სიყვარული თუ არ იქნება, ადამიანი განსაცდელს და ტკივილს ვერ გადაიტანს
სიყვარული თუ არ იქნება, ადამიანი განსაცდელს და ტკივილს ვერ გადაიტანს
სურამის წმინდა იობ წინასწარმეტყველის (მრავალვნებულის) სახელობის დედათა მონასტერი 2001 წლის 19 მაისს გაიხსნა. მანამდე ამ შენობაში სამღვდელმთავრო რეზიდენცია იყო. დედები, მამები, მორჩილები აქედან ნაწილდებოდნენ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მონასტრებსა და ტაძრებში. თავიდან მონასტრის წინამძღვარი გახლდათ დედა ზოილე (ალთუნაშვილი), ახლა უკვე იღუმენია. შემდეგ მონაზონი ანა, სქემმონაზონი ალექსანდრა წინამძღვრობდნენ... ამჟამად მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ელისაბედია (ციხაშვილი).

მონასტერი და ტაძარი ყოფილ პიონერთა ბანაკის შენობაშია განთავსებული. სიძველის გამო დიდთოვლობით დაზიანებული შენობის სახურავი შეკეთდა, მაგრამ საჭიროა შეიცვალოს, მონასტერი კეთილმოეწყოს. საამისოდ ფინანსებია საჭირო. მონასტერი თვითონ ამას ვერ შეძლებს. უფლის შეწევნით და კეთილი ადამიანების დახმარებით შესაძლებელია ამის გაკეთება. მონასტრის წევრები ძალ-ღონეს არ იშურებენ სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად.

დედები ლოცვას ღამის 4 საათზე იწყებენ. 11 საათზე ტრაპეზია. 12 საათზე ტაძრის მფარველი წმინდანის, იობ მრავალვნებულის სახელზე პარაკლისს აღავლენენ. 6 საათზე მწუხრის ლოცვა და ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დაუჯდომელი იკითხება. მონასტრის მთავარი სიწმინდეა მეუფე იობის მიერ ათონიდან, დოქიარის მონასტრიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი მოლოცვით უშვილოებს შვილი ეძლევათ და კიდევ ბევრი სასწაული აღესრულება.

- მონასტერი სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, - ამბობს დედა ელისაბედი, - სამოციქულოში ვკითხულობთ, რომ არსებობს სამი უმთავრესი სათნოება: რწმენა, სასოება და სიყვარული. ამ სამიდან სიყვარული აღმატებულიაო. პირველად რომ წავიკითხე ეს სიტყვები, გამიკვირდა, როგორ არის რწმენაზე აღმატებული სიყვარული-მეთქი. თუკი ადამიანს სიყვარული არ აქვს, სარწმუნოება ფუჭია, იმიტომ რომ ეშმაკსაც სწამსო, - წერს მოციქული. მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკს აქვს სარწმუნოება, არ აქვს სიყვარული და ვერ ცხონდება. სიყვარულია თავად ღმერთი. სიყვარული თუ არ იქნება, ადამიანი განსაცდელს და ტკივილს ვერ გადაიტანს. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, სულიერ ცხოვრებაში გაუჭირდება დაბრკოლებების გადალახვა... სულიერი ცხოვრება, მონასტრული ცხოვრება ცოცხალი უნდა იყოს, რომ ადამიანი ქრისტეში ცოცხლობდეს. სახარებაში წერია: არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ, არიან ისეთებიც, რომლებიც კაცთაგან გამოისაჭურისნენ და ისეთებიც, რომლებმაც თვითონ გამოისაჭურისეს თავი სასუფევლისთვისო. ბერ-მონაზვნებზეა ნათქვამი, რომლებიც თავიანთი ნებით ირჩევენ უფალის გზას და ქალწულებას იმარხავენ.

KARIBCHEმონაზვნობა არის ძალიან ღრმა, ამას თანდათან სწავლობს ადამიანი. ვინც შეუდგება ქრისტეს გზას, ყალიბდება, როგორც მონაზონი. პირველ რიგში ამისთვის საჭიროა მარტო ცხოვრება, განმარტოება, ლოცვა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს თავისი სულის დანახვაში, ღმერთთან მისვლასა და მიახლოებაში. ადამიანების ცხოვრება არის დაკარგული სასუფევლის ძიება და დაბრუნება. სახარებიდან თუ გავიხსენებთ, უფალმა ადამიანი შექმნა მეექვსე დღეს. ადამს შეუქმნა მისი მსგავსი არსება, ცოლი და მათ მარხვა დაუნიშნა. მარხვა იყო ის, რომ ყველაფრის ჭამის უფლება მისცა, გარდა ერთი ხის ნაყოფისა. ამას ერქვა ხე ცნობადისა. ეშმაკს შეშურდა ადამიანის ბედნიერებისა, ნეტარებისა, შევიდა გველში და ჰკითხა, - რატომ აგიკრძალათ მისი ნაყოფის ჭამაო. ევამ ადამს აჭამა აკრძალული ნაყოფი. მათ თავიანთი სიშიშვლე უმალ იხილეს. შესცოდეს და დაინახეს თავიანთი მდგომარეობა. ადამი დაემალა უფალს. უფალმა ჰკითხა, - ადამ, სად ხარო. შენი ხმა რომ მომესმა, დავიმალეო. რატომ დაიმალე, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიგემიაო? უფალმა იცოდა, რომ ადამმა უკვე შესცოდა, მაგრამ უნდოდა, მას დანაშაული ეღიარებინა და შენდობა ეთხოვა. ადამმა, ნაცვლად პატიების თხოვნისა, ევას დააბრალა, - შენ რომ ცოლი მომეცი, მან მაცდუნაო. ევამ გველს დააბრალა და ასე გამოიდევნენ სამოთხიდან. უფალი პირველ რიგში ადამიანისგან სინანულს და სწორ დამოკიდებულებას ითხოვს. ადამმა კი პირიქით გააკეთა, თავი იმართლა. პირადად მე ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მაქვს მონასტრის წევრებთანაც - შეცდომის დროს სინანული უნდა გამოთქვან და თავის მართლება არ დაიწყონ. შეცდომა ცუდია, მაგრამ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ყველა ადამიანი ცოდვილია. და თუკი ცოდვილია, როგორ უნდა ცხონდეს? ცხონდება იმით, რომ ცოდვასთან ექნება სწორი დამოკიდებულება. ანუ შეინანებს, დაფიქრდება და თავის დაცემულ ბუნებას დაინახავს. დაინახავს, რომ არის სუსტი, უძლური და თუკი ღმერთი არ შეეწევა, ვერაფერს შეძლებს. სამწუხაროდ, ძალიან დიდ სიმაღლეზე მდგარი დედები და მამები დაცემულან, წარწყმედილან. სახარებაც გვეუბნება, რომ ამპარტავნებმა, მემრუშეებმა, მამათმავალებმა, მაგინებლებმა სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონო. ჩვენ ვიცით, რომ არიან წმინდანები, რომლებიც უწინ იყვნენ მეძავები, კაცის მკვლელები და ცხონდნენ. პირველი ავაზაკი ცხონდა. ჯვარზე გაკრულმა შეიცნო უფალი, შეინანა და ითხოვა, - მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითაო. მან იგრძნო თავისი ცოდვის სიღრმე და პატიება ითხოვა. მეორე გმობდა, - თუკი ღმერთი ხარ, შენი თავიც იხსენი და ჩვენც გვიხსენიო. ამის გამო ის ჯვარზე გაკრული დაისაჯა.

***
მონასტრის წევრებს პირველ რიგში ვთხოვ, კარგი იქნება, თუ დაინახავენ თავმდაბლობას, სიყვარულს წინამძღვრისგან და მისი მაგალითით შეძლებენ სულიერ წინსვლას. საკუთარი სულიერი ცხოვრება დაუმორჩილონ მონასტრულ კანონებს, სახარებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ - ვინც რას აკეთებს, ის საკუთარ თავს უკეთებს. ვინც როგორ იქცევა, საკუთარ თავს ექცევა. პავლე მოციქულს უფლის ხმა მოესმა, - საულ, საულ, რად მდევნი? ვინ ხარ შენ, უფალო? მე ვარ ქრისტე, რომელსაც დევნიო... ვინც უფალს წინ აღუდგება, დაისჯება. ამის გამო გააფრთხილა უფალმა. პავლე მოციქული წერს, - ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე აღმაშენებელი არ არისო. ესე იგი ადამიანს უფლისგან მიცემული აქვს თავისუფალი ნება და მას შეუძლია, ამ თავისუფალი ნებისამებრ იმოქმედოს. ადამიანმა საკუთარი თავისუფალი ნება ღვთისკენ მიმართოს.

***
ადამიანი სულიერ ცხოვრებას საკუთარი გამოცდილებით სწავლობს. მთავარია, სწორად ზიდოს დაკისრებული ჯვარი. უწმინდესი ხშირად ქადაგებს, - როდესაც ადამიანის ნება ემთხვევა ღვთის ნებას, ეს არის სინერგია და ეს არის საცხოვნებელი, ღვთისთვის სათნო და მისაღები. თუკი ვეცდებით ჩვენი ჯვარი სწორად ვიტვირთოთ, ვილოცებთ, მოძღვრის კურთხევით და თავმდაბლობით ვიცხოვრებთ, ღმერთი ამ ჩვენს ჯვარს გვაპოვნინებს.

დღეს მონასტრებში არ არის წინა საუკუნეების მსგავსი ცხოვრება. მართალია, წმინდა მამები წერენ, რომ შესაძლებელია იმ ღვაწლის ზიდვა, რაც უწინ იყო, მაგრამ მაინც რთულია, იმიტომ, რომ მონასტრები არ არის ჩაკეტილი, ერისგან მოწყვეტილი. წინათ მონასტრებს შემომწირველები ჰყავდათ და არ უწევდათ ფიქრი ათასგვარი პრობლემის მოგვარებაზე, თვითონ უფალი ინახავდა. დღესაც ასეა, უფალი გვინახავს ყველას, უფალი ასაზრდოებს მთელ ქვეყანას. სახარებაში წერია, ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ, რა შეიმოსოთ, ამაზე წარმართნი ზრუნავენ. თქვენ, უწინარესად, ეძიეთ სასუფეველი ცათა და ესე ყოველივე შეგეძინოთო. ეს წერია ზოგადად ადამიანების მიმართ, მით უმეტეს, მონაზვნებმა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ არ ვიზრუნოთ ზედმეტად ხორციელზე და ყოველივე შეგვეძინება, თუკი სულიერზე ვიზრუნებთ, რაც ჩვენი ვალია. ჩვენ ხომ უფალს მის გზაზე სიარულის აღთქმა მივეცით. სახარებაში არის კიდევ ასეთი ადგილი: მამამ შვილები ვენახში გაუშვა. ერთს უთხრა, - წადი ვენახში და საქმე გააკეთეო. შვილმა - ახლავეო. წავიდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. მეორემ - მეზარებაო, მაგრამ მაინც წავიდა და აღასრულა. ისმის კითხვა, - რომელმა შეასრულა მამის ნება, რომელიც დაჰპირდა და არ გააკეთა, თუ რომელიც არ დაჰპირდა და გააკეთა? რა თქმა უნდა, რომელიც არ დაჰპირდა და გააკეთა. ბერ-მონაზვნებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრიათ ღვთის წინაშე, რადგან ღმერთს დავპირდით. როდესაც ადამიანი ჰპირდება უფალს, აღთქმას დებს, უფრო გამეტებით ებრძვის ბოროტი, რომ აღთქმა არ შეასრულოს, ხელი შეუშალოს, დააბრკოლოს, დააყოვნოს. მონასტერში ადამიანს უწევს აზრობრივი ბრძოლა ბოროტთან. ადამიანმა ყველა აზრი არ უნდა მიიღოს, არ უნდა შეიწყნაროს. ყველაფერ დანახულს არ უნდა ენდოს. მუდამ ღმერთზე მინდობილი ლოცვაში უნდა იყოს, რომ რეალობას არ ასცდეს. სხვანაირად შეიძლება მოტყუვდეს.

მონასტერში ყველანაირი საქმე სრულდება. მცირე მეურნეობა გვაქვს, მოგვყავს მწვანილი, ბოსტნეული, ყვავილების ბაღის მოწყობაზე ვზრუნავთ. სამღვდელმთავრო რეზიდენცია იქვეა და აუცილებელია მონასტრის სახე იყოს წარმოჩენილი...

***
ქარელის სკოლაში საღვთო სჯულს გვასწავლიდა მამა ისე ზავხოზაშვილი. მაშინ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, მარხვის შენახვა. მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ სულ ვმარხულობდი. ვამბობ ხოლმე, რომ მამა ისემ ჩემში სარწმუნოების მარცვალი დათესა. სტუდენტობისას ავირჩიე სულიერი მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე. შევისწავლე მედავითნეობა. მონასტერში წასვლის სურვილი კი 1998 წლიდან გამიჩნდა. სტუმრად დავდიოდი მონასტრებში. მინდოდა სამუდამოდ წასვლა, მაგრამ მოძღვარი არ მიშვებდა. 2008 წლის სექტემბერში კი მამა ზაქარიამ ასეთი ლოცვა-კურთხევა მომცა, - წადი სანამდეც გაძლებო. წავედი. თავიდან მერეს დედათა მონასტერში ვიყავი, დედა მარიამთან. ეს მონასტერი ურბნისისა და რუისის ეპარქიაშია. მეუფე იობმა იქიდან სურამში გადამიყვანა. მესამე წელია, აქ ვარ. მონაზვნადაც აქ აღვიკვეცე.

მეუფემ ჩემი წინამძღვრისგან, დედა მარიამისგან იცოდა, ვინ ვიყავი და გადაწყვიტა, წინამძღვრად გადავეყვანე.

მონასტრული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, აღორძინების პირასაა. ბევრი სტუმარი გვყავს. ზოგჯერ ადამიანი მონასტერს, როგორც სავანეს, ისე უყურებს. როცა ადამიანი მონასტერში მიდის, უნდა შეეცადოს, მოიკვეთოს ერული თვისებები. ამ განზომილებაში მოქცევა შესაძლებელია, თუკი მიიღებ იმ ყველაფერს, რასაც მონასტერი გთავაზობს. პავლე მოციქული ბრაძანებს: "ცათა სასუფეველი იიძულების და ვინაც აიძულოს თავი თვისი, მან მიიტაცოს იგი, და კიდევ ცათა სასუფეველი აქა არა არს ანუ იგი აჰა თქვენშია".

***
ერი და ბერმონაზვნობა შედარებულია მსხმოიარე ვაზთან და მის საყრდენ ჭიგოსთან. მსხმოიარე ვაზი არის ერი თავისი ნაყოფიერი ცხოვრებით, რომელსაც სჭირდება საყრდენი. თუკი ვაზს არ ექნება საყრდენი, განირთხმება მიწაზე და მოკვდება. ერი დაყრდნობილია ბერ-მონაზვნების ლოცვაზე. წმინდა მამები წერენ, ლოცვითი ჯაჭვი რომ გაწყდეს, ეშმაკი ერთი ბრჭყალის მოსმით აღგვიდა ყოველივეს პირისაგან მიწისაო. ეს ლოცვითი ჯაჭვი უკავია ეკლესია-მონასტერებს. ღმერთმა ინებოს, სულიერი ცხოვრება ისე წარმართულიყოს, რომ სიყვარული არსებობდეს უფლის მოსვლის დროსაც.
ბეჭდვა
1კ1