ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი
ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი
სამონასტრო კომპლექსი სოფლიდან მოშორებით, ლალვარის მთის ძირში მდებარეობს, აგებულია დაახლოებით XIII საუკუნის 60-იან წლებში. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნითაც სხვადასხვა ნაგებობათა კვალია. გალავნის შესასვლელთან მეორე ეკლესიის ნანგრევებიცაა. იგი დარბაზული ტიპის შენობა ყოფილა, საშუალო ზომის თანაბარი ლოდებით, ჰორიზონტალურ წყობაზე ნაგები. გვიან გადაკეთებული ეს ნანგრევი, 1956 წლამდე თივის შესანახად გამოიყენებოდა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, მცირე ეკლესია ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს. შირიმის ქვა, რომლითაც ის აუგიათ, ხევის აყოლებით, დაახლოებით ერთ კილომეტრზე მოიპოვება. ეზოში არსებული ნანგრევები მოწმობენ, რომ აქ იქნებოდა მონასტრის ბერთა სენაკები და სატრაპეზო, ასევე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი.

რაც შეეხება ჰუჯაბის ხუროთმოძღვრული ანსამბლის შემადგენელ მთავარ, ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძარს, მიეკუთვნება შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლთა იმ ჯგუფს, რომელსაც შეადგენს ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაყოლებით განლაგებული იკორთა, ქვათახევი, კოჯრის კაბენი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა.

KARIBCHE

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპისაა. დაგვირგვინებულია მაღალი, მოჩუქურთმებული გუმბათის ყელით. აღსანიშნავია, რომ სარკმელები და გუმბათის ყელი უხვად ყოფილა შემკული ქართული წნული ორნამენტით, ასევე წნული ჩუქურთმითაა შევსებული მოზრდილი ჯვარიც. შიგნიდან ეკლესი მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეისობით კედლები შიგნიდან შელესილია. მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ სადიაკვნეში გაფერმკრთალებული ფრაგმენტების სახით, საკურთხევლისგან გამყოფ კედელზე, აღმოსავლეთი სარკმლის ჭრილში, კამარის თაღში და სხვ;
კამარის ჩრდილო კალთასა და კედლის ზედა ნაწილზე განთავსებულ რეგისტრში ფრაგმენტულად შემორჩენილია "ნათლისღება". უკეთ განირჩევა კომპოზიციის ცენტრი – იორდანში მდგომი ქრისტე. "ნათლისღების" ეს გამოსახულება უნდა მიეკუთვნებოდეს XI – XII საუკუნების ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივ იკონოგრაფიულ ტიპს, რომლის საწყისი, როგორც ეკ. პრივალოვა მიუთითებს, სირიულ-კაპადოკიურ ტიპშია საძიებელი და რომლისთვისაც დამაახსიათებელია აქ შემორჩენილი "ნათლისღების" კომპოზიციაში არსებული დეტალები: ნახატის ქვედა ნაწილში განიერი და შუაში თაღისებურად შევიწროებული მდინარე, მისი ნაპირის ზიგზაგისებური მოხაზულობითა და მკვეთრი, მაგრამ მდოვრე ამაღლებით.

KARIBCHE

ჩამორეცხილ მოხატულობაზე, როგორც ნისლში, მოჩანს ვედრების პოზიციაში გამოსახული მამაკაცი. ყველაზე უკეთ განირჩევა აღმოსავლეთისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული სახე. მიუხედავად იმისა, რომ მოხატულობის დამთარიღებელი სხვა ნიშნები აღარ არსებობს, ეს ყოველივე მანიშნებელი უნდა იყოს იმისა, რომ ამ პორტრეტის შესრულება საგულისხმოა არა უგვიანეს XIII საუკუნის დასასრულისა. ამის დასტური იქნებ ისიც იყოს, რომ საერო პირის გამოსახულება მოთავსებულია არქიტექტურულად გამოყოფილ ადგილზე – სადიაკვნოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კედლის სწორკუთხა სვეტების წინა ზედაპირზე. XIII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ტაძრის დარბაზისკენ თავდაპირველად გახსნილი სადიაკვნოს ჩრდილო კედლის ეს ნაწილი კი დღის განმავლობაში ყველაზე დიდხანს იქნებოდა განათებული ჯერ სადიაკვნოს აღმოსავლეთი და შემდეგ განივი მკლავის სამხრეთ ბოლოში გაჭრილი წყვილი, მაღალი სარკმლებდან შემოსული სინათლით.

აქვე, მამაკაცის გამოსახულების მარჯვნივ, მისი მხარის გასწვრივ და ხელის მტევნის ზემოთ შეიმჩნევა რაღაც შენობა (ტაძრის მოდელი?) მუქი შეფერილობის საფეხუროვანი გადახურვით.

მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ჰუჯაბის მონასტრის მახლობლად მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარის, მღვდელმონაზონი ანდრიას (ორმოცაძე) და მისი ძმობის წევრების მიერ აღვლენილი ლოცვა ირგვლივ მეტ მადლს ჰფენს.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1