ქალაქი მონაზონთა-"მზოვრეთი"
ქალაქი მონაზონთა-"მზოვრეთი"
ნაქალაქარი მძოვრეთი, ზოვრეთი მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე მდებარეობს. სახელწოდება "ზოვრეთი" (მძოვრეთი) წარმოადგება სიტყვა "საზუერედან" (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნასეს რეზიდენცია იყო. XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება "მცირე ქალაქად". XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა.

KARIBCHE KARIBCHE

მზოვრეთის ფეისბუქის გვერდზე - ქალაქი მონაზონთა - "მზოვრეთი" ვკითხულობთ, რომ მზოვრეთის ციხე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 20 მაისს ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა. ყველაფერი სამი მონაზვნით დაიწყო, ბერი იოანეს (ხვედელიძე, ახლა უკვე სქემ-მონაზონი) წინამძღოლობით. არ გააჩნდათ არაფერი, ელემენტარული თავშესაფარიც კი – წინამძღვარი ძველ ბუხარში ცხოვრობდა, დანარჩენმა ორმა კი გალავნის კედელში ჩაშენებულ ციხის საპირფარეშოებში დაიდეს ბინა... წვიმის წყალს აგროვებდნენ, ჭამის შემდეგ კი თეფშებს კარგად აპრიალებდნენ – წყლის მარაგს იზოგავდნენ, ბანაობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო... და მაინც, ამ ყველაფრით ბედნიერები იყვნენ, მარხულობდნენ, იღვწოდნენ და ღმერთს მადლობდნენ.

KARIBCHE

პირველი საზრუნავი ციხის დაზიანებული ნაწილების სასწრაფოდ გამაგრება იყო. მთავარი მზერა "ძეგლთა დაცვის სააგენტოსკენ" იყო მიმართული, მაგრამ იმედები არ გამართლთა – "ამა ქვეყნის ძლიერთა" პოლიტიკის გამო, რუის–ურბნისის ეპარქიაში სააგენტო არ აწარმოებდა აღდგენით სამუშაოებს, დრო კი არ ითმენდა. გადაწყდა საკუთარი ძალებით ემოქმედათ – საფრთხეები შეისწავლეს, სპეციალისტთა მიერ დასკვნებიც დაიდო და გეგმებიც დაისახა, შემომწირველებიც გამოჩნდნენ და პირველი აღდგენითი სამუშაოებიც დაიწყო: პირველ რიგში ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოს ნაშთს გაუკეთდა დროებითი გადახურვა, საჭირო მასალების მოძიების შემდეგ კი სამრეკლოს რეკონსტრუქციასაც დაედო დასაბამი... სამშენებლო სამუშაოების პარალელურად გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა – ციხის ეზო მიწის დიდი ფენისაგან ნელ–ნელა გაიწმინდა, გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები კი (სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭლის მოჭიქული ნამტვრევები, ქვევრები, საბრძოლო გამოყენების თლილი მრგვალი ქვები და სხვა) შენახულ იქნა მონასტრის მუზეუმში გამოსაფენად, რომლის მშენებლობაც უკვე დასასრულს უახლოვდება.


KARIBCHE

ამასობაში მონასტრის წევრთა რაოდენობაც გაიზარდა, წინამძღვრის მოღვაწეობითმა ცხოვრებამ სხვებშიც აღძრა მონაზვნობის სურვილი. გაზრდილი მონასტრის საძმო უკვე ციხის გარეთ აშენებულ შემოწირულ ხის სახლში გადავიდა. სულ ორი ოთახი იყო, სადაც წინამძღვარი, მღვდელი, ბერი, მორჩილი და სტუმრები ერთად ცხოვრობდნენ. აქვე იყო განთავსებული სატრაპეზოც. მალე შეძლებული შემომწირველებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ საღმრთო საქმეში. სამუშაოებში თითქმის ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა, მშენებლობას საერთო ქართული ელფერი მიეცა.

KARIBCHE

არც მონასტრის საძმო ზოგავდა თავს – ეხმარებოდნენ ხელოსნებს, ასრულებდნენ ყოველგვარ შავ სამუშაოს, ხშირად კი თავად იყვნენ ხელოსნებიც და მუშებიც. გასაჭირი და დაბრკოლება ბევრი იყო, იყო მრავალი ტკივილი და სევდაც, მაგრამ იყო ნუგეშიც და სიხარულიც. ზოგიერთმა ვერ გაუძლო და წავიდა, ზოგიც მოვიდა და საძმოს შეემატა. უმთავრესი კი მაინც სულიერი ღვაწლი იყო – ერთობლივმა შრომამ ძმებს მოთმინება, სხვების თანაგრძნობა და სიყვარული ასწავლა. საძმოს თითოეული წევრისათვის ყოველი დღე სულიერი ზრდისა და საკუთარი თავის დათმობის გაკვეთილი იყო... ამავდროულად მონასტერი მისი წინამძღვრის მეშვეობით თავის სულიერ მისიასაც ასრულებდა – მრავალ მწუხარეს ნუგეშინისეცა, მრავალ უიმედოს – იმედი გაუჩნდა, სარწმუნოებაზე გულაცრუებულს – რწმენა განუმტკიცდა; ადამიანთა მრავალი გასაჭირი მოისმინა ციხის ძველმა კედლებმა და უფლისადმი აღვლენილი მრავალი სამადლობელის მოწმეც გახდა...

KARIBCHE

დღეისათვის მონასტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, საძმოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, იზრდება გამოცდილება, იხვეწება მონასტრის ტიპიკონი, ციხის ძველ ტაძრებში კი ყოველდღიურად აღევლინება საღმრთო ლიტურღია... არც კაცთა მოდგმის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე ეშმაკია უქმად და თავის ნაცად ხერხს მიმართავს, უკვე აღარც თემურ ლენგია და არც სხვა დამპყრობლები, მტერი უკვე სხვანაირად იბრძვის, შიგნითვე პოულობს ადამიანებში დასაყრდენს – ქართველის ხელითვე ეწინააღმდეგება და აფერხებს ქართულ საქმეს... და მაინც, მზოვრეთის ციხე უკვე აღარ არის ის უფუნქციო ნანგრევი, მკვდარი ნაგებობა, რაც ადრე იყო, იგი გაცოცხლდა, მნიშვნელობა შეიძინა და ახალ ზღუდედ უკვე სულიერების სადარაჯოზე დადგა. მას სული აქვს! სული – რომელიც განანათლებს ყოველს, სული – რომელიც ყოველივეს სიხარულით აღავსებს, და სული – რომელიც საღმრთო მადლით აღგვძრავს და გვაძლევს ძალას ვთქვათ:
დიახ, ჩვენ ავაშენეთ ქალაქი მონაზონთა – მზოვრეთი!

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1