ანჩისხატის გზა - იერუსალიმიდან თბილისამდე
ანჩისხატის გზა - იერუსალიმიდან თბილისამდე
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი 2004 წლიდან დაბრძანდება სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით "სიწმიდეები გვიხმობენ".

სალიტანიო-საქადაგო ხატი წლების განმავლობაში მრავალი ქვეყნის წმიდა ადგილებში ბრძანდებოდა.

2010 წლის ზაფხულში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანჩისხატის მომლოცველთა კრებულმა სალიტანიო ანჩისხატით ათონის წმიდა მთა და ევროპის მართლმადიდებლური ტაძრები მოილოცა.

20 ივლისს, ევროპის მოლოცვის დაწყების წინ, სალიტანიო ხატი თბილისში ხელოვნების მუზეუმში მომლოცველთა ჯგუფმა ანჩისხატის დედანს მიამთხვია, ხოლო სავედრებელი ლოცვის შემდეგ ხატთან ერთად თვითმფრინავის საშუალებით გერმანიის ქალაქ ფრანკფურტს ეწვია, საიდანაც დაიწყო ეს ერთობ მნიშვნელოვანი და მასშტაბური მოლოცვა.

ევროპის მოლოცვა: 23 ივლისს ფრანკფურტში სერბი და ქართველი მრევლი მოციქულთა სახელობის სერბულ ტაძარში შეიკრიბა, სადაც მამა მარკო ივანოვიჩმა ხატი დიდი პატივისცემით მიიღო და მის წინაშე ხელთუქმნელი ხატის ლოცვანი აღავლინა. შემდეგ მრევლს ხელთუქმნელი ანჩისხატის ისტორია უქადაგა და მისი დღევანდელი სამუზეუმო მდგომარეობა გააცნო, აგრეთვე ანჩისხატის დაბრუნებისა და მართლმადიდებელთა კეთილდღეობისათვის საქართველოდან ჩატანილი სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი ლოცვები დაურიგა.

KARIBCHE24 ივლისს, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, ხატი პარიზის თამარ მეფის სახელობის ქართულ ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა ანტონმა (კანდელაკი) წირვა-ლოცვის შემდეგ საზეიმოდ გადაიხადა ანჩისხატის სავედრებელი პარაკლისი და ანჩისხატის ისტორიაზე მრევლს ფილმი უჩვენა.

პარიზში ერთკვირიანი ვიზიტისას ხატი ლევილის ქართველთა დასახლებაშიც მიბრძანდა, ლევილში ხატს ემიგრანტი და იქ შეკრებილი ქართული საზოგადოება დახვდა. ხატი ექვთიმე თაყაიშვილის სახლთან საპატიოდ დაასვენეს და საქართველოს გადარჩენისა და გაძლიერებისათვის ილოცეს. მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა სიტყვით მიმართა ქართულ საზოგადოებას და ხაზი გაუსვა საფრანგეთში სამშობლოსათვის მოღვაწე ქართველ მამულიშვილთა ფასდაუდებელ ღვაწლს. წაიკითხა და ყველას გაახსენა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდება, რომელმაც სწორედ იქ მოღვაწეობისას მიმართა ქართველებს ეროვნული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და დაცვის შესახებ.

საფრანგეთის შემდეგ ანჩისხატი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონის გავლით, იქ ჩასული ქართველებისა და ჩვენი რაგბისტების თაოსნობით ნიცისა და კანის რუსულ ტაძრებში დააბრძანეს. ადგილობრივი ტაძრის წინამძღვარმა მართლმადიდებელთა კეთილდღეობისათვის ლოცვა აღავლინა.

6 აგვისტოს იტალიის დედაქალაქ რომის გავლით ხატი ბარიში წმიდა ნიკოლოზის საფლავთან დაასვენეს, სადაც უამრავმა ქართველმა მოიყარა თავი. ანჩისხატის ჩაბრძანება მათთვის სამშობლოსთან მიახლებასთან იგივდებოდა და მამულს მონატრებულნი საქართველოს გადარჩენის ლოცვებს აცრემლებული კითხულობდნენ.

KARIBCHEმრევლის დიდმა ნაწილმა ზემოხსენებულ ქვეყნებში ინფორმაციის არქონის და სხვა რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხა ანჩისხატის თაყვანისცემა, რაზეც იქ მყოფმა ქართველებმა და არამარტო ქართველებმა შემდგომში გულისტკივილი გამოთქვეს. ხელთუქმნელი ხატის სასოება და ინტერესი საზღვარგარეთ მართლაც დიდი აღმოჩნდა - ყველაფრის გათვლა ძნელი იყო, მაგრამ იმასაც დაუფარავად დავძენთ, რომ ჯგუფს მრავალი მანქანებისა და წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა...

ხატს ათენის პანტელეიმონის ტაძარში დიდი მრევლით დახვდა მამა აბიბოსი, რომელმაც მამა იოანესთან (ოქროპირიძე) ერთად ხატის სავედრებელი პარაკლისები მრავალგზის გადაიხადა. ხატი ქალაქ თესალონიკშიც ბრძანდებოდა, სადაც მამა იოანემ (ოქროპირიძე) ანჩისხატის პარაკლისი აღავლინა და ქართველებს უქადაგა საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.

ევროპის ქართული ტაძრების, სამრევლოების და წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი ჩვენი უწმიდესის ილია II-ის შუამდგომლობით და მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მოწვევით მომლოცველებმა ათონის მთაზე მიაბრძანეს, სადაც სალიტანიო ხატი ივერიის ღვთისმშობლის ხატს მიამთხვიეს და ამ ორი უდიდესი ხატის წინაშე ერის კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღავლინეს. ათონის მთაზე ხატმა ზოგრაფის მონასტერი, ათანასე დიდის ლავრა, დოქიარის მონასტერი და მრავალი წმიდა ადგილი მოილოცა. ათონზე მოღვაწე ბერები ხატს ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ და მის წინაშე ლოცვებს აღავლენდნენ. ათონის მთაზე ანჩისხატის მოლოცვა ცალკე თემაა და დაინტერესებულ მკითხველს მომავალში გავაცნობთ.

საბერძნეთის წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი კვიპროსში მიაბრძანეს. ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს ლოცვა-კურთხევით ხატი აგიანაპას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დააბრძანეს, სადაც აღევლინა ღამისთევის წირვა-ლოცვა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტაძარი ადრე ხელთუქმნელი ხატის სახელობის ყოფილა. კვიპროსის მიტროპოლიტმა ათანასემ და ტაძრის წინამძღვარმა მამა ისააკმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს ხატის პატივსაცემად ლოცვა და ხალხს უქადაგეს ანჩისხატის ისტორია, დაურიგდათ ანჩისხატის ლოცვები სხვადასხვა ენაზე და ხატები. 15 აგვისტოს ღალიაში ქართულ ნატაძრალზე ქართველი მრევლი შეიკრიბა, სადაც მამა ზაქარია ფერაძის ლოცვა-კურთხევით მამა ანდრიამ (სხილაძე), დიაკონმა გიორგიმ და სასულიერო პირებმა ერის კეთილდღეობისათვის ანჩისხატის პარაკლისი გადაიხადეს. საღამოს ლიმასოლის საკონფერენციო დარბაზში რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის ფილმი გავიდა ანჩისხატის ისტორიაზე.

KARIBCHEანჩისხატის გზა - იერუსალიმიდან თბილისამდე: 19 აგვისტოს - ფერიცვალებას ქართველმა მრევლმა ანჩისხატი ისრაელში, თაბორის მთაზე ააბრძანა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა იერუსალიმის პატრიარქმა ბართლომეოსმა აღავლინა. თაბორზე ანჩისხატი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მოილოცეს საქართველოდან სადღესასწაულოდ ჩამოსულმა ქართველმა სასულიერო პირებმა, მამა ბესარიონმა (მენაბდე) და მამა დავითმა (შარაშენიძე). ათენიდან ხატს პატრიარქის კურთხევით თან ახლდა მამა იოანე (ოქროპირიძე), რომელმაც მრევლის სითბო და სიყვარული დაიმსახურა. ხატი შემდეგ დღეებში იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ადგილას, გარდამოხსნასთან და ჯვრის მონასტერთან მიაბრძანეს, საიდანაც დაიწყო ანჩისხატის გზა. ის გზა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელთუქმნელმა ანჩისხატმა თბილისამდე განვლო.

იორდანიის, კონსტანტინოპოლის აია სოფიის, ანჩის მოლოცვის შემდეგ ხატი საქართველოში შემობრძანდა, სადაც ცხრამუხას ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელი მრევლით გზად შეეგება და ხატის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისთვის სადიდებელი ლოცვა აღავლინა.

ქვემოჭალისა და მცხეთის გავლით სალიტანიო ანჩისხატი მარიამობას, ანჩისხატობისთვის შემობრძანდა ჩვენს დედაქალაქში.

28 აგვისტოს ლოცვითი სვლა დაიწყო დიდი დიღმის ყოველთა ქართველთა წმიდათა ტაძრიდან. საზეიმო მსვლელობას რუსთაველის ძეგლთან შეხვდა მრევლი. რუსთაველის გავლით ხატი გადაბრძანდა თავისუფლების მოედანზე და დაბრძანდა ეროვნული მუზეუმის წინ, ანჩისხატის დედანთან და სიწმიდეებთან. მამა იოანემ (ოქროპირიძე) ერის კეთილდღეობისათვის აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. აქ 2008 წლის 29 აგვისტოდან მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა სიწმიდეების დაბრუნებისა და ჩვენი ერის გაძლიერებისათვის.

KARIBCHEხელთუქმნელი ანჩისხატი ქრისტიანობის ხატთა დასაბამია - გამორჩეული სასწაულთმოქმედებით – მას არაერთი ერი, ქალაქი და ქვეყანა უხსნია განსაცდელისაგან, ამიტომ ქართველი ხალხი ამ ხატსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს განსაკუთრებულად ევედრება საქართველოს გადარჩენას. უცხოეთში ამ ხატის ისტორიის ცოდნა ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენც ვცდილობთ, უცხოეთში მყოფ მართლმადიდებლებს არ მოვაკლოთ ეს დიდი სულიერი საზრდო და მომავალში კვლავაც განვავრცოთ ანჩისხატისა და ქართული სიწმიდეების ისტორია. სიწმიდეების ისტორია ხომ ერის ისტორიაა.

ამ ხატის მომლოცველთაგან შემდგარმა ჯგუფმა ხელმძღვანელისა და რეჟისორის ზაზა ნანობაშვილის თაოსნობით გადაიღო დოკუმენტური ფილმები, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე დაჯილდოვდა. ზემოაღნიშნულ მოლოცვებზეც ჯგუფის მიერ გადაღებული იქნა ერთობ საინტერესო მასალა, რომელზეც კვლავაც გაკეთდება ფილმი და ფართო მაყურებლის წინაშე წარდგება.

ღმერთმა შეუწიროს ღვაწლი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ქართულ საელჩოებს და ოჯახებს, რომლებმაც ანჩისხატს არა მარტო უმასპინძლეს, არამედ სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტირებისას უზრუნველყვეს ხატის უსაფრთხოება.

შემთხვევით ვისარგებლებთ და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ საბერძნეთის, კვიპროსის, ისრაელის, იორდანიის და თურქეთის საელჩოების, სატრანსპორტო და საინფორმაციო სამსახურების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელნიც ამ წმიდა საქმეს უანგაროდ შეეწივნენ. აგრეთვე უცხოეთში ხატის მასპინძლების: ალეკო კალანდარიშვილის, ნუკრი ქვრივიშვილის, ნანა ფერაძის, თამარ ფხაკაძის, ვასილ დეკანოზიშვილის, ნუგზარ ფოფხაძის, ელენე ნანობაშვილის, გიორგი გაფრინდაულის ოჯახების მიმართ - ანჩისხატმა გააძლიეროს ყოველი მათგანი მრავალი ქართული ეროვნული საქმისათვის.

ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის კორესპონდენტი
ნინო მჭედლიშვილი
ბეჭდვა
1კ1