ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი უწოდეს
ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი უწოდეს
სოფელი მრავალძალი რაჭაში მდებარე ერთ-ერთი ულამაზესი და მაღალმთიანი სოფელია. ბუნების და მადლიანი ტაძრით გამორჩეული სოფელი, როგორც ჩანს, წინათ საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული იყო. ჟამთა სვლა სოფელსაც დაეტყო და დღეს მას მხოლოდ ერთი თუ ორი ოჯახი შემორჩა. ვისაც ამ მადლიანი სოფლის და დიდებული წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა-მონახულება სურს უნდა გაითვალისწინოს რომ გზა საკმაოდ დაზიანებულია და მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტითაა მისვლა შესაძლებელი...

მრავალძლამდე ჯერ სოფელი მუხლი, შემდეგ ქვემო და ზემო ბარი უნდა გავიაროთ. კარგა ხნის მანძილის შემდეგ თვალწინ გადაგვეშლება კანტიკუნტად ფერდობზე შეფენილი მიტოველული სახლები... წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც რამდენიმე წელია მიწისძვრის დანგრევის შედეგად განახლდა და აღდგა ღვთისმსახურება. წმინდა გიორგის ტაძარში რაჭის ეპარქიის სამღველოება ყოველ კვირას წირვა-ლოცვას აღავლეს. ერთ-ერთ კვირას ნიკორწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა თორნიკე გეგშიძის აღვლენილ წირვას თავადაც დავესწარი...

KARIBCHE

სოფელ მრავალძალიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით, ჭოლევის კლდის ბოლოს, ჭიქის ტბის ზევით, ახლაცაა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო ბერები აყრილან და სამონასტრო მოღვაწეობა დაუწყიათ კვინწიხის გორის კალთაზე, იქ, სადაც ახლა მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

მრავალძალის ეკლესიის აგებას ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირებენ. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახალაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში...

თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდარული წარწერებით, ულამაზესი ფრესკებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.

KARIBCHE KARIBCHE

XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძალის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის, ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.

ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ ეწოდა მას "მრავალძალი", გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული სტატია: "ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ ოსმალები შემოიჭრნენ. სოფელ მრავალძალთან ორ ვერსზე რომ მივიდნენ, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, მიადგნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთ ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც ამიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით 40-60 საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივიან; ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფრთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო, იფიქრეს. აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო. ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა დაიწყო ლოცვა. ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძალის არემარესაც მოეფინა სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს. მოშორებით საყდარი დაინახეს. ერთი დღე და ღამე მის გალავანში დაჰყვეს და შესთხოვეს: "წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს, დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთმოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.

KARIBCHE KARIBCHE

ამავე ლეგენდის თანახმად, შორიახლო უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით ხარ-ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ და ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმა ამ სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით მოაჭედვინეს, ეკლესიას შესწირეს და ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი უწოდეს. მერე სოფელსაც ეს სახელი დაერქვა. იმ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს, ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო".

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1