წმინდა გიორგის მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს ტაძარი შენდება
წმინდა გიორგის მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს ტაძარი შენდება
"კარიბჭის" მკითხველმა კარგად იცის, რომ მცხეთაში, კრამიტით გადახურულ მოკრძალებულ სახლში რამდენიმე წლის წინ შიოლაშვილები ცხოვრობდნენ. ამ ოჯახმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღუზარდა.

ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო. სახლში სულ ოთხი ოთახია. კუთხის ოთახს ახლაც პატრიარქის ოთახი ჰქვია. მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობის ჟამს სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა ჩვენი პატრიარქი.

ერთადერთი სარკმლიდან შუქი იღვრება. კედელზე მშობლების - ნატალიასა და გიორგის სურათებია, გვერდით - მათი ვაჟის, შოთა შიოლაშვილისა. პატრიარქის ძმა, შოთა, მეუღლესთან, მერისთან (შემდგომ მონაზონი ანა) და ოთხ შვილთან ერთად ამ სახლში ცხოვრობდა. ერთ-ერთი გახლავთ მიტროპოლიტი დიმიტრი. ტყუპი და, ნატალია და რუსუდანი, მცხეთაში ცხოვრობს, გიორგი 45 წლისა გულის შეტევით უეცრად გარდაიცვალა. ისიც აქ ცხოვრობდა, უვლიდა წინაპრების კერას და ცალკე სახლის აშენებასაც ფიქრობდა - ეზოში საძირკველიც გაუთხრია...

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო გოგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე, პატრიარქისავე კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. მაშინ ტაძრის მშენებლობას მამა ლუკა (ფალავანდიშვილი) უძღვებოდა. ახლა უკვე იღუმენი ლუკა ბარსელონის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარია.

მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს ამჟამად იღუმენი სამუელი (ზედგინიძე) წინამძღვრობს. სასიხარულოა, რომ წმინდა გიორგის მონასტრის ეზოში მალე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარიც აშენდება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და მამა სამუელის ძალისხმევით, 19 მაისს ტაძრის საძირკველი ახალგამორჩეულმა ცურტავის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა.

იმ დღეს მრავალი ერისა და ბერის ადამიანი შეკრებილიყო. იქ მყოფებმა ახლობელთა მოსახსენიებლად ქვის ფილებზე მათი სახელები დავწერეთ და ტაძრის საძირკველში ჩავაწყვეთ. საძირკვლის კურთხევის შემდეგ მეუფემ წმინდა ნინოს სახელზე პარაკლისი გადაიხადა.

მამა სამუელს გავესაუბრე:

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა. უწმინდესის სურვილი გახლავთ, რომ ამ ეზოში აშენებულიყო მეორე ტაძარი.Aტაძრის საძირკვლის კურთხევის შემდეგ მეუფე იაკობმა დაგვლოცა, გვაკურთხა და გვისურვა, რომ ტაძარი აშენდეს სადიდებლად ღვთისა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ატენის სიონის მსგავსად ჯვარ-გუმბათოვანი იქნება. მადლობა ღმერთს და უწმინდესს ამ წყალობისათვის. მე პირველად მიწევს ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა და საოცარი განცდა მაქვს მადლიერებისა, სიხარულისა. უფალს ვთხოვ, შეგვაძლებინოს ტაძრის აშენება, რათა ხალხმა ამ ღვთის სახლში მიიღოს ნუგეში.

ტაძრის არქიტექტორი გახლავთ თემურ ბერიძე. ის შენდება კეთილი ადამიანების დახმარებით, მრევლის მონაწილეობით, რისთვისაც მადლობა მათ.

დიდ მადლობას ვუხდი "კარიბჭის" რედაქციას. თქვენ ხშირი სტუმარი ხართ ჩვენი მონასტრისა, ხშირად გვიწევთ დახმარებას და თანადგომას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვა
1კ1