აქ სტუდენტები სწავლასთან ერთად ღვთის მადლს იძენენ
აქ სტუდენტები სწავლასთან ერთად ღვთის მადლს იძენენ
საფარა ახალციხის აღმოსავლეთით, ათი კილომეტრის მოშორებით, მთიან ადგილას მდებარეობს. ტყეში ჩაფლული მონასტერი გადაჰყურებს მშრალ ხეობას. მისი თვალწარმტაცი ხედი მხოლოდ მასთან მიახლოების დროს, მოულოდნელად იშლება ჩვენს თვალწინ. ალბათ ამიტომ ეწოდა კიდეც "საფარა".

მონასტერში ცხრა დიდი და პატარა ეკლესიაა: წმინდა საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და მცირე სამლოცველოები. აქვეა სამრეკლო, ჯაყელების სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და სხვა ნაგებობები. ამათგან ყველაზე ძველი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.

მონასტრის ხელმეორე აღორძინება XIII საუკუნიდან იწყება, მანდატურთუხუცესი სარგის ჯაყელი საბას სახელით აქ ბერად შემდგარა. ჟამთააღმწერლის ცნობით, ვიდრე ბექა ჯაყელი (სარგისის ვაჟი) და დემეტრე თავდადებული მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში გაილაშქრებდნენ, მაშინ უნდა აღკვეცილიყო ბერად სარგისი და ბექასაც ამ პერიოდში უნდა აეგო წმინდა საბა განწმენდილის ტაძარი. მას შემდეგ საფარა ჯაყელების რეზიდენციად გადაიქცა. ქტიტორები ტაძრის კედელზე წმინდა საბას წინაშე არიან გამოსახულნი. საბა ათაბაგი (სარგის ჯაყელი), ბექა მანდატურთუხუცესი (სარგისის ვაჟი), სარგის სამცხის ათაბაგი და ყვარყვარე (ბექას ვაჟები). აქვეა ათი სავედრებელი ლოცვა წმინდა საბას მიმართ.

საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან იხსენიება. აქ მოღვაწეობდნენ ივანე საფარელი, ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი, მცხეთელი კათოლიკოსი არსენი.

მას შემდეგ, რაც სამცხეს თურქები დაეპატრონნენ და საფარა დაცარიელდა, მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა. მათ თან წაუღიათ მთავარი ხატი წმინდა საბასი. ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადენს შეაფარა თავი.

მე-18 საუკუნეში საფარის მონასტერში ერთადერთი მღვდელი, გიორგი ყოფილა. 1891-1892 წლებში აქ ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ათანასე მკვიდრობდა სამ მორჩილთან ერთად. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და აქ რუსი არქიმანდრიტი პაისი განაწესეს რუსი მღვდელმონაზვნებით და მორჩილებით. მათ მონასტრის შესასვლელში ორსართულიანი შენობა და სენაკები ააგეს, სამლოცველოები შეათეთრეს, წმინდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული გუმბათები დაადგეს.

მონასტერმა კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა. ტაძარი კი ძირითადად დაკეტილი გახლდათ. როცა მეუფე სერგი ჩამობრძანდა (1988 წელს), საფარაში ერთი ბერიკაცი - ვაჟა ძია და მისი მეუღლე თამარა დეიდა დახვედრიან. ისინი იქვე, ხის პატარა კოტეჯში ცხოვრობდნენ და ტაძარს ყარაულობდნენ. თურმე მათი პაპაც დარაჯობდა მონასტერს და მას შემდეგ ამ გვარის ხალხი - სულაძეები - დღემდე უვლის საფარას.

საფარაში სამონასტრო ცხოვრება 1988 წლიდან განახლდა. 1990 წლიდან მეუფე სერგის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარიაც მოქმედებს. სემინარია იმითაც არის გამორჩეული, რომ ის მონასტრის წიაღში ფუნქციონირებს. აქ ისეთი ადამიანები მოდიან, ვისაც ბერობა სურს. ამ სემინარიაში სწავლობდნენ ახლა უკვე ეპისკოპოსები - მეუფე თეოდორე, მეუფე საბა, მეუფე სტეფანე. ერთხანს აქ მოღვაწეობდა მეუფე იოსებიც. საფარის სემინარიადამთავრებულები დღეს სხვადასხვა ეპარქიაში მოღვაწეობენ.

საღვთისმეტყველო საგნებს ბერები ასწავლიან, სხვა საგნებს კი ახალციხის უნივერსიტეტის ლექტორები. რექტორი მეუფე თეოდორე გახლავთ, პრორექტორი - იღუმენი დავითი (გვრიტიშვილი). სემინარიაში ისწავლება საქართველოს ისტორია, ეკლესიის ისტორია, ჰომილეტიკა, რიტორიკა, კატეხიზმო, ძველი და ახალი აღთქმა, დოგმატური ღვთისმეტყველება, ლიტურგიკა, ჰაგიოგრაფია, გალობა. აქ პანსიონური წყობაა. მათი ტიპიკონი მონასტრულს ემსგავსება. მარხვის პერიოდში სტუდენტები დილის ექვსის ნახევარზე დგებიან. 6 საათზე იწყება ცისკრის ლოცვა, რომელსაც მოჰყვება წირვა. შვიდგზის ლოცვების დროს ირეკება ზარი და სტუდენტები სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში აღასრულებენ ლოცვას. თერთმეტის ნახევარზე ტრაპეზი მოდის. თერთმეტზე სწავლა იწყება. როგორც სემინარიის ლიტურგიკის ლექტორმა, ახალციხის საკათედრო ტაძრის დიაკვანმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა თქვა, სტუდენტები სწავლის შემდეგ სხვადასხვა მორჩილებას ასრულებენ. ხატების დამზადებასთან ერთად გამოსცემენ სასულიერო ლიტერატურას, რომელიც მცირედად ეწევა სემინარიას არსებობაში. რადგან სემინარია გრიგოლ ხანძთელის სახელობისაა, მწუხრის ლოცვის შემდეგ ამ წმინდანის პარაკლისი იკითხება. შაბათ-კვირას კი სტუდენტები მონასტრის მამებთან ერთად მსახურებას ესწრებიან. სტუდენტები სწავლასთან ერთად ღვთის მადლს იძენენ და ცხოვრების წესითაც ღმერთს ადიდებენ. კურსდამთავრებულთა უმეტესობა დღეს სასულიერო პირია.

სასულიერო სემინარიაში მსურველთა მიღება გასაუბრებით ხდება. ამჟამად აქ 25 სტუდენტი სწავლობს.

სემინარიამ ახლახან გამოსცა ლოცვების წიგნი. ერთ წიგნად გამოიცა ქრისტიანისთვის აუცილებელი ლოცვების კრებული. ფერად წიგნად გამოცემულ ლოცვანში თითქმის ყველა წმინდანის დაუჯდომელი და პარაკლისია მოთავსებული. წიგნის გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ თამაზ შარიქაძეს, რომელიც მუდამ გვერდით უდგას სემინარიას და მზრუნველობას არ აკლებს.

- მამა ნიკოლოზ, როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება საფარის მამათა მონასტერს, სასულიერო სემინარიას?

- თავიდანვე დიდი სურვილი მქონდა სასულიერო განათლება მიმეღო და შემთხვევით მეგობარმა მიმიყვანა საფარაში. მანამდე საერო ინსტიტუტში ვსწავლობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების წესი. როცა საფარის სემინარიის არსებობა გავიგე, სურვილი გამიჩნდა, სწავლა იქ გამეგრძელებინა. პრორექტორს, მამა დავითს ვთხოვე სემინარიაში მიღება. მადლობა ღმერთს ამისათვის, ჩემი ცხოვრების წესი შეიცვალა და ცხოვრება სასულიერო გზას დავუკავშირე. ის, რასაც ვეძებდი, საფარის სემინარიაში ვიპოვე. მეუფე თეოდორესა და ჩემი მოძღვრის მამა დავითის ლოცვა-კურთხევით ახალციხეში დავრჩი. ამჟამად ვცხოვრობ ახალციხეში და ვმსახურობ წმინდა მარინეს საკათედრო ტაძარში. მინდა დიდი სიყვარულით მოვიხსენიო ჩემი მოძღვარი, მამა დავითი. მის პიროვნებაში დევს ბერული სულისკვეთება. სტუდენტები აღჭურვა "საჭურველითა ქრისტესითა". მამა დავითის მოღვაწეობის დროს ბევრი კურსდამთავრებული ბერი, მღვდელმონაზონი, იღუმენი, დეკანოზი გახდა. უსაზღვროდ მზრუნველია თითოეული სტუდენტისთვის და დაუღალავად ცდილობს, ყველა აზიაროს უკვდავ სარწმუნოებას. მამა დავითის ლოცვა-კურთხევით გავხდი მეც სემინარიის ლექტორი. თავიდან მეგონა, ვერ შევძლებდი, მაგრამ მამაოს სიყვარულმა და ლოცვამ მასწავლა ადამიანებთან კეთილი სიტყვის თქმა. საფარაში წმინდა ბარბარეს თავის ნაწილია დაბრძანებული, რაც მადლს მატებს მონასტერს.

თავისუფალ დროს სტუდენტები და მონასტრის ძმობა ერთად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ხოლმე სიყვარულზე. ჩვენი მთავარი თემა სიყვარული და უფალია. ჩვენი მიზანია უფლისა და სამშობლოსთვის თავდადება. მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი არსენი ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია, რომელიც ცდილობს ყველას გვასწავლოს, თუ როგორია ჩვენი ცხოვრება ქრისტეში არა მარტო სიტყვით, საქმითაც. სემინარიის სტუდენტებმა მამების სიტყვით ვისწავლეთ, თუ როგორი უნდა იყოს დედაეკლესიაზე მზრუნველი ადამიანი და როგორ უნდა მივემსგავსოთ ცხოვრების წესით ჩვენს წინაპრებს.
ბეჭდვა
1კ1