მოციქულთა სახელობის ტაძრები
მოციქულთა სახელობის ტაძრები
პეტრე-პავლეს ეკლესია
დავითგარეჯის მონასტრებს სოფელ თვალში ეკუთვნოდათ დიდძალი ყმა-მამულები, საიდანაც ბერები თავს ირჩენდნენ. მონასტრის წინამძღვრები ყოველნაირად ცდილობდნენ, ზრუნვა არ მოეკლოთ მამულებისა და მრევლისათვის. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე დავითგარეჯის მონასტრებმა თავისი აღმავლობის უკანასკნელ ზენიტს მიაღწიეს, ამაში დიდი წვლილი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს მიუძღვით. ერთ-ერთი იყო ონოფრე მაჭუტაძე (1690-1733). გურული აზნაური ქართლში ჩამოჰყვა ბატონიშვილ ლევანის ცოლს, გურიელის ასულ თუთას (ლევანის ვაჟი იყო ვახტანგ VI). ამ დროს დავითგარეჯის მონასტრები ლეკებისა და ყიზილბაშების შემოსევის გამო გაპარტახებული იყო.

მოსკოვიდან დაბრუნებული კახეთის უფლისწული ერეკლე ირანის შაჰს ეახლა, ფორმალურად მუსლიმანობა მიიღო და ქართლ-კახეთის მეფედ დაინიშნა. მისი რეკომენდაციით, კათალიკოსმა დავითგარეჯის მონასტრების წინამძღვრად ონოფრე მაჭუტაძე აკურთხა. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის სოფელი თვალი კაცმრავალი სოფელი იყო, მაგრამ ერთი წესიერი სალოცავი არ გააჩნდა, ამიტომ ონოფრე მაჭუტაძემ საგარეჯოს ზვრების შემოსავლის ნაწილით ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. შეუთანხმდა კახეთის გამგებელს დავით II იმამყული-ხანს (1703-1722) (იგი ერეკლე I ნაზარალი-ხანის ვაჟი იყო) თვალში ეკლესიის აშენების შესახებ, ადგილიც შესაფერისი აირჩია. ამ ბორცვს ადგილობრივი მკვიდრნი "ნადარბაზევს" უწოდებდნენ, მის შესახებ ლეგენდაც კი არსებობს: ოდესღაც თამარ მეფეს გადმოუხედავს სოფელ თვალის თვალწარმტაცი, ბაღ-ვენახებში ჩაფლული მიდამოსათვის, მოსწონებია და მისი დავალებით ამ გორაკზე სასტუმრო-დარბაზი აუშენებიათ. ონოფრე მაჭუტაძეს მშენებლობის დაწყებამდე აქ უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღკვეცილი სულხან-საბა ორბელიანიც ჩამოუყვანია, რომელსაც დასტური მიუცია თავისი წინამძღვრისათვის აქ ეკლესიის აშენების შესახებ, თანაც ურჩევია, ბარემ ისეთი ეკლესია ააშენე, რომ გარეჯის სკოლის და გარეჯის წიგნსაცავის ნაწილი აქ იყოსო. ონოფრე მაჭუტაძე თავის 1712 წლის გუჯარში ჩამოთვლის თავის ნამოღვაწარს გარეკახეთში, ადასტურებს სოფელ თვალში ეკლესიის აშენებასაც: "რადგან თვალზე ორი ზვარი და ორი მარანი დიდის გარჯით ნაშოვნი აშენებული დამიგდია... და ნადარბაზევზე საყდარი ამიშენებია წმინდის პეტრესი და პავლეს სახელზე, ხატითა, ჯვრითა, წიგნებითა და სამოსლებით გამიმაგრებია..." ეკლესიის მშენებლობა დაწყებულა 1710 წელს და დამთავრებულა 1712 წელს. ეკლესიის მშენებლობისათვის ონოფრე მაჭუტაძეს ქვისმთლელები და მეჩუქურთმეები საბერძნეთიდან ჩამოუყვანია. პეტრე-პავლეს ეკლესიაში ყოველწლიურად იმართებოდა დღესასწაული პეტრეპავლობა.

პეტრე-პავლეს ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. თავისი არქიტექტურით წარმოდგენას გვაძლევს XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII საუკუნის დასაწყისის ეკლესიის არქიტექტურაზე. მასალად ძირითადად გამოყენებულია რიყის ქვა, ბათქაში, ბალავრის კარნიზი ნათალი ქვითაა მოპერანგებული. ფასადის კარნიზები, კედლების კუთხეები, კარებისა და სარკმლების ჩარჩოები ასევე ნათალი ქვითაა ამოყვანილი. 1976 წელს კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს პროექტით და ნაწილობრივ რაიონული სახსრებით ძეგლი აღადგინეს და გაამაგრეს. თუმცა იგი მაინც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

ლურჯი მონასტერი
ლურჯი მონასტერი აუშენებიათ XII საუკუნის მიწურულს ადრინდელი ეკლესიის ადგილას. ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი ყოფილა "უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილი", თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმა.

ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). XVI ან XVII საუკუნეში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს. 1873 წელს ეკლესია კვლავ აღადგინეს, დაადგეს ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უცხო ფორმის გუმბათი, ააშენეს ახალი კედლები და ფრონტონები (აგურისა), რომლებმაც არსებითად დაამახინჯა ძეგლი. ამჟამად გეგმის, წარწერებისა და პერანგის ქვემო ნაწილის გარდა გადარჩენილია აღმოსავლეთი შვერილი აფსიდის სარკმლის ჩუქურთმა.

KARIBCHE


წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილმა ტაძარმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო (დღეს ჭიქურის ნაცვლად სახურავი ლურჯადაა შეღებილი).

გადმოცემით, ამ ადგილას VII საუკუნეში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი დაარსდა. წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია 1180-იან წლებში ქართლის ყოფილი მთავარეპისკოპოს ბასილის მიერაა აგებული. XVI საუკუნეში სპარსელების მიერ დანგრეული ტაძარი ერთი ასწლეულის შემდეგ აღდგა. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზიანდა, ამის გამო წირვა-ლოცვა გაუქმდა და იქ დენთის საწყობი იყო.

1858 წელს დადგა საკითხი ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღვთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა.

მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობით საეპარქიო არქიტექტორ ალ. ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული ,,ხახვისებრი" გუმბათი, რომელიც არ შეესაბამებოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს და ტაძრის იერსახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.

საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღვთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.

,,ჩაწერილი ჯვრის" ტიპის ნაგებობის გუმბათი აფსიდის შვერილებსა და დასავლეთით მდგომ წყვილ ოქტაგონურ ბურჯს ეყრდნობა. საკურთხეველი გარედან მცირედაა შვერილი. სამკვეთლო და სადიაკვნე უაბსიდოა და სწორკუთხედში ჩაწერილი. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების თავზე მეორე სართულია მოწყობილი, რომელიც ინტერიერის სივრცისკენ სარკმლებით იხსნება. შესასვლელი ეკლესიაში დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ამ უკანასკნელის კარის ტიმპანში სამშენებლო ასომთავრული წარწერაა.

მრავალჯერ სახეცვლილ ტაძარს პირვანდელი იერი აღმოსავლეთ ფასადზე აქვს შენარჩუნებული, რომელიც თავისებური კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა: შვერილ აბსიდზე განიერ, უხვად მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული სამი სარკმელია. თუმცა შუა სარკმელი ტრადიციულად არა ზემოთ, არამედ პირიქით, განაპირა სარკმლებს ქვემოთაა.

ფასადზე თავდაპირველი ქვის წყობას აგურისა ენაცვლება, აგურითვეა ამოყვანილი რვასარკმლიანი გუმბათიც.
ბეჭდვა
1კ1