სამების ტაძრები
სამების ტაძრები
წმინდა ნინოს ჯვარსა და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი იცავდა
გერგეტის ყოვლადწმინდა სამება
გერგეტის ყოვლადწმინდა სამება XIV საუკუნის ტაძარია. თეიმურაზ ბაგრატიონის "ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეთა განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული. ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმინდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: - მეფენო, ფურბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. მერე გერგეტში, ელგეშის ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს. მეფეთ დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: - წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც მთაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო. ასეც მოქცეულან. ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

***
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტელები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმინდეებს, მათ შორის, წმინდა ნინოს ჯვარსა და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერმონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. უწმინდესმა 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაში წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას. დღეს აქ მამათა მონასტერია და ბერები მოღვაწეობენ.

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი
ეს მონასტერი სოფელ ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში მდებარეობს.

KARIBCHE


მონასტერი დაარსებულია XIX საუკუნის ბოლოს. ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს მდგარა მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე, ახლოს, მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი უწოდებიათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმინდე, მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგაზრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.

თავდაპირველად 113 დედა მოღვაწეობდა მონასტერში. პირველი წინამძღვარი და მონასტრის დამფუძნებელია დედა ელენე (მგალობლიშვილი).

***
გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი ბრმა მართა. ბევრი გაუკვირვებია ერთ-ერთი მღვდლის ცოლს, ელენეს. ღვთისმსახური კომუნისტებს გაუპარსავთ. ელენეს ოჯახი დაუტოვებია და მონასტერს შეჰფარებია.

მონასტერში სკოლაც იყო. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.

დედათა უმრავლესობა, ღვთის სადიდებელი ლოცვა-ვედრებით, მონასტერშივე აღესრულა. რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული.

სამება-ჯიხეთის მონასტერს გულისხმიერება და ზრუნვა არასდროს მოჰკლებია ღვთითკურთხეული მღვდელმთავრებისაგან, რომელთაგან პირველი იყო გურია-ოდიშის ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე), მღვდელმთავარი დიმიტრი (აბაშიძე) და სხვანი.

ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).

დიდი სამების ტაძარი
1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ამ დროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისთვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა. გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა. ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.

KARIBCHEპროექტის თანახმად, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისგან. მთლიანი კომპლექსისთვის ელიას მთაზე 11 ჰა მიწის ფართობი გამოიყო.

სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანედან, სადაც ნათელიღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და სადაც განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმინდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმინდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმინდა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები განისვენებენ; აფხაზეთიდან, კომანიდან, წმინდა ვასილისკოს წყაროდან; იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაპადოკიიდან, სადაც დაიბადნენ წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმინდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმინდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან; გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი; ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან, გელათის მონასტრიდან, ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. "ყოვლადწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები, ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი - სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - წერია უწმინდესის ფილაზე.

***
ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის და ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესიებს. მიწისქვეშა ნაწილში კიდევ ერთი ტაძარია - ხარების სახელობისა. ყოვლადწმინდა სამების ლავრისთვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა აქვთ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კგ-ს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა. ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული.
ბეჭდვა
1კ1