთვის მრავალი ვერცხლის კანდელი შეუწირავს "თავისი მამულის შემოსავლიდამ".

დიდებულთათვის უდიდეს პატივად ითვლებოდა მონასტრის მთავარ ტაძარში დაკრძალვა - იქ, სადაც შემონაზვნებული დედოფალი თინათინი - მონასტრის აღმშენებელი განისვენებდა. XIX საუკუნეში ეს პატივი წილად ხვდათ თავად ჭავჭავაძეებს. აქ დაიკრძალა გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე მარიამ ავალიშვილი, პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე, ალექსანდრეს ძე, და მისი მეუღლე ანა, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი. ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა თავადებიც იმარხებოდნენ - ისინი, რომელნიც მონასტრის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ: ყარალაშვილები, მაყაშვილები, ჩოლოყაშვილები, ანდრონიკაშვილები.

საგრძნობი ცვლილებები ახალი შუამთის მონასტრის ცხოვრებაში ეპისკოპოს კირიონის (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის) სახელს უკავშირდება. მას, როგორც ალავერდის ეპისკოპოსსა და ამავდროულად შუამთის მონასტრის წინამძღვარს, მონასტრის განახლება და იქ სულიერი ცხოვრების აღორძინება განუზრახავს. აღდგენითი სამუშაოები ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული მთავარი ტაძრიდან დაიწყო. ტაძრის იატაკად მარმარილო დაიგო. ნაწილობრივ გაიწმინდა შეთეთრებული კედლის მხატვრობაც, გამოჩნდა ფრესკათა ნაწილი, მათ შორის ქტიტორების - ლევანის, თინათინისა და ალექსანდრესი. გაიხსნა თინათინ დედოფლის საფლავიც, რომელიც იმ დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა. ეპისკოპოს კირიონის ღვაწლის თაობაზე ვრცლად იყო მოთხრობილი წარწერაში, რომელიც დიდხანს ინახებოდა ტაძარში. იგი უთუოდ საგულისხმოა პატრიარქ კირიონისა და მისი თანამოაზრეების ღვაწლის ნათელსაყოფად და ასევე შუამთის მონასტრის ისტორიის დაკარგული ფურცლების აღსადგენად. წარწერიდან ვიგებთ, თუ როგორ იპოვეს დედოფლის დაკარგული საფლავი. იგი ერთ დროს მდიდრულად შემკული ყოფილა, შემდეგ კი მაჰმადიანებს გაუძარცვავთ და ნაგვით აუვსიათ: "როდესაც ნაგავი სრულიად გამოვიტანეთ, ვიპოვეთ ძვირფასი ნეშტი მონასტრის აღმშენებლისა, რომელიც გასუფთავებულ საფლავში ჩავასვენეთ მოწიწებით და დავკრძალეთ. ეს იყო 1899 წელსა, მაისის 14-სა დღესა, როდესაც მოზაიკის იატაკი დასრულდა. თინათინის საფლავი რომ არ დაკარგულიყო, გავაკეთებინეთ მარმარილოს ქვა შესაფერის ზედ-წარწერითა და საფლავის გასწვრივ კედელში ჩავსვით". ამავე წლის 9 სექტემბერს მეუფე კირიონს გადაუხდია დიდი პანაშვილი დედოფალ თინათინის სულის მოსახსენებლად და განუწესებია: "ამიერითგან ყოველს წელიწადს ძმანი ამა მონასტრისანი ასრულებენ წირვას და პანაშვიდს 9 ენკენისთვეს. ღმერთმან ჰკითხოს იმას, ვინც ეს დადგენილება გადააგდოს და არ შეასრულოს". ეს წესი ახალი შუამთის განახლებულ დედათა მონასტერში საუკუნის შემდეგ, 1999 წელს, აღადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

შუამთის მონასტრის ისტორიას უშუალოდ უკავშირდება 1832 წლის ქართველთა პირველი ორგანიზებული და მასშტაბური შეთქმულება რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ამ შეთქმულებას სულიერად წარმართავდა შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი მამა ფილადელფოს კიკნაძე. ამ სულიერი მოღვაწის, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის გარშემო შემოიკრიბნენ იმდროინდელი მამულიშვილები, რომელთაც გული უძგერდათ სამშობლოსა და ეკლესიისთვის. ფართომასშტაბიანი აჯანყების დაწყებამდე, ღალატის გამო, ღამით აიყვანეს შეთქმულების მოთავენი და არაერთი მონაწილე. ფილადელფოს ბერის დაპატიმრებას კი ასი ჩაფარი "დასჭირდა". ჩაფრებმა ალყაში მოაქციეს შუამთის მონასტერი, იქიდან ერთადერთი ბერი - ფილადელფოსი გამოიყვანეს და ბორკილდადებული ფეხით ატარეს თბილისამდე. მღვდელმონაზონი ფილადელფოსი 1833 წლის 5 სექტემბერს საპატიმროში გარდაიცვალა. ამ პიროვნების განსწავლულობისა და მრავალი ნიჭის შესახებ წერდა XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იოანე კერესელიძეც. მას კახეთში მოგზაურობისას უნახავს ახალი შუამთის მონასტრის გადაღმა, თურდოს ხეობის პირას დავით აღმაშენებლის მიერ სიყმაწვილეში აღშენებული შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია და მის კედელზე "გულმჭმუნვარე" წარწერა მამა ფილადელფოსისა:

"საქართველომ სთქუა - მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილმყოფელი,
ვადიდნე ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარისმყოფელი;
ვყვაოდი სამოთხის გვარად, არ ვიყავ გასაყოფელი,
(და) ვინც ახლა ნახოთ, გასინჯეთ, რა ამაოა სოფელი!
ნეტაი დროსა, რომელსა იყავ შენ აღშენებული,
აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული,
შემკული ყოვლის წესითა და ესრეთ გაბრწყინვებული,
ვინ არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული!.."

ასე დასტიროდნენ XIX-XX სს-ის მიჯნაზე მოღვაწე სასულიერო თუ საერო პირები საქართველოს გავერანებულ ეკლესია-მონასტრებს. რუსი ეგზარქოსების უმძიმესი, ავბედითი ეპოქა კომუნისტთა ათეისტურმა რეჟიმმა შეცვალა. უმოწყალოდ ნადგურდებოდა ეგზარქოსობას გადარჩენილი მონასტრული ცხოვრების ქართული წეს-განგების ნაშთებიც კი. დაირღვა ის გარემო, რომელიც ადამიანთა სულიერ ცხოვრებას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ, შუამთის ძველი და ახალი მონასტრების გარშემო მდებარე ისტორიული ტყე დღეს სავალალო მდგომარეობაშია. იმ გარემოსგან, რომელზეც ასეთი გატაცებით წერდნენ ძველი დროის მოგზაურები და რომელიც ასე იზიდავდა ლოცვისმოყვარე სულს - ადამიანთა გულგრილობისა და დაუდევრობის გამო დღეს აღარაფერი დარჩა, შუამთის ტყეში გაბნეული ხუროთმოძღვრების არაერთი ძეგლიდან კი ნანგრევებიღა შემორჩა. აღარც თბილისი-გომბორის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გზა არსებობს. არადა გომბორის აღდგენილი გადასასვლელი, შუამთის დაცული და მოვლილი ტყე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო საუკეთესო ადგილი იქნებოდა მომლოცველთათვის და მათთვისაც, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვარს. ერთ დროს დიდებული სანახავი, "მყუდრო, შეფურჩქვნილი ხეობა" დღეს ღრეობის და ნაგავსაყრელ ადგილად იქცა, მონასტრისკენ მიმავალი კაცი კი, მომლოცველთა და მოგზაურთა ნაცვლად, შეზარხოშებულ მოქეიფეებს თუ გადაეყრება ან ექსკურსიაზე წამოსულ დიდ-პატარას მოურიდებელ ყიჟინას თუ გაიგონებს.

ძველად მონასტერი გალავნიდან როდი იწყებოდა. წმინდა სავანისკენ მიმავალი ყოველი ბილიკი, გზის პირას ნაშენი მცირე ზომის სახატე-ნიშები, ხშირი ტყე, მთის ანკარა წყარო და მოჩუხჩუხე ნაკადულები ადამიანს ამაო სოფლის საზრუნავისგან განაშორებდა, გონებით ღმერთთან მიაახლებდა და ლოცვისთვის განაწყობდა. ასე უახლოვდებოდა დამშვიდებული და ღვთის მადიდებელი კაცი მონასტრის სანატრელ კარიბჭეს.

უღმერთობის ეპოქამ ეკლესია-მონასტრების კარები ათწლეულობით ჩარაზა და სულიერი ნუგეშისა და მაცხოვნებელი სიტყვის გარეშე დატოვა მთელი თაობები. იმ ავბედით წლებში ტაძრები აბანოებად თუ კინოთეატრებად იყო გადაკეთებული. ახალი შუამთის მონასტერში წლების განმავლობაში უპატრონო ბავშვთა სახლი იყო. ღვთის წყალობით, დღეს აქ დედათა მონასტერია. ჩვენ ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის წინამძღვარს იღუმენია იოანას (ნიკოლაიშვილი) ვესაუბრეთ:

- როდის დაუბრუნდა ახალი შუამთის მონასტერი საქართველოს ეკლესიას?

- ჩვენი მონასტერი ეკლესიას 1989 წელს გადაეცა. 1995 წლიდან კი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით, ახალ შუამთაში დედები დამკვიდრდნენ. დღეს მონასტრების აღდგენა - მხოლოდ დანგრეული კედლების, მოშლილი მონასტრული მეურნეობისა და ყოფის აღდგენა როდია; გაცილებით რთულია დარღვეული სულიერი ცხოვრების აღორძინება, გაცოცხლება. მონასტრები ყოველთვის ლოცვით, ცრემლით, ტკივილითა და ბრძოლით შენდებოდა. დღეს გვიწევს ჩვენი ღვთივგანბრძნობილი წინაპრების მიერ დატოვებული სულიერი საგანძურის თავიდან მოძიება და შეკრება. ქრისტესგან განდგომილების უმძიმეს ეპოქაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი მონაზვნური ღვაწლისა. ამისთვის ერს ღვთისადმი დიდი მადლიერება მართებს. ხოლო ჩვენ, მონაზვნებმა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. ადამიანები, რომლებიც ღვთის განგებულებით სულიერი ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ, - ვგულისხმობ ბერ-მონაზვნებს, - მრავალი სირთულის წინაშე დგანან. მონასტრებს ხომ სულიერი დანიშნულება აქვთ. როგორც მამა პაისი ათონელი ამბობს, მონასტრები ეკლესიის ციხესიმაგრეებია.

- დედაო, რამდენი მონაზონი და მორჩილია დღეს ახალი შუამთის მონასტერში?

- თოთხმეტი მონაზონი და რამდენიმე ერისკაცი, რომელთაც მონასტერში ცხოვრების სურვილი აქვთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით შევეხო ერთ საკითხს: დღეს სასულიერო პირთა და მრევლის მეტყველებაში ახალი ტერმინები დამკვიდრდა. ეს ლექსიკური სიახლე სამონასტრო ცხოვრების ტრადიციის შეწყვეტით არის გამოწვეული. მაგალითად, ჩვეული გახდა მონაზონთა ცხოვრების შემდეგი საფეხურების გარჩევა: მორჩილი, სამონაზვნე და მონაზონი (მცირე სქემაში და დიდ სქემაში). ამასთან ერთად მკვიდრდება ყოვლად მიუღებელი ტერმინები: "სამორჩილე", "მორჩილებაში მყოფი", "საბერო", "საბერო მორჩილი" და ა.შ. საერთოდ, მონაზონი მარტომყოფს ნიშნავს. ყველა, ვინც მონასტრის კრებულის წევრია, მონაზონია და ამავე დროს მორჩილიც ანუ მორჩილებაში მყოფი, ვინაიდან მორჩილება არის საფუძველი მონაზვნობისა. წმინდა მამათა სწავლებით კი, სულიერი სრულყოფილებისკენ აღმავალი გზა სამ ძირითად საფეხურს, საზომს მოიცავდა: ახლადმოსრული, საშუალი და სრული - საძმო კრებულის წევრები ერთმანეთისგან ასე განირჩეოდნენ. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი სწორედ სამი საფეხურის მისადაგებით აღწერს წმინდა ანტონი დიდის ცხოვრებას: ჭაბუკმა მოსაგრემ დატოვა სოფელი და თხუთმეტი წელი, გამოცდილი მამების რჩევით, მორჩილებაში იცხოვრა, მეორე საფეხური - სათნოებათა მოპოვების სურვილი და ბოროტ ვნებათა ძლევა იყო, მესამე საფეხური კი - წინა ორ პერიოდში ნაღვაწის, დათესილის ნაყოფის გამოღება და მოსაგრის სულის აღორძინება-აღშენების დასასრული. შესაბამისად, მონასტერში მცხოვრებნი მონაზვნებად იწოდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დღეს ვისაც მორჩილს ვეძახით, გამოსაცდელ მონაზვნად იწოდებოდა; ვისაც სამონაზვნეს ვეძახით - საშუალ მონაზვნად, იგი ანაფორაში ნაკურთხი მონაზონი იყო; ხოლო ვისაც მონაზვნური აღთქმა ჰქონდა დადებული, ის სრულ მონაზვნად იწოდებოდა და "დიდსა მონაზონებასა შინა" იმყოფებოდა. რაც შეეხება სრულიად მიუღებელ და არასწორ ტერმინებს - "სამორჩილე" და "საბერო" - იმ ერისკაცს ნიშნავს, რომელიც მონასტერში იმყოფება და საკუთარ სურვილში გამოიცდება, თუმცა ჯერ მონასტრის კრებულის წევრი არ არის.

- როგორია თქვენი მონასტრის წესი, ტიპიკონი?

- მონაზვნური ცხოვრების წესი ყველა მონაზვნისთვის ერთნაირია. ღვთისმსახურების სრული ციკლი, რომელიც შუაღამიანით იწყება და ცისკარს, ჟამნობას, საღმრთო ლიტურგიას, მწუხრსა და სერობას მოიცავს, როგორც წესი, ყველა მონასტერში აღესრულება. ხოლო რომელ საათზე აღასრულებენ ღვთისმსახურებას ამა თუ იმ მონასტერში - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საუკუნეების მანძილზე მონაზვნობის სულიერი არსი არ შეცვლილა. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ესა თუ ის მონასტერი ძველ წესს, ძველ ტრადიციას მისდევს. მონაზვნობა ძველია და მონაზვნობაში არ არსებობს ახალი ტრადიცია. არ არსებობს მოდერნული მონაზვნობა. მონაზვნობა არის ან არ არის. არის - თუ იგი ძველ ტრადიციას, მამათა სწავლებას მისდევს და არ არის - თუ ამას უგულებელყოფს.

- რა საქმიანობას მისდევს თქვენი მონასტერი?

- მამა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ იგი საკუთარი ხელით ირჩენდა თავს და მოწყალებასაც თავისი მომუშაკებულიდან გასცემდა ხოლმე. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში მოსაგრეობისას ანგელოზმა განამტკიცა მონაზვნური ცხოვრების წესში, რომელსაც შემდგომში მთელი ცხოვრება მისდევდა: ან ხელსაქმით მუშაკობდა, ან ლოცვა-ვედრებას აღავლენდა, ანდა საღმრთო წერილს კითხულობდა და გონებით ღმერთს მიეახლებოდა. სხვა ღირს და ღმერთშემოსილ მამათა მსგავსად, ანტონი დიდიც თავისი ცხოვრებით გვასწავლის, რომ მონაზონთა მთავარი საქმე ღვთისმსახურებაა. ღვთისმსახურებასთან ერთად - საკუთარი თავის სარჩენად შრომა. მამათა ცხოვრებიდან ერთ მაგალითს გიამბობთ: მონასტერში მისულ ბერს მოეჩვენა, რომ იქ მცხოვრები მამები უფრო მეტს შრომობდნენ, ვიდრე ლოცულობდნენ და წინამძღვარს მიმართა - მე აქ ლოცვისთვის მოვედიო. ბრძენმა წინამძღვარმა ახალმოსულს სენაკი გამოუყო და უთხრა: რადგან ასეა, დადექი და ილოცეო. ამასობაში ტრაპეზის დრო მოვიდა, მაგრამ "ლოცვისმოყვარე" ბერი სატრაპეზოდ არ მიუწვევიათ. საზრდელის მისაღებად მას არც საღამოს უხმეს. "ნუთუ ძმები არ ტრაპეზობენ?" - ჰკითხა შემცბარმა ბერმა წინამძღვარს. "შენ ტრაპეზი რად გინდა, დადექი და ილოცე", - უპასუხა წინამძღვარმა. ღმერთმა ადამს დაუდგინა სარჩო-საბადებლის ოფლით მოპოვება. ადამის მოდგმაა ბერ-მონაზვნობაც. თუკი ერისხალხი ამდენს შრომობს, მით უფრო მონაზონს მართებს შრომა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონასტრები კეთილმოწყობილ მეურნეობებად იქცეს. სამწუხაროა, რომ მასმედიის საშუალებებით მონასტრული ცხოვრების გაშუქება დღეს სწორედ ამ კუთხით ხდება. მაგალითად, ეკრანზე გვიჩვენებენ მონასტრებს, სადაც თურმე საუკეთესოდ წარმართავენ მეფუტკრეობას, მესაქონლეობას, ამასთანავე, საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევიან, ქსოვენ, ხატებს წერენ და ა.შ. ბუნებრივია, ბევრს უჩნდება კითხვა: ნუთუ ეს არის მონაზვნობა? ნუთუ ამისთვის მიდიან მონასტერში? თავისთავად, კარგად გამართული სამონასტრო მეურნეობა, საქმე თუ ყოფა მონაზონთა კეთილსინდისიერ შრომაზე მეტყველებს, ამისი საფუძველი კი ღვთის შიში და ღვთის სიყვარულია. მართალია, კეთილსინდისიერი შრომა ბევრისთვის გასაკვირიცაა, მაგრამ მაინც არასწორია, როცა მონასტრებზე საუბრისას განსაკუთრებულად აღნიშნავენ სწორედ მათ სამეურნეო საქმიანობას. მონასტრებს ხომ სულიერი დანიშნულება აქვს. მამა პაისი ათონელი ამბობს, რომ მონაზონი კლდის წვერზე მდგარი შორეული შუქურაა, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებში მავალ გემებს უნათებს, რათა სწორი გზით იარონ და დანიშნულების ადგილამდე - ღმერთამდე - მიაღწიონ.

ჩემთვის ძალიან იოლი იქნებოდა, თქვენს შეკითხვაზე მოკლედ მეპასუხა და ჩამომეთვალა ის მრავალი საქმე, რაც დიდ ოჯახს - მონასტერს აქვს. ეს ყოველდღიური საქმიანობაა, მაგრამ მონასტრული ცხოვრების მთავარი მხარე არ არის. მამა სოფრონი სახაროვის სიტყვებს გავიხსენებ: "ყოველდღიურად ცოტ-ცოტას ვსაქმიანობთ: ვთესავთ, ვიღებთ კარტოფილს, ვასრულებთ მორჩილების საქმეს, ვაშენებთ სახლს. მაგრამ ეს ცხოვრების ერთი მხარეა. მეორის შესახებ კი ღირსი სილუან ათონელის ცხოვრებიდან ვიტყვი - ეს ადამიანი დედამიწაზე დააბიჯებს, შრომობს, მაგრამ არავინ იცის, რომ სულით ის ღმერთში ცხოვრობს". ესაა მონაზვნობა და როცა ამაზე ვსაუბრობთ, მონაზვნების მიერ მწვანილის მოყვანასა და საქონლის მოვლაზე ყურადღების შეჩერება ალბათ არც კი ღირს.

- როგორ უჩნდება ადამიანს მონასტერში წასვლის სურვილი?

- მამა ეფრემ ფილოთეველი ამბობს: "როცა ადამიანი საკუთარ თავში ცოცხალ სურვილს, მოშურნეობას, მონაზვნობის მიმართ ერთგვარ ტრფიალებას დაინახავს, დარწმუნდება, რომ ღმერთი მონაზვნობას შთააგონებს. მოწოდების მიუხედავად, არჩევანში ის სრულიად თავისუფალია. თუ ამის სურვილი აქვს, ნებაყოფლობით, იძულების გარეშე შეუძლია შეუდგეს მონაზვნობას, რომელსაც ქალწულებრივი ცხოვრება ეწოდება. ვინც დაიტევს, დაიტიოს. "არა ყოველთა დაიტიონ სიტყვაი ეგე".

ვიდრე მონაზვნობის სურვილის მატარებელი ადამიანი მონასტერში არ წავა და იმ პირველ საფეხურზე არ აღმოჩნდება, რომელსაც გამოსაცდელი მონაზონი ჰქვია, მანამდე ძნელად თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ვნებებთან ბრძოლა, საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამ პირველ საფეხურზე გამოიცდება მისი სურვილი - უარყოფს კი ბოლომდე საკუთარ თავს? შეუდგება ქრისტეს? რაც შეეხება აღთქმის დადებას - აქ აჩქარება არ შეიძლება, არც წინამძღვრის მხრიდან და არც მონაზვნობის მსურველის მხრიდან. არის შემთხვევები, როცა ერში მცხოვრები ადამიანი მონაზვნურ, შავი ფერის შესამოსელს ეტრფიალება, მაგრამ შეიძლება ნაჩქარევად შემოსვა და ყველაზე დიდებული სამოსლის ტარება მისთვის დიდ სიმძიმედ იქცეს. მამა ეფრემ ფილოთეველი ამბობს: "ერს განშორებული მონაზვნის ანაფორაზე მდაბალი განა რა არის? სოფლის სიხარულს მოცილებული მონაზონი საკუთარ ცოდვებს დასტირის, რათა სულმა მშვიდი სინდისისაგან შობილი ნამდვილი სიხარული იპოვოს. მონაზვნური ცხოვრება ძალიან ლამაზი და ტკბილია, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი უძლურება და ვნებები ხანდახან მას ძალიან რთულად წარმოგვიდგენს". იმისთვის, რომ მონაზვნობის სიტკბო ვიგემოთ, საკუთარი თავის შეცნობის გზაზე დიდი მოთმინება გვმართებს.

- რას ეფუძნება მონასტერში თქვენი ურთიერთობა?

- "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი."

- უნდა გავიდეს თუ არა მონაზონი ქალაქში?

- მამა იოსებ ათონელის სიტყვებით გიპასუხებთ: "დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? - გავიდეს. მხოლოდ უნდა ჰქონდეს ფხიზელი თვალი, რომ გაფრთხილდეს: როცა სხვისთვის სიკეთე მოაქვს, შემთხვევით თვითონ არ დაზიანდეს.

ძალიან საშიშია ახალგაზრდა ბერებისა და მონაზვნებისთვის ერში გასვლა: ასაკის გამო ისინი დაგებულ მახეებს შორის დადიან.

მათთვის, ვინც ასაკოვანი და ბრძოლაგამოვლილია, ეს ისეთი საშიში არ არის. ისინი იმდენად არ ზიანდებიან, რამდენი სარგებლის მოტანაც შეუძლიათ, თუკი აქვთ ცოდნა და გამოცდილება.

საერთოდ, არც ერთი მონაზვნისთვის ერი სარგებლის მომტანი არ არის; იქ მხოლოდ ქება-დიდებაა, რაც მას ყველაფრისგან განძარცვავს და შიშველს ტოვებს. ვაი მას, ღვთის მადლი რომ არ იფარავდეს იმ საჭიროებისა და მიზნის შესაბამისად, რისთვისაც ის ერში გადის".

ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი მემატიანე აღნიშნავს, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემას წინ უძღოდა ერის უკიდურესი სულიერი დაცემა. ამასთან ერთად ამბობს, რომ ეს ის დრო იყო, როცა კონსტანტინოპოლის ქუჩებში მონასტრებიდან გამოსული მოხეტიალე ბერ-მონაზვნები მომრავლდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს და მონაზვნური მოვალეობების აღსრულების ძალა მოგვცეს, რაც, უპირველესად, მონასტერში ყოფნას, საკუთარი სულის ცხოვნებისთვის ზრუნვას და ერისთვის ასეთი მაგალითის მიცემას გულისხმობს.

- ჩვენს მკითხველს რას უსურვებდით?

- ყველაფერ იმას, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ. უპირველესად, ღვთის შიშს, რადგან ეს არის დასაბამი სიბრძნისა.

.....................
აქვე წაიკითხეთ:

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი


ბეჭდვა
1კ1