ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი
ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი
,,იყო დრო, როდესაც  აღნიშნული ტაძარი - ემბაზი იყო დასავლეთ საქართვლოს მოსახლეობისთვის"

გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის ლექტორი,  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე:

-მე-19 საუკუნის გამოჩენილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) მრავალმხრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი უჭირავს ახალი ეკლესიების მშენებლობას. 1881 წლის 10 მაისს ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილის უბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი.
შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო რუსეთის ეკლესიის გამოჩენილმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტადტელმა.

1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ.

1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან.

1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო.

შეგროვდა სხვადასხვა შემოწირული საეკლესიო ნივთები: ვინმე პლევაკოს შეწირული 7 ზარი, 2 ვერცხლის ხატი და სხვა. შეწირულობა გროვდებოდა ქუთაისშიც, მრევლის ზოგიერთმა წევრმა ტანსაცმელიც კი გაყიდა ეკლესიის დასახმარებლად.
1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე).

1923 წელს ეკლესია გაუქმებულ იქნა, შენობა გადააკეთეს კლუბად. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს.

1924 წელს მრევლმა დაიბრუნა ეკლესია, განახლდა ღვთისმსახურება, ვიდრე 30-იანი წლების ბოლომდე.

ანტირელიგიურ კამპანიას ქუთაისში მძიმე შედეგები მოჰყვა, დაინგრა ქუთაისის საკათედრო ტაძარი (1871-1924) სობორო. ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა პეტრე-პავლეს ტაძარი, თუმცა ეპარქიას ჩამოართვეს. ჟურნალის მკითხველისთვის საინტერესო იქნება, საუკუნის წინანდელ პრესაში (გაზეთი "მუშა და გლეხი") გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც აღწერილია, ეკლესიის ჩამორთმევის პროცესი. (ტექსტი უცველად მოგვყავს)

"პეტრე-პავლეს" ეკლესიის ჩამორთმევა (ქ.ქუთაისი)

ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ გრძელდება. ანტირელიგიური მიმდინარეობა ღებულობს მასიურ ხასიათს. განთავისუფლებული მშრომელი მასა მედგრად უტევს-დრო მოჭმულ ცრუ მორწმუნეობას და მათ მსახურთ-სამღვდელოებას. საკმარისი გახდა ერთი მძლავრი ბიძგი-რელიგიის წინააღმდეგ. სიბნელის და მონობის გამავრცელებელი ტაძარი იმსხვრევა და მის ნანგრევებზე შენდება ტაძარი მეცნიერებისა.

ანტირელიგიური დემონსტრაცია იერიშით იკავებს ეკლესიებს-ამსხვრევს ჯვრებს და მის მაგიერ აფრიალებს წითელ დროშებს-სიმბოლოს გამარჯვებისა.

ქუთაისში ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ჩქარი და ნაყოფიერი ტემპით.

კვირას 22 აპრილს "პეტრე-პავლეს" ეკლესიის გარშემო თავი მოიყარა ზღვა დროშებით წითელმა ქართულმა ჯარმა, კომკავშირი, კომ. პარტიის და პროფესიონალურ ორგანიზაციების წევრებმა, ქალთა განყოფილებამ და აუარება ხალხმა. დემოსტრაცია აღგზნებული იყო სიხარულით.
მიტინგი გახსნა პირველი ლეგიონის სამხკომმა ამხ. კ. კალანდაძემ შესაფერისი სიტყვით. პროფკავშირების სახელით სიტყვა წარმოსთქვა ამხ. ი. კობახიძემ, რომელმაც თავის ვრცელ სიტყვაში აღნიშნა რელიგიის და მათი მსახურნის - მღვდელების მოღალატური როლი კაცობრიობის განვითარებაში. ორატორის სიტყვა იწვევს ხანგრძლივ ტაშს, მუსიკა ასრულებს ინტერნაციონალურ ჰიმნს.
შემდეგ სიტყვა წარმოსთქვეს: კომკავშირის წარმომადგენელმა ამხ. ა. კეკელიამ, ამხ. გ. დევდარიანმა, წითელი ჯვრის სახელით ამხ. კ. ჭკუასელმა. ორატორებს მიტინგი აჯილდოვებს ხანგრძლივი ტაშის ცემით და ვაშას ძახილით. საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა ყოფილმა მღვდელმა ვ. ჩაგანავამ. მისმა გამოსვლამ გამოიწვია დიდი აღფრთოვანება და სიხარული. მან თავისი სიტყვაში სხვათაშორის აღნიშნა, რომ სამღვდელოება და საერთოდ რელიგიას ქონდა და აქვს ბურჟუაზიული ხასიათი. სამღვდელოება რუსეთის პროლეტარულ რევოლუციის მსვლელობაში აშკარად ეხმარებოდა კონტრ-რევოლიუციას და სხვა. (მქუხარე ტაში).
მიტინგმა ყოფილი "პეტრე-პავლეს" ეკლესია ჩააბარა ქართულ წითელ ჯარს და დაავალა მისი გამოყენება კულტურული საქმიანობისთვის.
მიტინგის დახურვის შემდეგ გადაღებულ იქნა სურათი.

დამსწრე


ტაძარი დაუკეტეს! აღდგომას მოძღვარი დაკეტილი ტაძრის წინ, სრულიად მარტო გალობდა...

2015 წელს ჩავიწერე მოგონებები, რომელიც ეკუთვნის პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლს, ქალბატონ ზაირა მურადოვას, ვთხოვე, მოეთხრო ჩემთვის, რაც ახსოვდა აღნიშნული ეკლესიის ახლო წარსულიდან. ის იხსენებს: "ვცხოვრობ აღნიშნული ტაძრის წინ, 76 წლის ვარ, ბევრი მაქვს მოსაგონარი, რადგან აქ დავიბადე და დავბერდი კიდეც. მახსოვს, დაახლოებით 5 ან 7 წლის ვიქნებოდი, ტაძარი დაკეტილი იყო, ის არასოდეს მინახავს გაღებული. მოდიოდა ვიღაც სხვაგვარად ჩაცმული კაცი და რაღაცას ამბობდა, მაშინ არაფერი მესმოდა რწმენის, ლოცვის, ჩემი ფიქრით ეს იყო ალბათ აღდგომის დღე, რადგან აკრძალული იყო ყოველგვარი ღვთისმსახურება. დაკეტილი ტაძრის წინ, სრულიად მარტო მღეროდა, იმ დროს ასე მეგონა, ალბათ გალობდა. ჩვენ, ქუჩის ბავშვები უსმენდით, მაგრამ არ ვიცოდით რას აკეთებდა, არც ის ვიცოდით ვინ იყო ის. როცა გავიზარდე, ჩემმა ბებიამ მითხრა, რომ ის იყო მოძღვარი ფოფხაძე (ეს გახლადათ დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე - ი.ლ.) რომელსაც დაუკეტეს ეკლესია და გარეთ გამოუშვესო.

***
პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები:
ეფრემ სიდამონიძე (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), გაბრიელ ჩაჩანიძე, ნაუმი შავიანიძე, რომანოზ პეტრიაშვილი, შიო ავალიშვილი, ნიკოლოზ მახარაძე, კალისტრატე მარგალიტაშვილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისის არქიელის გორაზე მდებარე (ზედა) წმინდა გიორგის ტაძრის მაგივრად, ქუთაისის საკათედრო ტაძრად გამოცხადდა პეტრე-პავლეს ეკლესია და მის წინამძღვრად დაინიშნა მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე).

1947 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საგანგებო წერილი გაუგზავნა მეუფე ეფრემს - "ვიღებ რა მხედველობაში ქუთაისის ეკლესიების ადგილმდებარეობას და აგრეთვე კრებულის რაოდენობის მოუწესრიგებლობას, აუცილებლად ვთვლი შემდეგს: 1. პეტრე-პავლეს ეკლესია, როგორც ცენტრალურს ვაცხადებ საკათედროდ. 2. მის წინამძღვრად დაინიშნოს მიტროპოლიტი ეფრემი. 3. კათედრის დეკანოზად ვნიშნავ დეკანოზ ამბროსი ფოფხაძეს. 4. მღვდელ თეოდორე გველესიანს ვნიშნავ მესამე მღვდლად და ვავალებ მას პროტოდიაკონის მოვალეობის აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში..."

უწმინდეს კალისტრატეს საპასუხო წერილი გაუგზავნა მიტროპოლიტმა ეფრემმაც, მისი თქმით, წმინდა გიორგის ეკლესიიდან კათედრის გადატანას პეტრე-პავლეს ეკლესიის მრევლი აღტაცებით შეხვდა. მეუფე ეფრემი პეტრე-პავლეს ეკლესიაში მსახურებას შეუდგა 1948 წლის პირველი იანვრიდან. მას დახვდა პეტრე-პავლეს ეკლესიის ვალი 5 498 მანეთი.

მეუფე ეფრემი, როგორი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ეს კარგად ჩანს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაუმის წერილიდან: "ბევრმა იცის, რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით ის ცოცხალი დარჩა.."

მღვდელმთავარი ზრუნავდა ეკლესიის გამშვენებისათვის, 1945 წელს მეუფე ეფრემმა ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარს შესწირა:
1. ვერცხლის ბარძიმი - რომელზედაც გამოსახულია: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაცხოვარი, ნათლისმცემელი, ჯვარცმა, და სადგამ ფეხზე მახარებელები, იკითხება წარწერა: მოიხსენე ღმერთო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი და ჭყონდიდელი 1945 წ. დეკემბრი 25.
2. ვერცხლის შანდლები (წმინდა ტრაპეზისთვის).
3. სამღვდელმთავრო ხელბანის ჭურჭელი - რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გენათელი 1945 წ. - ხელბანის დოქზე იკითხება: მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი 1945 წ.
4.ვერცხლის ლანგარი - (ინახება ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში) რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის საკათედრო ტაძრისათვის მოიხსენე ღმერთო მიტროპოლიტი ეფრემი 1949 წ.
5. სამღვდელმთავრო კონდაკი - რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის საკათედრო ტაძრისაა 1947. XII.4. მიტრ. ეფრემი (კონდაკს ახლაც იყენებს ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე კალისტრატე).
6. წმინდა ტრაპეზის ხელის ვერცხლის ჯვარი - რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა: ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრისათვის. მოიხსენე უფალო ეფრემი მიტროპოლიტი ქუთათელ-გენათელი და ჭყონდიდელი (ჯვარი ინახება პეტრე-პავლეს ეკლესიაში).

მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წლებში განაგებდა ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მეუფე ნაუმი (შავიანიძე) წერს: "ქუთაისში პეტრე-პავლეს ტაძარში კარგა ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა (არ იფიქროთ, რომ ეს ხდებოდეს გარეშე ვისმესაგან). საქმის გასაშუქებლად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი საბუთი მოიპოვება. ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს (ჩაჩანიძე) მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ, საკურთხეველში რომ არ მოესწრო შესვლა. მე კი რამდენი შეწუხება მომაყენეს. არ მქონია საშუალება, რომ დამშვიდობებულად შემესრულებინოს წირვა და ლოცვა და, ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როცა მღვდელმთავრი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან მას ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს?.."

ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიასთანაა დაკავშირებული მამა გაბრიელის (ურგებაძე) ამჟამად აწ კანონიზირებული წმიდანი, გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სასულიერო ცხოვრების გზის პირველი ნაბიჯები. მეუფე გაბრიელმა (ჩაჩანიძე) 1955 წ. პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის ტრაპეზის მომვლელად და მეთვალყურედ დაინიშნა.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა შემდეგი შინაარსის წერილით მიმართა პატრიარქ მელქისედეკს (ფხალაძე) "მის უწმიდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მელქისედეკს - სიმდაბლით მოვახსენებთ თქვენს უწმიდესობას, რომ ა/წლის თებერვლის 27 რიცხვს ხელდასხმულ იქმნა ჩვენს მიერ მღვდელ-მონაზონად იეროდიაკონი გაბრიელი (გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) – 26 წლის, რომელიც დანიშნულია ქუთაისის წმ. მოციქულთა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლად." გაბრიელი, ეპისკოპოსი ქუთათელ-გაენათელი

მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წლებში გახლდათ აღნიშნული ეპარქიის მღვდელმთავარი, ცხოვრობდა პეტრე-პავლეს ეკლესიასთან ახლოს.

მეუფე ნაუმის შემდეგ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი, რომელიც მოგონებებში წერს:"..1971წ. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მმართველად ქუთაის-გაენათის ეპარქიისა. ჩავიბარე 5 ეკლესია. პეტრე-პავლეს ტაძარს შევწირე 5 კომპლექტი მღვდლის შესამოსელი, ტრაპეზის, სამკვეთლოსი, კრეტსაბმელი.

1974 წ. პატრიარქის დავით მეხუთის ბრძანებით მე, განთავისუფლებული ვიყავი ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან. 12.XI გავემგზავრე ქუთაისში გადასაბარებლად. პეტრე-პავლეს ტაძრის აღმასკომის თავჯდომარეს ქალბატონ მარიამ ნიჟარაძეს ჩავაბარე ეპარქიული სახლი. 13.XI. პეტრე-პავლეს დეკანოზ-კანდელაკს ინიდისი ნუცუბიძეს ჩავაბარე ეპარქიის საქმეები, შტამპი და ბეჭედი).

მეუფე რომანოზის ეპარქიიდან გადაყვანის შემდეგ დაადგინეს მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) 1978-1981წწ., შემდეგ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე 1981-1982 წწ. რომლის დროს ტაძრის საკურთხეველში ხის ტრაპეზი შეიცვალა ლითონით.
1983 წლიდან 2012 წლამდე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, მეუფის დროს არაერთხელ გამშვენდა ტაძარი (2012 წლიდან აღდგა ქუთაისის საკათედრო (ბაგრატის) ტაძარი და სამღვდელმთავრო მსახურება იქ სრულდება) მიტროპოლიტი ნაუმ შავიანიძის შესახებ გამოცემულ წიგნში, მეუფე კალისტრატე მოგვითხრობს: "პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში სარკით გაწყობილი ჯვარია და ის თურმე ირეკლავდა ტაძარში მდგომთ. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ იმ ავბედობის ჟამს მღვდელს სცოდნოდა, რა ელოდა მას წირვა-ლოცვის დამთავრების შემდეგ. ამ ჯვარს თურმე არაერთხელ გადაურჩენია ღვთისმსახურნი."

პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში და მის გალავანში არაერთმა ღირსეულმა სასულიერო და საერო პირმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

1935 წლის 19 მარტს ქუთაისში გარდაიცვალა მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), მისი ცხედარი 23 მარტს ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ კარიბჭესთან დაკრძალეს.

1969 წლის 3 მარტს გარდაიცვალა მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), რომელიც დაკრძალეს აღნიშნულ ტაძარში ამბიონის წინ. ეკლესიის გალავანში დაკრძალულია დეკანოზები: რევაზ მოსეშვილი (სამი ათეული წელი იმსახურა აღნიშნულ ტაძარში) და ილია კიკვაძე;

სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში, საქართველოში მოქმედი ეკლესია-მონასტრების რაოდენობა მცირე იყო. ამ დროს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი გახლდათ - ემბაზი დასავლეთ საქართვლოს მოსახლეობისთვის, რადგან, აქ ჩამოდიოდნენ მოსანათლად (ნათლისღებისთვის), ჯვარის დასაწერად (ქორწინებისათვის) და სხვა საეკლესიო წესების შესრულებისათვის, სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან.
114 წლის წინ ნაკურთხი ტაძარი, დღესაც ამშვენებს ქუთაისს მისი განსხვავებული არქიტექტურითა და სიდიადით, მნახველთა ინტერესს იწვევს...

KARIBCHE
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პეტრე-პავლეს ეკლესიის ამბიონზე

ბეჭდვა
1კ1