გასაბჭოებამდე მე-9 საავადმყოფოში სასულიერო ქალაქი იყო
გასაბჭოებამდე მე-9 საავადმყოფოში სასულიერო ქალაქი იყო
ვაკეში, ქალაქის მეცხრე საავადმყოფოში, განთავსებულია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, რომელიც ბერმონაზონმა მამა დავითმა (კოღუაშვილმა) აღადგინა.

მრევლისთვის მამა დავითი ცოტა ხნის წინ, ბერად აღკვეცამდე, მამა კონსტანტინეს სახელით იყო ცნობილი. ის გახლავთ მოძღვარი, რომლის ძალისხმევითაც გაყიდვას გადაურჩა თბილისის მეცხრე კლინიკური საავადმყოფო. პროფესიით მემანქანე ჯერ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა, შემდეგ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამჟამად კი მის მიერ აღდგენილი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. მამა დავითი ტაძრის ტერიტორიაზე აშენებულ კელიებში ცხოვრობს ორ მორჩილთან ერთად.

- ეს ტაძარი, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, სულ ცოტა ხნის წინათ სააქტო დარბაზად იყო გადაკეთებული. საკურთხევლის ადგილას სცენა გახლდათ. უფლის წყალობით, ქალბატონმა მანანა ადეიშვილმა იცოდა აქ ტაძრის არსებობის შესახებ და ცდილობდა, აღედგინა. ამ დროს ლაპარაკი იყო ამ შენობის გაყიდვაზე. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, მანამდე არსებული ტაძრის ნაკვალევიც აღარ იარსებებდა. მე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი ამ ეკლესიის არსებობის შესახებ. ქალბატონი მანანა ადეიშვილი დამიკავშირდა და მთხოვა, მოვსულიყავი და მენახა ტაძარი. ეს მოხდა სამი წლის წინ, მარტში. მეც მოვედი, მას შევხვდი და შემომიყვანა ამ დარბაზში, რომელშიც არც ერთი ფანჯარა არ ჩანდა და ბნელოდა. გავოცდი, რადგანაც აქაურობა არაფრით ჰგავდა ეკლესიას, გაოგნებული ვათვალიერებდი კედლებს, რომლებზეც ფანერი იყო გაკრული, მათზე კი ბზარები ჩანდა. შევეჭვდი, აქ შეიძლება სარკმელი იყოს-მეთქი, ფანერი გამოვწიე და დავინახე ეკლესიის სამი სარკმელი. შემდეგ ვნახე ქალბატონი მანანას მიერ ტაძრის გარედან გადაღებული სურათი, რომელზეც აშკარად ჩანდა ეკლესია. იმ დღიდან გადავწყვიტეთ, ამ შენობაში ტაძარი აღგვედგინა.

- ტაძრის აღდგენა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ვინ იყო სპონსორი?

- პირველი ქველმოქმედი იყო ჩვენი მრევლი გია სვანიძე, რომელმაც სამასი ლარი შემოგვწირა და იმით დავიწყეთ. გავაკეთებინე ხის მაგიდა ტრაპეზისთვის, შევიძინე ხატები. ერთმა მრევლმა დიდი ბრინჯაოს ჯვარი გვაჩუქა, რომელიც გუმბათზე დავდგით. ზოგს სამშენებლო მასალა მოჰქონდა, ზოგს - პროდუქტი, ჩვენი მრევლის ბიჭები მუშაობდნენ უსასყიდლოდ. ზოგი დურგალი იყო, ზოგი კი მლესავი, ხოლო ისინი, ვინც ხელობა არ იცოდა, უბრალოდ ეხმარებოდნენ დანარჩენებს. ამგვარად ჩაბნელებული სარდაფის მსგავსი კლუბი იქცა ამ დიდებულ ტაძრად.

2007 წლის 18 მარტს ჩატარდა პირველი წირვა. ეს იყო საოცრება. ეკლესია ხალხით გახლდათ სავსე. იმ დღიდან წირვა-ლოცვა, გალობა, ნათლობები, ჯვრისწერები არ შეწყვეტილა. უფლის შეწევნით ვძლიეთ იმ ათეისტებს, რომლებმაც გამოაცხადეს, რელიგია ოპიუმიაო და ტაძრები კლუბებად გადააკეთეს, ზარები კი ტრაქტორებად გადაადნეს.

- ტაძრის ეზოში შემოსვლისთანავე შევნიშნე საქველოქმედო სატრაპეზო, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ...

- საქველმოქმედო სატრაპეზო აუცილებელი გახდა, რადგანაც, უნდა ითქვას, დღეს მრავალ ადამიანს ძალიან უჭირს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყოფილი ლაბორატორია, რომელიც დაახლოებით ასი კვადრატული მეტრია, დაგვესუფთავებინა და შემოწირულობით გაგვეკეთებინა სატრაპეზო. კვირაში სამი დღე, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 15-დან 18 საათამდე მოქმედებს ეს სატრაპეზო, რომელიც ვერ იფუნქციონირებდა მრევლის გარეშე. დავიანგარიშეთ, რამდენი კარტოფილი, კომბოსტო, შაქარი თუ სხვა პროდუქტი სჭირდება სადილს და ყოველთვიურად მოაქვთ შემოსაწირი - ზოგს - ბოსტნეული, ზოგს კი თანხა. მზარეული ჩვენი მრევლი გახლავთ. სატრაპეზო "პური ჩვენი არსობისა" თითქმის ერთი წელია არსებობს.

- მამაო, თქვენ კითხულობთ კვეთებულის ლოცვებს, რაც, როგორც მსმენია, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს...

კვირაში ერთხელ, პარასკევ საღამოს, მწუხრის ლოცვის მერე ვატარებ კვეთებულის ლოცვებს, რომლის მეშვეობითაც ხდება ბოროტი ძალების განდევნა ადამიანის სულიდან. ლოცვის მოსმენა შეუძლიათ მხოლოდ მონათლულებს, აღმსარებლებსა და მათ, ვინც ეზიარება.

- საკმარისია ერთხელ მაინც დაესწრო თქვენ მიერ ჩატარებულ წირვა-ლოცვას, რომ შეამჩნიო ის თავისებურებები, რაც ლოცვის ერთად წარმოთქმის დროს ჩნდება...

- წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში ზოგ ლოცვას ერთად ამბობს მრევლი, რადგანაც მიმაჩნია, რომ მრევლი და მოძღვარი ერთად უნდა ლოცულობდნენ. როდესაც მგალობელთა გუნდი გალობს, მედავითნე ლოცვებს კითხულობს, მოძღვარი კვერექსებს ამბობს, მრევლი უქმად დგას და ხშირად მოწყენილია ან ერთმანეთში საუბრობს. ასეთ დროს გამოთიშულნი არიან წირვა-ლოცვას. ბევრმა არც კი იცის ზეპირად "მამაო ჩვენო", "მრწამსი". როდესაც ყველა ერთად ვამბობთ "მამაო ჩვენოს", მთელი ტაძარი ლოცულობს. ეს არის საუფლო ლოცვა, რომლის ცოდნა სავალდებულოა. "მრწამსი" კი ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოა, აქედან ვიგებთ, რა უნდა გვწამდეს და როგორ უნდა გვწამდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შვიდგზის ლოცვები იმიტომ დააწესა, რომ ლოცვით გავერთიანდეთ. როცა ,,მამაო ჩვენოს", ,,მრწამსს", ,,ღირს არსს" ერთად ვამბობთ, მთელი ტაძარი ერთიანდება. თანაც მრევლი იზეპირებს ლოცვებს.

სიტყვა "კათოლიკე" ბერძნულია და ქართულად საყოველთაოს ნიშნავს, მაგრამ ეს ყველამ არ იცის. ამიტომ ლოცვის დროს მრევლთან ერთად ვამბობ "საყოველთაოს" და ამით არაფერი ირღვევა.

ნებისმიერი მლოცველი სანთლის ყიდვის დროს იქვე ლამაზად დაჭრილ ქაღალდსაც იღებს, რომელსაც სანთელზე ამაგრებს და იცავს იატაკს დაბინძურებისგან. ამიტომაც ირგვლივ საოცარი სისუფთავეა. ამის შესახებ ქალბატონმა ნანული სალაყაიამ მოგვითხრო, რომელიც ტაძრის ეკონომოსი გახლავთ და მესანთლეობასაც ითავსებს ხოლმე. ქალბატონი ნანული ძირითადად ფინანსების განაწილებაში ეხმარება მამა დავითს. აფხაზეთიდან დევნილი, ექვსი შვილის დედა ღვთის მადლით მოკრძალებულად ზრუნავს ტაძარზე.

ამ ტაძრის აღდგენის შემდეგ, მამა დავითი ბერად აღიკვეცა.

- რამ განაპირობა ის, რომ მამა კონსტანტინე მამა დავითი გახდა?

- ეს მეც არ ვიცი, რადგან არ მიფიქრია ბერობაზე. ბერობა ადვილი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობა შემერყა და გადავწყვიტე, წავსულიყავი აფხაზეთში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ეს იყო გასული წლის 15 მარტს. მოვახერხე იმ დიად ტაძარში ლოცვის ქართულ ენაზე ჩატარება, რაც ბევრისთვის მიუღებელი გახლავთ. შიშმა გამკრა გულში და თავისთავად გავიფიქრე, თუ აქედან მშვიდობით ჩავალ, ბერად აღვიკვეცები-მეთქი. როცა წამოვედი, ეს ჩანაფიქრი გზაშივე დამავიწყდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ პატრიარქთან მომიწია შეხვედრა და ვთხოვე, ბერად აღვეკვეცე. საოცარი რამ იყო. მან შემომხედა და მითხრა, რომ სამშაბათს სვეტიცხოველში აღმკვეცდნენ ბერად. ეს დაუვიწყარი შეგრძნება იყო.

KARIBCHEამ ტაძარს უზარმაზარი ტერიტორია აქვს და შესაძლებელია პატარა მონასტრის გაკეთება. ადრე აქ სემინარია და მონასტერი ყოფილა, ერთხანს სასოფლო ინსტიტუტიც ფუნქციონირებდა. ახლა ნელ-ნელა უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს, სემინარიაც გადმოდის და პატარა მონასტერიც მოუხდებოდა აქაურობას, რათა სრულიად აღდგეს წარსული სახე ამ მიდამოსი.

მამა დავითი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვარი გახლდათ. "ღვთის სიყვარულით გულანთებული, სამშობლოსთვის თავდადებული, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი", - ასე ახასიათებს სულიერ შვილს მოძღვარი.

მამა დავითთან დამშვიდობების შემდეგ ვეცადეთ, უფრო მეტი შეგვეტყო ამ ძველი და დიდებული ტაძრის ისტორიისა და მისი აღმშენებლის შესახებ. ამიტომაც მივმართეთ ქალბატონ ეთერ ხომიზურაშვილს.

ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ გასაბჭოებამდე მე-9 საავადმყოფოში სასულიერო ქალაქი იყო. საქართველოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ ეპიფანე ჯაოშვილს დაავალეს მიწების ყიდვა ახალი სასულიერო სემინარიის, ლაზარეთის, სამრეკლოსა და სალოცავის ასაშენებლად. ეპიფანე ჯაოშვილის შვილიშვილმა, ქალბატონმა ეთერ ხომიზურაშვილმა მოგვითხრო ღვაწლმოსილი პაპის შესახებ.

- ქალბატონო ეთერ, როგორ გაიხსენებთ თქვენი პაპის მოღვაწეობის პერიოდს და იმ რეპრესიების წლებს, უფლის შეწევნით, ასე გმირულად რომ უძლებდა დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი.

- პაპაჩემი, დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი, იყო ამ ტაძრის წინამძღვარი და სასულიერო სემინარიის პრორექტორი. დღევანდელი საავადმყოფოს ტერიტორიაზე 1902 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრ როგოისკის პროექტით. 1906 წლიდან სალოცავი უკვე მოქმედი იყო. აქ გახლდათ სემინარია. ამის დადასტურება შესაძლებელია დღემდე შემონახული საბუთებით, რომლებშიც ასახულია ყველა ოთახის განლაგება: სტუდენტების ოთახების, სასადილოსი თუ ბიბლიოთეკის. ეკონომი (პრორექტორი) ასწავლიდა საღვთო რჯულსაც. მისი თანამედროვეები გახლდნენ იპოლიტე ვართაგავა და ვასილ ბარნოვი, რომლებიც მასთან ერთად იღვწოდნენ მომავალი თაობის აღსაზრდელად. ცნობილია, რომ პაპამ უნიკალური ბიბლიოთეკაც დააარსა.

როცა რევოლუციური პერიოდი დაიწყო და არეულობამ იმატა, რუსეთის ტალღამ აქამდეც მოაღწია. სემინარიის სტუდენტებს არ უყვარდათ თავიანთი რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი. მშვიდობისმოყვარე ეპიფანე ჯაოშვილი ყოველთვის შუამავალი იყო სტუდენტებსა და რექტორს შორის. 1912 წელს პაპა ღვინის პირველ ქარხანასთან სემინარიის რექტორთან ერთად მოდიოდა ფაეტონით. შეიარაღებული სტუდენტები დახვდნენ ქუჩის ორივე მხარეს. ისინი თურმე არ ელოდნენ ეპიფანესაც და მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიღაცას დაუძახია, ეკონომი ზის შიგნითო. ამიტომ მკვლელი ახტა ეტლზე და ისე დაახალა ტყვია რექტორს. ეს იყო პაპაჩემისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულება. რუსი მოკვდა და ქართველი გადარჩა.

იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც ამ სემინარიაში სწავლობდა, ორჯერ გარიცხეს სემინარიიდან და პაპაჩემმა აღადგინა, თუმცა მესამედ ვეღარ შეძლო მისი დატოვება. გარიცხულ სტალინს ბებიაჩემისთვის დაუტოვებია კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ ფული იდო პატივისცემის ნიშნად.

ეპიფანე ჯაოშვილი ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს, თელავში, ფერისცვალების საკათედრო ტაძარში. იმ პერიოდში მრავლად იყო გაუქმებული ტაძარი, მაგრამ ეს ეკლესია მოქმედი გახლდათ. შარშან იქ მოღვაწე მონაზონმა მითხრა, ეს ტაძარი არც იარსებებდა, ეპიფანე რომ არ ყოფილიყოო. ღამით ურმით მიდიოდა ხოლმე და დანგრეული ტაძრებიდან მოჰქონდა ხატები, რომლებსაც საგანგებოდ შერჩეულ სამალავში ინახავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის საყვარელი მასწავლებელი იყო, ბოლშევიკები აწამებდნენ და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც. ჯერ მეტეხის ციხეში იყო, მერე - ნარიყალაში. მარტში ხის საპირფარეშოში ჩაკეტეს. მთელი თვე ფეხზე მდგომმა გაატარა. ბოლშევიკებს ეგონათ, თავისი ნებით გაიხდიდა ანაფორას, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. მისი ძმაც მღვდელი იყო, მაგრამ მან კომუნისტების შემოსვლისთანავე გაიხადა ანაფორა, ეპიფანე კი სარწმუნოებას შეეწირა.

"მაშვრალნი და ტვირთმძიმენი" - არის ასეთი პატარა ალბომი, რომელშიც მოხსენებულია ეპიფანე მაქსიმეს ძე ჯაოშვილი, რა თქმა უნდა, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით.

ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ დღესდღეობით, ოთხმოც წელს გადაშორებული, მაინც ამ დიდებულ ტაძარში დავდივარ. აქ არის ჩვენი ისტორია. ძველი სიკეთის გამო დღესაც ტრიალებს მადლი ჩვენს ოჯახებში.

როდესაც ქალბატონ ეთერთან საუბარი დავამთავრეთ, ლოცვას დავესწარით. ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ მამა ანდრიასგან (ჯაღმაიძე) ავიღეთ კურთხევა და მისი მოღვაწეობის შესახებაც შევიტყვეთ. მამა ანდრია ერთი წელია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს, მანამდე კი წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში აღავლენდა წირვა-ლოცვას.

- მამაო, თქვენ კითხულობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის "ბარძიმი შეუსმელის" ლოცვებს, რომელსაც საოცარი მადლი აქვს და კურნავს ლოთობითა და ნარკომანიით დაავადებულთ...


KARIBCHE- როდესაც ამ ლოცვებს ვკითხულობ, მიხარია, რადგანაც ვხედავ, როგორ დგება ადამიანი ფეხზე, როგორ ვეხმარები. ღვთის წყალობით გამოჯანმრთელებული ადამიანები მონასტერში მიდიან, ხან ერთი კვირით, ხან მეტით. იცვლიან გარემოს, რადგანაც ურთიერთობა აქვთ მორწმუნე ხალხთან, მოძღვრებთან. ლოთობითა და ნარკომანიით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პრობლემა გარემოს შეცვლაცაა, ამიტომაც ჩვენთან მუდმივად ტარდება პარაკლისები.

- ყველა ტაძარში მრევლი თავისებურებით გამოირჩევა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ტაძარის მრევლის შესახებ?

- მრევლი მუდმივად განიცდის სულიერ შიმშილს. ბოლო პერიოდში დავიწყეთ ლექციების კითხვა: შაბათს, წირვის დასრულების შემდეგ სახარებას ვარჩევთ ხოლმე. ისინიც კი, ვინც წლების მანძილზე დადის ტაძარში, ბევრ ახალს იგებენ. მრევლს მუდმივად სჭირდება ჩაღრმავება და სულიერი საკვები, ამიტომაც საჭიროა, კარგად იცოდნენ წმინდა წერილის შინაარსი, მისი ძირითადი ასპექტები... ამ ყოველივეს ცოდნა სავალდებულოა მრევლისთვის, რათა შეგნებულად იდგეს და შინაგანი განწყობით იყოს ჩართული ღვთისმსახურებაში.

ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ კელიები დავთვალიერეთ და ერთი მორჩილიც ვნახეთ, რომელიც გვესაუბრა ბერულ ცხოვრებასა და მორჩილებაზე.

- ამ შობის მარხვაში შევიმოსე მორჩილად მამა დავითის კურთხევით, მანამდე კაცხის მონასტერში ვიყავი მამა მაქსიმესთან ერთად, რომელიც მესვეტე ბერი გახლავთ. ცოლ-შვილი მყავს, თუმცა ღვთის ნებით მაინც გადავწყვიტე მორჩილება.

8 საათზე ვდგებით, ლოცვას ვკითხულობთ, მონასტრული ცხოვრებით ვცხოვრობთ. დღეში სახარების რამდენიმე თავს ვკითხულობთ. სატრაპეზოში მზარეულს ვეხმარები, ხან ღვთისმსახურებაშიც ვიღებ მონაწილეობას.

მონასტერში მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ სულ სხვა მადლი ტრიალებს, სხვანაირი სულიერი გახსნა ხდება, სიწყნარეა და სულ სხვა სამყაროში გადადიხარ. ბავშვებს სწორ გზაზე დავაყენებ და თუ ღვთის ნება იქნება, ბერობაზე ვიფიქრებ. მაგრამ ბერობა იოლი საქმე არ არის, ამისთვის უფალმა უნდა შეგამზადოს. ეკლესიაში რომ მოვედი, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მამას, დავით დობორჯგინიძეს, რომელიც პოეტი გახლდათ. მისი ლექსები აღსავსეა ღვთიური მარცვლით. ტაძარში შესვლისთანავე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ფრესკებიდან თუ ხატებიდან გამომზირალმა წმინდანთა იდუმალმა და მეტყველმა სახეებმა. მაშინ მივხვდი, რას ვეძებდი და ვიგრძენი, საითკენ უნდა წავსულიყავი. ხატწერასაც მოვკიდე ხელი, მინდა გამოფენა-გაყიდვის მოწყობაც. თავს უღირსად მივიჩნევ, მაგრამ რადგანაც უფალი ჩემგან მსახურებას ითხოვს, უნდა ვემსახურო.

უფლის წყალობით, მღვდელმონაზონ მამა დავითის ძალისხმევითა და მრევლის შემწეობით აღდგა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, რომელიც თბილისის მეცხრე საავადმყოფოში სხეულის განსაკურნებლად მისულ ადამიანს უდიდეს ნუგეშს აძლევს. აქ ნაპოვნი უფლისმიერი მამობრივი სიყვარული და მოწყალება მრავალს უხსნის გზას სულიერი ცხოვრებისკენ. ანდამატივით მიმზიდავ ღვთიურ სითბოს როგორც კი იგრძნობს ჩვენი გული, მაშინვე ლღვება და სამუდამოდ მიეჯაჭვება ზეციურ სამყაროს.

თამთა გოგიჩაშვილი
ბეჭდვა
1კ1