საქართველოს დიდება
საქართველოს დიდება
სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და კვლავაც იქნება ლამპარი ჩვენი სარწმუნოებისა
1000 წელი გავიდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აშენებიდან. დრო გადის, საუკუნეები საუკუნეებს მისდევს, სვეტიცხოველი კი კვლავ დგას ქართულ მიწაზე, როგორც უტყვი მოწმე საქართველოს დიდებისა. "სვეტიცხოვლის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნე რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით" (კონსტანტინე გამსახურდია). სვეტიცხოველი ქართველი ერისათვის არის დედა ტაძარი, რომლის ცხოველმყოფელმა სვეტმა ერთმანეთს შეუერთა ზეცა და მიწა. ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა. სწორედ სვეტიცხოვლიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. სვეტიცხოვლის ტაძარი საუკუნეთა მანძილზე საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. მეფე მირიანის დროს ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვა: "საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღმრთოო".

სვეტიცხოვლის დღევანდელი ტაძარი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ყველა საუკუნე თავის კვალს აღბეჭდავდა მასზე. არაერთხელ შემუსვრილა სვეტიცხოვლის ტაძარი მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიისა და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით, ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოდ წარმოჩნდება. იგი - ცალკე სამყაროა ათასი საოცრებით, იდუმალებით, ფერთა თამაშით; სიწმინდე და მატიანეა საქართველოს ქრისტიანობისა, მეხსიერება ქართველი ერისა.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი სვეტიცხოვლის აშენების ისტორიას. გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- "მრავალი ღირსშესანიშნავი სიწმინდეა საქართველოში, მაგრამ სვეტიცხოველს ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი, ცხოველმყოფელი ძალა აქვს. ეს იმიტომ, რომ სვეტიცხოველთან ერთად IV საუკუნეში იშვა ქართველი ხალხის ახალი ქრისტიანული ცხოვრება", - წერდა დიდი მეცნიერი ალექსანდრე ცაგარელი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ დიდებული ტაძრის აშენების ისტორია.

- როგორც ცნობილია, მე-4 ს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია აიგო სწორედ ამ ადგილას, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, "წმინდა ჭალაში", ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგადაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა. როგორც "ქართლის ცხოვრება" და "მოქცევაი ქართლისაი" გადმოგვცემს, მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი დასწრებიან ქრისტეს წამებას იერუსალიმში და მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში. აქ ელიოზს დახვედრია მისი და - სიდონია, რომელსაც გულში ჩაუკრავს ეს ძვირფასი სიწმინდე და მღელვარებისაგან იქვე განუტევებია სული. სიდონია დაუსაფლავებიათ ქრისტეს კვართით ხელში სამეფო ბაღში. მოგვიანებით მის საფლავზე ამოსულა ლიბანის კედარი. IV ს-ში, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მირიან მეფის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, რათა სიდონიას საფლავზე აეგოთ ქრისტიანული ეკლესია. მოჭრილი ხისაგან დაუმზადებიათ "შვიდნი სვეტნი ეკლესიისანი". ერთ-ერთი მათგანი სასწაულმოქმედი აღმოჩნდა: იგი ჰაერში აიჭრა და მხოლოდ მას შემდეგ "დაემყარა და მტკიცედ შეეძერწა" თავის კვარცხლბეკს, წმინდა ნინომ მთელი ღამე ლოცვაში რომ გაატარა. ამ სვეტიდან მირონი დიოდა, და ყველანი, ვინც კი აქ მოვიდოდა, "სენთაგან შეპყრობილნი, მსწრაფლ განკურნებულნი წარვიდოდეს სახიდ თვისადო". სწორედ ეს იყო "სვეტიცხოველი" - სვეტი, სიცოცხლის მომნიჭებელი და ტაძარსაც მისი სახელი ეწოდა.

- შემდეგ რა მოხდა, რატომ და როგორ შეიცვალა ძველი ტაძრის იერსახე?

- V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა - ე. ი. გახდა ავტოკეფალიური (მანამდე იგი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა). ამ დროიდან მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად, კათედრით სვეტიცხოველში. ქალაქი ამ დროს წარმოადგენდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანობის ცენტრს. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც ვახტანგ გორგასლის ბრძანებით V ს-ის ბოლოს მის ადგილზე ააგეს დიდი ზომის ქვის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომლის ზომებიც ბევრად აღემატებოდა იმხანად ცნობილ ეკლესიებს: წილკნის, ბოლნისის, ხაშმის და სხვა. ვახტანგისეული ნაგებობიდან დღემდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, რადგან დროთა განმავლობაში ძალზე დაზიანებულა.

- XI ს-ის დამდეგისათვის კი ისევ საჭირო გახდა მისი გადაკეთება. ვინ ითავა ეს საქმე და რამდენ ხანს გაგრძელდა ახალი ტაძრის მშენებლობა?

- გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-გადაკეთებას ხელი მოჰკიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ I-მა. მისი ბრძანებით, XI ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეთა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად. სწორედ არსუკისძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული, გარკვეული ცვლილებებით.

XI ს-ში სვეტიცხოვლის მშენებლობა დაიწყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (1001-1014 წ.წ.) დროს. ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა მეფე გიორგი I-ის (1014-1027 წ.წ.) მეფობის პერიოდში, ხოლო დასრულებული სახე ტაძარმა მიიღო ბაგრატ IV-ის (1027-1072 წ.წ.) მეფობის ხანაში. სხვადასხვა მონაცემების შეჯერების შედეგად დაზუსტდა, რომ სვეტიცხოველი შენდებოდა 19 წლის განმავლობაში (1010-1029 წ.წ.).

- როგორც ცნობილია, სვეტიცხოველს კიდევ ბევრჯერ შეეხო ისტორიის მსახვრალი ხელი. იგი არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ძალისხმევით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით....

- სვეტიცხოვლის ტაძარს 13 საუკუნის მანძილზე ანადგურებდნენ მტრები: აბულ-ყასიმი, ალფ-არსლანი, თემურ-ლენგი, შაჰ-თამაზი, შაჰ-აბაზი და სხვები. ამიტომაც მრავალჯერ გადაკეთდა იგი და მისი პირველსახე რამდენადმე შეიცვალა. ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულმა ისტორიამ ყველაზე მძიმე დაღი ტაძრის გუმბათს დაასვა: XIII ს-ის დასასრულს (1283 წ.) საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩამოიქცა. იგი შეაკეთა გიორგი ბრწყინვალემ XIV ს-ის პირველ ნახევარში. გუმბათი მეორედ ჩამოაქციეს თემურ-ლენგის მეომრებმა XIV ს-ის ბოლოს.

ცნობილია, რომ ამ შუააზიელმა დამპყრობელმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მას აუოხრებია სვეტიცხოველი. "შეჰკადრა და ბილწითა ხელით ხელჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტიცხოვლისა შინაგან და გარეთ" - გადმოგვცემს მემატიანე. ზოგიერთი ცნობით, ეს თავდასხმა მომხდარა 1387 წელს, მე-2 შემოსევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველს სხვა დროსაც განუცდია არაერთი ამაოხრებელი თავდასხმა, თემურ-ლენგის მიერ სვეტიცხოვლის აოხრება ყველაზე გამანადგურებლად ითვლება. მისმა ურდოებმა არა მარტო მოანგრიეს ტაძრის გალავანი, გაძარცვეს ოქროთი მოპირკეთებული ემბაზი, სამალავებში დაცული განძეულობა და ბიბლიოთეკა, არამედ გადაწყვიტეს თვით ტაძრის დანგრევაც. ამ მიზნით, თემურ-ლენგის ბრძანებით მოანგრიეს სვეტიცხოვლის ბურჯები, მაგრამ ტაძარი არ დანგრეულა, მხოლოდ გუმბათი ჩამოიქცა.

რაც შეეხება ტაძრის გალავანს, იგი XVIII ს-ში, ერეკლე II-ის ბრძანებით აღუდგენიათ. აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველს ადრეც, XI ს-შივე ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია თანამედროვე გალავნის ჩრდილოეთის კედელში.

ამაზე მიუთითებს XI ს-ის კარიბჭე, რომელიც დღემდე შემორჩა, მაგრამ გალავანი დროთა განმავლობაში დანგრეულა. ერეკლე II-ის დროს კი გალავნის შემოვლება აუცილებელი გამხდარა, რადგან მცხეთის ირგვლივ მდგარი ციხეები მტერთა ურიცხვი შემოსევის შედეგად დანგრეულა. ამ დროს მეტად გახშირებული ყოფილა ლეკთა თარეში და მოსახლეობის თავშესაფრად ასეთი გალავნები - დამცველი ნაგებობებით, კოშკებითა და სათოფურებით დიდ როლს ასრულებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.

- გავიხსენოთ ის ადამიანები, რომელთაც ამაგი დასდეს ამ დიდებული ტაძრის აღდგენის საქმეს.

- ალექსანდრე პირველმა აღადგინა თემურ-ლენგის მიერ დანგრეული ბურჯები.

სვეტიცხოვლისადმი დიდი ზრუნვა გამოიჩინა ქართლის მაჰმადიანმა მეფემ როსტომმა (მეფობდა 1632-1638 წლებში). როგორც ჩანს, ამაში დიდი იყო მისი მეუღლის, ჭეშმარიტი ქრისტიანობითა და მაღალი გონებით გამორჩეული ქალის - მარიამ დადიანის დამსახურება. მათ საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარებიათ დაზიანებული ტაძრისათვის, შეუკეთებიათ გუმბათი, მიუკუთვნებიათ მრავალი გლეხი. აღსანიშნავია, რომ სოფლებიდან შემოსავალი გროვდებოდა როგორც ფულით, ასევე ნატურით (პური, ღვინო, სანთელი, ქსოვილები და ა.შ.).

XVII საუკუნის ბოლოს მთელ საქართველოში სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა გლეხთა 1025 ოჯახი და 237 სოფელი.

მე-17 საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის დასაწყისში კათოლიკოს ნიკოლოზს (ამილახვარს), რომელმაც ტაძარი შეაკეთა და აღადგინა, "სვეტისადმი" განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენია. სვეტიცხოველს თავიდანვე დაებედა უხვი შეწირულობები. ჯერ კიდევ IV საუკუნეში მირიან მეფემ ტაძრის ასაგებად დათმო თავისი სამეფო ბაღი, ხოლო კახეთის მფლობელმა სუჯიმ წმინდა ნინოსაგან ქრისტიანობის მიღების შემდეგ სვეტიცხოველს შესწირა სოფელი ბოდბე. საქართველოს გაქრისტიანების პირველივე საუკუნეებიდან სვეტიცხოველი, როგორც წმინდათაწმინდა ტაძარი, ხელისუფალთა განსაკუთრებული მზრუნველობის საგნად იყო ქცეული. 1029 წლით დათარიღებულ სიგელში მელქისედეკ კათოლიკოსი თავის ღვაწლს აღწერს: "შევჭედე სვეტი ცხოველი ოქროთი და ვერცხლითაო".

სხვადასხვა დროს სვეტიცხოვლის აღდენა-განახლების საქმეში მონაწილეობდნენ:

1. ნიკოლოზ მაღალაძე, რომელსაც 1674 წელს შეუკეთებია ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი.

2. ნიკოლოზ იოთამის ძე ამილახორი (XVII ს-ში), საქართველოს ეკლესიის მეთაური. ამაზე მიუთითებენ შემდეგი წარწერები: "ჩვენ ქართლისა კათალიკოსმან ამილახორის იოთამის ძემა ბატონმა ნიკოლოზ განგიახლე მეორედ კედელი ესე... სვეტიცხოვლისა"... საუბარია სამხრეთ კედელზე.

3. ანტონ I და ერეკლე II (XVIII ს-ში). ამას გვამცნობს გალავნის სამხრეთ ნაწილში მოთავსებული წარწერა: "ბრძანებითა მისისა უმაღლესისა ირაკლი II-ისა, ქართლისა და კახეთის მეფისათა, შემოვლებულ იქმნა და განახლებულ ზღუდე წმიდისა ამის ეკლესიისა, მცხეთისა სიმაგრეებითურთ თვისით და აგრეთვე ეკლესია შინით და გარეთ განახლებულთა კარის ბჭე ეკლსიის ახლად დაწერილი და დახატული, მამადმთავრობის მისისა ანტონი, მეფის ძისა, მუშაკთა ზედა (თავს) მდგომელობითა წმიდისა ეკლესიისა". იქვეა თარიღი - 1787 წლის 22 ივლისი.

4. სვეტიცხოველში მდებარე პატრიარქის კათედრა ასევე XVII ს-ში განუახლებია პატრიარქ დიასამიძეს. წარწერა გვამცნობს: "სვეტი ღვთივ ამაღლებული, მეოხ ეყავ დიასამიძეს კათალიკოზ იოანეს, რომელმაც განვაახლე ხარისხი ესე".

5. XIX ს-ში სვეტიცხოველს სამჯერ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, მაგრამ სამჯერვე უხარისხოდ. ამის მიზეზი იყო უსახსრობა და ის უსულგულო დამოკიდებულება, რომელსაც იჩენდნენ იმდროინდელი ეგზარქოსები ამ საქმისადმი. XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში თვითონ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო სახსრების შეგროვება ტაძრის შესაკეთებლად და გარკვებული სამუშაოები ჩატარდა კიდეც. მაგრამ სვეტიცხოველი კვლავ სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა: ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი აყრილი იყო.

- უკანასკნელად როდის ჩაუტარდა ტაძარს რესტავრაცია?

- XX ს-ის 60-იან წლებში სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარდა საფუძვლიანი რესტავრაცია. აღადგინეს ტაძრის ეზოში შემოსასვლელი ცენტრალური კარიბჭე. ე.წ. მელქისედეკის ჭიშკარი. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს მელქისედეკის სასახლის ნაშთები, შეაკეთეს ტაძრის დაზიანებული ნაწილები. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებთან წარმოაჩინეს მონგრეული მინაშენების ნაშთები, გამოცვალეს ტაძრის იატაკი და მეფეთა საფლავების ფილები (1970 წ.), კედლები გასუფთავდა XIX ს-ის შეთეთრებისაგან, იპოვეს IV და V ს.ს-ის ეკლესიათა ნაშთები, გამოაჩინეს XI ს-ის ნატიფი ბურჯები და თაღები, რომლებიც გაუხეშდა XV ს-ის რესტავრაციის დროს, კაპიტალურად შეკეთდა სახურავიც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ საუკუნეში სვეტიცხოველში არაერთი არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა. 2000-2001 წლების განმავლობაში სვეტიცხოვლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური პერიოდის აკლდამა (III-IV), სადაც არქეოლოგებმა ნახეს ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, მინისა და სხვა მინერალებისგან დამზადებული ნივთები. მათ შორის, საყურადღებოა ვერცხლის საწერი ხელსაწყო, რომლის მსგავსი საქართველოში მანამდე არ ყოფილა აღმოჩენილი. სვეტიცხოველში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, ასე რომ სვეტიცხოველი კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

- ტაძარში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ იშლება გრანდიოზული სივრცე: მძლავრი თაღები მზერას აღმოსავლეთისაკენ, საკურთხევლისაკენ წარმართავენ. სინათლეც თანდათან მატულობს ცენტრისკენ. გუმბათის ყელის ფანჯრებიდან უხვად იღვრება მზის სხივები. გთხოვთ, გვესაუბროთ ტაძრის შიგნით არსებულ უდიდესი სიწმინდის დამტევ ნაგებობებზე.

- შესასვლელშივე, მარჯვნივ დგას ქვის სანათლავი ემბაზი. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ქართლის მოქცევის დროინდელი - ე.ი. IV ს-ისა უნდა იყოს. ემბაზი იმ პერიოდში ეკლესიის ეზოში უნდა მდგარიყო. ინტერიერში მოხვდა მხოლოდ XI ს-ში - ტაძრის გაფართოების შემდეგ.

საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის დიდი მნიშნველობის გამო სწორედ ამ ემბაზში ინათლებოდნენ ქართველი უფლისწულები. გადმოცემის მიხედვით, ამ ემბაზში მოინათლა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და მისი მეუღლე ნანა, ემბაზი ადრე მოოქრული ყოფილა.

შესასვლელიდან მარჯვნივ სამხრეთის კედელზე არის მიშენებული ქვის პატარა სამლოცველო, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ჩაუდგამთ. ეს პატარა ეკლესია წარმოადგენს იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით IV ს-ში აშენებული ეკლესიის არაზუსტ ასლს. ეს პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა. იგი აუგიათ იმ ადგილობრივ მორწმუნეთათვის, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება იერუსალიმში ენახათ ქრისტეს წამების ადგილი. ეკლესია სვეტიცხოველში ააგეს იმიტომ, რომ ქალაქ მცხეთას ეძახდნენ "მეორე იერუსალიმს". ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან იერუსალიმსა და მცხეთას. საქართველოს ეკლესიისთვის მცხეთის ჯვარი მაცხოვრის ანუ იერუსალიმის ჯვრად მოიაზრება, ხოლო გოლგოთის მთა, რომელზეც მაცხოვრის ჯვარი აღიმართა, იერუსალიმის გოლგოთის იგივეობრივად წარმოჩნდება.

ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. ეს ნაგებობა XVII ს-ისაა. მასზე ასომთავარული წარწერაა: "ქრისტე ღმერთო, შენისა დიდებისათვის ბრძანებითა ნიკოლოზ კათალიკოზისათა მოვხატე მე, ფრიად ცოდვილმან გულჯავრიშვილმან გრიგოლ სვეტი ესე. ვინც შენდობა ბრძანოთ, თქვენც მოგეტევნოთ ცოდვანი". მოხსენიებული კათალიკოსი ნიკოლოზ დიასამიძე XVII ს-ში მოღვაწეობდა. მოხატულობა წარმოადგენს სცენებს ბიბლიიდან და ქართლის გაქრისტიანებიდან. სვეტიცხოველში დაფლულია წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი. აქვეა მის სახელზე ნაკურთხი ეკლესიაც, სადაც ეს ხალენი ინახება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სვეტიცხოველს გააჩნია სამალავები ტაძრის ზედა ნაწილში. იქ, საჭიროების შემთხვევაში, თავს აფარებდნენ, მალავდნენ ტაძრის განძეულობას და მდიდარ ბიბლიოთეკას. დაბლიდან მოჩანს სამალავებში ერთ-ერთი საიდუმლო შესასვლელი, სადაც საფრთხის შემთხვევაში თოკის კიბით ადიოდნენ, რის შემდეგაც ხატით ფარავდნენ ღრმულს. აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის მარცხენა მხარეს სამალავებში არის სხვა შესასვლელი - საიდუმლო ქვის კიბეებით, რომლებსაც გუმბათზე ავყავართ.

ტაძრის შუაგულში დგას ასევე პატრიარქის საბრძანისი.

- ტაძრის ეზოში არსებულ ნაგებობებზე რას გვეტყვით?

- ტაძრის ეზოში იდგა მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე, რომელიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. XVII საუკუნეში მესამედ დანგრეული სასახლე და მინაშენი სვეტიცხოვლის ტაძართან ერთად შეუკეთებიათ როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს. შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ანტონ (მეორე) კათალიკოსის სასახლე, რომელიც წარმოადგენს ქვითკირის ორსართულიან ნაგებობას. იგი აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. სასახლეს გადაკეთებული და შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე. აღსანიშნავია აგრეთვე 1029 წლით დათარიღებული კარიბჭე, რომელიც არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. იგი კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით აიგო ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. კარიბჭე ორსართულიანია, პირველ სართულზე მოთავსებულია ოთახები, მეორე სართულზე კი - დარბაზი.

- დაბოლოს, მოახლოვდა სვეტიცხოვლობა - უდიდესი დღესასწაული მთელი საქრისტიანოსთვის და განსაკუთრებით ქართველი ერისათვის. რას უსურვებთ ქართველ ხალხს ამ დღესასწაულზე?

- მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი ყოველთვის იყო, არის და კვლავაც იქნება ლამპარი ჩვენი სარწმუნოებისა. "არ არის საქართველოში სიწმინდე, რომელიც გაუტოლდება სვეტიცხოველს სიძველით, სიდიადით, ისტორიული მოგონებებითა და ღვთიური განგებულებით", - წერდა ანტონ ნატროშვილი. ღვთის განგებით ჩამობრძანდა ჩვენს ქვეყანაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც უფლის კვართის ჩამობრძანების წინამორბედად იქცა. რამდენი მადლი ებოძა ღვთისაგან ჩვენს ერს!

დაე, გვეცხოვროს ისე, რომ ღირსნი ვყოფილიყავით ამ დიდებული ძღვნისა; პირველ რიგში, საკუთარ სულიერ წიაღში გვქონოდეს საკუთარი სვეტიცხოველი, "ხატი და სიმბოლო იმ მთავარი სვეტიცხოვლისა" ანუ ღვთაებისა. სვეტიცხოვლის ტაძარში განსვენებულ ქართველ წმინდანთა, ღვთივკურთხეულ მეფეთა, გმირთა, სასულიერო თუ საერო მოღვაწეთა მეოხება არ მოჰკლებოდეს ქართველ ერსა და სრულიად საქართველოს!
ბეჭდვა
1კ1