გვაფრთხილებდა - შურით არავის და არაფერს შეხედოთო
გვაფრთხილებდა - შურით არავის და არაფერს შეხედოთო
ვესაუბრებით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს:

- წინა საუბრისას ფოტი სანიკიძის მშვენიერი გალობაც ახსენეთ, გთხოვთ მოგვიყვეთ ამ ღირსეულ დედაზეც.


- დასის წევრთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სქემმონაზონი დედა ნინო (ფოტი შედანიკის ასული სანიკიძე). მისი საკმაოდ შეძლებული ოჯახი სენაკში ქველმოქმედებით იყო განთქმული. ძმათაგან სიყვარულით გარემოსილ ქალიშვილს ხელის მთხოვნელი არ აკლდა, მაგრამ მან მზითევის საფასური მონასტერს შესწირა და მონაზვნად აღიკვეცა. ლეგენდად დადიოდა ამ ქალბატონის სილამაზე, შესანიშნავი ხმა და გამორჩეული მედავითნეობა. ფოტის მიბაძა ბიძაშვილმა მაკრინემაც.

დედა ფოტი 1955 წლის 27 აპრილს 72 წლის ასაკში აღესრულა. მწუხარებით გააცილა იგი სანათესაომ და კრებულმა. მის დაკრძალვამდე ერთი შემთხვევა მომხდარა: ძმისშვილებს მოუსურვებიათ, მონასტრის ეზოში მდგარი ფანჩატურიდან გაესვენებინათ უსაყვარლესი მამიდა, რაც მონაზვნური ადათით მიუღებელი იყო. იმხანად ლოგინად ჩავარდნილი იღუმენია ქეთევანი შეწინააღმდეგებია ამ გადაწყვეტილებას. დედებთან მოთათბირების შემდეგ მას მენჯის მთავარანგელოზთა სავანის იღუმენია, დედა ფავსტო მოუხმია და მისი მეოხებით უცდია დედა ფოტის წესისამებრ დაკრძალვა. მონასტერში ამოსულ ფავსტო შუშანიას, ყველასთვის ცნობილს თავისი შემართებული ხასიათით, მკაცრად, მაგრამ დედაშვილურად დაურიგებია სანიკიძეთა ოჯახი და სიტყვის შეუბრუნებლად მოუთხოვია მონასტრული კანონიკის პატივისცემა. რა თქმა უნდა, ყოველივე ისე აღსრულებულა, როგორც ღირსმა დედებმა ინებეს.

- თქვენს წიგნში არის დედა ფოტის მიერ აღზრდილი ძმიშვილის, ბატონ შუქურის მოგონებები მამიდაზე. ალბათ, მკითხველსაც დააინტერესებს მათი გაცნობა.

- დიდი სიამოვნებით გთავაზობთ ამონარიდებს ამ მოგონებებიდან, აი, რას წერს ბატონი შუქური:

"მე და ჩემმა ძმამ, ნოდარმა, მამა ადრე დავკარგეთ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის დოცენტი იყო. 1940-იან წლების შუა ხანებში მამას ფილტვები დაუავადდა. მამიდა ფოტიმ - მონასტრის ჰაერი მოუხდებაო და სენაკში წაიყვანა. ასე აღმოვჩნდით ჩვენც თეკლათის დედათა მონასტერში და მას შემდეგ, კარგა ხანს, ზაფხულის თვეებს იქ ვატარებდით. ეს წმინდა ადგილი ჩვენთვის მეორე ოჯახად გადაიქცა. როგორც მსმენია, მამაჩემის იქ გადასვლას დედები არ მისალმებიან, მაგრამ მამიდა ამ საკითხში შეუვალი იყო.

თეკლათში იმ დროს 17 მონაზონი მოღვაწეობდა. ეზოს ბოლოში მდგარ სამოთახიან სახლში ფოტისთან ერთად ორი თანამოღვაწე დედა, მაკრინე სანიკიძე და ოლია ანჯაფარიძე, ცხოვრობდა. მაკრინეს აღთქმა ჰქონდა დადებული, სადილობისას საერთო სუფრას არ მისჯდომოდა. ორივე ფეხით ინვალიდ დედა ოლიას სიარული უჭირდა და ამიტომ ძირითადად დიასახლისობდა. სხვათა შორის, მას ფეხსაცმლის შეკეთება ეხერხებოდა და ამ ხელობით დიდად ეხმარებოდა დედებს.

დები დილის ლოცვას სენაკში 6 საათზე იწყებდნენ, საღამოსას კი ღამის 12 საათზე აღასრულებდნენ. ლოცულობდნენ ჭრაქის შუქზე. ამის გარდა, ტაძარში ყოველდღიურად ტარდებოდა საერთო სამონასტრო მსახურება, რომელზე დასწრებაც აუცილებელი იყო. ელექტროენერგია მხოლოდ იღუმენიას სახლში იყო, სხვები ნავთის ჭრაქით, ე.წ. "ჭვიტინიით" სარგებლობდნენ.

მონაზვნების ერთი ნაწილი საცხოვრებლის მიმდებარე ნაკვეთს ამუშავებდა და ამით ირჩენდა თავს. ეს პატარა ბოსტნები ძალიან მწირ მოსავალს იძლეოდა, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ დიდი შრომით მოყვანილ ჭირნახულს ხშირად ხელმრუდეები ისაკუთრებდნენ. სიმინდს ხანდახან მაჩვებიც აჩანაგებდნენ. როცა ასეთ შემთხვევებს დედა მაკრინე ყურს მოჰკრავდა, ჩაიღიმებდა და ჩვენს გასაგონად იტყოდა, - ხილი, შვილებო, როგორც ჩიტმა, ასევე ქურდმაც უნდა ჭამოსო!

არ ვიცი, წლის სხვა დროს როგორ იყო, მაგრამ ზაფხულში მის სენაკში მუდმივად 7-8 კაცი იყრიდა თავს. ამას დაუმატეთ იმ მონაზვნების ულუფაც, რომლებიც უსახსრობისა და უძლურების გამო სადილებს ვერ იმზადებდნენ და შემოწირულობის იმედზე იყვნენ. სხვათა შორის, დედა ფოტი მათ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც უწილადებდა. ვახშამი დამზადდებოდა თუ არა, მე თეფშებით ვიწყებდი მონასტრის შემოვლას. პირველად იღუმენიასთან მიმქონდა, მერე მამა კონსტანტინესთან და ამის შემდეგ ყველა სხვებთან".

როგორც ახლა ვხვდები, დედა ფოტის მონასტრის ხაზინა ებარა. სანთლებს ის ყიდდა ტაძარში. ალბათ ამ გარემოების გამო მასთან ფულის სასესხებლად ხშირად მოდიოდნენ გაჭირვებული ადამიანები. მახსოვს, როგორ გაუთავებლად წუწუნებდნენ, იცრემლებოდნენ, ათას რამეს ჰყვებოდნენ. ფოტის პირადად, აბა, რა შეძლება ჰქონდა. იშვიათად ზოგ მათგანს გარკვეული ხნით ხელს უმართავდა. ფულს რომ გაატანდა, უხსნიდა, - ეს თანხა მონასტრის კუთვნილებაა და დათქმული დროისთვის მონასტერსვე უნდა დაუბრუნდესო. ვალს კი დროზე იშვიათად აბრუნებდნენ. და იწყებოდა ფოტის გამუდმებული სიარული მევალეების ოჯახებში. ხშირად მეც თან ვახლდი. ყოველი ასეთი ჩამოვლის შემდეგ შინ მორალურად დაზაფრულები და ფიზიკურად დაღლილები ვბრუნდებოდით. საწყალი დაჯდებოდა ბალახზე, მიწაზე დაალაგებდა შესივებულ ფეხებს და ასე ითქვამდა სულს. მიუხედავად დაღლილობისა, დაავადების მოძალებისა და შინაგანად შეწუხებისა, მისი ცისფერი თვალები მხოლოდ სიკეთეს ასხივებდნენ. მათში გაბრაზებასა და სასოწარკვეთილებას ვერ ამოიკითხავდით.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის რელიგიური დღესასწაულები, მამა კონსტანტინე ქვარაია მონასტერში რომ ატარებდა. ეს დიდებული მოძღვარი ფოტის ინიციატივით ამოსულა თეკლათში. მისი იქ დამკვიდრებამდე წირვა-ლოცვა მონაზონ ელისაბედ გაბუნიას სახლში აღესრულებოდა. იქვე იყო მეორე ოთახიც, რომელშიც ინვალიდ ბავშვთა სახლის საკუჭნაო იყო განთავსებული. ხელისუფლების ბრძანებით, კარგა ხნის წინ ჩამორთმეული ეკლესია იმ წლებში გამოკეტილი იყო. მამა კონსტანტინემ ის გააღო და დაგროვებული ზედმეტი ნივთებისაგან თანდათან დააცარიელა. დედებმაც ნელ-ნელა მოაწესრიგეს იქაურობა და ასე, შეპარვით დაიწყო ტაძარში ღვთისმსახურება. შემდეგ რეგულარული წირვა-ლოცვაც აღდგა. აჟღედა ქართული გალობა, რომელსაც დომენიკა ხონელიძე, მინა ჭანტურია და მარიამ ჭიჭინაძე უძღვებოდნენ.

სადღესასწაულო დღეებში სოჭიდან ხშირად ჩამოდიოდნენ რუსი მომლოცველები. ახლაც თვალწინ მიდგას ის თეთრთავსაფრიანი ქალები და თეთრ, გახამებულ პერანგებში გამოწყობილი წვეროსანი მამაკაცები. მათი იქ ყოფნისას მამა კონსტანტინეს ღვთისმსახურება ქართულად და რუსულად მიჰყავდა. ასევე ორ ენაზე სრულდებოდა გალობაც. სტიქაროსნად მას ძმიშვილი, ჯერ კიდევ ბავშვი, გორდონი ემსახურებოდა. ტაძარი ყოველთვის დაკრიალებული იყო, რასაც ნატალია და აგრაფინა კორობჩენკოები მოთავეობდნენ. ამ ქალბატონების მონასტრისადმი სიყვარული და თავდადება მართლაც გამორჩეულადაა აღსანიშნავი.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ფერისცვალების დღესასწაულზე. ხატებს თეთრი არშიებითა და ხელოვნური ყვავილებით რთავდნენ. ამას უფრო რუსი მრევლი აკეთებდა. ლოცვის შემდგომ მიცვალებულთა პარაკლისი ტარდებოდა. დასრულდებოდა თუ არა ღვთისმსახურება, ჭირისუფლები მამა კონსტანტინესა და დედა ფოტის მიმართავდნენ, - საჭმელი გვინდა დავტოვოთ და როგორ მოვიქცეთო. პასუხი მუდამ ერთი იყო: - დაურიგეთ, შვილო, მონაზვნებს, მადლიაო. თვითონ კი განზე დგებოდნენ.

- საოცარი მკურნალი ყოფილა დედა ფატი ზაქარაია...

- საღვთო წერილისა და მონასტრის ტიპიკონის ზედმიწევნით მცოდნე, სქემმონაზონი ფეოდოსია (ფატი ზაქარაია) ძველი თაობის მოღვაწე დედა იყო. იგი მარტვილელ, სახალხო მკურნალობით განთქმულ ზაქარაიათა ოჯახიდანაა. მისი ძმა, აკადემიკოსი ეფრემ ზაქარაია დიდად აფასებდა დის სამკურნალო მოღვაწეობას და არაერთხელ აღუნიშნავს თურმე ფატის ნიჭიერება სანათესაოსა თუ ნაცნობ-მეგობრებში: ფატის რომ სამედიცინო განათლება მიეღო, ქართულ მედიცინას მისი სახით სწორუპოვარი მკურნალი ეყოლებოდა, მაგრამ მან ასეთი გზა აირჩიაო.

მართლაც საოცარი შედეგები ჰქონდა დედა ფატის მკურნალობას. ის დამწვრობისა და მოტეხილობის უებარ მალამოებს ამზადებდა. ცნობდა სამკურნალო მცენარეებს და სათანადოდაც იყენებდა. ყოველგვარი დახმარების გარეშე, მარტოდმარტოს, არაერთხელ აუწყვია დამსხვრეული ძვლები. ბევრისთვის შეუნარჩუნებია განგრენისგან დაზიანებული, მოსაკვეთად განწირული ფეხი. როგორც ამბობდნენ, დამოკლებული კიდურის დაგრძელების მეთოდსაც ფლობდა. სამწუხაროდ, მას არ გამოუჩნდა საქმის გამგრძელებელი და ამ ჩინებულმა მკურნალმა თან გაიყოლია საუკუნეებს გამოტარებული ქართული ხალხური მედიცინის არაერთი საიდუმლო.

1969 წლის მარტის ერთ სუსხიან ღამეს დედა ფატის სენაკს გარეწრები დაესხნენ თავს. ფულის გამოძალვის მიზნით 80 წელს მიღწეულ უმწეო მოხუცს სცემეს და რამდენიმე საათი აწამეს. საცოდავს არაფერი აღმოაჩნდა, მაგრამ არ იჯერებდნენ... ერთ არაკაცს თავში რკინაც ჩაურტყამს...

ყაჩაღების წასვლის შემდეგ მამა კონსტანტინე და დედები დიდხანს ასულიერებდნენ თურმე გონდაკარგულს. ნაწვნევი შიშისა და ფიზიკური ტრავმის გამო მცირე ხანს იავადმყოფა და იმავე თვის 21 რიცხვში დალია სული. დედა ფატი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, იმ ადგილასაა დაკრძალული, სადაც სამრეკლოს დანგრევის შემდეგაც დიდხანს ეკიდა მონასტრის ზარები.

- ბატონო პაატა, თუ არის შემორჩენილი მონასტრის არქივი, ალბათ ბევრი საინტერესო ცნობა იქნება მასში სავანის ისტორიაზე.

KARIBCHE- სამწუხაროდ, მონასტრის არქივი დაკარგულად შეძლება ჩავთვალოთ, ამიტომ ძნელია მისი ისტორიის სრულად აღდგენა. დღეს სენაკში მონაზვნების ნათესავთაგან ბევრი უკვე აღარ ცხოვრობს. უფროსი თაობიდანაც თითქმის აღარავინაა ცოცხალი, ამიტომ თითოეულ მონაზონზე ნებისმიერი მოგონება ჩემთვის ძვირფასი იყო და წლების განმავლობაში ვიწერდი და ვაგროვებდი. 

- გაგვაცანით ზოგიერთი მათგანი.

- კეთილი. შევეცდები, სენაკელი ქალბატონის, ნინო არტემის ასულ აფაქიძის მონათხრობზე დაყრდნობით დასის კიდევ ერთი ღირსეული დედის - მატრონა ეჯიბიას ხატება აღვადგინო.

"ბაბუაჩემის, ვლადიმერ გაბუნიას, გარდაცვალების შემდეგ, დედაჩემის დედას, ბებია მარიამს, ოჯახი დაუტოვებია და მონაზვნად აღკვეცილა. მას თან წაუყვანია უმცროსი და, 14 წლის მატო, რომელიც ჯერ მონასტერთან არსებულ ქალთა სკოლაში სწავლობდა და შემდგომ აღიკვეცა. ბებია მარიამი ჩემს დაბადებამდეა გარდაცვლილი, დედა მატო კი კარგად მახსოვს - 80-ს მიღწეული, 50-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა. როცა ხელისუფლებამ მონასტერი გააუქმა და მონაზონთა ნაწილი ნათესავებში გაფანტა, დედა მატო ჩვენს ოჯახს შემოეკედლა.

გარეგნულად აუღელვებელი და მუდამდღე უფლისადმი მლოცველ-მვედრებელი გაკვირვებული იყო მთავრობის გულქვაობით. ვერ ხსნიდა, თუ რატომ დაუნგრიეს საცხოვრისი, რად დასაჯეს ასე დაუნდობლად. გულნაღვლიანი მუდამდღე მონასტრისაკენ მიიწევდა, სულიერ დებთან (მათთან, ვინც მოახერხა იქ დარჩენა) ეწადა თანაცხოვრება. მას ნათესავებისაგან სიყვარული და სითბო არასოდეს მოჰკლებია. დედაჩემი თან ჰყვებოდა და თვითონაც შვილივით უყვარდა, მაგრამ მისთვის უფლისადმი მიცემული აღთქმა იყო უმთავრესი. რამდენიმე წლის შემდეგ მოხერხდა მონასტერში მატოს დაბრუნება. დედას ბავშვები ხშირად ავყავდით მასთან. რა ლამაზი იყო მონასტრის ეზო! ახლაც თვალწინ მიდგას წირვაზე მიმავალი მონაზვნები, წინ რომ იღუმენია ქეთევანი მიუძღოდათ...

განსაკუთრებით მიყვარდა დეიდას სენაკში ყოფნა, მისი დარიგებების მოსმენა. ბავშვებს არასოდეს გაგვწყრომია, მუდამ სიკეთესა და კეთილშობილებაზე გვესუბრებოდა. გვაფრთხილებდა - შურით არავის და არაფერს შეხედოთო. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე დედას ხის პატარა ჯვარი გადასცა. დამიჯერეთ, სასწაულმოქმედი იყო ის ჯვარი! რომელი ავადმყოფიც ემთხვევოდა და სასთუმალქვეშ ამოიდებდა, რაც გინდ მძიმედ ყოფილიყო, აუცილებლად მოიხედავდა, გამოკეთდებოდა. არ ვიცი - როგორ, მაგრამ შემდგომში დედას ის ჯვარი დაეკარგა და ამის გამო მთელი ცხოვრება წუხდა. იმ ჯვრის დაკარგვით დედა მატოს სული თითქოსდა განეშორა ჩვენს ოჯახს... მიხარია, რომ ასეთი კარგი საქმე წამოგიწყიათ. დღევანდელმა ახალგაზრდობამ ცოტა რამ იცის დედათა მონასტერზე და იქ მოღვაწე დედების შესახებ".

წიგნისათვის მასალებს რომ ვაგროვებდი, მხცოვან მწერალს, წარმოშობით სენაკელს, ბატონ მურმან ხუნწარიას გავესაუბრე. მან თავისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი გაიხსენა: "მონასტრის დედათაგან ერთ-ერთი - კესარია გიორგის ასული ქაჩიბაია, ბებიაჩემის და იყო. კესარიას მამას, გიორგი ქაჩიბაიას, ექვსი ქალიშვილი ჰყოლია, მაგრამ მონაზვნობა მხოლოდ მან ისურვა და ახალგაზრდა აღიკვეცა. იგი ღვთისნიერებითა და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. სანათესაო პატივისცემითა და რიდით ეპყრობოდა. ბებიდა მეც ძალიან მიყვარდა და ხშირადაც დავრჩენილვარ მასთან მონასტერში. შემდგომ არაერთხელ დავფიქრებულვარ მის ცხოვრებაზე. ვიხსენებ პატარა სამონაზვნო კელიას, თვალთაგან არ მშორდება ხის პატარა გადანაჭერი, სასთუმლად რომ ედო.

30-იანი წლების დასაწყისში დედა კესარია გარდაიცვალა. საოცარი ის იყო, რომ ახდა მისი წინასწარმეტყველება - ჩემს სულს აღდგომა დილას მიიბარებს უფალიო...
ბეჭდვა
1კ1