მალე წმინდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერიც გვექნება
მალე წმინდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერიც გვექნება
სვანეთი მართლაც რომ განძთსაცავია... გადაუშლელ წიგნსაც კი უწოდებენ, იმდენად ბევრი სიწმინდეა დაცული და შემონახული ამ კუთხეში. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მუფე ილარიონის (ქიტიაშვილი) მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ მრავალი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდა, წლობით ჩაკეტილ ტაძრებში წირვა-ლოცვა განახლდა და დაუნჯებულ სიწმინდეებთან მიახლების საშუალება მიეცათ მორწმუნეებს. მეუფეს ჰკითხეს, - მონასტერი თუ არის სვანეთშიო? უთქვამს, - სვანეთი მთლიანად მონასტერიაო. ეს სიტყვები მართლაც ბევრის მთქმელია... ღვთის ნებითა და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, გაიღო იმ ეკლესიების კარებიც, სადაც შესვლა წარმოუდგენელი იყო. ბევრი სიწმინდე ჯერ კიდევ ოჯახებში ინახება. ღვთის მადლით, უკვე შესაძლებელია მათთან მიახლება, პარაკლისის ჩატარება და მათგან მადლის მიღება.

თითოეულ სოფელში იმდენი სიწმინდეა, რამდენიმე ათეულ მონასტერში რომ არ იქნება.

- როდესაც სვანეთი ათონიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა ბერმა მოილოცა, კმაყოფილებას ვერ მალავდა. სოფელ ლატალში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში დაცულმა საწინამძღვრო ჯვარმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ჯვარი თამლიანების გვარმა შემოინახა, რისთვისაც ვმადლობთ მათ.

ლატალში 67 ტაძარი და ნატაძრალია. აქ 5-6 ტაძარში აღესრულება ღვთისმსახურება, დანარჩენში პარაკლისებს აღვავლენთ. მე ოთხ სოფელში ვმსახურობ: ლატალში, ბეჩოში, ეცერსა და ცხუმარში, - მითხრა სქემიღუმენმა ეგნატემ (კურტანიძე), - როდესაც უწმინდესმა სვანეთის სიწმინდეები მოილოცა, თითოეულ იმ ოჯახს უბოძა თავისი ხელმოწერილი მადლობის სიგელი, ვისთანაც სიწმინდეები ინახებოდა. ასევე მათ, ვინც პატიოსად და ღვთის სიყვარულით იცავდა ტაძრებს. როდესაც უწმინდესმა მეუფე ილარიონი გამოარჩია მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავრად, მიმართა, - მეუფეო, მათ ყველაფერი აქვთ და თქვენ ეკლესიურობა უნდა ასწავლოთო. მართლაც, მეუფე თითქმის ყველა სოფელში აღავლენს წირვა-ლოცვას და იქაურებს ასწავლის ეკლესიურ ცხოვრებას. სადაც მღვდელი არის დადგენილი, იქ მრევლის სიმრავლე საგრძნობია. თუმცა მაინც უჭირთ თავიანთი წეს-ჩვეულებების დაძლევა.

ჩვენს ეპარქიაში ნაკლებად არის მონასტრები და გვინდა ამოქმედდეს, გამრავლდნენ ბერ-მონაზვნები. მონატრების ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მადლი შემოვა სოფლებში. მონასტერში აღსრულებული წირვა-ლოცვა თავისი მადლით ერის ტაძარში აღვლენილზე ასჯერ აღმატებულია. მონასტრების არსებობას უდიდესი სულიერი დატვირთვა აქვს. მონაზვნობა განსაკუთრებული მადლია. მათ ლოცვაზე დგას სამყარო.

***
გვაქვს თანღილის მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი, ასევე ფეხში არის ახალდაარსებული დედათა მონასტერი. გვინდა, სოფელ ლატალში, იონა წინასწარმეტყველის ტაძართან, მონასტრის დაარსება. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით უკვე მიმდინარეობს მშენებლობა.

სოფელ იენაშის XIV საუკუნის ეკლესია იონა წინასწარმეტყველის სახელზეა აგებული. ეკლესიის ინტერიერის მოხატულობა XIV საუკუნეს მიეკუთვნება. ფრესკები ძლიერაა გამჭვარტლული და ოდნავ გაირჩევა. ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად, მხატვარმა სამხრეთის კედელზე, საკურთხევლის გვერდით, გამოსახა წინასწარმეტყველ იონას ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი - მისი ხსნა ვეშაპისგან, რომელიც სვანეთის არც ერთ ეკლესიაში არ გვხვდება. ეკლესიის საგანძურში აღსანიშნავია XI საუკუნის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი. ქრისტე გამოსახულია წელზევით, მაკურთხეველი მარჯვენით და სახარებით ხელში. ხატი მოპერანგებულია ოქროცურვილი ვერცხლით, მხოლოდ სახეა ფერწერით შესრულებული, რომლისგანაც კონტურიღა შემორჩა. ხატი თავდაპირველი სახით არ არის მოღწეული. მოჭედილობა მოგვიანებით გადაუტანიათ ახალ საფუძველზე. ამ დროს დაიკარგა გამოსახულების თავდაპირველი რელიეფურობა.

მაღალი ოსტატობითაა შესრულებული მაცხოვრის შარავანდის და ხატის ჩარჩო. ჩარჩოს ქვედა ზოლის სამსტრიქონიანი წარწერა ძლიერ დაზიანებულია, ის ნათელს ჰფენს ხატის საიდუმლოს.

ეკლესიაში დაცული XI საუკუნის მაცხოვრის ხატის წარწერა გადმოგვცემს ამბავს ეკლესიაში ხანძრის შესახებ და ეკლესიის საგანძურის ბედს: "ვნახეთ ეკლესია დარღვეული, ვპოვეთ სამკაული ეკლესიისა შენისაი მოპარული და დაფლული. რათა შენივე შენდა შევსწიროთ". როგორც წარწერა, ასევე ხატის ჩარჩო და ქრისტეს შარავანდი მისი პოვნის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული.

სასწაულია, ეკლესიიდან მოპარული და დაკარგული ყველა ნივთი კვლავ უბრუნდება მას. ასეთივე ბედი ხვდა XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატს, რომელმაც განვლო რთული და გრძელი გზა, იენაშის ეკლესიიდან ლონდონში, ჟენევაში და კვლავ დაუბრუნდა თავის სამშობლოს. ასევე XII საუკუნის წყვილი მეომრის ხატი, რომლის წარწერა ოქრომჭედელ ივანეს იხსენიებს (ოქრომჭედელ ივანეს სახელი ხშირად გვხვდება სვანეთის XII საუკუნის ხატებზე. რადგან იგი გვარით არ იხსენიება, ცნობილი ოსტატი უნდა იყოს). წმინდა გიორგის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები და იტალიური ჯვარი, XIV საუკუნის წმინდა თევდორეს ხატთან ერთად, 1978 წელს გაიტაცეს ეკლესიიდან. ეკლესიის განძეულობა დაიკარგა და გასაყიდად გაეტანათ, მაგრამ ყველა ეს ნივთი კვლავ დაუბრუნდა თავის მხარეს ოდესიდან. ეკლესიაში ინახება კიდევ რამდენიმე ნივთი, მათ შორის საინტერესოა წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხატი, რომლის ზურგზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ ხატი მოუჭედავს მამია გურიელს სოფლის (იგულისხმება იენაში) გასამარჯვებლად და თავისი სულის საოხად. წარწერაში მოხსენებული უნდა იყოს XV საუკუნის მოღვაწე პირველი მამია გურიელი (ხუთი მამია გურიელი იყო). ხატის ანალიზიც სწორედ ამ დროზე მიუთითებს.

***
წმინდა იონა წინასწარმეტყველის ტაძარი საქართველოში მხოლოდ ლატალშია. სასიხარულოა, რომ მალე მონასტერიც გვექნება. როდესაც ძველ აღთქმაში იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა უფალმა ნინევიელებთან საქადაგებლად, ნინევიაში მოსახლეობა კი არა, პირუტყვიც კი ამარხულეს სამი დღე-ღამე. როდესაც ადამიანებმა ჭეშმარიტი სინანული გამოხატეს, ხსნაც მოვიდა. ჭეშმარიტ სინანულს მონასტერი, ეკლესია, სასულიერო პირები ქადაგებენ. მონასტერი სოფლისა და მთელი ერისათვის დიდი მადლია. როდესაც ერის ადამიანებს ღამე მშვიდად სძინავთ, მონასტერში ღამის თევით მათთვის ლოცულობენ. ამაზე დიდი მადლი არაფერია. უფალი ბრძანებს სახარებაში: იღვიძებდითო, რადგან არავინ იცის, როდის მოვა უფალი. ყველა მონასტერს თავისი ტიბიკონი აქვს. ღამით იწყება შუაღამიანის მსახურება. მთელი ღამე ლოცულობენ ბერ-მონაზვნები. რაც მეტი ეკლესია-მონასტერი ამოქმედდება და შეემატება ჩვენს ერსა და ქვეყანას, ხსნაც მეტი და მალე იქნება.
ბეჭდვა
1კ1