კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი
კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი
ბოლნისში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია, კვარცხლბეკივით ამაღლებულ მთაზეა აგებული. გადმოცემით, ამ ადგილს წმინდა ელიას მთას ეძახდნენ. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი. მეუფე ეფრემმა თავად მიმეგზურა ამ მადლიანი ტაძრის მოსალოცად.

მეუფის თქმით, პეტრე-პავლობას, 12 ივლისს, გასულ საუკუნეში განსაკუთრებით ბოლნისში მცხოვრები ბერძენი მოსახლეობა აღნიშნავდა, ქართველები უფრო ნაკლებად. მათი საქართველოდან წასვლის შემდეგ შეწყდა აქ ხალხის მსვლელობაც და ღვთისმსახურებაც. ტაძარიც ნანგრევებად იქცა... აქ მხოლოდ სანთლებს ანთებდნენდ და საკლავს კლავდნენ. უფრო მეტად მაინც დარჩენილი ბერძენი მოსახლეობა აქტიურობდა. ამ ადგილიდან საუკეთესო ხედები იშლება. მთელი ბოლნისი და მიმდებარე სოფლები ჩანს. ყველა აქ ამომსვლელი აღფრთოვანებულია. როდესაც ეპარქიაში ჩამოვედი, ამ ადგილმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მახსოვს, 2007 წელი იყო და ფეხით ავედით. იმდენად მომეწონა აქაურობა, რომ ღვთის წყალობით გამიჩნდა აზრი ტაძარი აშენებულიყო.

KARIBCHE KARIBCHE

დავიწყეთ გზის გაკეთება. დაახლოებით ერთი წელი მოვუნდით გზის გაყვანას. 27 მეტრიანი დიდი ლითონის ჯვარი აღვმართეთ. ამ ჯვრის ძალითა და მადლით გაჩნდა აზრი ტაძრის მშენებლობა დაწყებულიყო. უფალზე მინდობით მოსახლეობაც, ვისაც როგორ შეეძლო, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ფიზიკურად მხარში დაგვიდგა. 2008 წელს, ზედ კლდეზე გაიჭრა ტაძრის პირველი საძირკველი. როგორც ნათქვამია, "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი". მთელი მთა კლდოვანია. მთას ცოტა წვერი მოვაჭერით რომ საჩვენებელი ადგილი ყოფილიყო. იგივე, ძველი კლდის ქვებით აშენდა ეკლესია. დავიწყეთ ჯვარუმბათოვანი ტაძრის აშენება.

ტაძრის მშენებლობა შარშან, 2015 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა და საზეიმოდ იკურთხა. კომპლექსის ირგვლივ ორმაგი გალავანია გარშემორტყმული. სამონასტრო კომპლექსია, მამათა მონასტერია თავისი სამრეკლოთი, სატრაპეზოთი. აქვეა მარანი და ასე შემდეგ. კომპლექსის აღმშენებლობითი სამუშაოები დღესაც გრძელდება. ღვთისმსახურება უკვე აღევლინება. მონასტერში სამი ბერმონაზონი, დანარჩენი ერის ხალხი ცხოვრობს. მონასტრის ტიპიკონით დილის 6 საათიდან დაწყებული ყოველდღიურად სრულდება ცისკარი, ჟამნები, მწუხრი, წირვა.

KARIBCHE KARIBCHE

ტაძრის მშენებლობის დროს ბოლნისიდან ყოველდღიურად ამოდიოდა ხალხი და მონაწილეობას ღებულობდნენ ამ საღვთო საქმეში. უამრავ ადამიანს, მოსახლეობას ერთობლივად აქვს მონაწილეობა მიღებული. თითოეული ქვა, რომ იტყვიან, ხელით არის დადებული. ის არის ძვირფასი, რომ ამ ტაძრის მშენებლობამ ბევრი ადამიანი ტაძრისკენ მოაბრუნა და თვითონვე განიცადეს ის სულისკვეთება, რითაც ჩვენი წინაპრები ტაძრებს აშენებდნენ. ტაძრის მშენებლობაში თავად ადგილობრივი მოახლეობა იყო ჩართული. ტაძრის საკურთხეველი მოხატა ხატმწერმა მიქაელ ღოღობერიძემ. სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობაში სახელმწიფო დაგვეხმარა. გაკეთდა შუქი, წყალი. მთელი ღამის განმავლობაში განათებულია აქაურობა. შვიდგზის ლოცვების წაკითხვის დროს ზარი ირეკება. ბოლნისში ჩამომსვლელი ყველა სტუმარი ამოდის და ტკბება ამ მშვენიერებით. აქედან გვლოცავენ პეტრე და პავლე მოციქულები.


ბეჭდვა
1კ1